თურქეთი. საპატიმრო დაწესებულებებში არსებული ვითარება. აპრილი, 2020

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქეთის რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კონსტიტუცია კრძალავს წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას, თუმცა ადგილობრივი და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი პოლიციის ოფიცერი, ციხის პერსონალი, სამხედრო და სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელი მსგავს პრაქტიკას მიმართავს. ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, ანკარის ადვოკატთა ასოციაცია, ოპოზიციური პოლიტიკური ფიგურები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ სახელისუფლებო აგენტები, დაკავების ცენტრებში, ზოგიერთი პირის მიმართ იყენებენ დაშინებას, არასათანადო მოპყრობას და სავარაუდოდ წამებასაც. ანკარის ადვოკატთა ასოციაციამ გაასაჯაროვა წამების სავარაუდო მსხვერპლთა დეტალური ინტერვიუები, სადაც ისინი საუბრობენ მათ მიმართ მოპყრობაზე. თურქეთის ეროვნული პოლიცია მსგავსი შინაარსის ბრალდებებს უარყოფს.

2018 წლის თებერვალში გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებზე, ნილს მელზერი, სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამდა თურქეთის პოლიციის საპატიმროებში წამებისა და სხვა არაადამიანური მოპყრობის შესახებ მზარდი ბრალდებების თაობაზე. მელზერი აღნიშნავდა, რომ დიდი რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც კავშირში იყვნენ გიულენის მოძრაობასთან ან ქურთისტანის მუშათა პარტიასთან, აცხადებდნენ არასათანადო მოპყრობის შესახებ; კერძოდ, აღიარებითი ჩვენებისა თუ სხვათა დადანაშაულების მიზნით მათ მიმართ დაკითხვის სასტიკი მეთოდების გამოყენების შესახებ. აღნიშნული სასტიკი მეთოდები მოიცავდა ცემას, ელექტროშოკის გამოყენებას, ცივი წყლის დასხმას, ძილის შეწყვეტას, დაშინებას, თავდასხმას და სექსუალურ ძალადობას. სპეციალური მომხსენებელი აცხადებდა, რომ ხელისუფლება არ დგამდა სათანადო ნაბიჯებს მსგავსი შინაარსის ბრალდებების სათანადო გამოძიებისა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის მიმართულებით.

ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები საუბრობენ წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ პოლიციის საკნებში. მათი მტკიცებით, ასეთი პრაქტიკა უფრო გარცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონების პოლიციის ზოგიერთ განყოფილებაში. ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციის ინფორმაციით, 2019 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, მათ მიიღეს 65 საჩივარი სავარაუდო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მისდევს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას პოლიციის მხრიდან წამების გამოყენების საკითხში, უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან სერიოზული ქმედებებს ადგილი არ აქვს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იგივე ანგარიშში წერს, რომ თურქეთის ციხეები ზოგადად შეესაბამება გაეროს სპეციალური მომხსენებლის სტანდარტებს ფიზიკური პირობების, როგორიცაა მაგალითად, ინფრასტრუქტურა და საბაზისო აღჭურვილობა, კუთხით. აღსანიშნავი გამონაკლისია გადატვირთულობა, რომელიც თავის მხრივ, იწვევს პრობლემებს პატიმართა სათანადო ჯანდაცვის უზრუნველყოფის კუთხით. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2019 წელს ხელისუფლებამ მოიძია დაფინანსება დამატებითი საპატიმროებისთვის.

ციხეების გადატვირთულობა სერიოზული პრობლემაა. თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის 353 საპატიმრო 218 950 პატიმარზეა გათვლილი, პატიმართა რაოდენობა კი 286 ათასია. ოფიციალური სტატისტიკის არ არსებობის პირობებში, დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ გასული წლის განმავლობაში 3 ათასი პატიმარი სამარტოო საკანში იყო გამწესებული. სამარტოო საკნის გამოყენების პრაქტიკამ იმატა, რაც დამკვირვებლების ვარაუდით, დაკავშირებულია ციხეებში თვითმკვლელობის მზარდ მაჩვენებელთან.

არასრულწლოვანი პატიმრები, იმ შემთხვევაში თუ ცალკე დაწესებულება არაა ხელმისაწვდომი, იმყოფებიან იმავე საპატიმროებში, სადაც სრულწლოვანი პატიმრები, თუმცა განცალკევებულ სექციებში. ნებადართულია ექვს წლამდე ასაკის ბავშვების ყოფნა პატიმარ დედებთან. წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები იმავე დაწესებულებებში არიან, სადაც მსჯავრდებულები.

ხელისუფლება არ აქვეყნებს მონაცემებს ციხეში არსებული პირობების ან ციხის თანამშრომელბის ქმედებების შედეგად გარდაცვლილი პატიმრების შესახებ. ადგილობრივი მედიის მტკიცებით, იზმირის ციხეში, რვა თვის განმავლობაში 14 პატიმარი გარდაიცვალა. მედიასაშუალების მტკიცებით, არსებულმა გადატვირთულობამ და სათანადო ჰიგიენისა და საკვების ნაკლებობამ ეპიდემიის გავრცელება გამოიწვია, რის გამოც კარანტინის დაწესება გახდა აუცილებელი.

ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები ამტკიცებენ, რომ პატიმრები ხშირად განინდიან სასმელი წყლის, სათანადო გათბობის, ვენტილაციის, განათების, საკვებისა და ჯანდაცვის სერვისების ნაკლებობას. იგივე პრობლემების შესახებ 2019 წლის სექტემბერში პარლამენტის დაკავებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის კომიტეტის წევრმაც განაცხადა.

2019 წლის სექტემბერში იუსტიციის სამინისტრომ პარლამენტისადმი მოხსენებაში განაცხადა, რომ 1300-ზე მეტი სამედიცინო მუშაკი ემსახურებოდა 286 ათას პატიმარს; მათ შორის იყო 6 ექიმი, 65 სტომატოლოგი და 805 ფსოქოლოგი. უფლებადამცველი ასოციაციები სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამდნენ ციხის ექიმების ნაკლებობის გამო. ადამიანის უფლებათა ასოციაციის ინფორმაციით, 2019 წლის დეკემბერში 1334 პატიმარი იყო ავად ქვეყნის ციხეებში და მათგან 457 მძიმე მდგომარეობაში.

უფლებადამცველი ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ექიმები, მათ მიმართ შემდგომი რეპრესიების შიშის გამო, ხელს არ აწერენ სამედიცონო დოკუმენტაციას, რომელიც პატიმრების სავარაუდო წამებას ასახავს. შედეგად, პატიმრები ვერ ახერხებენ მათ მიმართ სავარაუდო წამების დამადასტურებელი სამდიცინო დოკუმენტაციის მოპოვებას. მთავარ პროკურატურას აქვს ფართო დისკრეცია, განსაკუთრებით ანტიტერორიტული კანომდებლობით, რომ პირები, ვისაც მიიჩნევენ საზოგადოების უსაფრთხოებისთვის საფრთხის მატარებლად, განამწესონ წინასწარ პატიმრობაში, მიუხედავად სამედიცინო დოკუმენტებით დადასტურებული სერიოზული ავადმყოფობისა.

ხელისუფლებამ რიგ შემთხვევებში, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის სარწმუნო ბრალდებების შემთხვევებში, დაიწყო გამოძიება, თუმცა არ გაუსაჯაროვებია გამოძიების შედეგები ან ინფორმაცია დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის შესახებ. მთავრობა არ ასაჯაროვებს ინფორმაციას ციხეში სავარაუდო ძალადობის შესახებ. ზოგიერთი უფლებადამცველი ორგანზიაცია ამტკიცებს, რომ პატიმრებს ხშირად თვითნებურად უკრძალავენ ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან შეხვედრას.

მთავრობა ნებას რთავს ზოგიერთ დამკვირვებელს, მათ შორის პარლამენტარებს, მოინახულონ საპატიმრო დაწესებულებები. მთავრობა ციხეების მონიტორინგის ნებას არ რთავს არასამთავრობო ორგანიზაციებს.[1]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქეთის შესახებ წერს, რომ 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ხელისუფლების მხრიდან წამების გამოყენება კვლავ რჩება აქტუალურ საკითხად. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები წამებას და სხვა არაადამიანურ მოპყრობას იყენებენ კონკრეტული პროფილის პირების მიმართ, ესენი არიან გიულენის მოძრაობის წევრები, ქურთები და მემარცხენეები. პროკურატურა მსგავს ბრალდებებს არ იძიებს.[2]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქეთის შესახებ წერს, რომ 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ გაზრდილი იყო ბრალდებები წამებისა და სხვა არაადამიანური მოპყრობის შესახებ; თუმცა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველად, აღნიშნული მიმართულებით, თურქეთში პროგრესი შეინიშნება. მსგავსი მოპყრობის ობიექტები არიან ქურთები, მემარცხენეები და ფეთჰულა გიულენის მიმდევრები.

ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ორი ვიზიტი განახორციელა თურქეთში, მათ შორის უკანასკნელი 2019 წლის მაისში, თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ კომიტეტს ანგარიშის გამოქვეყნების ნებართვა არცერთ შემთვევაში არ მისცა.[3]

[1] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2019 – Turkey, 11 March 2020

 (accessed on 31 March 2020)

[2] Freedom House: Freedom in the World 2020 – Turkey, 4 March 2020

 (accessed on 31 March 2020)

[3] HRW – Human Rights Watch: World Report 2020 – Turkey, 14 January 2020

 (accessed on 31 March 2020)