პაკისტანი. უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება. აპრილი, 2020

ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC – „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას (Rule of Law in Armed Conflicts) მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობით, პაკისტანში  საერთაშორისო ტიპის შეიარაღებული კონფლიქტი არ ფიქსირდება. თუმცა, სახეზეა შიდა ტიპის კონფლიქტი, კერძოდ, პაკისტანის მთავრობა აქტიურად ებრძვის ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ რამდენიმე შეიარაღებულ დაჯგუფებას, მათ შორის – ტერორისტულ ორგანიზაცია „თალიბანთან“ ასოცირებულ ჯგუფებს.[1]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისის (EASO) მიერ 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც პაკისტანში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას ეხება, ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია რეგიონების მიხედვითა განსხვავებულია. მასზე ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კონკრეტული ფაქტორები, როგორიცაა – პოლიტიკური ძალადობა; არასახელმწიფო შეიარაღებული აქტორების მიერ ჩადენილი ქმედებები; ეთნიკური კონფლიქტები და კონფესიური ტიპის ძალადობა. ამას გარდა, საშინაო უსაფრთხოებაზე ზოგჯერ უარყოფითად აისახება მცირე შეტაკებები,  მეზობელ ქვეყნებთან (ინდოეთი და ავღანეთი), რომლებიც ზოგჯერ ძალადობის მაღალ მაჩვენებელს აღწევს.

ანგარიშის მიხედვით, ზოგადად, პაკისტანში ძალადობის მაჩენებლის ზრდა უკავშირდება ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილში არასტაბილურ ვითარებას, რომელიც დაიწყო 2001 წელს, ავღანეთში თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ. ავღანური თალიბანის ზოგიერთი წევრი, გაექცა რა აშშ-ის მეთაურობით შემოჭრილ საერთაშორისო კოალიციას, დასახლდა ორ ძირითად რეგიონში – FATA და ხიბერ პახტუნკხვა. დროთა განმავლობაში, აღნიშნულ რეგიონებში მათ გაზარდეს საკუთარი გავლენა და დაიქვემდებარეს ანალოგიურ იდეოლოგიურ მოტივებზე შექმნილი ადგილობრივი შეიარაღებული ჯგუფები. საბოლოოდ, აღნიშნული პროცესი გადაიქცა რეგიონის ერთგვარ „თალიბანიზაციად“. თალიბანის მიდგომები იყო საკმაოდ მკაცრი და კონსერვატიულ ისლამურ პრინციპებზე დაფუძნებული, რამაც შედეგად სამოქალაქო პირებზე ძალადობა და, საბოლოოდ, პაკისტანის ხელისუფლებასთან კონფლიქტი გამოიწვია. 2007 წლიდან მოყოლებული, ზემოხსენებულ 2 რეგიონში პაკისტანის მთავრობამ განახორციელა რამდენიმე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში, პირთა მასობრივი იძულებითი გადაადგილება გამოიწვია.

ანგარიშში საუბარია მოვლენათა შემდგომ განვითარებაზე და გასული წლების განმავლობაში, რეგიონებში უსაფრთხოების კუთხით სტაბილურობის დამყარების არაერთ მცდელობაზე. მათ შორის, იყო 2014 წლის სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომელიც საბოლოო ჩაიშალა; 2014 წლის 20 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა; 2015-2016 წლებში განხორციელებული მასშტაბური სამხედრო ოპერაცია – Zarb-e-Azb; 2017 წელს – ოპერაცია „Radd-Ul-Fasaad“ და ა.შ.

ანგარიშის მიხედვით, ბოლო 4-5 წლის განმავლობა, პაკისტანში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის გაუმჯობესების ტრენდი შეინიშნება. ყოველწლიურად, წინა წელთან შედარებით, ნაკლები ინციდენტი და ნაკლები მსხვერპლი ფიქსირდება.[2]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პაკისტანის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ პაკისტანი არის ფედერალური მოწყობის საპარლამენტო რესპუბლიკა, რომლის სათავეშიც, 2018 წლიდან Tehreek-e-Insaf (PTI) პარტიაა, ხოლო ქვეყნის პრემიერ-მინისტრია აღნიშნული პარტიის ლიდერი – იმრან ხანი.

პაკისტანში  საშინაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ძირითადი ორგანო პოლიციაა, რომლის ადგილობრივი დანაყოფებიც ფედერალური ერთეულების მთავრობების იურისდიქციაშია. ამას გარდა, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში (მაგალითად, ბალოჩისტანი, ხიბერ პახტუნკხვა) ასევე მოქმედებენ გასამხედროებული ჯგუფები და რეინჯერები, რომლებიც ფედერალურ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარებიან. ზემოხსენებულ ჯგუფთა ძირითადი მიზანია შეინარჩუნონ უსაფრთხოება პაკისტანი-ავღანეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად, ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურები ექვემდებარებიან სამოქალაქო სტრუქტურებს და მთავრობას, ზოგჯერ, ისინი მაინც მოქმედებენ დამოუკიდებლად, ყოველგვარი სამთავრობო მონიტორინგის გარეშე.

მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, პაკისტანში დაფიქსირებულ მნიშვნელოვან უფლებათა დარღვევათა შორის იყო: უკანონო და თვითნებური მკვლელობები, მათ შორის – სამთავრობო უწყებების მიერ ჩადენილი კანონგარეშე მკვლელობები; იძულებითი გაუჩინარების შემთხვევები; წამება; თვითნებური დაკავება; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; აზრის გამოხატვის, პრესის და ინტერნეტის თავისუფლების კუთხით არსებული შეზღუდვები, მათ შორის – ცენზურა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა; შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვა; რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული საკმაოდ მკაცრი შეზღუდვები; კორუფცია; ტრეფიკინგი და ა.შ. როგორც წესი, აღნიშნულ სამართალდარღვევებზე სამთავრობო პასუხისმგებლობის საკითხი, იშვიათად თუ დგებოდა. ამას გარდა, შესაბამისი სამსახურები თითქმის არ სჯიდნენ ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის დამნაშავე საჯარო მოხელეებს.

პაკისტანში, ზოგადად ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას, აუარესებს ისეთი არასახელმწიფო აქტორების, როგორიცაა შეიარაღებული დაჯგუფებები და ტერორისტულ ორგანიზაციები, მიერ  ჩადენილი ძალადობა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, მთლიანი ქვეყნის მასშტაბით ტერორისტული ძალადობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იყო შემცირებული, რაც თანხვედრაშია უკანასკნელ წლებში დაფიქსირებულ, ზოგადი კლების ტენდენციასთან. 2019 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ზემოხსენებული არასახელმწიფო აქტორების ქმედებების შედეგად განხორციელებულ ძალადობას 315 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა (2018 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 697 იყო).[3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის პაკისტანში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი იმრან ხანის მმართველობის პერიოდში, გაიზარდა შეზღუდვები მედიის, პოლიტიკური ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოპერირების კუთხით.

ბევრი ადამიანი იღუპებოდა „პაკისტანის თალიბანის“; „ალ ქაედას“ და სხვა შეიარაღებული ჯგუფების მიერ ორგანიზებული თავდასხმების შედეგად. როგორც აღნიშნული ჯგუფების წევრები, ასევე – სამთავრობო ჩინოვნიკები და პოლიტიკოსები, ემუქრებოდნენ მედიას და ახორციელებდნენ ძალადობრივ თავდასხმებს ჟურნალისტებზე. პაკისტანში ქალები, რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები და ტრანსგენდერი პირები კვლავ იყვნენ ძალადობის ქვეშ და განიცდიდნენ დისკრიმინაციას, ხოლო მთავრობა, როგორც წესი, ვერ უზრუნველყოფდა მათ ადექვატურ დაცვას ან დამნაშავეების სათანადოდ დასჯას.

მთავრობა ახორციელებდა სადამსჯელო ღონისძიებათა კამპანიას ოპოზიციის წევრებსა და მათ მხარდამჭერებზე. ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი, მათ შორის – მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრები, დაპატიმრებულ იქნენ კორუფციის ბრალდებებით. [4]

არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International პაკისტანის შესახებ 2019 წლის ანგარიშში წერდა, რომ მთავრობა ამკაცრებდა შეზღუდვებს გამოხატვის თავისუფლების კუთხით. ქვეყანაში ფიქსირდებოდა იძულებითი გაუჩინარებების შემთხვევები, რომელთა ორგანიზატორებისთვის სასჯელი იშვიათად თუ დგებოდა. პაკისტანის მთავრობამ ვერ მოახერხა აღნიშნული დანაშაულის და, ასევე, წამების ამკრძალავი საკანონმდებლო ნორმების მიღება. ქვეყანაში ფართოდ იყო გავრცელებული ქალების და გოგონების მიმართ ძალადობა. პარლამენტმა არ განიხილა კანონპროექტები, რომლებიც ითვალისწინებდა ბავშვთა ქორწინების აკრძალვას. რელიგიური უმცირესობები განიცდიდნენ თავდასხმებს არასამთავრობო აქტორების მხრიდან, ასევე – ისინი ექვემდებარებოდნენ ე.წ. „ღვთისგმობის“ შესახებ კანონებს. ამას გარდა, ქვეყნის ბევრ ქალაქში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საზიანო მაჩვენებელს აღწევდა, რაც რისკის ქვეშ აყენებდა ადამიანთან სიცოცხლესა და ჯანრმთელობას.[5]

[1] Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts; available at http://www.rulac.org/browse/map [accessed 3 April 2020]

[2] EASO – Pakistan Security situation Country of Origin Information Report – October 2019; available at

[accessed 3 April 2020]

[3] United States Department of State – “2019 Country Reports on Human Rights Practices: Pakistan”; published on 11 March 2020; available at

[accessed 3 April 2020]

[4] Human Rights Watch – “World Report 2020 – Pakistan”; published on 14 January 2020; available at

[accessed 3 April 2020]

[5] Amnesty International – “Human Rights in Asia-Pacific; Review of 2019 – Pakistan”; published on 30 January 2020; available at

[accessed 3 April 2020]