ნიგერია. უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება. აპრილი, 2020

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისმა 2020 წლის 9 აპრილს გამოაქვეყნა განახლებული რუქა, სადაც აღწერილია მოგზაურთათვის ნიგერიაში მოგზაურობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული რჩევები. რუქაზე წითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ საერთოდ არ იმოგზაურონ;  ყვითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ იმოგზაურონ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში; მწვანე ფრად აღნიშნულია ზონა, სადაც მოგზაურობა ნებადართულია რჩევების გათვალისწინებით.

ოფისი მოუწოდებს ბრიტანეთის მოქალაქეებს, კატეგორიულად შეიკავონ თავი ბორნოს, იობეს, ადამავას, გომბეს შტატებში, ასევე – ზამფარას შტატში, ნიგერის საზღვართან მდებარე 20 კილომეტრიან ზონაში. დანარჩენი ნიგერიის ტერიტორიაზე, მოგზაურობა ნებადართულია მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.[1]

ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC –  „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას (Rule of Law in Armed Conflicts) მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობით, ნიგერიაში ფიქსირდება 2 ცალკეული შიდა, არა-საერთაშორისო ხასიათის კონფლიქტი. კერძოდ, ქვეყნის ხელისუფლება ებრძვის ორ შეიარაღებულ ჯგუფს – „ბოკო ჰარამსა“ და „დასავლეთი აფრიკის პროვინციის ისლამურ სახელმწიფოს“ (ISWAP).[2]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ნიგერიაში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერს, რომ ნიგერია არის ფედერალური რესპუბლიკა, რომელიც შედგება 36 შტატისა და ფედერალური დედაქალაქისგან. თებერვალში ჩატარებულ არჩევნებზე, რომელიც სამონიტორინგო ორგანიზაციების უმრავლესობის შეფასებით – იყო თავისუფალი , პრეზიდენტი მუჰამმადუ ბუჰარი მეორე ვადით იქნა არჩეული.

ანგარიშის მიხედვით, ნიგერიის პოლიცია არის ძირითადი სამართალდამცავი ორგანო შტატებში, სხვა ფედერალურ ინსტიტუტებთან ერთად. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, სამოქალაქო უწყებები ვერ ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კვლავ გრძელდებოდა ისეთი ტერორისტული ჯგუფების თავდასხმები, როგორიცაა „ბოკო ჰარამი“ და „დასავლეთ აფრიკის ისლამური სახელმწიფო“ (ISIS-WA). ისინი თავს ესხმოდნენ როგორც სამთავრობო, ასევე – სამოქალაქო სამიზნეებს, რასაც შედეგად ათასობით ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანება, ქონების განადგურება, ორ მილიონზე მეტი ადამიანის იძულებითი შიდა გადაადგილება და, ასევე – ნიგერიის საზღვრებს გარეთ, მეზობელ სახელმწიფოებში 243 875 ნიგერიელი ლტოლვილების მოხვედრა, მოჰყვა.

მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, ადამიანის უფლებების კუთხით, მნიშვნელოვან უფლებათა დარღვევებს შორის იყო: უკანონო და თვითნებური მკვლელობები, მათ შორის – კანონგარეშე მკვლელობები; იძულებითი გაუჩინარებისა, წამებისა და თვითნებური დაკავების შემთხვევები, რომელსაც ახორციელებდნენ როგორც ტერორისტული ორგანიზაციები, ასევე – ნიგერიის მთავრობა; მძიმე დას სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; ძალადობა და დაპატიმრებების შემთხვევები ჟურნალისტთა მიმართ; სერიოზული შეზღუდვები შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების კუთხით, განსაკუთრებით – ლგბტი თემისა და რელიგიური უმცირესობების შემთხვევაში; ფართოდ გავრცელებული კორუფცია; ძალადობა ლგბტი პირების მიმართ და ა.შ. ნიგერიის მთავრობა, ზოგჯერ, დგამდა სათანადო ნაბიჯებს აღნიშნულ სამართალდარღვევებში დამნაშავეების დასასჯელად, თუმცა, აღნიშნული იშვიათ შემთხვევას წარმოადგენდა. დაუსჯელობა მნიშვნელოვან პრობლემად რჩებოდა ყველა სახელისუფლებო დონეზე. უსაფრთხოების ძალების წევრები, რომელთა მიმართაც არსებობდა ბრალდებები სერიოზული უფლებათა დარღვევების შესახებ, ხშირად არანაირ პასუხისმგებლობას არ ექვემდებარებოდნენ.

უფლებათადამცველი ორგანიზაციების ცნობით, ბორნოს შტატის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი „Civilian Joint Task Force“ (CJTF) – არასამთავრობო თავდაცვითი შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც ზოგჯერ ნიგერიის სამხედრო ძალებთან ერთად კოორდინირებულ სამხედრო მოქმედებებს ასრულებდა,  ზოგჯერ ჩადიოდა სერიოზულ სამართალდარღვევებს. შტატის მთავრობა, იშვიათად თუ იძიებდა აღნიშნულ საქმეებს და, ხშირად, თვალს ხუჭავდა ზემოხსენებული ჯგუფის წევრების მიერ ჩადენილ გადაცდომებზე, მათ შორის – ბავშვთა იძულებითი რეკრუტირების შემთხვევებზე. ამას გარდა, „ბოკო ჰარამიც“ აქტიურად იყენებდა იძულებით გაწვეულ ბავშვებს და რთავდა მათ შეიარაღებულ მოქმედებებში. გრძელდებოდა მოქალაქეთა გატაცებების შემთხვევები აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციისა და  „დასავლეთი აფრიკის პროვინციის ისლამურ სახელმწიფოს“ (ISWAP) წევრების მიერ. ორივე ჯგუფი გოგონებსა და ქალებს უქვემდებარებდა ისეთი ტიპის სექსუალურ და გენდერულ ძალადობას, როგორიცაა – იძულებითი ქორწინებები; სექსუალური მონობა და გაუპატიურება. ნიგერიის მთავრობა, მართალია, იძიებდა აღნიშნული ჯგუფების მიერ განხორციელებულ თავდასხმებს და სისხლისსამართლებრივ დევნას უქვემდებარებდა მათ წევრებს, თუმცა, ეჭვმიტანილთა უმრავლესობა, ხშირად ყოველგვარი ბრალდების გარეშე რჩებოდა სამხედრო დაკავების ცენტრებში.[3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch ნიგერიის შესახებ 2020 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ მიუხედავად ფედერალური მთავრობის დაპირებისა  უსაფრთხოების კუთხით ზომები გამკაცრების შეხახებ, ნიგერიაში არასტაბილურობის ატმოსფერო კვლავ შენარჩუნდა 2019 წლის განმავლობაში. მაისში, მოქმედმა პრეზიდენტმა მუჰამმადუ ბუჰარიმ გაიმარჯვა არჩევნებში, რომლის მიმდინარეობისასაც, პოლიტიკურ ძალადობას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ტერორისტულ ორგანიზაცია „ბოკო ჰარამთან“ მიმდინარე შეიარაღებული კამპანიის დაწყებიდან 10 წელი გავიდა. აღნიშნული დაპირისპირება დღესაც აქტიურად გრძელდება და მხოლოდ 2019 წელს, 640 სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა. გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინირების ოფისის ინფორმაციით, 2009 წლიდან მოყოლებული, ბოკო ჰარამთან არსებულ კონფლიქტს 27 000 ადამიანი   ემსხვერპლა.  ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში,  ჰუმანიტარული დახმარების გარეშე 827 000 ადამიანია დარჩენილი.

ამას გარდა, ნიგერიის სხვა შტატებში ფიქსირდება ფართოდ გავრცელებული გატაცებების შემთხვევები; ძარცვა და მეცხვარეებსა და ფერმერებს შორის განახლებული სასიკვდილო ხასიათის ძალადობა.  ქვეყანაში, ასევე, გაუარესდა სიტუაცია გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების კუთხით, გახშირდა რა მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევის, აქტივისტების დაკავებისა და მედიაზე რეპრესიების ფაქტები.[4]

Amnesty International-ის ნიგერიის შესახებ 2020 წლის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში „ბოკო ჰარამის“ თავდასხმები გრძელდებოდა, რასაც შედეგად ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. კერძოდ, გასული წლის განმავლობაში დაფიქსირდა 31 ძალადობრივი თავდასხმა, რასაც 378 სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჯგუფის წევრებმა ასევე, მოკლეს 16 გატაცებული პირიც. ამას გარდა,  ნიგერიის არმიის, პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ძალების წევრები კვლავ აგრძელებდნენ დაკავებულთა წამებას. ზოგიერთ შტატში ფიქსირდებოდა თემებს შორის ძალადობრივი დაპირისპირებები. შეკრების, მანიფესტაციისა და გამოხატვის თავისუფლებების კუთხით სიტუაცია მკვეთრად იყო გაუარესებული. ხელისუფლება, ზოგიერთ შემთხვევაში, ასევე, უგულებელყოფდა სასამართლო გადაწყვეტილებებსაც.[5]

[1] United Kingdom Foreign and Commonwealth Office – Foreign travel advice Nigeria; published in April 2020; available at https://www.gov.uk/foreign-travel-advice/nigeria [accessed 14 April 2020]

[2] Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts; available at http://www.rulac.org/browse/map [accessed 14 April 2020]

[3] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Nigeria; published in March 2020; available at

[accessed 15 April 2020]

[4] Human Rights Watch – World Report 2020 – Nigeria; published in January 2020; available at

[accessed 15 April 2020]

[5] Amnesty International – Human Rights in Africa: Review of 2019 – Nigeria [AFR 01/1352/2020]; published in April 2020; available at

[accessed 15 April 2020]