ინდოეთი. ძროხის ხორცთან დაკავშირებული რეგულაციები. ივნისი, 2020

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch  სპეციალურ ანგარიშში, რომელიც ინდოეთში ძროხის დაკვლას/ხორცით ვაჭრობასთან დაკავშირებულ ძალადობას ეხება, წერდა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, ინდოეთის 29 შტატიდან 23-ში ძროხის დაკვლა/ხორცით ვაჭრობა აკრძალულია. აღნიშნულ შტატთა რიცხვში შედის როგორც უტტარახანდის, ასევე – პენჯაბის შტატები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ინდოეთში ძროხა წმინდა ცხოველად ითვლება, ხოლო მის დასაცავად შექმნილი მოძრაობები საუკუნეებს ითვლის. თუმცა, უკანასკნელ წლებში, BJP პარტიის მმართებლობის პირობებში, აღნიშნული საკითხი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი გახდა. 2014 წელს, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, BJP-ს ლიდერი ნარედრა მოდი აცხადებდა, რომ ძროხები დაცვას საჭიროებდნენ. ხოლო BJP-ს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, აღნიშნულ საკითხზე რელიგიური და სხვა უმცირესობის მიმართ აგრესიული რიტორიკა კიდევ უფრო გახშირდა.

ანგარიშის მიხედვით, 2015 წლიდან 2018 წლის დეკემბერის ჩათვლით, ინდოეთის 12 სხვადასხვა შტატში,  ძროხის ხორცით სავარაუდოდ ვაჭრობის ან/და მისი დაკვლის გამო, სულ მცირე 44 პირი მოკლეს, რომელთაგან 36 მუსლიმი იყო. ანგარიშის მიხედვით, პრემიერ მინისტრი ნარედრა მოდი 2018 წლის აგვისტომდე თავს იკავებდა აღნიშნულ საკითხზე აზრის ღიად დაფიქსირებისგან და აშკარად არ გმობდა ზემოხსენებულ ქმედებებს. თუმცა, საბოლოოდ, მან განაცხადა, რომ „მიუხედავად მოტივისა, ლინჩის წესით ადამიანის მოკვლა გაუმართლებელია“ და, რომ „აღნიშნული ქმედებები ცუდ გავლენას ახდენს ცივილიზებულ საზოგადოებაზე“.

დამატებით, ანგარიშში მოცემულია კონკრეტული ქეისები ინდოეთის სხვადასხვა შტატებიდან, რომელთა ფარგლებშიც ადგილი ჰქონდა ბრბოს მხრიდან განხორციელებულ ფატალურ ძალადობას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც არსებობდა ეჭვი, რომ კლავდნენ ძროხას ან ვაჭრობდნენ ძროხის ხორცით. ინციდენტთა უმრავლესობის შემთხვევაში, პოლიცია ან დროულად და  სათანადოდ  არ იძიებდა საქმეებს ან აღნიშნულს მხოლოდ მას შემდეგ აკეთებდა, როდესაც დაუსჯელობას მასშტაბური დემონსტრაციები ან სხვა ტიპის გამოხმაურება მოჰყვებოდა. ასევე, 2015 წელს დაფიქსირებული შემთხვევების მესამედში, ინდოეთის პოლიციამ პირიქით – დაზარალებულების და მოწმეების წინააღმდეგაც კი აღძრა სარჩელები. [1]

რაც შეეხება უშუალოდ იმ კანონებს, რომელთა საფუძველზეც ინდოეთში ძროხის დაკვლა აკრძალულია და ამ ქმედებებისთვის გათვალისწინებულ სანქციას, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილი წყაროების მიხედვით, აღნიშნული რეგულირებულია უშუალოდ შტატების მიერ და სანქციაც, შესაბამისად, ყველა შტატში განსხვავებულია. მაგალითად, პენჯაბის „1955 წლის ძროხათა დაკვლის აკრძალვის შესახებ აქტის“ მიხედვით, ძროხის როგორც დაკვლა, ასევე – მისი ხორცის გაყიდვა ან/და ფლობა აკრძალულია. ტერმინ „ძროხა“-ში მოისაზრება არა მარტო უშუალოდ ძროხები, არამედ – ხარები, მოზვერები, ხბოები, კამეჩები და დეკეული. აღსანიშნავია, რომ „საქონლის ხორცი“ არ გულისხმობს იმპორტირებული საქონლის ხორცს და ექსპორტის  მიზნით, საქონლის დაკვლა დასაშვებია, თუ პირს ამისთვის საჭირო სამთავრობო ნებართვა გააჩნია. რაც შეეხება სანქციას, ის განისაზღვრება 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან/და ჯარიმით, რომლის მაქსიმალური რაოდენობაა 5000 რუპია.

რაც შეეხება უტტარახანდის შტატს, აქ ძროხები დაცულნი არიან  „უტტარახანდის 2007 წლის ძროხათა დაცვის შესახებ აქტით“, რომლის მიხედვითაც აკრძალულია ძროხათა არამარტო დაკვლა, არამედ მათი ხორცის ფლობა და გაყიდვა. სანქციების კუთხით კი სიტუაცია შემდეგია – ძროხის დაკვლისთვის პირს 3-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 5000-დან 10 000 რუპიამდე ჯარიმა ემუქრება. ანალოგიური სასჯელია გათვალისწინებული ძროხის ხორცის ფლობის, მისი ტრანსპორტირების ან გაყიდვისთვის.[2]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ინდოეთის შესახებ 2019 წლის ანგარიშში წერდა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, უმცირესობების მიმართ კვლავ გრძელდებოდა ძროხების დაკვლასთან ან ძროხის ხორცის ფლობა/გაყიდვასთან დაკავშირებული ძალადობა. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია IndiaSpend-ის ინფორმაციით, 2012-2018 წლებში, ზემოხსენებულ ძალადობას 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მას შემდეგ, რაც ქვეყნის სათავეში მოვიდა ნარედრა მოდი, ინდოეთის მასშტაბით 120-ზე მეტი ძროხებთან დაკავშირებული ძალადობის შემთხვევა, მათ შორის – ლინჩის წესით გასამართლება დაფიქსირდა. მმართველი BJP პარტიის მიმართ ხშირად ისმოდა კრიტიკა იმაზე, რომ აღნიშნულ დანაშაულებს სათანადო პასუხს არ სცემდნენ. მაგალითად, 2019 წლის აგვისტოში რაჯასტანის სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მოწმეთა არაერთი ჩვენება და მკვლელობის ამსახველი ვიდეო-მასალა, გაამართლა 6 ბრალდებული, რომელთაც 2017 წელს ძროხების კონტრაბანდასთან სავარაუდოდ დაკავშირებული მუსლიმი მამაკაცის მკვლელობა ედებოდა ბრალად.[3] საკუთარ ანგარიშში იგივე საქმის შესახებ საუბრობდა Amnesty International-იც.[4]

[1] Human Rights Watch – Violent Cow Protection in India; published 18 February 2019; available at https://www.hrw.org/report/2019/02/18/violent-cow-protection-india/vigilante-groups-attack-minorities [accessed 25 June 2020]

[2] Human Rights Watch – “Appendix: India National and State Cow Protection Laws”; published in February 2019; available at

[accessed 25 June 2020]

[3] Freedom House – Freedom in the World 2020 – India; published on 4 March 2020; available at

[accessed 25 June 2020]

[4] Amnesty International – Human Rights in Asia-Pacific; Review of 2019 – India; published on 30 January 2020; available at

[accessed 25 June 2020]