დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-30 აპრილი, 2020

ავღანეთში არსებული ვითარება – ავღანეთის სამხრეთით, ჰელმანდის პროვინციაში გზატკეცილზე მომხდარ აფეთქებას 7 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა. დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა რეგიონში აქტიურია როგორც „თალიბანი“ ასევე „ისლამური სახელმწიფო“.[1]

ავღანეთის მთავრობამ მოძრაობა „თალიბანთან“ პატიმრების გაცვლის შესახებ პირველი პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო. ქაბულში მხარეებს შორის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა, თავად მოლაპარაკებები კი იმით დაიწყო, რომ ხელისუფლებამ „თალიბანი“ 1-ელ აპრილს, ჰელმანდის პროვინციაში მომხდარ აფეთქებაში დაადანაშაულა. მოლაპარაკებების პირველ დღეს პროგრესს მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე მიაღწიეს. აშშ-სა და „თალიბანს“ შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ავღანეთის მთავრობამ 5 000 მებრძოლი უნდა გაათავისუფლოს, „თალიბანმა“ კი 1000. მხარეებმა შეთანხმებას ხელი 29 თებერვალს მოაწერეს.[2]

რამდენიმე დღეში „თალიბანმა“ ავღანეთის მთავრობასთან პატიმრების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარი განაცხადა. დაჯგუფებამ პროცესს „უნაყოფო“ უწოდა. „სამწუხაროდ, პატიმრების გათავისუფლება სხვადასხვა მიზეზით ჭიანურდება. შესაბამისად, ჩვენი ტექნიკური ჯგუფი ხვალიდან ამ უნაყოფო შეხვედრებში მონაწილეობას აღარ მიიღებს“, – დაწერა „თალიბანის“ პრეს-სპიკერმა სუჰაილ შაჰინმა Twitter-ზე. ქაბულში „თალიბანს“ სთხოვენ მოლაპარაკებების პროცესი არ ჩაშალოს.[3]

9 აპრილს, ბაგრამის სამხედრო ბაზის აეროდრომზე 5 რაკეტა ჩამოვარდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.[4]

29 აპრილს, ქაბულის გარეუბანში სამხედრო ბაზასთან აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. აფეთქება მაშინ მოხდა, როცა ბაზაზე მომუშავე მოქალაქეები დაწესებულებაში შესასვლელად კონტროლს გადიოდნენ. ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა, რის შედეგადაც 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 15 დაშავდა. მთავრობა მომხდარში დაჯგუფება „თალიბანს“ ადანაშაულებს.[5]

სირიის კრიზისი – 2020 წლის მარტის განმავლობაში სირიაში 103 ადამიანი დაიღუპა. 2011 წელს სამოქალაქო ომის დაწყებიდან ეს ყველაზე დაბალი თვიური მაჩვენებელია. 51 ადამიანი სირიის მთავრობის მიერ განხორციელებული ავია დარტყმების შედეგად გარდაიცვალა, დანარჩენები კი ნაღმების აფეთქებამ, წამებამ და მკვლელობებმა იმსხვერპლა. ერთი ადამიანი ჯიჰადისტებმა სიკვდილით დასაჯეს. დაღუპულთა შორის 9 არასრულწლოვანი და 16 ქალია. ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელი მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილიანობის თვალსაზრისით ქვეყანაში 2016 წლის ივლისში დაფიქსირდა. მაშინ ალეპოს პროვინციაში საბრძოლო მოქმედებებს 1 590 ადამიანი ემსხვერპლა.[6]

გერმანიის სასამართლო, კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ბრალდებით, სირიის საიდუმლო პოლიციის ორ წარმომადგენელს ასამართლებს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წარმომადგენლებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ უყენებენ ბრალს. საქმე ეხება სირიის სამოქალაქო ომის დროს, დამასკოს მახლობლად მდებარე ალ-ხათიბის ციხეში ადამიანთა წამების შემთხვევებს. 57 წლის ანვარ რ. და 43 წლის ეიად ა. 2019 წელს გერმანიაში დააკავეს. ეჭვმიტანილების წინააღმდეგ ჩვენებას რამდენიმე სირიელი ლტოლვილი მისცემს. მათი განცხადებით, ისინი სირიის ციხეში აწამეს. ასადის რეჟიმი ადამიანთა წამების გამო საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა. 2017 წელს სირიის ციხეში ათასობით ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. მაშინ თეთრის სახლის ადმინისტრაციამ მომხდარი სირიელი ხალხის მიმართ ძალადობად შეაფასა და ქვეყნის მთავრობას იქამდე არსებული სანქციებიც გაუგრძელა.[7]

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, 27 აპრილის ღამეს ქვეყნის დედაქალაქ დამასკოზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. სააგენტოს ინფორმაციით, იერიში სირიულმა საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა მოიგერიეს. მათივე მტკიცებით, სარაკეტო დარტყმა დამასკოზე ლიბანის საჰაერო სივრციდან ისრაელის თავდაცვის არმიამ განახორციელა. შესაძლო მსხვერპლისა ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.[8]

სირიის ქალაქ აფრინში მომხდარი აფეთქების შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელდა. „აფრინში „ქურთისტანის მუშათა პარტიისა“ და „სახალხო დაცვის შენაერთის“ მიერ ორგანიზებული ტერაქტის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 კი დაშავდა“, – ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ადგილი ჰქონდა საწვავის ავზის აფეთქებას.[9]

იემენის კრიზისი – იემენელმა სეპარატისტებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თვითმმართველობა გამოაცხადეს. იგივე რეჟიმის დაწესებას „სამხრეთის გარდამავალი საბჭო“ იემენის ყველა სამხრეთ პროვინციაში, მათ შორის საპორტო ქალაქ ადენში გეგმავს. იემენის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ალ-ჰადრამიმ „სამხრეთის გარდამავალი საბჭოს“ ქმედებებს შეიარაღებული აჯანყება უწოდა და განაცხადა, რომ დაჯგუფების ხელმძღვანელობა პასუხს აგებს ამ ქმედებებზე. იემენში კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო. ქვეყნის მთავრობას ირანის მიერ მხარდაჭერილი ამბოხებული ჰუტები დაუპირისპირდნენ. კონფლიქტში მალევე საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია ჩაერთო, რომელიც იემენის ხელისუფლებას ავია იერიშებით ეხმარება.[10]

საუდის არაბეთში გაროზგვა და არასრულწლოვანთა სიკვდილით დასჯა აიკრძალა – გაროზგვა ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით შეიცვლება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ მიიღო. გადაწყვეტილება გაროზგვის აკრძალვის შესახებ მიღებულია ადამიანის უფლებათა სფეროში დაწყებული რეფორმის ფარგლებში, რომელსაც მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ატარებს. ასევე, საუდის არაბეთში სიკვდილით აღარ დასჯიან მათ, ვინც დანაშაული მაშინ ჩაიდინეს, როცა არასრულწლოვნები იყვნენ. მეფე სალმანმა შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. საუდის არაბეთი გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის ერთერთი ხელმომწერია. დოკუმენტის მიხედვით, დასჯის უმკაცრესი ფორმის გამოყენება არასრულწლოვნის მიმართ დაუშვებელია.[11] [12]

ერაყში სარაკეტო იერიში განხორციელდა – იერიში ქალაქ ბასრაში ამერიკული ნავთობკომპანიის ობიექტებზე მოხდა. საწარმოების მიმართულებით 3 რაკეტა გაუშვეს. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.[13]

ეგვიპტეში 7 ტერორისტი გაანადგურეს – ოპერაცია ქვეყნის დედაქალაქ კაიროში ჩატარდა. ტერორისტები აღდგომის დღესასწაულზე ტერაქტებს გეგმავდნენ. ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს ეროვნული უშიშროების სამსახურის ვიცე-პოლკოვნიკი მოკლეს, ხოლო კიდევ ერთი ოფიცერი დაშავდა.[14]

[1] Deutsche Welle; Afghanistan: Deadly bombing mars Taliban prisoner-swap talks; 1st April, 2020; available at: https://www.dw.com/en/afghanistan-deadly-bombing-mars-taliban-prisoner-swap-talks/a-52980089

[2] BBC; Afghanistan and Taliban begin direct talk with aim of prisoner swap; 1st April, 2020; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-52123951

[3] Deutsche Welle; Afghanistan: Taliban breaks off fruitless prisoner exchange talks; 7 April, 2020; available at: https://www.dw.com/en/afghanistan-taliban-breaks-off-fruitless-prisoner-exchange-talks/a-53044480

[4] Reuters; Rockets hit US air base in Afghanistan; no casualties; 9 April, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-usa-afghanistan-attack/rockets-hit-u-s-air-base-in-afghanistan-no-casualties-idUSKCN21R0TL

[5] იმედის ახალი ამბები; ქაბულში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა; 29 აპრილი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/139605/qabulshi-apetqebas-mskhverpli-mohkva

[6] Deutsche Welle; Syria: Record drop in monthly death toll; 1st April, 2020; available at: https://www.dw.com/en/syria-record-drop-in-monthly-death-toll/a-52983563

[7] CP24; Two ex-Syrian secret police officers go on trial for torture in Germany; 23 April, 2020; available at: https://www.cp24.com/world/two-ex-syrian-secret-police-officers-go-on-trial-for-torture-in-germany-1.4908228

[8] SANA; Air defenses repel Israeli missile aggression over Damascus, down most of missiles; 27 April, 2020; available at: https://sana.sy/en/?p=190583

[9] Reuters; Bomb blast kills 40 people in Syrian town of Afrin, Turkey says; 28 April, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-syria-security-turkey-blast-afrin/bomb-blast-kills-40-people-in-syrias-afrin-turkey-idUSKCN22A2IC?il=0

[10] Reuters; Yemen separatists announce self-rule in south, complicating peace efforts; By Mohammed Ghobari, Mohammed Mokhashef; 26 April, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-yemen-security-south/stc-announces-plan-for-self-rule-in-south-yemen-government-calls-move-catastrophic-idUSKCN228003?il=0

[11] BBC; Saudi Arabia to abolish flogging – supreme court; 24 April, 2020; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-52420307

[12] BBC; Saudi Arabia ends executions for crimes committed by minors, says commission; 27 April 2020; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-52436335

[13] Reuters; Rockets land near oil district in southern Iraq; no casualties; By Aref Mohammed; 6 April, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-security-energy/rockets-hit-near-site-of-foreign-oil-firms-state-run-companies-in-iraqs-basra-sources-idUSKBN21O0PT

[14] იმედის ახალი ამბები; ეგვიპტეში შვიდი ტერორისტი გაანადგურეს, რომლებიც აღდგომის დღესასწაულზე ტერაქტებს გეგმავდნენ; 15 აპრილი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/136907/egvipteshi-shvidi-teroristi-gaanadgures-romlebits-agdgomis-dgesastsaulze-teraqtebs-gegmavdnen