სირია.უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება. მაისი, 2020

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისმა 2020 წლის 2 მაისს  გამოაქვეყნა განახლებული რუქა, სადაც აღწერილია მოგზაურთათვის სირიაში მოგზაურობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული რჩევები. რუქაზე წითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ საერთოდ არ იმოგზაურონ;  ყვითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ იმოგზაურონ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში; მწვანე ფრად აღნიშნულია ზონა, სადაც მოგზაურობა ნებადართულია რჩევების გათვალისწინებით.

ოფისი მოუწოდებს ბრიტანელ მოქალაქეებს, კატეგორიულად შეიკავონ თავი სირიის ნებისმიერ ნაწილში მოგზაურობისგან. ქვეყანაში სიტუაცია, მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე, კვლავ რჩება განსაკუთრებით სახიფათო. სირიის მმართველი რეჟიმი ვერ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით – ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სადაც კონფლიქტმა განსაკუთრებით მაღალი სამოქალაქო დანაკარგები და პირთა იძლებით გადაადგილება გამოიწვია. ტერორისტული ორგანიზაცია „დაეში“ იგივე „ისლამური სახელმწიფო“ კვლავაც აქტიურად ოპერირებს და ახორციელებს შეიარაღებულ თავდასხმებს, განსაკუთრებით –  ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. გარდა დაეში-სა, სირიაშია ასევე აქტიური არაერთი სხვა ტერორისტული დაჯგუფება.[1]

ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC –  „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას (Rule of Law in Armed Conflicts) მიხედვით, სირიის ტერიტორიაზე რამდენიმე არა-საერთაშორისო ხასიათის, შიდა შეიარაღებული კონფლიქტი ფიქსირდება.  სირიის სამთავრობო რეჟიმი და მისი მოკავშირეები ებრძვიან აჯანყებულთა რამდენიმე დაჯგუფებას. ამას გარდა, მთავრობა პარალელურ კონფლიქტს ახორციელებს სხვადასხვა არა-სახელმწიფოებრივი აქტორის, მათ შორის – „ისლამური სახელმწიფოს“; Hay’at Tahrir al-Sham, Ahrar al-Sham და“ სირიის დემოკრატიული ძალები“. ამას გარდა, ქვეყანაში ასევე ოპერირებს საერთაშორისო სამხედრო კოალიცია აშშ-ის მეთაურობით, რომელიც ებრძვის „ისლამურ სახელმწიფოს“. ბოლოს, სირიის საზღვრებს შიგნით, სამხედრო ოპერაციების ახორციელებს თურქული მხარეც, რომლის მოწინააღმდეგეები „ისლამური სახელმწიფო“ და ქურთული შეიარაღებული ჯგუფები არიან.[2]

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია “სირიის ადამიანის უფლებათა კომიტეტი“ (Syrian Human Rights Committee) ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ რიგით მე-18 ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ სირიაში უკვე მერვე წელია, რაც ფიქსირდება განურჩეველი ძალადობა და სერიოზული უფლებათა დარღვევები, თუმცა, უნდა ითქვას, რომ წინა წლებთან შედარებით, მათი ინტენსივობა შემცირა. ეს, გარკვეულწილად, განპირობებული იყო ქვეყნის ბევრ რეგიონში შეიარაღებული შეტაკებების შეწყვეტით, რადგან კონფლიქტმა, ძირითადად, სირიის ჩრდილოეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გადაინაცვლა.

ბოლო 8 წლის განმავლობაში, სირიაში დაფიქსირებულმა მიმდინარე კრიზისმა საშიში ფენომენი შექმნა – ქვეყანაში მომხდარი საშინელი დანაშაულები და დარღვევები ნორმალურად ითვლება და ყოველ წელს უფრო ნაკლებ ყურადღებას იზიდავს საერთაშორისო სპექტრიდან. კონკრეტულ პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაული აღარ გამოდის სააშკარაოზე, რადგან ასეთი შემთხვევები უკვე რუტინაა და მხარეები ამ ფაქტს მიეჩვივნენ.

ორგანიზაციამ მიმდინარე წლის განმავლობაში აღწერა 3 522 გარდაცვლილი, რაც წინა წელს დაფიქსირებული ანალოგიური მაჩვენებლის ნახევარია. მსხვერპლთა 60 % მხოლოდ იდლიბისა და ალეპოს პროვინციებზე მოდის, 25 % კი – რაქქას, დეირ ე-ზორისა და ალ-ჰასაკეჰის რეგიონებზე.

ქვეყანაში ძალადობის მაჩვენებელმა პიკს მაისსა და ივლისში მიაღწია, როდესაც დაფიქსირდა, შესაბამისად 471 და 456 გარდაცვლილი. მსხვერპლის აღნიშნული მატება, ძირითადად, განპირობებული იყო სირიის მმართველის რეჟიმის ძალების მიერ იდლიბზე განხორციელებული მასშტაბური სამხედრო კამპანიით, რომელიც 2019 წლის თებერვალში დაიწყო და წლის ბოლომდე, სხვადასხვა დოზით გრძელდებოდა.

ანგარიშში საუბარია სხვადასხვა სექტორის, მათ შორის – სამედიცინო, მედია, საგანმანათლებლო და არასამთავრობო სექტორის  მუშაკების მიმართ განხორციელებულ დანაშაულებზე, რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა ტიპის ძალადობით, თავდასხმებით, მუქარით, მკვლელობებით, აფეთქებებით და ა.შ. ასევე, ფიქსირდებოდა არაერთი ძალადობრივი თავდასხმა რელიგიურ უმცირესობებსა და მათ სალოცავ ადგილებზე.[3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International სირიის შესახებ 2020 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ქვეყანაში შეიარაღებული კონფლიქტი კვლავაც აქტიურად გრძელდებოდა და მისი მონაწილე ყველა მხარე, ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე, ჩადიოდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით აკრძალულ არაერთ დანაშაულს, მათ შორის – ომის დანაშაულს. როგორც სამთავრობო, ასევე მოკავშირეების ძალები ახორციელებდნენ განურჩეველ და პირდაპირ თავდასხმებს  სამოქალაქო მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე, რასაც იდლიბსა და ჩრდილო-დასავლეთ სირიაში ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ბევრი – დაშავდა. სამთავრობო ძალების კვლავაც უზღუდავდნენ საკუთარ კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას ჰუმანიტარულ და სამედიცინო დახმარებაზე წვდომას. უსაფრთხოების ძალები თვითნებურად აპატიმრებდნენ მოქალაქეებსა და მთავრობასთან შერიგებულ ყოფილ მებრძოლებს და, ასევე, აგრძელებდნენ ათობით ათასი მშვიდობიანი აქტივისტის, ჰუმანიტარული მუშაკის, ადვოკატისა თუ ჟურნალისტის დაკავებას. ზოგიერთი მათგანი, ასევე, ექვემდებარებოდა იძულებით გაუჩინარებას, წამებასა თუ სხვა ტიპის არასათანადო მოპყრობას, რასაც ზოგჯერ დაკავებულთა სიკვდილი სდევდა თან. თურქეთთან ასოცირებულ სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფები აფრინში მცხოვრებ სამოქალაქო პირებს უქვემდებარებდნენ მრავალი ტიპის უფლებათა დარღვევას, მათ შორის – კონფისკაციას და ქონების ძარცვას, თვითნებურ დაკავებას და ა.შ. იმავე რეგიონში, თვითნებურ დაკავებებს ასევე ახორციელებდა მოქმედი „ავტონომიური მთავრობა“. აშშ-ის მეთაურობით მოქმედმა სამხედრო კოალიციამ ვერ მოახერხა, გამოეძიებინა 2017 წელს რაქქაში დაბომბვების კამპანიის შედეგად გამოწვეული არაერთი სამოქალაქო პირის სიკვდილის შემთხვევები. სირიის ჩრდილო-დასავლეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთში განხორციელებულმა სამხედრო ოპერაციებმა გამოიწვია ჯამში 900000-მდე ადამიანის იძულებითი გადაადგილება.[4]

Human Rights Watch სირიაში ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობის შესახებ 2020 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ 2019 წელს სირიაში მიმდინარე მოვლენებმა ცხადყო, რომ მიმდინარე კონფლიქტის დროს ადამიანის უფლებათა სერიოზული მასობრივი დარღვევები არა გამონაკლისი, არამედ – რუტინული ხასიათის იყო. სირია-რუსეთის სამხედრო ალიანსმა აპრილში განაახლა სამხედრო ოპერაციები იდლიბზე, რომლის დროსაც გამოყენებული იქნა აკრძალული იარაღი და განურჩეველი თავდასხმები. დაპყრობილ ტერიტორიებზე გრძელდებოდა ქონების კონფისკაციის, სახლების მასობრივი ნგრევისა და თვითნებური დაკავებების შემთხვევები. გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინირების ოფისის (UNOCHA) ინფორმაციით, სირიაში ჰუმანიტარულ დახმარებასა და დაცვას საჭიროებდა 11.7 მილიონი ადამიანი.

მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლი შეიარაღებული ჯგუფები ასევე სჩადიოდნენ სერიოზულ სამართალდარღვევებს, მათ შორის – თვითნებურ დაკავებებსა და განურჩეველ თავდასხმებს იმ დასახლებულ ობიექტებზე, რომლებიც სამთავრობო კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მდებარეობდა. ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში აშშ-ის მეთაურობით მოქმედი სამხედრო კოალიციისა და მისი ადგილობრივი მოკავშირის – „სირიის დემოკრატიული ძალების“ ქმედებებს შედეგად  მოჰყვა არაერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ქონების განადგურება.

„ისლამური სახელმწიფოს“ წევრების მიერ გატაცებული ათასობით ადამიანის ხვედრი კვლავ უცნობი იყო, რადგან არც ქურთული ორგანოები, ასევე,  აშშ-ის მეთაურობით მოქმედი სამხედრო კოალიცია ან სირიის მთავრობა, არანაირ ნაბიჯს არ დგამდა ამ კუთხით. [5]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სირიაში ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობის შესახებ 2020 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ  სირიის მმართველი რეჟიმისა და მისი მომხრე ძალებმა აპრილში წამოიწყეს მასობრივი საჰაერო და სამხედრო ოპერაცია ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორიების ხელახლა დასაპყრობად, რასაც შედეგად ათასობით სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ასობით ათასი – იძულებით გადაადგილდა. ოპერაციის დროს გამოყენებული იქნა მძიმე და ქიმიური იარაღი, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა სიტუაცია და გაანადგურა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. რუსეთისა და სირიის საჰაერო დარტყმებმა, გავრცელებული ცნობებით, მნიშვნელოვნად დააზიანა სხვადასხვა სამოქალაქო სამიზნეები – საავადმყოფოები; სკოლები; მარკეტები და ფერმები. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) თანახმად, დეკემბერში არსებული სიტუაციით, სირიაში იმყოფებოდა 6.2 მილიონი იძლებით გადაადგილებული პირი, რომელთაგან 2.5 მილიონი ბავშვი იყო. ამას გარდა, ორგანიზაციის მიერ ასევე აღრიცხული იყო 5.6 მილიონი სირიელი ლტოლვილი.

მიმდინარე წელს დაფიქსირებულ მნიშვნელოვან უფლებათა დარღვევებს შორის იყო: რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო და თვითნებური მკვლელობები, ჩადენილი, მათ შორის – ქიმიური იარაღის გამოყენებით; იძულებითი გაუჩინარებისა და წამების შემთხვევები; თვითნებური დაკავებები; მკაცრი და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; პოლიტიკური პატიმრები; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; გამოხატვის თავისუფლების კუთხით დაწესებული მკაცრი შეზღუდვები, მათ შორის – ჟურნალისტების მიმართ ძალადობა, პრესაზე და ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვა; ცენზურა; შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების მნიშვნელოვანი შეზღუდვა; გადაადგილების თავისუფლების შეუსაბამო შეზღუდვები; ფართოდ გავრცელებული და ელიტური კორუფცია; რეჟიმისა და სხვა აქტორების მიერ ბავშვთა იძულებითი რეკრუტირება და მათი საომარ მოქმედებებში ჩართვა; ტრეფიკინგი; ლგბტი თემის მიმართ ძალადობა და ა.შ.

რეჟიმი არ დგამდა არანაირ ნაბიჯს, რათა გამოეძიებინა და დაესაჯა აღნიშნულ სამართალდარღვევებში დამნაშავე პირები. დაუსჯელობის სინდრომი ღრმად იყო გამჯდარი სამთავრობო ჩინოვნიკთა რიგებში, მათ შორისო – უსაფრთხოების ძალებში. რეჟიმთან ასოცირებული გასამხედროებული ჯგუფები ჩადიოდნენ მრავალ უფლებათა დარღვევებს, მათ შორის – მასობრივ და განურჩეველ მკვლელობებს; მოქალაქეთა გატაცებას; ფიზიკურ ძალადობას; სექსუალური ხასიათის ძალადობას. რუსეთის სამხედრო ძალების მიერ განხორციელებულ საჰაერო დაბომბვებს, რომლებიც მიჩნეულ იქნა, როგორც – განურჩეველი, შედეგად სამოქალაქო პირების სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. ამას გარდა, აღნიშნულმა ავია-დარტყმებმა გაანადგურა საავადმყოფოები; თავშესაფრები; სახლები და სხვა სამოქალაქო ობიექტები.

შეიარაღებული ოპოზიციური ჯგუფების კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე, უსაფრთხოების კუთხით არასტაბილური სიტუაციის გამო, სერიოზული უფლებათა დაღვევები, კერძოდ – მკვლელობები და ექსტრემალური ფიზიკური ძალადობის შემთხვევები, ფიქსირდებოდა. შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფები, მათ შორის – „ალ ქაედასთან“ ასოცირებული Hayat Tahrir al-Sham (HTS) ასევე ჩადიოდნენ არაერთ დანაშაულს, მათ შორის – მასობრივ ხოცვას; უკანონო მკვლელობებს; გატაცებებს; უკანონო დაკავებას; ექსტრემალური ფიზიკური ძალადობას და ა.შ. მიუხედავად იმისა, „ისლამური სახელმწიფო“ ტერიტორიული კუთხით დამარცხებული იყო, მისი წევრები კვლავაც აგრძელებდნენ გატაცებებს, მკვლელობებსა, რელიგიური უმცირესობის წევრებზე თავდასხმებსა და დაბომბვებს. ისინი ასევე უქვემდებარებდნენ ქალებს რუტინულ გაუპატიურებას, იძლებით ქორწინებასა და სექსუალური ხასიათის ტრეფიკინგს.

სირიის დემოკრატიული ძალების ზოგიერთი ელემენტი, ასევე – სირიელ ქურთთა, არაბთა თურქმენთა და სხვა უმცირესობათა კოალიციის წევრები, გავრცელებული ცნობებით, ზოგჯერ ჩადიოდნენ ისეთ დარღვევებს, როგორიცაა – კორუფცია; პირთა გადაადგილების უკანონო შეზღუდვა; სამოქალაქო პირთა უკანონო დაკავება და ასევე თავდასხმები, რასაც თან ახლდა მსხვერპლი სამოქალაქო სექტორში.[6]

[1] United Kingdom Foreign and Commonwealth Office – Foreign travel advice Syria; published on 2 May 2020; available at https://www.gov.uk/foreign-travel-advice/syria [accessed 5 May 2020]

[2] Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts; available at http://www.rulac.org/browse/map [accessed 5 May 2020]

 

[3] Syrian Human Rights Committee – The 18 th Annual Report on Human Rights situation in Syria (2019); published in January 2020; available at

[accessed 5 May 2020]

[4] Amnesty International – Human rights in the Middle East and North Africa: Review of 2019 – Syria; published in February 2020; available at

[accessed 6 May 2020]

[5] Human Rights Watch – World Report 2020 – Syria; published in January 2020; available at

[accessed 6 May 2020]

[6] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Syria; published in March 2020; available at

[accessed 6 May 2020]