ეგვიპტე. შერეული ოჯახების მიმართ არსებული დამოკიდებულება. ივლისი, 2020

აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე მოცემულია ანგარიში 29 მუსლიმური ქვეყნის შესახებ, სადაც რელიგიათაშორისი ქორწინება, რაიმე ფორმით შეზღუდული ან აკრძალულია. ეგვიპტის შემთხვევაში, კონგრესის ინფორმაციით, ეგვიპტურ კანონმდებლობაში არ არსებობს პირდაპირი შეზღუდვა აღნიშნული ტიპის ქორწინებების შესახებ. თუმცა, რახან ეგვიპტის კონსტიტუციის 2 მუხლის თანახმად, კანონმდებლობის მთავარი წყარო ისლამია, საოჯახო საქმეებიც სწორედ ისლამური კანონების შესაბამისად გვარდება. რელიგიური „ფატვას“ (დეკრეტი) მიხედვით, რომელიც გამოქვეყნებულია Dar al ifta’a al Massriyah-ის (ოფიციალური სამთავრობო ორგანო, რომელიც რელიგიურ საკითხებზე კანონებს იმუშავებს) მიერ, მუსლიმ მამაკაცს, კონკრეტულ შემთხვევაში, უფლება აქვს, იქორწინოს არა-მუსლიმ ქალზე. აღნიშნული  ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როდესაც მომავალი ცოლი „აბრაამისეული რელიგიებიდან“ ერთ-ერთის მიმდევარია (ისლამი, ქრისტიანობა და იუდაიზმი). მუსლიმ მამაკაცს არ შეუძლია ცოლად მოიყვანოს ათეისტი. რაც  შეეხება მუსლიმ ქალებს, ფატვას და შარიათის კანონების მიხედვით, მათ აკრძალული აქვთ იქორწინონ არა-მუსლიმ მამაკაცზე.[1]

ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის 2019 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ქორწინებები რეგულირდება მეუღლეების რელიგიების შესაბამისი პირადი სტატუსების კანონით. მაგალითად, ორი მუსლიმი პირის ქორწინებას აწესრიგებს მუსლიმთა პირადი სტატუსების შესახებ კანონი, ორ ქრისტიანს შორის – კოპტური მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ შემუშავებული პირადი სტატუსების კანონი, ხოლო იუდაიზმის მიმდევრებისთვის – ებრაელთათვის განკუთვნილი პირადი სტატუსების კანონი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ნებადართულია მუსლიმი მამაკაცის არა-მუსლიმ ქალზე ქორწინება და, აღნიშნულ შემთხვევაში, ქალს არ უწევს ისლამზე კონვერტაცია. მუსლიმ ქალს კი, არა-მუსლიმ მამაკაცზე დაქორწინება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მომავალი ქმარი ისლამს მიიღებს. რაც შეეხება ქრისტიანებს, ზოგადად, კოპტური მართლამდიდებლური ეკლესია მხოლოდ ერთი რელიგიური დენომინაციის მიმდევარ პირებს (მაგ. ორ კოპტს) აქორწინებს.

ქვეყანაში არ არსებობს სამოქალაქო ქორწინების პროცედურა და ყველა მოქმედი რელიგიური  ინსტიტუცია აღნიშნული ცნების წინააღმდეგია. საზღვარგარეთ შემდგარი სამოქალაქო ქორწინებები ეგვიპტის მიერ მხოლოდ მაშინ იქნება აღიარებული, თუ ის თავსებადია ადგილობრივ პირადი სტატუსების შესახებ კანონთან. მაგალითად, თუ მუსლიმი ქალი სამოქალაქო ქორწინების პროცედურის მეშვეობით, იქორწინებს არა-მუსლიმ მამაკაცზე ავსტრალიაში, აღნიშნული ქორწინება ეგვიპტეში კანონიერად არ ჩაითვლება.[2]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ეგვიპტეში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ შარიათის მიხედვით, რომელსაც ეგვიპტური კანონმდებლობა ეფუძნება, მუსლიმ ქალებს არ აქვთ უფლება, იქორწინონ არა-მუსლიმ მამაკაცზე. შესაბამისად, აღნიშნული წყვილების შემთხვევაში, მამაკაცმა უნდა მიიღოს ისლამი, რის შემდეგად შეეძლება მუსლიმ ქალზე ქორწინება. რაც შეეხება ქრისტიან და იუდეველ ქალებს, მუსლიმ მამაკაცთან დაქორწინების შემთხვევაში, მათ არ სჭირდებათ ისლამზე კონვერტაცია.

ანგარიშის მიხედვით, განქორწინების შემთხვევაში, დედას ეძლევა მეურვეობა საკუთარ ვაჟებზე 10, ხოლო გოგონებზე – 12 წლის ასაკამდე. აღნიშნული წესი არ მოქმედებს, როდესაც ერთ-ერთი მშობელი მუსლიმია, ხოლო მეორე – არა-მუსლიმი, რადგან ამ შემთხვევაში, ბავშვებზე მეურვეობა პირდაპირ, მხოლოდ მუსლიმ მშობელს გადაეცემა.[3]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Minority Rights International“ ეგვიპტელი უმცირესობების შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში წერდა, რომ შერეული რელიგიათაშორისი ქორწინებების შემთხვევაში, შარიათზე დაფუძნებული ეგვიპტური კანონმდებლობა დისკრიმინაციულია და, როგორც წესი, მუსლიმ მხარეებს გაცილებით ფართო უფლებებს ანიჭებს. მაგალითად, თუ დაქორწინებულ მუსლიმ მამაკაცსა და ქრისტიან ქალს სურთ განქორწინება, შვილებზე მეურვეობა მუსლიმ მამას დარჩება, რადგან ქრისტიანობა მიჩნეულია, როგორც მუსლიმ ბავშვებზე ნეგატიური გავლენის რისკის მქონე ფაქტორი. ერთადერთი შერეული ტიპის ქორწინება, რომელსაც შარიათი კანონიერად ცნობს, არის მუსლიმ მამაკაცსა და არა-მუსლიმ ქალს შორის. მუსლიმი ქალის ცოლად შესართავად, ქრისტიანმა მამაკაცმა ჯერ ისლამი უნდა მიიღოს. ბუნდოვანია არა-მუსლიმი ქალისა და მუსლიმი მამაკაცის შემთხვევაში, ცოლისა და შვილების მემკვიდრეობის შესახებ სიტუაცია, რადგან დამოკიდებულია ისლამის კონკრეტულ ინტერპრეტაციაზე, რომელთაგან ზოგიერთის მიხედვითაც, მხოლოდ მუსლიმს შეუძლია მუსლიმის მემკვიდრე გახდეს.[4]

Freedom House-ის ეგვიპტის შესახებ 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, რელიგიურ კუთვნილებაზე დამოკიდებული პირადი სტატუსების შესახებ კანონები ქალებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს ქორწინების, განქორწინების და შვილების მეურვეობაზე საკითხების გადაწყვეტისას. ამას გარდა, მუსლიმ ქალებს კანონი არ აძლევს საშუალებას, დაქორწინდნენ არა-მუსლიმ მამაკაცზე.[5]

[1] US Library of Congress – “Prohibition of Interfaith Marriage”;  updated on 29 August 2019; available at https://www.loc.gov/law/help/marriage/interfaith-prohibition.php#egypt [accessed 16 July 2020]

[2] Australian Government Department of Foreign Affairs and Trade – “DFAT COUNTRY INFORMATION REPORT EGYPT”; published on 17 June 2019; available at

[accessed 16 July 2020]

[3] United States Department of State – “2019 Report on International Religious Freedom: Egypt”; published on 10 June 2020; available at

[accessed 16 July 2020]

[4] Minority Rights International – report “Justice Denied, Promises Broken: The Situation of Egypt’s Minorities Since 2014”; published in January 2019; available at

[accessed 16 July 2020]

[5] Freedom House – “Freedom in the World 2020 – Egypt” published in March 2020; available at

[accessed 16 July 2020]