დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-31 მარტი, 2020

ავღანეთში არსებული ვითარება – უცხოელებს ხელს არ ვახლებთ, თუმცა სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ჩვენი ოპერაციები გაგრძელდება, – ამის შესახებ რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა განაცხადა. „ძალადობის შემცირების რეჟიმი დასრულდა და ჩვენი ოპერაციები ჩვეულებრივ გაგრძელდება. რაც შეეხება აშშ-თან დადებულ შეთანხმებას, ჩვენი მეომრები ხელს არ ახლებენ უცხოურ ძალებს, თუმცა სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ჩვენი ოპერაციები გაგრძელდება“, – აღნიშნა ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა. 1-ელ მარტს ავღანეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის გააგრძელებდა ნაწილობრივი ზავის დაცვას, ვიდრე ავღანეთსა და „თალიბანს“ შორის 10 მარტისთვის ჩანიშნული მოლაპარაკებები არ დაიწყებოდა. აშშ-სა და დაჯგუფება „თალიბანს“ შორის სამშვიდობო შეთანხმების მიხედვით, ამერიკელი სამხედროები ავღანეთს სრულად 14 თვის განმავლობაში დატოვებენ.[1]

აშშ-მა რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ პოზიციებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ პირველი ავიაიერიშს თავდაცვის მიზეზებით ხსნის. „თალიბანის“ მებრძოლები აქტიურ შეტევებს ახორციელებდნენ ავღანეთის ეროვნული თავდაცვის ძალების საგუშაგოზე. ეს თავდაცვითი ავიადარტყმა იყო, ამ შეტევების შესაჩერებლად“, – განაცხადა პოლკოვნიკმა სონი ლეგეტმა. მან დასძინა, რომ ვაშინგტონს მშვიდობა კვლავ სურს, თუმცა „თალიბანმა“ უაზრო შეტევები უნდა შეწყვიტოს და შეთანხმების პირობები შეასრულოს.[2]

ავღანეთში სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 29 დაშავდა იმ ღონისძიებაზე თავდასხმის შედეგად, რომელსაც ავღანეთის პრემიერ-მინისტრი აბდულა აბდულა ესწრებოდა. თავდასხმა მოჯაჰედების ლიდერის აბდულა ალი მაზარის გარდაცვალების წლისთავის ცერემონიაზე მოხდა. გარდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა, ღონისძიებას ესწრებოდნენ ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი და სხვა პოლიტიკოსები. მას შემდეგ, რაც თავდამსხმელებმა ცეცხლი გახსნეს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ინციდენტის ადგილიდან ოპერატიულად გაიყვანეს. ის არ დაშავებულა. „თალიბანმა“ უარყო რაიმე კავშირი აღნიშნულ შემთხვევასთან.[3]

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანმა „თალიბანის“ 1500 მებრძოლის გათავისუფლების განკარგულებას მოაწერა ხელი. ავღანეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენლის, სადიყ სადიყის განცხადებით, ამ ნაბიჯის მიზანია ავღანეთის მთავრობასა და „თალიბანს“ შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება. პრეზიდენტის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ გათავისუფლებულმა პირებმა წერილობითი ვალდებულება უნდა აიღონ, რომ არ დაუბრუნდებიან საომარ მოქმედებებს. ავღანეთის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ „თალიბების“ გათავისუფლება კეთილმოსურნეობის ჟესტია და ეს პროცესი 14 მარტს დაიწყება. ავღანეთის ხელისუფლება ყოველ დღე 100-100 პატიმარს გაათავისუფლებს, ხოლო მას შემდეგ, რაც ავღანეთის მთავრობასა და „თალიბანს“ შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყება, ყოველ ორ კვირაში „თალიბანის“ 500 მებრძოლს გამოუშვებენ იმ პირობით, თუ ძალადობის შემცირების რეჟიმი შენარჩუნდება. „თალიბანსა“ და აშშ-ს შორის სამშვიდობო შეთანხმებას 29 თებერვალს დოჰაში მოეწერა ხელი. შეთანხმება ავღანეთიდან აშშ-ისა და ნატოს ჯარების გაყვანას ითვალისწინებს, სანაცვლოდ კი, „თალიბანმა“ უნდა უზრუნველყოს, რომ ქვეყანა არ გახდება ტერორისტების თავშესაფარი.[4]

სირიის კრიზისი – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მორგან ორტაგუსის განცხადებით, აშშ სირიელ ხალხს 108 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს. „აშშ ასევე მიესალმება რეკომენდაციას სირია-თურქეთის საზღვარზე, ტალ-აბიადში დამატებითი გამშვები პუნქტების გახსნის შესახებ, რომლითაც სირია გაეროს მიერ გაგზავნილ ჰუმანიტარულ და სამედიცინო დახმარებას მიიღებს“, – განაცხადა მორგან ორტაგუსმა.[5]

იდლიბის პროვინციაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 6 მარტის 00:00 საათიდან ამოქმედდება, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთმა და თურქეთმა იდლიბთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებებს მიაღწიეს. „რუსეთისა და თურქეთის ლიდერების მჭიდრო კონტაქტი შესაძლებელს ხდის საერთაშორისო პრობლემების გადაჭრის საერთო მიდგომები გამოვნახოთ. რუსეთმა და თურქეთმა სირიაში ვითარების დარეგულირების ერთობლივი დოკუმენტი შეიმუშავეს, რომლის შინაარსსაც საგარეო საქმეთა მინისტრები გაგაცნობენ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ერდოღანთან მოლაპარაკებები რთული იყო, თუმცა პოზიტიურად დასრულდა.[6]

სირიისა და ერაყის საზღვარზე, ბუ-ქემალის რაიონში საჰაერო დარტყმები განხორციელდა. საჰაერო დარტყმები აშშ-ის სამხედრო ავიაციამ განახორციელა. არსებული მონაცემებით, ამერიკული ავიაცია „ალ-ხაშდ აშ-შააბის“ ბაზას ჰაერიდან უტევს. ინციდენტის შესახებ ინფორმაცია სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა.[7]

ერაყში არსებული ვითარება – ბაღდადის ჩრდილოეთით, ტაჯის სამხედრო ბანაკზე ავია იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. დაღუპულთა შორის 2 ამერიკელი და ერთი ბრიტანელი ჯარისკაცია. ბაზაზე სულ 18 რაკეტა ჩამოვარდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[8]

ინდოეთში 4 მამაკაცი ახალგაზრდა ქალის გაუპატიურებისთვის სიკვდილით დასაჯეს – აკშაი ტაკური, ვინაი შარმა, პავან გუპტა და მუკეშ სინგჰი სასამართლომ დამნაშავეებად 2013 წელს ცნო და მათ სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. მოძალადეები დელიში, ტიხარის ციხეში ჩამოახრჩვეს. ეს 2015 წლის შემდეგ სიკვდილით დასჯის პირველი შემთხვევაა. ინდოელი სტუდენტი ავტობუსში 6-მა კაცმა გააუპატიურა, რამდენიმე დღეში კი ის მიყენებული ტრავმებისგან გარდაიცვალა. პოლიციამ ექვსივე ეჭვმიტანილი დააკავა. ერთერთმა მათგანმა, რამ სინგჰმა 2013 წელს ციხეში თავი მოიკლა. კიდევ ერთი მსჯავრდებული 17 წლისა იყო, ამიტომ მას მაქსიმალური სასჯელი – 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ის ციხიდან 2015 წელს გათავისუფლდა. ექვსივე მსჯავრდებულმა განაჩენი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა და სიკვდილით დასჯის სამუდამო პატიმრობით შეცვლა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.[9]

ჩადში ბოკო ჰარამის თავდასხმას 92 სამხედრო ემსხვერპლა – მომხდარის შედეგად 47 ადამიანი დაშავდა. ჩადის პრეზიდენტის, იდრის დების განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე დანაკარგია, რომელიც ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ოდესმე ჰქონია. თავდასხმა ბომაში, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოხდა, სადაც ჩადის, ნიგერიისა და ნიგერის შეიარაღებული ძალები ისლამისტურ დაჯგუფებას უკვე რამდენიმე წელია ებრძვიან. „უამრავ ოპერაციაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა ჩვენს ისტორიაში ერთდროულად ამდენი ადამიანი არასოდეს დაგვიკარგავს“, – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.[10]

[1] News 18; Taliban to end partial truce, resume offensive operations against Afghan security forces; 2 March, 2020; available at: https://www.news18.com/news/world/taliban-to-end-partial-truce-resume-operations-against-afghan-forces-2522679.html

[2] Reuters; US carries out air strike on Taliban, calls for halt to needless attacks; By Abdul Qadir Sediqi, Charlotte Greenfield; 4 March, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-usa-afghanistan-taliban/u-s-carries-out-airstrike-on-taliban-fighters-for-first-time-since-doha-deal-spokesman-idUSKBN20R12R?fbclid=IwAR0Y6zHwdpNcBl97jSDkVpeObqkJxNDAfq20qk5g2V1lMxzOZQFkQpMlrMI

[3] Tolo News; Attack on Afghan politicians ceremony in Kabul; 27 killed; 6 March, 2020; available at: https://tolonews.com/afghanistan/attack-ceremony-abdullah-khalili-attendance?fbclid=IwAR3xIHh7QC6nqMEpqOeH42QwwcnsMZtf4EFBVFTTCDBLSmJyqVtdYyj8uKM

[4] Tolo News; Ghani signs decree to release Taliban prisoners; 11 March, 2020; available at: https://tolonews.com/afghanistan/ghani-signs-decree-release-taliban-prisoners?fbclid=IwAR25snVhB7BKfTbAt7cth9-ncdSLWnrXEAi1wUe4BCWecvjgxPLVQyX-ctE

[5] Reuters; US sending $108 million in aid to Syria, supports additional border crossing: State Department; 3 March, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-syria-security-usa-assistance/u-s-sending-108-million-in-aid-to-syria-supports-additional-border-crossing-state-department-idUSKBN20Q1PT

[6] იმედის ახალი ამბები; იდლიბის პროვინციაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 6 მარტის 00:00 საათიდან ამოქმედდება; 5 მარტი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/130333/idlibis-provintsiashi-tsetskhlis-shetskvetis-rejimi-6-martis-0000-saatidan-amoqmeddeba

[7] იმედის ახალი ამბები; სირიისა და ერაყის საზღვარზე, ბუ-ქემალის რაიონში საჰაერო დარტყმები განხორციელდა; 12 მარტი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/131153/siriisa-da-erakis-sazgvarze-buqemalis-raionshi-sahaero-dartkmebi-gankhortsielda

[8] BBC; UK soldier and two Americans killed in rocket attack in Iraq; 12 March, 2020; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-51842744

[9] The Guardian; India executes four men convicted of 2012 Delhi rape and murder; 20 March, 2020; available at: https://www.theguardian.com/world/2020/mar/20/india-executes-four-men-convicted-of-2012-delhi-bus-and

[10] იმედის ახალი ამბები; ჩადში ბოკო ჰარამის თავდასხმას 92 სამხედრო ემსხვერპლა; 25 მარტი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/133370/chadshi-boko-haramis-tavdaskhmas-92-samkhedro-emskhverpla