რუსეთი. უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისგან განდგომილი თანამშრომლები. ივლისი, 2020

რუსული პრესა ბევრს წერს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ თანამშრომლებზე, რომლებმაც საკუთარ ქვეყანას უღალატეს და მოწინააღმდეგე ქვეყნის სპეცსამსახურებთან ითანამშრომლეს. რუსული მედია საშუალება „პოლიტ.რუ“ 2016 წლის ივლისში წერს რუსეთის საგარეო დაზვერვის ყოფილ პოლკოვნიკზე ალექსანდრ პოტეევზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიქცა და გაასაჯაროვა რუსი არალეგალების (აგენტების) მთელი ქსელი. ალექსანდრ პოტეევს რუსეთში დაუსწრებლად მიუსაჯეს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა. პრესაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, პოტეევი 2016 წლის ივლისში გარდაიცვალა. ამავე სტატიაში საუბარია სხვა მსგავს შემთხვევებზეც. „კა-გე-ბეს“ მაიორმა, ნორვეგიის რეზიდენტურის თანამშრომელმა მიხაილ ბუტკოვმა 1991 წელს მიმართა ბრიტანეთის საელჩოს და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. მან თავშესაფართან ერთად სპეცსამსახურებისგან პენსიაც მიიღო. მისი ბედ-იღბალი 1999 წლიდან უცნობია. რუსეთის დაზვერვის თანამშრომელი, ევგენი ტოროპოვი, რომელიც კანადაში რუსეთის საკონსულოში პირველი მდივანი იყო, 2000 წელს გაიქცა. 2010 წელს ის საკუთარ აბაზანაში დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. კანადური პრესა წერდა, რომ მან შემთხვევით მოკიდა ხელი ელექტრომოწყობილობას. სერგეი ტრეტიაკოვი აშშ-ში 2001 წელს დარჩა. ის 2010 წელს დაიღუპა – გაიგუდა ხორცის ნაჭრით. სტატიაში, ასევე, ნათქვამია, რომ მოწინააღმდეგის მხარეზე გადასული აგენტების ბედი უმეტეს შემთხვევაში უცნობი რჩება, რადგან ასეთ ინფორმაციას ყველა ქვეყანა მკაცრად საიდუმლოდ ინახავს.[1]

რუსული მედია საშუალება „ლენტა“ 2016 წლის ივლისში წერს მოწინააღმდეგის მხარეზე გადასული რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლების შესახებ. „კა-გე-ბეს“ გენერალ-მაიორმა ოლეგ კალუგინმა, რომელიც 1973-1979 წლებში კონტრდაზვერვის უფროსი იყო, 1990 წელს სპეცსამსახურების ღია კრიტიკა დაიწყო. 1995 წელს ის აშშ-ში გაიქცა და 2001 წელს ჩვენება მისცა ჯორჯ ტროფიმოვის წინააღმდეგ, რომელსაც საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედებოდა ბრალად. 2002 წელს კალუგინს მოსკოვში დაუსწრებლად მიუსაჯეს 15 წლით პატიმრობა. კალუგინი აშშ-ში ცხოვრობს. მან 2003 წელს მოქალაქეობა მიიღო და მუშაობა დაიწყო კერძო საგამოძიებო სტრუქტურებში.

„კა-გე-ბეს“ თანამშრომელი ალექსანდრ ზაპოროჟსკი 1994 წელს დაუკავშირდა აშშ-ის სპეცსამსახურებს და მას შემდეგ აწვდიდა მათ საიდუმლო ინფორმაციას. 1997 წელს დატოვა რუსეთი და გაემგზავრა აშშ-ში, სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და კერძო ფირმაში მუშაობდა. 2001 წელს, მოსკოვში ვიზიტისას, დააპატიმრეს და 2003 წელს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. საბოლოოდ, ის აშშ-ში დაპატიმრებულ რუს ჯაშუშებში გაცვალეს. ამჟამად ზაპოროჟსკი მერილენდში ცხოვრობს. ალექსანდრ ზაპოროჟსკისთან ერთად, რუსი გამოაშკარავებული ჯაშუშების სანაცვლოდ, რუსეთმა შტატებს გადასცა იგორ სუტიაგინი, დაზვერვის ოფიცერი გენადი ვასილენკო და „გრუ“-ს ოფიცერი სერგეი სკრიპალი.[2]

სერგეი სკრიპალი დიდ ბრიტანეთში მოწამლეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. ბრიტანეთში მოკლეს, ასევე ნიკოლაი გლუშკოვი. 2018 წლის მარტში, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში „კა-გე-ბესა“ და „ფე-ეს-ბეს“ ყოფილი ოფიცერი ბორის კარპიჩკოვი ამბობს, რომ რუსეთის სპეცსამსახურების კლავენ. მისი თქმით, მან გაფრთხილება მიიღო ყოფილი კოლეგისგან, რომ მზადდებოდა 8 პოლიტიკური ემიგრანტის მკვლელობა. მათ შორის თავად კარპიჩკოვის სახელიც იყო. სიაში იყო ასევე სკრიპალიც.[3]

სერგეი სკრიპალის მოწამვლის შესახებ საუბრისას, ჟურნალისტის კითხვაზე, სოლსბერის შემთხვევა ხომ არ არის ორაზროვანი ნიშანი მათთვის, ვინც რუსეთის სახელმწიფოს ღალატს ფიქრობს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შემდეგნაირად უპასუხა – „[…] ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია და მოღალატეები უნდა დაისაჯონ […] მე არ ვამბობ, ისე უნდა გაკეთდეს, როგორც ეს სოლსბერიში მოხდა, ამას არ ვამბობ; მაგრამ მოღალატეები უნდა დაისაჯონ […]“.[4]

რუსეთის ფედერაციაში ყოფილი „ძალოვნები“, მსჯავრის დადების შემთხვევაში, სასჯელს სპეციალურ ციხეებში იხდიან. ყოფილი „ძალოვნები“ წინასწარი დაკავების იზოლატორში ცალკე ჰყავთ და მათი საპატიმროებში გადაყვანაც სხვა პატიმრებისგან განცალკევებით ხდება. ამის მიზეზი ყოფილი „ძალოვნების“ უსაფრთხოებიდან გამომდინარეობს. რუსეთში ყოფილი „ძალოვნებისთვის“ 15 სპეციალური კოლონია მოქმედებს, აქედან 3 საერთო რეჟიმის, 11 – მკაცრი და 1 – განსაკუთრებული რეჟიმის.

რუსულ მედიაში მრავლად ვრცელდება ინტერვიუები და სხვა სახის ცნობები ყოფილი „ძალოვნების“ ციხეებში არსებული პირობების შესახებ. ყოფილი ან მოქმედი პატიმრები, რომლებიც ადრე სხვადასხვა სამართალდამცავ სტრუქტურაში მუშაობდნენ, ჰყვებიან თავიანთ ისტორიებს და საუბრობენ იმ პირობებზე, რომელიც ე.წ. „წითელ ზონაზე“ აქვთ. რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ სპეციალურ კოლონიებში განსხვავებული სიტუაციაა და ჩვეულებრივ ციხეებთან შედარებით, კურორტს შეიძლება შეადარო. ციხის ადმინისტრაციასთან პრობლემები არ იქმნება, მათ უფლებას აძლევენ, იქონიონ ტელეფონი და ისარგებლონ პაემანით იმ დროსაც, როცა კანონით ეს არაა დაშვებული. სპეციალურ ციხეებში სხვადასხვა წარსულის მქონე კონტინგენტია – შინაგანი ჯარის მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის თანამშრომლები, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები, პროკურორები, გამომძიებლები და მოსამართლეები. ციხის ადმინისტრაცია სპეციალურ კონტინგენტს, საერთო ჯამში, კარგად ექცევა, რადგან აცნობიერებენ, რომ თავადაც შეიძლება მათ ადგილას აღმოჩნდნენ. როგორც რესპონდენტები ყვებიან, საერთო ჯამში, თავად პატიმრებიც, რომლებიც დაკავებამდე სხვადასხვა სისტემაში მუშაობდნენ, ერთმანეთს კარგად ექცევიან. პროკურორები, მოსამართლეები და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, როგორც წესი, დაკავებამდე მათი საქმიანობიდან გამომდინარე, არავის უყვარს, თუმცა პრეტენზიებს მათ მიმართ ღიად არავინ გამოხატავს. საყოფაცხოვრებო პირობები სპეციალურ ციხეებში კარგია და ეს ძირითადად თავად პატიმრების დამსახურებაა, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ პირობები გაიუმჯობესონ.[5] [6] [7] [8]

[1] „პოლიტ.რუ“; ყველა მოღალატის ბედი; 07.07.2016; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://polit.ru/article/2016/07/07/poteev/ [ნანახია 02.07.2020]

[2] „ლენტა“; რეზიდენტების დაუბრუნებლობა; 09.07.2016; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://lenta.ru/articles/2016/07/09/defectors/ [ნანახია 02.07.2020]

[3] „რადიო თავისუფლება“; რუსული სპეცსამსახურები კლავენ. „კა-გე-ბეს“ ყოფილი თანამშრომელი სკრიპალის საქმეზე. 17.03.2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.svoboda.org/a/29105795.html [ნანახია 02.07.2020]

[4] „რბს ნიუსი“; პუტინმა მოღალატეების დასჯის აუცილებლობაზე ისაუბრა; 27.06.2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.rbc.ru/rbcfreenews/5d1515639a7947683187c6e0 [ნანახია 02.07.2020]

[5] „გულან ინფო“; კანონის მეორე მხარეს; როგორ იხდიან სასჯელს ყოფილი სამართალდამცველები; 10.01.2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://gulag-info.ru/gulag-info-news/282-po-tu-storonu-zakona-kak-otbyvayut-nakazanie-byvshie-sotrudniki.html [ნანახია 02.07.2020]

[6] „ლენტა“; „ეტაპზე“ „ბრიონის“ კოსტიუმებით მიდიან; 22.07.2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://lenta.ru/articles/2018/06/22/redzone/ [ნანახია 02.07.2020]

[7] „ჯგუფი 29“; შინაურების ზონა: როგორ ცხოვრობენ კოლონიებში ყოფილი თანამშრომლები; 30.04.2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://team29.org/story/2020-04-zona-dlya-svoih-kak-sidyat-byvshie/ [ნანახია 02.07.2020]

[8] „ციხის კონსულტანტი“; პოლიციური ზონები. კურორტები ყოფილი თანამშრომლებისთვის; 15.11.2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://vturme.info/mentovskie-zony-lagerja-dlja-byvshih-sotrudnikov/ [ნანახია 02.07.2020]