აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ინდოეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერს, რომ ინდოეთი არის მულტიპარტიული, ფედერალური ტიპის საპარლამენტო დემოკრატია, რომლის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრია ნარედრა მოდი, ხოლო მმართველი პოლიტიკური პარტია – BJP (Bharatiya Janata Pary). ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით პრობლემები არ ფიქსირდებოდა და სამოქალაქო ინსტიტუტები ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე.
ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მნიშვნელოვან უფლებათა დარღვევებს შორის იყო: უკანონო და თვითნებური მკვლელობები, მათ შორის – პოლიციის მიერ განხორციელებული კანონგარეშე მკვლელობები; წამების შემთხვევები ციხეებში; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; პოლიტიკური პატიმრები კონკრეტულ შტატებში; გამოხატვის თავისუფლების და პრესის კუთხით არსებული შეზღუდვები, მათ შორის – ძალადობით ან ძალადობის მუქარით გამოხატული; სოციალურ მედიაში გამოთქმული აზრის კრიმინალიზება; ცენზურა; არასამთავრობო ორგანიზაციების ოპერირების ზედმეტად შემზღუდველი კანონები; პირთა დისკრიმინაცია, რაც განპირობებული იყო მათი რელიგიური მიმდინარეობით ან სოციალური სტატუსით და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მთავრობა ცდილობდა, სათანადო პასუხი გაეცა აღნიშნული სამართალდარღვევებისთვის და დაეყენებინა დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის საკითხი, დაუსჯელობა კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩებოდა. ხშირად იწყებოდა გამოძიებები და, შედეგად, ადგილი ჰქონდა სისხლისსამართლებრივ დევნას, თუმცა, აღსრულების მექანიზმების სისუსტის; გადამზადებული პოლიციის ოფიცერთა ნაკლებობისა და სასამართლო სისტემის გადატვირთულობის გამო, დამნაშავე პირთა უშუალოდ მსჯავრდების საკითხი იშვიათად თუ დგებოდა.
სეპარატისტული დაჯგუფებები და ტერორისტები, განსაკუთრებით ჯამმუსა და ქაშმირის შტატებში, ასევე მაოისტურ პროვინციებში – ჩადიოდნენ მნიშვნელოვან სამართალდარღვევებს, მათ შორის, მკვლელობებს. ასევე, ფიქსირდებოდა სამხედრო პერსონალის, პოლიციელების, საჯარო მოხელეების და სამოქალაქო წამების ფაქტებიც, ასევე – ბავშვთა იძულებითი რეკრუტირება.
5 აგვისტოს, ინდოეთის მთავრობამ გამოაცხადა ჯამმუსა და ქაშმირის პრობლემატური შტატისთვის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც აღნიშნული შტატი დაიყოფოდა 2 ცალკეულ ტერიტორიად. ამ გადაწყვეტილებით გამოწვეული ვნებათაღელვის ჩასახშობად, მთავრობას წამოიწყო მასშტაბური სადამსჯელო კამპანია, რათა უზრუნველეყო უსაფრთხოების კუთხით სიტუაციის სტაბილურობა. მათ დააკავეს ათასობით ადგილობრივი, მათ შორის – პოლიტიკური ლიდერები; გათიშეს მობილური და ინტერნეტ კომუნიკაცია და დააწესეს შეზღუდვები გადაადგილების კუთხით. 2019 წლის დეკემბრისთვის არსებული სიტუაციით, მთავრობამ გადადგა გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები სიტუაციის ნორმალიზაციისკენ, აღადგინა რა სატელეფონო კომუნიკაცია. თუმცა, ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია ინფორმაცია ადგილობრივი არჩევნების შესახებ.[1]
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ინდოეთი კლასიფიცირებულია, როგორც „თავისუფალი“ სახელმწიფო, შეფასებით 71/100. ქვეყანას განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი აქვს პოლიტიკური უფლებების კუთხით (36/40); თუმცა, გასულ წელთან შედარებით სახეზეა უკუსვლა, რაც ძირითადად განპირობებული იყო სამოქალაქო თავისუფლებების არსებული სიტუაციის გაუარესებით. ინდოეთში სამოქალაქო თავისუფლებები ფასდება 37/60 შეფასებით, რაც წინა წელთან შედარებით 4 ინდექსით ნაკლებია.
ანგარიშის მიხედვით, ინდოეთი კვლავ ინარჩუნებს ჯანსაღ და ძლიერი არჩევით დემოკრატიულ სისტემას როგორც ფედერალურ, ასევე – საშტატო დონეებზე, თუმცა, პოლიტიკურ პროცესებში ხშირია კორუფციის შემთხვევები. ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებულია აზრის გამოხატვისა და რელიგიის თავისუფლება, თუმცა, მმართველი BJP პარტიისა და პრემიერ-მინისტრ ნარედრა მოდის მმართველობის პერიოდში, გაიზარდა ჟურნალისტებსა და მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებზე ზეწოლა, ასევე – რელიგიურად მოტივირებული თავდასხმები არა-ჰინდუ მოსახლეობაზე. კონკრეტული უმცირესობები – მუსლიმები; დაბალი სოციალური კასტის წარმომადგენელი დალიტები და ადივასების ტომი, განიცდიან გარკვეულ დისკრიმინაციას და რჩებიან მარგინალიზებულ მდგომარეობაში, როგორც ეკონომიკური, ასევე – სოციალური კუთხით.
2019 წელს მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს შორის იყო აგვისტოში, ასამის შტატში გამოქვეყნებული განახლებული სამოქალაქო რეესტრი, რომელშიც არ ფიქსირდებოდა დაახლოებით 2 მილიონი მოქალაქე. მათი უმრავლესობა იყო ეთნიკურად ბენგალი, მათ შორის ბევრი – მუსლიმი.
ამას გარდა, დეკემბერში, პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი მოქალაქეობის შესახებ, რომელიც დისკრიმინაციულია მუსლიმთა მიმართ. აღნიშნული კანონის მიღება მოჰყვა მასშტაბური პროტესტები თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით. რამდენიმე შტატში აღნიშნული დემონსტრაციები მკაცრი, ძალისმიერი მეთოდებით ჩაახშვეს. წლის ბოლოსთვის არსებული მდგომარეობით, პროტესტებს დაახლოებით 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ბევრი პირი დაკავებულ იქნა.[2]
Human Rights Watch 2020 წლის იანვარში გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, გასული წლის არჩევნებში დამაჯერებლად გამარჯვებული BJP პარტია და პრემიერ-მინისტრი ნარედრა მოდი, კვლავ აგრძელებს მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების მიმართ ზეწოლას და, ზოგჯერ, ადგილი აქვს მათი სამართლებრივი დევნის შემთხვევებსაც.
აგვისტოში, ინდოეთის მთავრობამ ჯამმუსა და ქაშმირის შტატის სპეციალური კონსტიტუციური სტატუსი გააუქმა და აღნიშნული პროვინცია 2 სრულიად განცალკევებულ ტერიტორიად გამოაცხადა. სტატუსის გაუქმებამდე, შტატში შეიყვანეს დამატებითი სამხედრო ძალები, გათიშეს ინტერნეტ და სატელეფონო კომუნიკაცია და ათასობით ადამიანი მაოთავსეს პრევენციულ დაკავების ცენტრებში, რასაც ღია საერთაშორისო ანტიპათია მოჰყვა.
მთავრობამ ვერ მოახერხა აღესრულებინა უზენაესი სასამართლოს მიერ გაცემული დირექტივები, რომელიც ითვალისწინებდა რელიგიურ უმცირესობებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებზე ბრბოს თავდასხმების (მათ შორის – BJP პარტიის მხარდამჭერების) პრევენციას და სათანადო გამოძიებას.
ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე შტატ ასამში წამოწყებულ სამოქალაქო რეესტრის რეფორმაში, ვერ მოხვდა დაახლოებით 2 მილიონი პირი, მათ შორის უმრავლესობა – ეთნიკურად ბენგალი, რამაც ისინი მოქალაქეობის არქონის რისკის წინაშე დააყენა.[3]
არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International ინდოეთის შესახებ 2020 წლის ანგარიშშიც, ასევე, აღნიშნულია ჯამმუ და ქაშმირის შტატისთვის სპეციალური სტატუსის ჩამორთმევის საკითხი. ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულ ქმედებას შედეგად მოჰყვა მასშტაბური სადამსჯელო კამპანია, რომელის ფარგლებშიც დააპატიმრეს ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები; გათიშეს ყოველგვარი კომუნიკაცია და შეზღუდეს წვდომა თითქმის ყველა სერვისზე.
აღნიშნული ინციდენტის გარდა, გასულ წელს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებს შორის აღნიშნულია ასამის შტატში 2 მილიონი პირის თითქმის მოქალაქეობის გარეშე დარჩენის საკითხიც, რაც შედეგად დისკრიმინაციული და თვითნებური პროცედურების გატარებას მოჰყვა. ანგარიშის მიხედვით, ინდოეთში უფლებადამცველები საკუთრი საქმიანობის განხორციელებისას, აწყდებოდნენ სერიოზულ გამოწვევებს, მათ შორის – თვითნებურ დაკავებასა თუ დაპატიმრებას. მილიონობით ადგილობრივ ტყეში მცხოვრებ აბორიგენს ემუქრებოდა იძულებითი გასახლება. ინდოეთში ქალები სათანადოდ არ არიან დაცულნი სექსუალური ხასიათის თუ ოჯახში ძალადობისა, ასევე, ზოგადად დისკრიმინაციისგან. ამას გარდა, არ დგებოდა იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც პერიოდულად ახორციელებდნენ თავდასხმებს ასობით ადამიანზე მათი რელიგიური, ეთნიკური, კასტური თუ გენდერული კუთვნილების გამო.[4]
[1] United States Department of State – “2019 Country Reports on Human Rights Practices: India”; published on 11 March 2020; available at
[accessed 15 April 2020][2] Freedom House – Freedom in the World 2020 – India; published on 4 March 2020; available at
[accessed 15 April 2020][3] Human Rights Watch – “World Report 2020 – India”; published on 14 January 2020; available at
[accessed 15 April 2020][4] Amnesty International – “Human Rights in Asia-Pacific; Review of 2019 – India”; published on 30 January 2020; available at
[accessed 15 April 2020]