ინდოეთი. სამართალდამცავი ორგანოების ეფექტიანობა ძალადობის წინააღმდეგ. ივნისი, 2020

ინდოეთის სისხლის სამართლის კოდექსის 350-ე მუხლით დასჯადია „დანაშაულებრივი ძალადობა“ (Criminal Force), რაც გულისხმობს შემდეგს – „როდესაც პირი მეორე პირის მიმართ, მისი წინასწარი ნებართვის გარეშე, განზრახ იყენებს ძალას, რისი მიზანიც არის მეორე პირისთვის დაზიანების მიყენება ან მასში შიშის ან გაღიზიანების გრძნობის გამოწვევა, სჩადის „დანაშაულებრივ ძალადობას“. 352-ე მუხლში მოცემულია სასჯელი, რომელიც შეიძლება დამნაშავე პირს 350-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის მიესაჯოს – ეს არის 3 თვემდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ან/და ჯარიმა მაქსიმუმ 500 რუპიის ოდენობით.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ინდოეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერს, რომ ინდოეთი არის მულტიპარტიული, ფედერალური ტიპის საპარლამენტო დემოკრატია, რომლის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრია ნარედრა მოდი, ხოლო მმართველი პოლიტიკური პარტია – BJP (Bharatiya Janata Pary). ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით პრობლემები არ ფიქსირდებოდა და სამოქალაქო ინსტიტუტები ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე.

ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მნიშვნელოვან უფლებათა დარღვევებს შორის იყო: უკანონო და თვითნებური მკვლელობები, მათ შორის – პოლიციის მიერ განხორციელებული კანონგარეშე მკვლელობები; წამების შემთხვევები ციხეებში; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; პოლიტიკური პატიმრები კონკრეტულ შტატებში; გამოხატვის თავისუფლების და პრესის კუთხით არსებული შეზღუდვები, მათ შორის  – ძალადობით ან ძალადობის მუქარით გამოხატული; სოციალურ მედიაში გამოთქმული აზრის კრიმინალიზება; ცენზურა;  არასამთავრობო ორგანიზაციების ოპერირების ზედმეტად შემზღუდველი კანონები; პირთა დისკრიმინაცია, რაც განპირობებული იყო მათი რელიგიური მიმდინარეობით ან სოციალური სტატუსით და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მთავრობა ცდილობდა, სათანადო პასუხი გაეცა აღნიშნული სამართალდარღვევებისთვის და დაეყენებინა დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის საკითხი, დაუსჯელობა კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩებოდა. ხშირად იწყებოდა გამოძიებები და, შედეგად, ადგილი ჰქონდა სისხლისსამართლებრივ დევნას, თუმცა, აღსრულების მექანიზმების სისუსტის, გადამზადებული პოლიციის ოფიცერთა ნაკლებობისა და სასამართლო სისტემის გადატვირთულობის გამო, დამნაშავე პირთათვის მსჯავრის დადება იშვიათად ხდებოდა.[2]

[1] The Indian Penal Code – Chapter XVI; articles 350; 352; available at

[accessed 2 June 2020]

[2] United States Department of State – “2019 Country Reports on Human Rights Practices: India”; published on 11 March 2020; available at

[accessed 2 June 2020]