ბანგლადეში. უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება. აპრილი, 2020

ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC –  „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას (Rule of Law in Armed Conflicts) მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობით, ბანგლადეშში როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ტიპის შეიარაღებული კონფლიქტი – არ ფიქსირდება.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ბანგლადეშის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ბანგლადეში არის პარლამენტარული ტიპის დემოკრატია, სადაც ძირითადი აღმასრულებელი ძალაუფლება პრემიერ-მინისტრს გააჩნია. დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყანაში მმართველი პარტია არის Awami League, ხოლო პრემიერ-მინისტრი – შეიხ ჰასიან, რომელმაც რიგით მესამეჯერ გაიმარჯვა არჩევნებში. თუმცა, 2018 წლის არჩევნები, სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით, არ იყო თავისუფალი და ადგილი ჰქონდა გადაცდომებს, მათ შორის – პოლიტიკური ოპონენტების დაშინებასა და მათზე ზეწოლას.

ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით სერიოზული პრობლემები არ ფიქსირდება და სამოქალაქო ინსტიტუტები ინარჩუნებენ ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე. რაც შეეხება უშუალოდ ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებას მიმდინარე წელს დაფიქსირებულ სერიოზულ უფლებათა დარღვევებს შორის იყო: უკანონო და თვითნებური მკვლელობები; იძულებით გაუჩინარებებისა და წამების შემთხვევები; მთავრობის მიერ პირთა უკანონო დაკავება; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; ჟურნალისტთა და უფლებადამცველთა თვითნებური დაპატიმრებების შემთხვევები; ცენზურა და კონკრეტული საიტების დაბლოკვა; შეკრების და მანიფესტაციის უფლებაზე დაწესებული მკაცრი შეზღუდვები; კორუფცია; გოგონათა და ქალთა მიმართ ძალადობა; ტრეფიკინგი; ძალადობა აბორიგენი მოსახლეობის წინააღმდეგ; ლგბტი თემის მიმართ ძალადობა და იგივე სქესის პირთა შორის ნებაყოფლობითი სექსუალური კავშირის კრიმინალიზაცია; ბავშვთა იძულებითი შრომა და ა.შ.

ანგარიშის მიხედვით, დაუსჯელობა ფართოდ იყო გავრცელებული უსაფრთხოების ძალების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევების დროს.  მთავრობა არ დგამდა აუცილებელ ნაბიჯებს, რათა სათანადოდ გამოეძიებინა და დაესაჯა დამნაშავეები უსაფრთხოების ძალების რიგებში.[2]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ბანგლადეშში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, მმართველი პარტია Awami League უარყოფა 2018 წლის ეროვნული არჩვენების დროს მომხდარ კანონდარღვევებს და არ იძიებდა მათ მიუხედავად არსებული სერიოზული ბრალდებებისა. ფართოდ იყო გავრცელებული დაუსჯელობა უსაფრთხოების ძალების მიერ ჩადენილი ქმედებებისთვის, მათ შორის, ისეთი მძიმე დანაშაულებისთვის, როგორიცაა – იძულებითი გაუჩინარება და თვითნებური მკვლელობა. მთავრობა კვლავ განაგრძობდა გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტების სრულ იგნორირებას, ახორციელებდა რა მასშტაბურ სადამსჯელო ღონისძიებათა კამპანიას მისდამი კრიტიკულად განწყობილი პირების მიმართ.

დღეის მდგომარეობით, ბანგლადეშში 1 მილიონი როჰინჯა ლტოლვილია მიანმარიდან, რომელთაც მთავრობა, საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, წარმოშობის ქვეყანაში არ აბრუნებს. თუმცა, იმ ბანაკებში, სადაც ზემოხსენებული  ლტოლვილები ბინადრობენ, სიტუაცია თანდათან უარესდებოდა. ბანგლადეშის მთავრობა გარკვეულწილად, უზღუდავდა მათ გადაადგილების თავისუფლებას, ასევე – ინტერნეტზე წვდომას და იმუქრებოდა მათი დაუსახლებელ კუნძულზე სავარაუდო გადასახლებით.

მარტში, მშრომელთა მიერ მასშტაბური გაფიცვის შემდეგ, დაახლოებით 7 500 ტექსტილზე მომუშავე პირი გაათავისუფლეს სამსახურიდან, რაც შეფასებული იქნა, როგორც მუშათა მიმართ განხორციელებული ყველაზე მასშტაბური სადამსჯელო ღონისძიება უკანასკნელ წლებში.

პოზიტიური ნაბიჯები იქნა გენდერული თანასწორობის კუთხით მას შემდეგ, რაც ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ვალდებულება მუსლიმი ქალებისთვის, საქორწინო მოწმობაში დაეფიქსირებინათ, იყვნენ თუ არა ქალწულები ქორწინების დროს. ამას გარდა, გაიზარდა მშრომელ ქალთა წილი სამუშაო ბაზარზე.[3]

არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International ბანგლადეშის შესახებ 2020 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მედია საშუალებების მიერ წამოწყებულმა ცილისმწამებლურმა კამპანიამ ხელი შეუწყო დაძაბულობის ზრდას ადგილობრივებსა და როჰინჯა ლტოლვილების შორის. ასობით პირი გახდა ე.წ. „ნარკოტიკებზე ომის“ ფარგლებში მოწყობილი კანონგარეშე სიკვდილით დასჯის მსხვერპლი. ქვეყანაში მოქმედი ციფრული უსაფრთხოების აქტი ზღუდავდა ჟურნალისტების, უფლებადამცველების და აქტივისტების საქმიანობას. მიმდინარე საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა მკვეთრი ზრდა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის კუთხით. ამავე დროს, ბანგლადეშში ფიქსირდებოდა აზია-ოკეანეთის რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც აჩქარებდა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, თუმცა, ზოგჯერ – გაზრდილი უთანასწორობის ხარჯზე.[4]

[1] Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts; available at http://www.rulac.org/browse/map [accessed 5 April 2020]

[2] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Bangladesh; published in March 2020; available at

[accessed 5 April 2020]

[3] Human Rights Watch – World Report 2020 – Bangladesh; published on 14 January 2020; available at

[accessed 5 April 2020]

[4] Amnesty International – Human Rights in Asia-Pacific; Review of 2019 – Bangladesh; published 30 January 2020; available at

[accessed 5 April 2020]