პაკისტანი. ათეისტების მიმართ არსებული დამოკიდებულება. ივლისი, 2020

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პაკისტანში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების  შესახებ 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ პაკისტანის კონსტიტუციის თანახმად, ისლამი სახელმწიფო რელიგიაა და ქვეყანაში მოქმედი ნებისმიერი კანონი აუცილებლად თავსებადი უნდა იყოს მასთან. ასევე, კონსტიტუციის მიხედვით, „კანონის, საჯარო წესრიგისა და მორალის ფარგლებში, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება ჰქონდეს, აღასრულოს და პროპაგანდა გაუწიოს საკუთარ რელიგიას“.

აშშ-ის მთავრობის გათვლებით, პაკისტანის მოსახლეობა 210.8 მილიონ პირს შეადგენს, რომელთაგან 96% სუნიტური ან შიიტური ისლამის მიმდევარია. დანარჩენი 4%-ში შედიან: აჰმადიები (რომელთაც ქვეყნის კანონმდებლობა მუსლიმებად არ მიიჩნევს); ჰინდუსები; ქრისტიანები; ზოროასტრიზმის მიმდევრები; ბაჰა’ისტები; სიკჰები; ბუდისტები; კალაშები; კიჰალები და ჯაინები.

ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, სასამართლოები კვლავ აგრძელებდნენ „ღვთისგმობის“ კანონების საფუძველზე პირთა დასჯას. აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელი უვადოდ თავისუფლების აღკვეთას, ხოლო ზოგიერთ განსაკუთრებულ შემთხვევაში (მაგალითად, წინასწარმეტყველი მუჰამედის შეურაცხყოფისთვის)  – სიკვდილით დასჯასაც ითვალისწინებს. ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტებისა და ორგანიზაციების ინფორმაციით, სულ მცირე 84 პირი დააპატიმრეს ღვთისგმობისათვის, რომელთაგან სულ მცირე 29 შემთხვევაში, სასჯელის ზომად სიკვდილით დასჯა განისაზღვრა (გასულ წელს აღნიშნული მაჩვენებელი, შესაბამისად, 78 და 28-ს წარმოადგენდა). აღსანიშნავია, რომ პრაქტიკაში, პაკისტანის მთავრობას, უშუალოდ ზემოხსენებული დანაშაულისთვის სიკვდილით ჯერ არავინ დაუსჯია. ანგარიშში ასევე მოცემული იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილება, რომელთა მიმართ პირებს, ღვთისგმობის დანაშაულისთვის სხვადასხვა სასჯელი, მათ შორის – სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი.

არასამთავრობო ორგანიზაციები = გამოხატავდნენ აღშფოთებას იმის თაობაზე, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოები, ხშირად უგულებელყოფდნენ ელემენტარულ მტკიცებულებათა სტანდარტებს, როდესაც საქმე ეხებოდა ღვთისგმობის შემთხვევებს. ასევე, ისინი აცხადებდნენ, რომ შესაბამისი სამსახურები ხშირად ვერ ახერხებდნენ რელიგიური უმცირესობების დაცვას სოციალური ძალადობის დროს, რაც ხშირად განპირობებული იყო დამნაშავეთა მიმართ შიშით, არასაკმარისი რაოდენობის ოფიცრებით და ა.შ. აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირები, ხშირად, არანაირ სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ ექვემდებარებოდნენ, რადგან ქვეყანაში გავრცელებული იყო კორუფცია, ქრთამის აღების შემთხვევები, ზეწოლა მსხვერპლებზე, რომ მათ არ ეჩივლათ პოლიციაში და ა.შ.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ შეირაღებული ექსტრემისტული ჯგუფები, რომლებიც როგორც პაკისტანის, ასევე – აშშ-ის მთავრობების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად არიან გამოცხადებულნი, აგრძელებდნენ თავდასხმების მოწყობას რელიგიურ უმცირესობებზე, განსაკუთრებით კი – ჰაზარა შიიტ მუსლიმებზე. თუმცა, გასულ წლებთან შედარებით, აღნიშნული ხასიათის თავდასხმების ინტენსივობამ იკლო.[1]

აშშ-ის რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კომისია სპეციალურ ანგარიშში პაკისტანის ღვთისგმობის კანონების შესახებ წერდა, რომ პაკისტანის სისხლის სამართლის კოდექსის 295-298 მუხლები უკრძალავს პირებს, მოიმოქმედონ ვერბალური ან არა ვერბალური მოქმედებები, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებს რწმენასა და რელიგიას. აღნიშნული კანონები ასევე ვრცელდება ყურანის ფიზიკურად ხელშესახებ წიგნებზე და სხვა რელიგიურ ტექსტებზე; თაყვანისცემის ადგილებზე; წინასწარმეტყველი მუჰამედის რეპუტაციაზე და სხვა რელიგიურ სიმბოლიკაზე. მტკიცების ტვირთი, ღვთისგმობის ფაქტების შემთხვევაში, მინიმალურია. ამას გარდა, აღნიშნულ კანონებს პაკისტანში იყენებენ რელიგიური კონვერტაციის და პროზელიტიზმის შესაზღუდად და, ასევე – მათი კრიმინალიზებისთვის.

პაკისტანელები, მათ შორის ბავშვები და მენტალურად დაავადებული პირები, წარსულში ფორმალურად არაერთხელ გამხდარან ღვთისგმობის კანონების საფუძველზე ბრალდების ობიექტები. მიზეზებს შორის იყო შემდეგი შემთხვევებიც: ყურანის ან სხვა რელიგიური ტექსტის ფიზიკური დაზიანება (თუნდაც, უნებლიედ); ისეთი ტიპის ტექსტური შეტყობინების მიღება ან გაგზავნა, რომელიც მიიჩნევა ისლამური რწმენის ან წინასწარმეტყველი მუჰამედის შეურაცხმყოფლად; კონკრეტული ტექსტების ატვირთვა პირად ბლოგებზე, არა-მუსლიმურ ვებ-გვერდებზე ან სოციალურ ქსელ Facebook-ზე, რომლებიც შესაძლოა, ისლამს შეურაცხყოფდეს; პირად საუბარში ისეთი კომენტარების გაკეთება, რომლებიც  თავის ბუნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ჩაითვალოს  ღვთისგმობა და რომლის დამტკიცებად მოწმის ჩვენებითაა შესაძლებელი და  ა.შ.

კომისიის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, პაკისტანში სულ მცირე 80 პირია პატიმრობაში ღვთისგმობის კანონების გამო. მათგან ბევრს სიკვდილი აქვს მისჯილი, თუმცა, აღსანიშნავია, რომ პაკისტანის მთავრობის აღნიშნული დანაშაულისთვის პრაქტიკაში სიკვდილით, ჯერჯერობით არავინ დაუსჯია.

ანგარიშში მოცემულია კონკრეტული, ინდივიდუალური ქეისები, სადაც პირები ღვთისგმობის კანონების გამო, სისხლისსამართლებრივ დევნას დაექვემდებარნენ. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

  • 2019 წლის 29 ივნისს, პაკისტანის შესაბამისმა სამსახურებმა დააკავეს მუშთაქ და ნომან აგჰარები, ქრისტიანი თინეიჯერები პენჯაბის შტატიდან, რადგან მათ, სავარაუდოდ, ელექტრონული შეტყობინების სახით მიიღეს წინასწარმეტყველი მუჰამედის ამსახველი ფოტოები. იგივე სამსახურებს არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამთ გამგზავნი პირის – ბილალ აჰმადის პასუხისგებაში მისაცემად, რომელიც მუსლიმია.
  • 2019 წლის 27 მაისს სინდჰის პროვინციაში დააკავეს რამეშ კუმარი, ჰინდუსი ვეტერინარი, რადგან ადგილობრივმა სასულიერო პირმა განაცხადა, რომ კუმარი ჰყიდდა მედიკამენტებს, რომლებიც შეფუთული იყოს იმ ფურცლებით, რომლებზეც დატანილი იყო ისლამური ტექსტები. მისი დაპატიმრების შემდეგ, ადგილი ჰქონდა დაპირისპირებებს და ადგილობრივმა ბრბომ, გავრცელებული ცნობებით, დააზიანა სულ მცირე 3 ჰინდუსის მაღაზია. კუმარი წინასწარ პატიმრობაშია და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, უვადოდ პატიმრობა ემუქრება.
  • 2017 წლის ივნისში, ბაჰავალპურის ანტი-ტერორისტულმა სასამართლომ შიიტ მუსლიმს – ვინმე თაიმოორ რაზას ღვთისგმობის საფუძველზე სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. რაზამ, სავარაუდოდ, შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარმეტყველ მუჰამედს სოციალურ ქსელ Facebook-ზე. ის გახდა პაკისტანში პირველი პირი, რომელსაც სოციალურ ქსელში კომენტარისთვის სასჯელის უმაღლესი ფორმა მიესაჯა. [2]

არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International პაკისტანის შესახებ 2019 წლის ანგარიშში წერდა, რომ გარკვეული რელიგიური უმცირესობები განიცდიდნენ თავდასხმებს არასამთავრობო აქტორების მხრიდან, ასევე – ისინი ექვემდებარებოდნენ ე.წ. „ღვთისგმობის“ შესახებ კანონებს. მაგალითად, დეკემბერში ჯუნაიდ ჰაფეეზს – პროფესორს, რომელიც ბრალდებული იყოს ღვთისგმობაში, მულთანის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ის 2013 წლიდან მოყოლებულ პატიმრობაში იყო და მეტიც, დროის უმეტესი ნაწილი იზოლირებულ საკანში, მარტომ გაატარა. ამას გარდა, სექტემბერში ქ. გჰოტკიში ერთ-ერთი სკოლის დირექტორი – ნაუთან ლალი, ასევე ღვთისგმობის ბრალდებით ბრალი წაუყენეს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი რელიგიური ლიდერის მიერ ანგაჟირებულმა ბრბომ ადგილობრივი ჰინდუსური ტაძარი დაარბია და თავს დაესხა ჰინდუსი მოსახლეობის ქონებას.[3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის პაკისტანში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, პაკისტანში ქალები, რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები და ტრანსგენდერი პირები კვლავ იყვნენ ძალადობის ქვეშ და განიცდიდნენ დისკრიმინაციას, ხოლო მთავრობა, როგორც წესი, ვერ უზრუნველყოფდა მათ ადექვატურ დაცვას ან დამნაშავეების სათანადოდ დასჯას.

პაკისტანის მთავრობა არც ცვლიდა ან აუქმებდა ქვეყანაში მოქმედ “ღვთისგმობის“ შესახებ კანონებს, რომლებიც წარმოადგენდნენ გარკვეულ ქვეტექსტს როგორც რელიგიურ უმცირესობებზე ძალადობისთვის, ასევე – პირთა თვითნებური დაკავებისა და მათი სამართლებრივი დევნისთვის. აღნიშნული კანონების საფუძველზე, ასობით პირი იქნა დაკავებული (მათ შორის უმრავლესობა, რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი იყო) ხოლო მათგან 40 პირი დღესაც სიკვდილმისჯილთა რიგებში იმყოფებოდა. მაგალითად, აპრილში, პენჯაბის შტატში ტანსაცმლით მოვაჭრე დააკავეს მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა რელიგიურმა ლიდერებმა და სხვა მოვაჭრეებმა, მას ბრალი დასდეს ღვთისგმობაში. მაისში, სინდჰის ერთ-ერთ ქალაქში ადგილი ჰქონდა მასშტაბურ არეულობას, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ღვთისგმობის ბრალდებით დააპატიმრეს ჰინდუსი ვეტერინარი, რადგან მან წამალი, სავარაუდოდ იმ ქაღალდში შეფუთა, რომელზეც ყურანიდან ნაწყვეტები იყო დატანილი.[4]

[1] United States Department of State – “2019 Report on International Religious Freedom: Pakistan”; published in June 2020; available at

[accessed 14 July 2020]

[2] USCIRF – POLICY UPDATE: PAKISTAN’S BLASPHEMY LAW; published in October 2019; available at

[accessed 14 July 2020]

[3] Amnesty International – “Human Rights in Asia-Pacific; Review of 2019 – Pakistan”; published on 30 January 2020; available at

[accessed 14 July 2020]

[4] Human Rights Watch – “World Report 2020 – Pakistan”; published on 14 January 2020; available at

[accessed 14 July 2020]