ერაყი. უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება. მაისი, 2020

ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC – „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას (Rule of Law in Armed Conflicts) მიხედვით, 2014 წლის იანვრიდან მოყოლებული, ერაყი აწარმოებს არა-საერთაშორისო ხასიათის, შიდა ტიპის შეიარაღებულ კონფლიქტს დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ამას გარდა, ქვეყანა ასევე ჩაბმულია საერთაშორისო ხასიათის კონფლიქტში თურქეთთან, რადგან ამ უკანასკნელმა ერაყის ჩრდილოეთში, ქურთი შეიარაღებული ჯგუფების წინააღმდეგ ერაყის მთავრობის ნებართვის გარეშე იერიში მიიტანა.[1]

ჟურნალისტი და მკვლევარი ჯოელ უინგი 2008 წლიდან მოყოლებული აწარმოებს ონლაინ-ბლოგს, სადაც ყოველკვირეული პერიოდულობით თავსდება ინფორმაცია ერაყში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე და ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ სხვა საკითხებზე.  2020 წლის 1 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში მოცემულია შკალა, სადაც აღწერილია მთლიანი ერაყის მასშტაბით,  უკანაკნელი 2 წლის განმავლობაში დაფიქსირებული უსაფრთხოების კუთხით ინციდენტები.

შკალის მიხედვით, 2020 წლის დასაწყისში, ერაყში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია, გასულ თვეებთან  შედარებით, გაცილებით მშვიდი იყო. ავტორის მიხედვით, გასული წლის ოქტომბერსა და ნოემბერში დაფიქსირებული რეკორდულად დაბალი ძალადობის მაჩვენებელი (68 და 51 ინციდენტი) განპირობებული იყო იმით, რომ „ისლამური სახელმწიფო“ (რომელიც ერაყში დესტაბილიზაციის მთავარი გამომწვევია) მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციების პერიოდში, არ აქტიურობდა. ეს კი იმით აიხსნება, რომ დაჯგუფება არ აძლევს ოფიციალურ ბაღდადს საშულებას, ყურადღება დემონსტრანტთა მოთხოვნებიდან უსაფრთხოების საკითხებზე გადაიტანოს[2]. სიტუაცია შენარჩუნდა თებერვლის და მარტის თვეებშიც, თუმცა, აპრილის თვეში ადგილი ჰქონდა ძალადობის შედარებით მაღალ მაჩვენებელს. სულ დაფიქსირდა 110 ინციდენტი, რომელთაგან 108-ის ინიციატორი „ისლამური სახელმწიფო“ იყო, ხოლო დანარჩენი 2 კი – პრო-ირანული ჯგუფების მიერ იყო პროვოცირებული.  ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა დიალას და კირკუკის პროვინციებში (შესაბამისად, 42 და 24 ინციდენტი). ქვეყნის მასშტაბით ძალადობას 81 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 163 – დაშავდა. საინტერესოა, რომ მთელი აპრილის თვის განმავლობაში, დედაქალაქ ბაღდადში არც ერთი უსაფრთხოების კუთხით ინციდენტი არ დაფიქსირებულა.[3]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ერაყში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერს, რომ ერაყი არის პარლამენტარული ტიპის რესპუბლიკა, სადაც 2018 წელს ჩატარებული არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ ექსცესების გარეშე არ ჩავლილა, მეტ-ნაკლებად თავსებადი იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებთან და უზრუნველყო ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. ახლადარჩეული პრემიერი – აბილ აბდ ალ-მაჰდი 2019 წლის 1 დეკემბერს, ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური დემონსტრაციების საპასუხოდ, თანამდებობიდან გადადგა.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში საშინაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი არაერთი ორგანო თუ დაჯგუფება მოქმედებს. გვხვდება ერაყის სამთავრობო უსაფრთხოების ძალები, რომელიც კომპეტენციების მიხედვით გაყოფილია შესაბამის ორგანოებში და ყველა მათგანი ექვემდებარება პრემიერ-მინისტრსა და ერაყის ცენტრალურ ხელისუფლებას. ამას გარდა, ერაყში ასევე არსებობს ე.წ. „სახალხო სამობილიზაციო ძალები“ (Popular Mobilization Forces (PMF))  – სახელწიფოს მიერ მხარდაჭერილი სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც 60-მდე შეიარაღებულ ჯგუფად არის დაყოფილი. მათი უმრავლესობა არის შიიტი არაბი. კანონის მიხედვით, ყველა PMF პასუხისმგებელია ერაყის პრემიერ-მინისტრის წინაშე, თუმცა, პრაქტიკაში, ზოგიერთი დანაყოფი ირანსა და ირანის რევოლუციური გუშაგების კორპუსს ექვემდებარებოდა. ქურთისტანის რეგიონში, ერაყის კონსტიტუციის თანახმად, „ქურთისტანის რეგიონალურ მთავრობა“ -ს გააჩნია საკუთარი უსაფრთხოების აპარატი და ჯარი. თუმცა, ამას გარდა, ორი წამყვანი პოლიტიკური პარტია – ქურთისტანის დემოკრატიული პარტია (KDP) და „ქურთისტანის პატრიოტთა გაერთიანება“ (PUK) ინარჩუნებდნენ საკუთარ, დამოუკიდებელ სამხედრო ფრთებს – ე.წ. „პეშმერგა“ ერთეულებს. ანგარიშის მიხედვით, ერაყის სამოქალაქო სამსახურები, ზოგჯერ, ვერ ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე. აღნიშნული, განსაკუთრებით სახეზე იყო ირანთან ასოცირებული PMF დაჯგუფებების შემთხვევაში.

ქვეყანაში, ოქტომბრის დასაწყისიდან, ფიქსირდებოდა მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაციები, ძირითადად, ბაღდადსა და სხვა შიიტურ რეგიონებში. დემონსტრანტები მოითხოვდნენ მთავრობის რესტრუქტურიზაციას და კორუფციის აღმოფხვრას. სამოქალაქო სამსახურებმა მალევე  დაკარგეს კონტროლი სიტუაციაზე და, შედეგად, უსაფრთხოების ძალებმა და, ასევე – PMF ერთეულებმა დაიწყეს დემონსტრაციების ძალადობრივი გზით დაშლა. მათ შორის, გამოყენებული იყო რეალური ამუნიცია. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 17 დეკემბრის მდგომარეობით, დემონსტრაციების დარბევის დროს, 479-ზე მეტი სამოქალაქო პირი გარდაიცვალა, ხოლო სულ მცირე 20 000 – დაშავდა.

მიმდინარე საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებულ მნიშვნელოვან უფლებათა დარღვევებს შორის იყო: უკანონო და თვითნებური მკვლელობის შემთხვევები; პირთა იძულებითი გაუჩინარება; წამება; თვითნებური დაკავების შემთხვევები; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები;  პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; აზრის გამოხატვის, პრესის და ინტერნეტის თავისუფლების კუთხით არსებული შეზღუდვები, მათ შორის – ცენზურა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა; შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვა; მნიშვნელოვანი ჩარევა შეკრებისა და მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებაში; იძულებით გადაადგილებულ პირთა და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ სავარაუდოდ ასოცირებულ პირთა მიმართ მუქარა; ფართოდ გავრცელებული სამთავრობო კორუფცია; ზოგიერთი ელემენტის, მათ შორის – „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) და ირანისადმი ლოიალურად განწყობილი PMF ერთეულების მიერ ბავშვთა იძულებითი რეკრუტირება; ლგბტი პირთა მიმართ მიზანმიმართული ძალადობა და ა.შ.

მთავრობა, მართალია, იძიებდა აღნიშნული სამართალდარღვევის შემთხვევებს, თუმცა, იშვიათად თუ აყენებდა დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის საკითხს. დაუსჯელობის სინდრომი ხშირი იყო როგორც სამთავრობო, ასევე – უსაფრთხოების ძალების რიგებში.

ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ “ისლამური სახელმწიფოს“ გავლენა უკანასკნელ პერიოდში ძლიერ დასუსტდა, ტერორისტული ორგანიზაცია კვლავ აგრძელებდა სერიოზული დანაშაულების, მათ შორის – მკვლელობების, ჩადენას.[4]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International ერაყის შესახებ 2020 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ოქტომბრის თვიდან მოყოლებული, ერაყის უსაფრთხოების ძალები, მათ შორის – ე.წ. „სახალხო სამობილიზაციო ერთეულები“ (Popular Mobilization Units (PMU)) იყენებდნენ გადამეტებულ ძალას მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციების ჩახშობის დროს. აღნიშნულ ძალადობას 500-ზე მეტი დემონსტრანტის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ათასობით – დაშავდა. ბევრი მოკლული გარდაცვლილი იყო ცეცხლსასროლი იარაღიდან რეალური ტყვიების გასროლით, რაც აკრძალულია. დემონსტრაციებთან დაკავშირებულ სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენელი პირების, მათ შორის – დემონსტრანტთა ადვოკატების, დაშავებულთა მკურნალი ექიმების და პროტესტების საკითხზე მომუშავე ჟურნალისტების მიმართ, უსაფრთხოების ძალების მხრიდან, ადგილი ჰქონდა დაკავებების, გატაცებების, გაუჩინარებებისა და სხვა დაშინების მეთოდების გამოყენებას. ერაყის შესაბამისმა სამსახურებმა, გარკვეული პერიოდით დაბლოკეს წვდომა ინტერნეტზე, რათა არ გავრცელებულიყო დემონსტრანტთა მიმართ გადამეტებული ძალადობის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა. ქვეყანაში კვლავ რჩებოდა დაახლოებით 1.55 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირი, რომლებიც გადაადგილების თავისუფლების კუთხით უმკაცრეს შეზღუდვებს აწყდებოდნენ. ანბარისა და ნინევის პროვინციებში, დროებითი ბანაკების რღვევამ ზოგიერთი ოჯახი მეორადი ტიპის იძულებით გადაადგილებასაც კი დაუქვემდებარა. „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაკავებული ტერიტორიებიდან გამოქცეული ათასობით მამაკაცი და ბიჭი დაკარგულად ითვლებოდა,  რაც სავარაუდოდ, უსაფრთხოების ძალებისა და  „სახალხო სამობილიზაციო ერთეულები“ მხრიდან მათ იძულებით გაუჩინარებას უკავშირდებოდა. ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული ცნობების მიხედვით, როგორც ცენტრალური ერაყის, ასევე – ქურთისტანის რეგიონალური მთავრობა, იყენებდა წამებას თუ სხვა ტიპის არასათანადო მოპყრობას დაკავებულთა მიმართ, განსაკუთრებით იმ პირთა შემთხვევაში, რომელთა მიმართ არსებობდა ვარაუდები მათი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის შესახებ. ერაყის სასამართლოები კვლავ აგრძელებდნენ სიკვდილით დასჯის სასჯელების გამოტანას მსჯავრდებულთა მიმართ. ქვეყანაში კვლავ ოპერირებდა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“, რომელიც ხშირად სამიზნედ აქცევდა სამოქალაქო მოსახლეობას, ბომბების საშუალებით თავს ესხმოდა ქალაქებს და კლავდა ადგილობრივი თემის ლიდერებს.[5]

არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ერაყის შესახებ 2020 წლის ანგარიშის მიხედვითაც,  ბაღდადსა და სამხრეთი ერაყის ბევრ ქალაქში, ოქტომბერ-ნოემბერში დაწყებულ პროტესტებს მთავრობა ძალის გამოყენებით ახშობდა, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დეკემბერის დასაწყისის მდგომარეობით, გარდაცვლილი იყო სულ მცირე 350 დემონსტრანტი. აქციების დაშლისას, უსაფრთხოების ძალები იყენებდნენ რეალურ ტყვიებს და ცრემლსადენი გაზის კარტრიჯებს.  ქვეყანაში ფიქსირდებოდა მნიშვნელოვანი დარღვევები გამოხატვის და შეკრების თავისუფლებების, ასევე – ქალთა უფლებების კუთხით. მთავრობა კვლავ აქტიურად იყენებდა სიკვდილით დასჯას. მასშტაბური პროტესტების საპასუხოდ, 29 ნოემბერს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი – ადილ აბდ ალ-მაჰდი, თანამდებობიდან გადადგა.[6]

[1] Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts; available at http://www.rulac.org/browse/map [accessed 17 May 2020]

 

[2] Joel Wing – Blog “Musings on Iraq” – article „Violence Continues Its Up And Down Pattern In Iraq“; published in February 2020; available at http://musingsoniraq.blogspot.com/2020/02/violence-continues-its-up-and-down.html [accessed 17 May 2020]

[3] Joel Wing – Blog “Musings on Iraq” – article “Spike In Violence In April 2020 But Can It Be Sustained?’; published on 1 May 2020; available at http://musingsoniraq.blogspot.com/2020/05/spike-in-violence-in-april-202-but-can.html [accessed 17 May 2020]

[4] United State Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Iraq; published in March 2020; available at

[accessed 17 May 2020]

[5] Amnesty International – Human rights in the Middle East and North Africa: Review of 2019; Iraq; published in February 2020; available at

[accessed 17 May 2020]

[6] Human Rights Watch – World Report 2020 – Iraq; published in January 2020; available at

[accessed 18 May 2020]