თურქეთი. უსაფრთხოება და ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკა. მაისი, 2020

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქეთის რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ თურქეთი კონსტიტუციური რესპუბლიკაა აღმასრულებელი საპრეზიდენტო სისტემითა და 600-მანდატიანი პარლამენტით. ერთპალატიანი პარლამენტი ქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლებაა.[1] საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქეთის შესახებ წერს, რომ პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტია თურქეთს 2002 წლიდან მართავს. პირველ წლებში რიგი ლიბერალური რეფორმების გატარების შემდეგ, პარტიის ქმედებებში პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის ნიშნები გამოიკვეთა და 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ სრულად გამოვლინდა ავტორიტარული ბუნება. 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებმა მოახდინა ძალაუფლების კონცენტრაცია პრეზიდენტის ხელში. მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანის ხელში უზარმაზარი ძალაუფლებაა, 2019 წლის ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატებმა დიდ ქალაქებში გამარჯვება მოიპოვეს, რითიც ყველას აჩვენეს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ერდოღანის ძალაუფლება უსაზღვრო არაა.[2]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქეთის შესახებ წერს, რომ უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში, თურქეთი განიცდის მნიშვნელოვან დაღმასვლას ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის მიმართულებით. ოპოზიციის კანდიდატების გამარჯვების შემდეგ, ერდოღანის მოთხოვნით, სტამბოლში ხელახლა გაიმართა არჩევნები, თუმცა, ოპოზიციის კანდიდატმა ამჯერადაც გაიმარჯვა. აღმასრულებელმა კონტროლმა და პოლიტიკურმა ზეგავლენამ გამოიწვია ის, რომ სასამართლო სისტემატურად ეყრდნობოდა საეჭვო საბრალდებო დასკვნებს და მტკიცებულებების გარეშე აპატიმრებდა და მსჯავრს სდებდა პირებს, ვისაც ერდოღანის მთავრობა პოლიტიკურ ოპონენტებად მიიჩნევდა; მათ შორის, ჟურნალისტებს, ოპოზიციის წარმომადგენელ პოლიტიკოსებს და ადამიანის უფლებათა თუ სხვა აქტივისტებს. ყველაზე დიდ ჯგუფს წარმოადგენენ აშშ-ში მცხოვრების სასულიერო პირის ფეთჰულა გიულენის მომხრეები, ვისაც მთავრობა 2016 წლის სახელწმიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს.

2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ გაზრდილი იყო ბრალდებები წამებისა და სხვა არაადამიანური მოპყრობის შესახებ; თუმცა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველად, აღნიშნული მიმართულებით, თურქეთში პროგრესი შეინიშნება. წამებისა და სხვა არა ადამიანური მოპყრობის ობიექტები ძირითადად არიან ქურთები, მემარცხენეები და ფეთჰულა გიულენის მიმდევრები.

ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ორი ვიზიტი განახორციელა თურქეთში, მათ შორის უკანასკნელი 2019 წლის მაისში, თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ კომიტეტს ანგარიშის გამოქვეყნების ნებართვა არცერთ შემთხვევაში არ მისცა.[3]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქეთის შესახებ წერს, რომ ადამიანის უფლებების დაცვით კუთხით მნიშვნელოვან დარღვევებს წარმოადგენს გავრცელებული ცნობები თვითნებური მკვლელობების შესახებ; საეჭვო გარდაცვალებები საპატიმროებში; იძულებითი გაუჩინარებები; წამება; ათობით ათასი პირის, მათ შორის ყოფილი ოპოზიციონერი პარლამენტარების, ადვოკატების, ჟურნალისტების, უცხო ქვეყნის მოქალაქეების და აშშ-ის მისიებში დასაქმებული პირების თვითნებური დაკავებები და დაპატიმრებები ტერორიზმის ბრალდებებით; პოლიტიკური პატიმრების არსებობა, მათ შორის არჩეული ოფიციალური პირებისა და აკადემიური პერსონალის; სერიოზული პრობლემები სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით.[4]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Amnesty International“ 2020 წლის ანგარიშში თურქეთის შესახებ წერს, რომ სისხლის სამართლის დევნა ანტი-ტერორისტული კანონმდებლობით, რაც მიმდინარეობს მტკიცებულებების არ ქონის ფონზე, აქტიურად გამოიყენება განსხვავებული აზრის ჩასახშობად. ათობით ჟურნალისტი და მედია სფეროში მომუშავე პირი პატიმრობაშია. ათობით ადამიანის უფლებათა აქტივისტი და დამცველი სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული თავიანთი საქმიანობის გამო.[5]

თურქეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობით ლტოლვილს მასპინძლობს. თურქეთში, დაახლოებით, 3.7 მილიონი სირიელი ლტოლვილი იმყოფება. ქვეყანაში ასევე არიან თავშესაფრის მაძიებლები ავღანეთიდან, ერაყიდან და სხვა ქვეყნებიდან. 2019 წლის ივლისში, სტამბოლის გუბერნატორმა განაცხადა, რომ სირიელები და ყველა სხვა, ვინც არ არიან რეგისტრირებული სტამბოლში, სხვა პროვინციებში იქნებიან გადასახლებული. თურქეთის ხელისუფლებამ უკანონოდ გააძევა რამდენიმე სირიელი სტამბოლიდან და სხვა პროვინციიდან სირიაში; მათ შორის, მათ მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას, სიტყვიერ მუქარას და ნებაყოფლობითი დაბრუნების ფორმაზე იძულებით ხელმოწერამდე საპატიმროში დაყოვნებას. საზღვარი სირიასთან კვლავ ჩაკეტილია ახალი თავშესაფრის მაძიებლებისთვის. პრეზიდენტი ერდოღანი გამუდმებით აცხადებს, რომ სირიელი ლტოლვილები უნდა დაბრუნდნენ სირიის ჩრდილოეთში, უსაფრთხო ზონაში.[6]

[1] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2019 – Turkey, 11 March 2020

 (accessed on 4 May 2020)

[2] Freedom House: Freedom in the World 2020 – Turkey, 4 March 2020

 (accessed on 4 May 2020)

[3] HRW – Human Rights Watch: World Report 2020 – Turkey, 14 January 2020

 (accessed on 4 May 2020)

[4] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2019 – Turkey, 11 March 2020

 (accessed on 4 May 2020)

[5] AI – Amnesty International: Human Rights in Europe – Review of 2019 – Turkey [EUR 01/2098/2020], 16 April 2020

 (accessed on 4 May 2020)

[6] HRW – Human Rights Watch: World Report 2020 – Turkey, 14 January 2020

 (accessed on 4 May 2020)