ინდოეთი. ქალებისთვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა. ივნისი, 2020

ინდოეთის კონსტიტუციის 15-ე მუხლით აკრძალულია  სახელმწიფოს მხრიდან პირის  დისკრიმინაცია, რაც განპირობებულია მისი რასის; რელიგიის; კასტის; სქესის; დაბადების ადგილისა თუ სხვა მოტივით. 21-ე მუხლით გარანტირებულია სავალდებულო განთლების უფლება 6-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის, ხოლო 29 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ინდოეთის მოქალაქეს არ შეიძლება უარი ეთქვას სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლაზე საკუთარი რელიგიის, რასის, კასტის და სხვა მიზეზთა გამო.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ინდოეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერს, რომ ინდოეთში, კონკრეტულად ქალთა უფლებების კუთხით აქტუალურ საკითხებს წარმოადგენდა ისეთი უფლებათა დარღვევები, როგორიცაა – გაუპატიურება; ოჯახური ძალადობა; სექსუალური ხასიათის შევიწროვება; კონფლიქტურ რეგიონებში ქალთა უსაფრთხოება; ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება (მხოლოდ დავოოდი ბოჰრას ტომის წარმომადგენლებში); ქალთა მიმართ დისკრიმინაციის შემთხვევები დასაქმების კუთხით და ა.შ. ანგარიშში საუბარი არ არის უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის, ან მათთვის აღნიშნულ უფლებაზე წვდომის რაიმე ტიპის შეზღუდვის შესახებ.[2]

მედია საშუალება „Hindustan Times” 2020 წლის 6 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში სახელწოდებით „ინდოეთის უმაღლესი განათლების სისტემაში გენდერული ბალანსის ხელშეწყობა“  წერს, რომ ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდში, ინდოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქალთა საერთო რაოდენობა 10 %-ზე დაბალი იყო. 2018-2019 წლების მდგომარეობით კი, აღნიშნული მაჩვენებელი უკვე 48.6 %-ს აღწევს. დღესდღეობით, ინდოეთის უნივერსიტეტებში დაახლოებით 37.4 მილიონი პირი სწავლობს, რომელთაგან 19.2 მილიონი მამაკაცია, ხოლო 18.2 მილიონი კი – ქალი.

ინდოეთში, ასევე, გაზრდილია ქალთა ჩართულობა სადოქტორო (Ph.D) პროგრამებზე, რომელიც 2018 წლის მონაცემებით 43.82 %-მდე გაიზარდა.

სტატიის მიხედვით, აღნიშნული პოზიტიური სტატისტიკის მიუხედავად, ზოგიერთ მიმართულებებზე სიტუაცია განსხვავებულია. მაგალითად, ინჟინერიისა და  ტექნოლოგიური სწავლებების მიმართულებით, ქალები სტუდენტთა მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 28.9 %-ს წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ ინდოეთის მთავრობა ამ მიმართულებით პოზიტიურ ნაბიჯებს დგამს და გაზრდილი ქვოტირების სისტემით, ცდილობს, ხელი შეუწყოს ქალთა მეტ ჩართულობას ზემოხსენებულ და სხვა მიმართულებებზე. სტატიაში ასევე საუბარია სხვა, რამდენიმე სამთავრობო ინიციატივასა და პროგრამაზე, რომლის მიხედვითაც, ინდოეთის ხელისუფლებამ მოახერხა და უზრუნველყო ქალთა კიდევ უფრო მეტი ჩართულობა უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში და, ზოგადად, მათი წვდომა უმაღლეს განათლებაზე.[3]

ადგილობრივი მედია საშუალება „Times of India” 2019 წლის 24 სექტემბერის სტატიის მიხედვით, ინდოეთში, უმაღლეს საგანმანთლებლო პროგრამებზე ქალთა ჩართულობა, უკანასკნელი წლების განმავლობაში, სტაბილურად იზრდება. ძირითად სასწავლო მიმართულებებზე, უნივერსიტეტის კამპუსებში ყოველ 100 მამაკაცზე 99 ქალი მოდის. ზოგიერთ საბაკალავრო მიმართულებაზე კი, მეტიც – ქალთა პროცენტული მაჩვენებელი აჭარბებს მამაკაცთა რაოდენობას. მაგალითად, სამედიცინო სწავლებების კუთხით, ქალები სტუდენტთა საერთო რაოდენობის 60.6 %-ს შეადგენენ, ხელოვნების მიმართულებაზე – 53.03 %-ს და ა.შ. ქალთა სასარგებლოდ გენდერული დისბალანსი ასევე, შეინიშნება ზოგიერთ სამაგისტრო პროგრამაზეც – მაგალითად, ზუსტი მეცნიერების (62.72 %) და ხელოვნების (61.78 %) მიმართულებებით.

თუმცა, სტატიაში აღნიშნულია, რომ ინდოეთის ყველაზე პრესტიჟულ და წამყვან 127 უნივერსიტეტში, ქალთა პროცენტული წილი შედარებით დაბალია -24 %. [4]

სასწავლო ონლაინ-პორტალზე Study Guide India მოცემულია სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები და უნივერსიტეტები. კონკრეტულად, მაჰარაშტრას შტატში, ქალთა უმაღლესი სასწავლებლების კატეგორიაში, მოცემულია 55 საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლებიც მთელ რიგ სასწავლო მიმართულებებზე (სამედიცინო, ზუსტი მეცნიერებები, ინჟინერია, ტექნოლოგია, ხელოვნება, ეკონომიკა და ა.შ.) იღებენ სტუდენტებს. დეტალურად, თითოეული პროგრამა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.[5]

[1] Constitution of India ; available at

[accessed 1 June 2020]

[2] United States Department of State – “2019 Country Reports on Human Rights Practices: India”; published on 11 March 2020; available at

[accessed 2 June 2020]

[3] Indian Newspaper “HindustanTimes” – article “Enhancing gender equality in India’s higher education| Opinion”; published on 6 March 2020; available at https://www.hindustantimes.com/analysis/enhancing-gender-equality-in-india-s-higher-education-opinion/story-CuQKoLDc4ujMGPScy4ejJI.html [accessed 1 June 2020]

[4] Times of India – article “Women in higher education show steady rise, enrolment in top institutions not growing” ; published on 24 September 2019; available at https://timesofindia.indiatimes.com/india/women-in-higher-education-show-steady-rise-enrolment-in-top-institutions-not-growing/articleshow/71267870.cms [accessed 1 June 2020]

[5] Study Guide India – “List of Women’s Colleges In Maharashtra”; publish date unknown; available at http://www.studyguideindia.com/Colleges/Womens-Colleges/default.asp?State=MH [accessed 1 June 2020]