ბანგლადეში. ბანგლადეშის ნაციონალისტური პარტია ბნპ. მარტი, 2020

„ბანგლადეშის ნაციონალისტური პარტია“ (Bangladesh Jatiyatabadi Dal – BNP) 1978 წელს ზიაურ რაჰმანმა დააარსა. „ბნპ“ ბანგლადეშში მთავარი ოპოზიციური პარტიაა და მემარჯვენე ცენტრისტულ იდეოლოგიას ატარებს. პარტიის კონსტიტუციის თანახმად, პარტიის მთავარი მიზნებია ხალხთა გაერთიანება, რომელსაც საფუძვლად უდევს ბანგლადეშის ნაციონალიზმი, ქვეყნის დაცვა კოლონიალიზმისგან, ეკონომიკის განვითარება თავისუფალი ბაზრის ეკონომიკური პრინციპების მიხედვით და მორალური ფასეულობების დაცვა, ისლამის სწავლების საშუალებით.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ბანგლადეშში ხელისუფლებაში ერთმანეთს ენაცვლებიან, ამჟამად, მმართველი პოლიტიკური პარტია „ავამი ლიგა“ და ოპოზიციური „ბნპ“. „ბანგლადეშის ნაციონალისტური პარტია“ ხელისუფლებაში იყო 1991 – 1996 და 2001 – 2006 წლებში. პარტიებს შორის ურთიერთობას ახასიათებენ როგორც ხანგრძლივ, მძიმე და პერსონალურ დამოკიდებულებას, რომელიც ხშირად იღებს ძალადობრივ სახეს. პარტიის ლიდერებს შორის დამოკიდებულებას კი პირად მტრობად აფასებენ.

პარტიის სტრუქტურა და ლიდერები – პარტიის სათავეშია მუდმივმოქმედი საბჭო. აღმასრულებელი კომიტეტი აირჩევა რაიონული კომიტეტების წევრების მიერ. რაიონული კომიტეტები პასუხისმგებელი არიან საბჭოების ქვედა დონეზე, შესაბამისი რაიონის გაერთიანებებსა და სოფლებში, ორგანიზების საკითხებზე. პარტიის თავმჯდომარეა ხალედა ზია, რომელიც ბანგლადეშის პრემიერი იყო 1991 – 1996 და 2001 – 2006 წლებში. პარტიის უფროსი ვიცე-თავმჯდომარეა ტარიქ რაჰმანი, რომელიც ხალედა ზიას შვილია. პარტიის გენერალური მდივანია მირზა ფარხულ ისლამ ალამგირი.

პარტიის წევრობა და წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი – ბანგლადეშის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი, შეუძლია პოლიტიკური პარტიის „ბნპ“ წევრი გახდეს. ამისთვის მოქალაქემ უნდა შეავსოს შესაბამისი ფორმა და პარტიის პროკლამაციის, კონსტიტუციისა და პროგრამების ერთგულების ფიცი დადოს. გაწევრიანების გადასახადი 5 ბანგლადეშური ტაკაა (დაახლოებით 10 აშშ ცენტი). წევრობის ყოველწლიური გადასახადიც იგივე ოდენობის თანხას შეადგენს. ყველა ადგილობრივი ოფისი ინახავს მონაცემებს წევრების შესახებ და პარტიის წევრების საერთო სია და საკონტაქტო მონაცემები ინახება პარტიის ცენტრალურ ოფისში, რომელიც მდებარეობს დედაქალაქში – ნაია პალტანის 28/1, ქალაქი დჰაკა. ინფორმაცია პარტიის წევრობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის, მისი ვიზუალისა თუ მიღების პროცედურების შესახებ არ იძებნება.[1]

პარტიის დროშა გამოიყურება შემდეგნაირად: დროშა გაყოფილია ორ ტოლ ნაწილად, ზედა ნაწილი – წითელია, ხოლო ქვედა – მწვანე, შუაში გამოსახულია ოქროსფერი ბრინჯის მცენარე, ჩასმული შავ სამრეწველო საბურავში და ზევით გამოსახულია თეთრი ვარსკვლავი.[2]

2019 წლიდან პარტიის თავმჯდომარე ხალედა ზია, კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებებით, პატიმრობაში იმყოფება. პარტიის თავმჯდომარეობის მოვალეობას ასრულებს მისი შვილი ტარიქ რაჰმანი, რომელსაც ასევე მისჯილი აქვს პატიმრობა და ამჟამად დევნილობაში იმყოფება და დიდ ბრიტანეთში, ლონდონში ცხოვრობს. პარტიის ლიდერთა უმეტესობა ან პატიმრობაშია, ან გაქცეულია, ან სასჯელს ელოდება.[3]

[1] IRB – Immigration and Refugee Board of Canada: Bangladesh: Bangladesh Nationalist Party (BNP), including its structure, leaders, membership and membership documents, factions, associated organizations and activities; treatment of members and supporters by authorities (September 2012-2015) [BGD105262.E], 31 August 2015

 (accessed on 19 March 2020)

[2] Bnpbd.org. (2019). Bangladesh Nationalist Party – BNP. [online] Available at: http://www.bnpbd.org/ [Accessed 16 Sep. 2019].

[3] IRB – Immigration and Refugee Board of Canada: Bangladesh: Bangladesh Nationalist [National] Party (BNP), including its structure, leaders, factions, associated organizations, activities, membership and membership documents; treatment of members and supporters by the authorities (2017-May 2019) [BGD106255.E], 22 May 2019

 (accessed on 19 March 2020)