იემენი. უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება. აპრილი, 2020

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისმა 2020 წლის 14 მარტს გამოაქვეყნა განახლებული რუქა, სადაც აღწერილია მოგზაურთათვის იემენში მოგზაურობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული რჩევები. რუქაზე წითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ საერთოდ არ იმოგზაურონ;  ყვითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ იმოგზაურონ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში; მწვანე ფრად აღნიშნულია ზონა, სადაც მოგზაურობა ნებადართულია რჩევების გათვალისწინებით.

ოფისი მოუწოდებს ბრიტანეთის მოქალაქეებს, ქვეყანაში მიმდინარე მძიმე სამოქალაქო ომის ფონზე, კატეგორიულად შეიკავონ თავი იემენის ნებისმიერ ნაწილში მოგზაურობისგან. ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია არასტაბილურია. შეიარაღებული შეტაკებები გრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც კიდევ უფრო აუარესებს ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას. იემენში საკვებზე, სასმელ წყალსა და სამკურნალო მედიკამენტებზე წვდომა შეზღუდულია. ასევე, არსებობს განურჩეველი ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტში მოხვედრის სერიოზული რისკი.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იემენში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ქვეყანაში 2014 წელს დაწყებული სამოქალაქო ომი კვლავაც აქტიურად მიმდინარეობს. შესაბამისი სამოქალაქო სამსახურები ვერ ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე.

მიმდინარე წელს, ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ სერიოზულ უფლებათა დარღვევებს შორის იყო: უკანონო და თვითნებური მკვლელობები – მათ შორის, პოლიტიკური დაკვეთით მკვლელობები;  იძულებითი გაუჩინარების შემთხვევები; წამება; უკანონო დაკავება და დაპატიმრება; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; პოლიტიკური პატიმრები;  კორუფცია; ბავშვთა იძულებითი რეკრუტირების შემთხვევები და ა.შ.

ამას გარდა, უსაფრთხოების ძალების მიმართ დაუსჯელობა წარმოადგენდა სერიოზულ პრობლემას, რადგან ერთის მხრივ – ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ქვეყნის მთავრობა არ ფლობდა ეფექტურ კონტროლს, ხოლო მეორეს მხრივ – როდესაც ამის გაკეთება შეეძლო, კორუფციისა და შესაბამისი ეფექტური მექანიზმების არარსებობის გამო, ვერ ახერხებდა საქმეების სათანადოდ გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას.

არასამთავრობო აქტორები – მათ შორის, აჯანყებული ჰუტები; სხვადასხვა სეცესიონისტი ელემენტები; ტერორისტული ორგანიზაცია – „არაბეთის ნახევარკუნძულის ალ-ქაიდა“ (AQAP) და “ისლამური სახელმწიფოს“ ადგილობრივი შტო ასევე, ყოველგვარი შემდგომი პასუხისმგებლობის გარეშე  ჩადიოდნენ სერიოზულ უფლებათა დარღვევებს. ამას გარდა, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედრო კოალიციის საჰაერო დაბომბვებს, ხშირად, თან სდევდა მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში.[2]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch იემენში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ იემენში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი, დღესდღეობით, მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კატასტროფაა. კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარის ქმედებების შედეგად, დაიღუპა და დაშავდა ათასობით სამოქალაქო პირი. „Yemen Data Project“-ის მიხედვით, 2015 წლიდან მოყოლებული, 17 500 სამოქალაქო პირია გარდაცვლილი ან დაშავებული, ხოლო მათ შორის მეოთხედი – ქალი ან ბავშვია. 20 მილიონზე მეტ იემენელს არ გააჩნია წვდომა საკმარისი საკვებზე, ხოლო 10 მილიონი მათაგანი – შიმშილობის რისკის ზღვარზეა.

ქვეყნის არამდგრადი და სუსტი ეკონომიკა, შეიარაღებული კონფლიქტის შემდგომ, კიდევ უფრო დაკნინდა. ასობით ათას ოჯახს აღარ აქვს შემოსავალი, ხოლო უამრავი საჯარო მოხელე ხელფასის გარეშე უკვე რამდენიმე წელია მუშაობს. აღნიშნულმა ქმედებებმა, ბუნებრივია, წვლილი შეიტანა ჰუმანიტარული კრიზისის კიდევ უფრო დამძიმებაში.

როგორც იემენის მთავრობის ძალები და საერთაშორისო კოალიცია, ასევე – ჰუტები, სჩადიოდნენ ისეთ დანაშაულებს როგორიცაა უკანონო დაკავებები და იძულებითი გაუჩინარებები.  2015 წლიდან მოყოლებული, იემენის სამთავრობო ძალების მხარდამჭერი კოალიცია, რომელსაც საუდის არაბეთი ხელმძღვანელობს, პერიოდულად ახორციელებს განურჩეველ და სრულიად დისპროპორციულ საჰაერო დაბომბვებს, რასაც უკვე ათასობით სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე, ხორციელდებოდა თავდამსხმები სამოქალაქო ობიექტებზე, რაც აკრძალულია. ჰუტი აჯანყებულები ასევე  იყენებდნენ ისეთ არა კონვენციურ მეთოდებს, როგორიცაა: აკრძალული ნაღმები; ბავშვთა რეკრუტირება და განურჩეველი ხასიათის საარტილერიო დაბომბვები, რასაც ასევე თან ახლდა სამოქალაქო დანაკარგები.[3]

[1] UK Home Office – Foreign Travel Advice – Yemen; published 14 March 2020; available at https://www.gov.uk/foreign-travel-advice/yemen [accessed 30 March 2020]

[2] United States Department of State – “Country Report on Human Rights Practices 2019 – Yemen”; published in March 2020; available at

[accessed 30 March 2020]

[3] Human Rights Watch – World Report 2020 – Yemen; published 14 January 2020; available at

[accessed 31 March 2020]