ეგვიპტე. ისლამიდან ქრისტიანობაზე კონვერტირებული პირების მიმართ დამოკიდებულება. ივნისი, 2020

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების შესახებ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ ეგვიპტის კონსტიტუციით რწმენის თავისუფლება აბსოლუტურ უფლებადაა აღიარებული და რელიგიური რიტუალების აღსრულების უფლება ე.წ. „წიგნიერი“ რელიგიებისთვის კანონითაა დარეგულირებული. ეგვიპტის უზენაესი კანონი ადგენს, რომ ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია და დაუშვებელია დისკრიმინაცია რელიგიის, რწმენის, სქესის, წარმოშობის, რასის თუ სხვა ნიშნით. კონსტიტუცია ასევე ადგენს, რომ ისლამი სახელმწიფო რელიგიაა და ისლამური შარიათის პრინციპები არის კანონმდებლობის ძირითადი წყარო. მთავრობა ოფიციალურად აღიარებს სუნიტურ ისლამს, ქრისტიანობას და იუდაიზმს და მათ მიმდევრებს ანიჭებს უფლებას, საჯაროდ აღასრულონ საკუთარი რწმენა და ააშენონ სალოცავები.

ეგვიპტის კონსტიტუცია, ისევე როგორც სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსი არ კრძალავს არც ისლამისგან განდგომას და არც სხვა რელიგიის ქადაგებას. კანონი ადგენს, რომ პირს შეუძლია შეიცვალოს რელიგია; მიუხედავად ამისა, მთავრობა აღიარებს მხოლოდ სხვა რელიგიიდან ისლამზე კონვერტაციას და არა პირიქით. მთავრობა ისლამიდან სხვა რელიგიაზე კონვერტაციას აღიარებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პირი მუსლიმად არ დაბადებულა და მოგვიანებით კონვერტირდა ისლამზე. იმ შემთხვევაში, როდესაც არა მუსლიმად დაბადებული და შემდეგ ისლამზე კონვერტირებული პირი კვლავ იცვლის რელიგიას და ისლამიდან სხვა რელიგიაზე კონვერტირდება, მისი არასრულწლოვანი და ხშირად სრულწლოვანი შვილებიც, რომლებიც მცირეწლოვნები იყვნენ, როდესაც მშობლები ისლამზე კონვერტირდნენ, რჩებიან მუსლიმებად. ბავშვებს, როდესაც ისინი 18 წლის ასაკს მიაღწევენ, აქვთ უფლება, კონვერტირდნენ ქრისტიანობაზე და კონვერტაცია პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტშიც ასახონ.

შარიათის კანონებიდან გამომდინარე, ეგვიპტის კანონმდებლობით, მუსლიმ ქალს არ აქვს უფლება არა მუსლიმ კაცზე დაქორწინდეს. არა მუსლიმი კაცი, რომელსაც სურს მუსლიმ ქალზე დაქორწინება, უნდა კონვერტირდეს ისლამზე. ქრისტიან და იუდეველ ქალს შეუძლია კონვერტაციის გარეშე დაქორწინდეს მუსლიმ მამაკაცზე. დაქორწინებული არა მუსლიმი ქალი თუ კონვერტირდება ისლამზე, უნდა დაშორდეს თავის არა მუსლიმ ქმარს თუ ის უარს განაცხადებს ისლამზე კონვერტაციაზე.[1]

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი თავის უკანასკნელ ანგარიშში ეგვიპტეში ქრისტიანების შესახებ, რომელიც 2017 წელსაა გამოქვეყნებული, წერს, რომ ისლამიდან სხვა რელიგიაზე კონვერტაცია, ზოგადად, ოფიციალურად სანქცირებული ძალადობის, დაკავების ან თვალთვალის საბაბს არ წარმოადგენს. მიუხედავადა ამისა, ისლამიდან კონვერტირებულები აწყდებიან მნიშვნელოვან სოციალურ დისკრიმინაციას, რაც გამოიხატება ოჯახისა და საზოგადოების მხრიდან უარყოფით, განდევნით და ხანდახან ძალადობითაც. ასეთი დისკრიმინაციული მიდგომა უფრო მწვავეა ღარიბ და პერიფერიულ ზონებში, სადაც უფრო კონსერვატიული და მკაცრი მიდგომებია. დისკრიმინაციის ხარისხი უფრო მაღალია თუ კონვერტირებული პირი ასევე ქადაგებს ახალ რელიგიას. ისლამიდან კონვერტირებული პირის მიმართ ოფიციალური დისკრიმინაციის რისკი საშუალოა. როგორც წესი, ისინი კონვერტაციის ფაქტს ოფიციალურად ვერ ასახავენ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, რასაც ნეგატიური შედეგები ახლავს როგორც მათთვის, ასევე მათი შვილებისთვის.

ყოველდღიურ ცხოვრებაში, ურბანულ ზონებში, სახელმწიფოს აქვს სურვილი და შესაძლებლობა კოპტები დაიცვას და ზოგადად, ასეც იქცევა. კოპტებს, ვინც ძალადობას ან შევიწროვებას აწყდება, აქვთ საშუალება მიმართონ პოლიციას. სისის მთავრობის პირობებში, კოპტების მიმართ ძალადობაზე რეაგირება უსაფრთხოების სამსახურებისთვის მათივე ინტერესის საგანს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, სოციალურმა დისკრიმინაციამ შესაძლოა გავლენა იქონიოს კოპტების დაცვის ხარისხზე.[2]

[1] USDOS – US Department of State: 2019 Report on International Religious Freedom: Egypt, 10 June 2020

 (accessed on 17 June 2020)

[2] UK Home Office: Country Policy and Information Note Egypt: Christians, July 2017

 (accessed on 17 June 2020)