თურქმენეთი. ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერთა მიმართ დამოკიდებულება. ივნისი, 2020

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქმენეთის შესახებ წერს, რომ კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყანა სეკულარული დემოკრატიაა, თუმცა პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი ავტორიტარული ფიგურაა და ის ეფექტურად აკონტროლებს ქვეყანას თავის ვიწრო შიდა წრესთან ერთად. ბერდიმუჰამედოვი თურქმენეთის პრეზიდენტი 2006 წელს გახდა და პოსტი 2017 წლის არჩევნების შემდეგაც შეინარჩუნა.[1] საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Amnesty International“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქმენეთის შესახებ წერს, რომ ქვეყანა კვლავ ეფექტურადაა ჩაკეტილი ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის. ძალიან რთულია ქვეყანაში ადამიანის უფლებების დავის კუთხით არსებული რეალური ვითარების შესწავლა, რადგან სანდო ინფორმაციის მოპოვების კუთხით დიდი სირთულეებია და ქვეყანა დაკეტილია საერთაშორისო შემოწმებებისთვის.[2]

„ბერტელსმენის ფონდის“ 2020 წლის ანგარიშში თურქმენეთის შესახებ ნათქვამია, რომ 2016 წელს, დაახლოებით 60 ადამიანი, მათ შორის მეწარმეები და მასწავლებლები, ვინც ფეთჰულა გიულენთან კავშირში მყოფებად მოიაზრებოდნენ, სხვადასხვა ქვეტექსტების გამოყენებით დააპატიმრეს და დახურული სასამართლო პროცესების შემდეგ 5-დან 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბევრი მათგანი მძიმე პირობებში (სამარტოო საკანში) განათავსეს. იქიდან გამომდინარე, რომ თურქმენეთის სასამართლო სისტემაში დაბალი გამჭვირვალობაა, არ არსებობს სანდო ინფორმაცია პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებული პირების საერთო რაოდენობის შესახებ.[3]

საინფორმაციო პორტალი „Eurasianet“ 2016 წლის 8 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ თურქმენეთის უსაფრთხოების სამსახურები ფეთჰულა გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილ ათობით პირს აკავებდნენ და ამწესებდნენ საპატიმროში, სადაც მათ აწამებდნენ 30-40 დღის განმავლობაში, ვიდრე ისინი, ვინმეს არ დაასმენდნენ. თურქეთის მთავრობა თურქმენეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია, რადგან უცხოური ინვესტიციების დიდი ნაწილი სწორედ თურქეთიდანაა. ამიტომ, თურქეთის მთავრობის მოთხოვნას, დაეპატიმრებინათ გიულენთან კავშირში მყოფი პირები, თურქმენეთი მალევე დაემორჩილა, ყაზახეთისა და ყირგიზეთისაგან განსხვავებით.[4]

საინფორმაციო პორტალი „Freghana News“ 2016 წლის 20 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ თურქმენეთში გრძელდებოდა რეპრესიები ფეთჰულა გიულენთან კავშირში მყოფი საგანმანათლებლო პერსონალის მიმართ. სტატიაში ნახსენები იყო ქალაქ იაშლიკში მდებარე დროებითი დაკავების ცენტრი, სადაც მიჰყავდათ დაკავებული პირები დასაკითხად, რა დროსაც ხშირად გამოიყენებოდა წამება. ბევრი დაკავებული „გიულენისტი“ დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. გათავისუფლებულთა შორის ბევრი იყო ისეთი, ვისაც გავლენიან ხალხს შორის საჭირო კონტაქტები აღმოაჩნდა ან აქტიურად ითანამშრომლა საგამოძიებო სტრუქტურებთან და სხვა პირები დაასმინა. სტატიის მიხედვით, ხშირად დაკითხვა ფატალური შედეგით მთავრდებოდა. ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე პოლიციელი სამსახურიდანაც დაითხოვეს.[5]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2017 წლის 9 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ თურქმენეთის სასამართლომ 18 პირს 25 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა, რაც ფეთჰულა გიულენთან კავშირში მყოფი პირების მიმართ განხორციელებული წმენდის შთაბეჭდილებას ტოვებდა. აღნიშნული 18 პირი იყო იმ ასამდე პირს შორის, რომლებიც 2016 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში, დედაქალაქ აშხაბადში გიულენთან კავშირის ბრალდებით დააკავეს. თვრამეტივე პირი, ვისაც პატიმრობა მიუსაჯეს ან ასწავლიდა ან სწავლობდა გიულენთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ასეთი სკოლები თურქმენეთში 1990-იანი წლებიდან ფუნქციონირებდა. მათი უმრავლესობა 2011 წელს მთავრობამ დახურა.[6]

აშშ-ის საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების კომისია 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქმენეთის შესახებ წერს, რომ 2019 წელს აკმირატ სოიუნოვი და ეზიზ ჰუდაიბერდიევი, გიულენთან კავშირში დადანაშაულებული ორი პირი, საპატიმრო დაწესებულებაში გარდაიცვალა. კომისია წერს, რომ დახურული საინფორმაციო გარემოს გამო, შეუძლებელია დადგინდეს თუ რამდენი პირი იმყოფება მსგავს პირობებში ან რამდენი ასეთი პატიმარი გარდაიცვალა ციხეში.[7] „Human Rights Watch“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქმენეთის შესახებ წერს, რომ ეზიზ ჰუდაივერდიევი 2019 წლის ივლისში, ციხის ჰოსპიტალში გარდაიცვალა. მას 23-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით და ერთერთი იყო იმ ათი პირიდან, ვინც 2017 წელს დახურულ სასამართლო პროცესზე გაასამართლეს. მეორე პირი, ვინც იგივე ბრალდებით, ასევე 23-წლიან სასჯელს იხდიდა, 2019 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა.[8] საინფორმაციო პორტალი „Turkmen News“ 2019 წლის 9 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ აღნიშნული ათი პირიდან ერთერთი, 39 წლის ალიშერ მუჰამეტგულიევი, მასწავლებელი, რომელიც ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით გაასამართლეს და 23 წელი მიუსაჯეს, თურქმენეთის ოვადანის ციხეში კრიტიკულად მძიმე პირობებში იმყოფება.[9]

[1] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2019 – Turkmenistan, 11 March 2020

 (accessed on 8 June 2020)

[2] AI – Amnesty International: Human Rights in Eastern Europe and Central Asia – Review of 2019 – Turkmenistan [EUR 01/1355/2020], 16 April 2020

 (accessed on 8 June 2020)

[3] Bertelsmann Stiftung: BTI 2020 Country Report Turkmenistan, 29 April 2020

 (accessed on 8 June 2020)

[4] Eurasianet; Turkmenistan cracking down on Gulen followers; By Nick Ashdown; 8 December, 2016; available at: https://eurasianet.org/turkmenistan-cracking-down-gulen-followers [accessed 8 June 2020]

[5] Ferghana News; Turkmenistan: Repressing Gulen supporters to cajole Erdogan? 20 December, 2016; available at: https://enews.fergananews.com/articles/2983 [accessed 8 June 2020]

[6] Guman Rights Watch; Turkmenistan: 18 men tortured, sentenced in unfair trial; 9 June, 2017; available at: https://www.hrw.org/news/2017/06/09/turkmenistan-18-men-tortured-sentenced-unfair-trial [accessed 8 June 2020]

[7] USCIRF – US Commission on International Religious Freedom: United States Commission on International Religious Freedom 2020 Annual Report; USCIRF – Recommended for Countries of Particular Concern (CPC): Turkmenistan, April 2020

 (accessed on 8 June 2020)

[8] HRW – Human Rights Watch: World Report 2020 – Turkmenistan, 14 January 2020

 (accessed on 8 June 2020)

[9] Turkmen News; Alleged Gulenist in critical condition in Turkmen prison; 9 September, 2019; available at: https://en.turkmen.news/human-rights/alleged-gulenist-in-critical-condition-in-turkmen-prison/ [accessed 8 June 2020]