ეგვიპტე. მამაკაცების მიერ მუცლის ცეკვის შესრულების მიმართ დამოკიდებულება. ივნისი, 2020

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილი წყაროები, მათ შორის, ავტორიტეტული საერთაშორისო სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, საკუთარ შესაბამის ანგარიშებში, არაფერს წერენ ეგვიპტეში მამაკაცების მიერ მუცლის ცეკვების შესრულებისთვის დაწესებული კანონისმიერი აკრძალვის ან აღნიშნული ქმედებისთვის რაიმე ტიპის ოფიციალური სანქციის შესახებ.

თუმცა, განყოფილების მიერ დამატებით შესწავლილ იქნა საერთაშორისო მედია საშუალება Al-Monitor-ის  2017 წლის თებერვალში გამოქვეყნებული სტატია, სადაც საუბარია ეგვიპტეში მამაკაცი მუცლით მოცეკვავეების მიმართ არსებულ პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ. სტატიის მიხედვით, ეგვიპტელთა უმრავლესობისთვის მამაკაცის მიერ მუცლის ცეკვის შესრულება „ტაბუს“ წარმოადგენს და, ზოგადად, ეგვიპტური საზოგადოება აღნიშნულ ქმედებას უარყოფითად აფასებს. ეს მეტწილად განპირობებულია იმით, რომ საზოგადოება  მამაკაც მუცლით მოცეკვავეებს ჰომოსექსუალებთან აიგივებს, ხოლო აღნიშნული ჯგუფი ეგვიპტეში ფართოდ გავრცელებულ დისკრიმინაციას და  პრობლემებს აწყდება. სტატიაში, ასევე, საუბარია იმაზეც, რომ ძველად, მუცლით ცეკვა არ წარმოადგენდა ქალთა ექსკლუზიურ პროფესიას და რომ მე-19 საუკუნის ეგვიპტელები სწორედ მამაკაც მოცეკვავეებს ანიჭებდნენ უპირატესობას, რადგან მიიჩნეოდა, რომ ქალს საკუთარი სხეული არ უნდა გამოეჩინა. სტატიის მიხედვით, მას შემდეგ ეგვიპტური საზოგადოება მნიშვნელოვნად შეიცვალა და აღნიშნული პროფესია მამაკაცებისთვის თანდათან ტაბუდ იქცა. დღესდღეობით, ეგვიპტეში კვლავ გამოჩნდნენ მამაკაცი მუცლით მოცეკვავეები, თუმცა, გამომდინარე მათ მიმართ საზოგადოების მხრიდან კონსერვატიული დამოკიდებულებისა, ისინი ცდილობენ, გამოსვლების დროს დამალონ საკუთარი იდენტობა, ან დატოვონ ქვეყანა და საზღვარგარეთ გააგრძელონ საქმიანობა.

სტატიაში ასევე, საუბარია რომ ზოგჯერ, მედია საშუალებები ცდილობენ, თავს დაესხან მამაკაც მუცლით მოცეკვავეებს. მაგალითად, მუცლის ცეკვის ყოველწლიური, საერთაშორისო ხასიათის ერთ-ერთ მთავარი ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც, ცეკვას ასევე ასრულებდნენ მამაკაცი მუცლით მოცეკვავეები, მედიის მიერ შერაცხულ იქნა, როგორც – „გეი ფესტივალი“.  ამას გარდა, ასევე საუბარია კონკრეტულ მუცლით მოცეკვავეებზე, რომლებიც, საზოგადოების ზეწოლის მიუხედავად, ღიად და აქტიურად საქმიანობენ ეგვიპტეში. ამის ნათელი მაგალითია მსოფლიოში ცნობილი მამაკაცი მოცეკვავე – ხალილ ხალილი, რომელიც ხშირად მართავს წარმოდგენებს კაიროში. მისი თქმით, მთავარი ფაქტორი, რის გამოც მისი წარმოდგენები ეგვიპტურმა საზოგადოებამ, მეტ-ნაკლებად მიიღო, არის ის, რომ ის არასდროს ბაძავს ქალ მუცლით მოცეკვავეებს. „მე არასდროს ვიცვამ ქალების საცეკვაო, გამომწვევი კოსტუმების მსგავს ტანსაცმელს და არასდროს ვაჩენ ჩემს სხეულს. ჩემი საცეკვაო ტანისამოსი მამაკაცის ჩვეულებრივი, სადა  ტანსაცმელია, რომელსაც უბრალოდ ვამატებ სცენისთვის აუცილებელ მბზინავ მასალას“, – აცხადებს ის.

სტატიის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ხალილი დღესდღეობით მსოფლიოში პოპულარულია, სოციალურ მედიაში, ეგვიპტელთა უმრავლესობის მხრიდან მაინც უარყოფით დამოკიდებულებას აწყდება.[1]

[1] Al-monitor – article ” <ale belly dancers break taboos in Egypt; published in February 2017; available at https://www.al-monitor.com/pulse/fa/originals/2017/02/egypt-male-bellydancer-break-taboos.html [accessed 16 June 2020]