ავღანეთი. ჰაზარათა მიმართ არსებული დამოკიდებულება. ივნისი, 2020

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავღანეთში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ავღანეთში შიიტთა 90 % ეთნიკურად ჰაზარაა, რომლებიც ძირითადად, ქვეყნის დასავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში, ასევე – ქ. ქაბულში სახლობენ. მიმდინარე წელს ჰაზარათა უმცირესობის წარმომადგენლები ხშირად აცხადებდნენ, რომ მთავრობა ვერ უზრუნველყოფდა მათი განსახლების ადგილებში უსაფრთხოებას და იღებდა მხოლოდ სიმბოლურ ზომებს. ამ კუთხით, ყველაზე მეტად აღსანიშნავი იყო დასავლეთი ქაბულის ტერიტორიაზე მდებარე Hazara Dasht-e Barchi-ის დასახლება, რომელიც წლის განმავლობაში არაერთხელ გახდა მასშტაბური ტერორისტული თავდასხმის სამიზნე. სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების (მათ შორის, UNAMA) მიხედვით, ისეთი ტერორისტული ორგანიზაციები, როგორიც არის მაგალითად – ISIS K, ყველაზე ხშირად სწორედ რელიგიურ და ეთნო-რელიგიურ უმცირესობებს, ძირითადად – ჰაზარებს, ესხმოდა თავს. მაგალითად, მიმდინარე წელს UNAMA-მ აღრიცხა შიიტი მუსლიმების მიმართ რელიგიურად მოტივირებული 10 თავდასხმა, რასაც 117 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 368 კი – დაშავდა. 17 აგვისტოს ISIS-K-მ ქაბულში, შიიტებით დასახლებულ რაიონში განახორციელა წლის ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტი, რასაც 91 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა; ხოლო 143 – დაშავდა.

ანგარიშის მიხედვით, ზოგიერთი წყაროს ცნობით, ავღანეთში ეთნიკურად ჰაზარების მიმართ  ადგილი აქვს ზოგად დისკრიმინაციასაც, რაც ძირითადად განპირობებული არის ეთნიკური ნიშნით. დამკვირვებელი ორგანიზაციები ასევე აღნიშნავდნენ, რომ ქვეყნის შიიტი პოპულაცია სათანადოდ არ არის წარმოდგენილი პარლამენტში, რისი ძირითადი მიზეზიც არა მათი რელიგია, არამედ მათი ჰაზარა ეთნოსი იყო.[1]

არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International ავღანეთის შესახებ 2020 წლის ანგარიშში წერდა, რომ „ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინცია“ (ISIS-K) საკუთარი ტერორისტული თავდასხმების დროს, გამიზნულად ერჩოდა სამოქალაქო პირებს, განსაკუთრებით კი – შიიტ მუსლიმებს, რომელთა უმრავლესობა ეთნიკურად ჰაზარაა. მაგალითად, აგვისტოში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა ქორწილში, რომელიც ქაბულში, ჰაზარათა დასახლებაში იმართებოდა. შედეგად, დაიღუპა 63 პირი, ხოლო დაშავდა – 200-ზე მეტი. ამას გარდა, ანგარიშში აღნიშნულია კიდევ ერთი თავდასხმა  ქ. ქაბულში, ძირითადად ხაზარებით დასახლებული რაიონის პოლიციის შენობაზე თალიბანმა განახორციელა. შემთხვევას სულ მცირე 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 145 – დაშავდა.[2]

[1] United States Department of State – “2019 Report on International Religious Freedom: Afghanistan”; published 10 June 2020; available at

[accessed 24 June 2020]

[2] Amnesty International – Human Rights in Asia-Pacific; Review of 2019 – Afghanistan; published on 30 January 2020; available at

[accessed 24 June 2020]