ირანი. ქორწინების გარეშე სექსუალური ურთიერთობის მიმართ დამოკიდებულება. მარტი, 2020

დანიის იმიგრაციის სამსახურისა და დანიის ლტოლვილთა საბჭოს 2018 წლის თებერვალში გამოქვეყნებული  ერთობლივი ანგარიშის მიხედვით, ქორწინებამდე ურთიერთობები ირანში ცნობილია, როგორც „თეთრი ქორწინება“ და აღნიშნული საკმაოდ გავრცელებულია ახალგაზრდა ირანელებს შორის, განსაკუთრებით, თეირანსა და სხვა ურბანულ დასახლებებში. თუმცა, აღნიშნული ურთიერთობების სიხშირე შედარებით დაბალია ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვარსა და არაბული ქვეყნების საზღვრების მიმდებარე რეგიონებში, ასევე – სასოფლო დასახლებებში.

ანგარიშის მიხედვით, ე.წ. თეთრი ქორწინება ნიშნავს კანონით აკრძალულ ურთიერთობას ქალს და მამაკაცს შორის, რომლებიც ერთმანეთთან ქორწინებაში არ იმყოფებიან. ირანული კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია 100 როზგი. თუმცა,  სასჯელი შეიძლება განსხვავებული იყოს რეგიონების მიხედვით. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, ზოგიერთ რეგიონში ქორწინების გარეშე სექსუალური ურთიერთობისთვის პირი შეიძლება 6 თვიდან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც დაექვემდებაროს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ, ზოგადად, მოცემული დანაშაულისთვის პოლიციის მხრიდან სამართლებრივი დევნა იშვიათია. ანონიმური წყაროს მიხედვით, თუ ადრეულ პერიოდში იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც პირს უბრალოდ იმის გამო სჯიდნენ, რომ საჯარო სივრცეში საპირისპირო სქესის ისეთ ადამიანთან ერთად გამოჩნდა, რომელზეც დაქორწინებული არ იყო, დღევანდელობაში, ეს მიდგომა რადიკალურად შეიცვალა. ირანული საზოგადოება, განსაკუთრებით თეირანსა და სხვა დიდ ქალაქებში, უფრო შემწყნარებელი გახდა.  სასამართლოებიც, უფრო და უფრო მსუბუქ სასჯელებს აწესებენ აღნიშნული ქმედებისთვის.

როდესაც მკვლევარებმა სხვადასხვა წყაროთა წარმომადგენლებს კითხეს, უკანასკნელ ხანებში დაფიქსირებულ ისეთ სასამართლო პროცესებზე, რომლებიც ეხებოდა ქორწინების გარეშე ურთიერთობას, მათმა უმრავლესობამ განაცხადა, რომ არ ფლობს ინფორმაციას ასეთი შემთხვევების შესახებ. წყაროთა მიხედვით, უმრავლეს შემთხვევაში, ასეთი ტიპის საკითხები სასამართლომდე არც მიდის.

ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, ირანში ღალატისთვის (ანუ ქორწინების მიღმა სექსუალური ურთიერთობისთვის) სასჯელი ჩაქოლვაა, რომელიც გათვალისწინებულია ქორწინებაში მყოფი პირებისთვის. თუმცა, ისეთი შემთხვევების დროს, როდესაც ერთ-ერთი ან ორივე მხარე, არ არიან ქორწინებაში, სასჯელად განისაზღვრება გაროზგვა.

აღნიშნული დანაშაულის შემთხვევაშიც, დროთა განმავლობაში, მიდგომები შეიცვალა. ღალატის საქმეები სულ უფრო და უფრო იშვიათად მიდის სასამართლომდე. პრაქტიკაშიც, ირანის დიდ ქალებში, ისეთი სასჯელი, როგორიცაა – ჩაქოლვა, ნაკლებად გამოიყენება. თუმცა, პროვინციებში და ირანის სასოფლო დასახლებებში, ასეთი ასეთ შემთხვევებს კვლავაც აქვთ ადგილი. [1]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ ასევე შესწავლილ იქნა ირანის ისლამური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსი და აღნიშნულ კოდექსში, ქორწინების გარეშე სექსუალური ურთიერთობისთვის გათვალისწინებული სანქციები. კერძოდ, 63 მუხლის მიხედვით, „ღალატი წარმოადგენს მამაკაცსა და ქალს შორის სექსუალურ ურთიერთობას, მათ შორის – ანალურ სექსუალურ ურთიერთობას,  როდესაც მათთვის ამ ტიპის ურთიერთობა აკრძალულია“.

73 მუხლის თანახმად – „დაუქორწინებელი ქალის ფეხმძიმობა, როგორც ფაქტი, თვითონ არ წარმოადგენს აღნიშნულ დანაშაულს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ კოდექსით გათვალისწინებული რელევანტური მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მან ჩაიდინა ღალატის აქტი.“

82 და 83 მუხლებით, ღალატის დანაშაულისთვის სასჯელის სახით განსაზღვრულია სიკვდილით დასჯა ან ჩაქოლვა. აღნიშნული სასჯელები ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც ღალატის აქტი ჩადენილია სისხლით ნათესავთან, ოჯახის წევრთან და ა.შ. ასევე, როდესაც დანაშაულის ჩამდენი პირები ქორწინებაში იმყოფებიან.

88 მუხლის დისპოზიციით, დაუქორწინებელი ქალისა ან მამაკაცის შემთხვევაში, აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელად განისაზღვრება 100 როზგი.[2]

[1] Joint report from the Danish Immigration Service and The Danish Refugee Council – „IRAN Relations outside of marriage in Iran and marriages without the accept of the family“; published February 2018; available at

[accessed 27 March 2020]

[2] Islamic Penal Code of Iran; Book 2; articles 63 -102; available at

[accessed 27 March 2020