ეგვიპტე. სექსუალური უმცირესობების მიმართ არსებული დამოკიდებულება. ივნისი, 2020

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კანონმდებლობით, ეგვიპტის ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია და დაუშვებელია დისკრიმინაცია რელიგიის, რწმენის, სქესის, წარმოშობის, რასის თუ სხვა ნიშნით. თუმცა, ამავდროულად, კონსტიტუცია ადგენს, რომ ისლამი სახელმწიფო რელიგიაა და ისლამური შარიათის პრინციპები არის კანონმდებლობის ძირითადი წყარო. ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან დარღვევას, მათ შორის, წარმოადგენს ძალადობა ლგბტ პირების მიმართ. ხელისუფლება აქტიურად იყენებს კანონმდებლობას ლგბტ პირების თვითნებური დაკავებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის მიზნით. ხშირია შემთხვევები, როდესაც ხელისუფლება ახორციელებს სოციალური მედიის და ინტერნეტ გაცნობის გვერდების მონიტორინგს ლგბტ პირების იდენტიფიცირებისა და მათი დაპატიმრებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტის კანონმდებლობაში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც კონკრეტულად ერთსქესიანთა კავშირს განსაზღვრავს დანაშაულად, პოლიციას აქვს შესაძლებლობა ლგბტ პირები დააპატიმროს ისეთი ბრალდებებით, როგორიცაა „გარყვნილება“, „პროსტიტუცია“ და „ისლამური სწავლებების დარღვევა“. ასეთი დანაშაულებისთვის 10 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული. 2013 წლიდან მოყოლებული მსგავსი ბრალდებებით დაპატიმრებების 250 შემთხვევაზე მეტია დაფიქსირებული. ხელისუფლება არ ავრცელებს ანტიდისკრიმინაციულ კანონს ლგბტ პირებზე. სამართლებრივი დისკრიმინაცია და სოციალური სტიგმა ბარიერებს უქმნის ლგბტ პირებს, საჯაროდ დაიცვან თავიანთი უფლებები. ანგარიშში ნათქვამია, რომ ინფორმაცია არ იყო ხელმისაწვდომი სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ დასაქმების, განსახლების, განათლებასა და ჯანდაცვაზე წვდომის კუთხით. მედიის უზენაესი საბჭო (ნახევრად სამთავრობო უწყება) კვლავ უწესებს აკრძალვებს ისეთ მედიასაშუალებებს, რომლებიც ლგბტ პირებსა და მათ უფლებებს იცავს.

2019 წლის განმავლობაში კვლავ ვრცელდებოდა ინფორმაცია ლგბტ პირების დაპატიმრებისა და მათი შევიწროვების ფაქტების შესახებ. დაშინებამ და დაპატიმრების შიშმა ხელი შეუწყო თვითცენზურის გაძლიერებას. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების ინფორმაციით, ხშირია პოლიციის მხრიდან შევიწროვება, მათ შორის ფიზიკური შეურაცხყოფა და დაპატიმრების თავიდან აცილების სანაცვლოდ, სხვა ლგბტ პირების დასმენა ან ქრთამის გამოძალვა. მთავრობა იტოვებს უფლებას ქვეყანაში არ შემოუშვას ან ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქე ლგბტ პირი. უფლებადამცველი ჯგუფების ინფორმაციით, ხელისუფლება მიმართავს იძულებით ანალურ გამოკვლევებს. კანონით დაშვებულია მსგავსი პრაქტიკა „გარყვნილების“ შემთხვევებში.[1]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კონსტიტუცია და კანონმდებლობა ყველა მოქალაქეს, განურჩევლად რელიგიისა, გენდერული კუთვნილებისა, რასისა თუ სხვა ნიშნისა, ანიჭებს პოლიტიკურ უფლებებს. თუმცა, ქალები, ქრისტიანები, შიიტი მუსლიმები, ფერადკანიანები და ლგბტ პირები აწყდებიან დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმას, რაც ზღუდავს მათ პოლიტიკურ ჩართულობას.[2]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Amnesty International“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ხელისუფლება განაგრძობს ლგბტ პირების დაპატიმრებას და სისხლის სამართლებრივ დევნას მათი რეალური ან მიწერილი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე. ასევე, ხშირად ლგბტ პირები ხდებიან იძულებითი ანალური გამოკვლევისა და სქესის დადგენის ტესტის ობიექტები; მსგავსი პრაქტიკა, გავრცელებული მოსაზრებით, წამების ტოლფასია. 2019 წლის იანვარში, გეი მამაკაცთან ინტერვიუს ჩაწერის გამო,  ტელეწამყვან მოჰამედ ალ-ღიეტის სასამართლომ ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა. მსგავსი სასჯელების მიზანია, დააშინოს ხალხი, რათა მათ ლგბტ თემებზე საჯარო დისკუსია შეწყვიტონ.[3]

[1] USDOS – US Department of State: 2019 Country Reports on Human Rights Practices: Egypt, 11 March 2020

 (accessed on 17 June 2020)

[2] Freedom House: Freedom in the World 2020 – Egypt, 4 March 2020

 (accessed on 17 June 2020)

[3] AI – Amnesty International: Human rights in the Middle East and North Africa: Review of 2019; Egypt, 18 February 2020

 (accessed on 17 June 2020)