ერიტრეა. ადამიანის უფლებების დაცვა; სავალდებულო სამხედრო სამსახური. ივლისი, 2020

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ერიტრეაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ერითრეა არის მკაცრად ცენტრალიზებული, ავტორიტარული რეჟიმს დაქვემდებარებული სახელწმიფო, რომელსაც პრეზიდენტი ასაიას აფვერკი აკონტროლებს. ქვეყანაში ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა „დემოკრატიისა და სამართლიანობის ხალხთა ფრონტი“, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. ქვეყანაში, 1993 წლის დამოუკიდებლობების რეფერენდუმის შემდგომ, არ ჩატარებულა არანაირი ტიპის არჩევნები.

ერიტრეაში ქვეყნის შიდა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს პოლიცია, ხოლო შეიარაღებული ძალები საგარეო უსაფრთხოებაზე არიან პასუხისმგებელნი. მთავრობა ზოგჯერ იყენებს რეზერვში არსებულ ძალებს, ასევე – დემობილიზებულ ჯარისკაცებსა და სამოქალაქო შეიარაღებულ ჯგუფებს, რათა უზრუნველყოს სათანადო პასუხი ზოგიერთი შიდა თუ საგარეო გამოწვევის მიმართ. შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ სამოქალაქო პირთა დაპატიმრება. სამოქალაქო ინსტიტუციები და საჯარო ორგანოები, უსაფრთხოების ძალების უდიდეს ნაწილზე ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლს.

მიმდინარე წელს ადამიანის უფლებათა კუთხით, ერიტრეაში აქტუალური საკითხები იყო:  სამთავრობო ძალების მიერ პირთა იძულებითი გაუჩინარების შემთხვევები, წამება და თვითნებური დაკავება; მკაცრი და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; პოლიტიკური პატიმრები; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობა; ცენზურა და პრესისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით დაწესებული უსაშინლესი შეზღუდვები; შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვა; შეზღუდვები რელიგიის და გადაადგილების თავისუფლებების კუთხით;  პირთა ტრეფიკინგი; იმავე სქესის პირთა შორის ნებაყოფლობითი სექსუალური ურთიერთობის კრიმინალიზება და იძულებით შრომა, მათ შორის – პირთა იძულებითი მონაწილეობა სავალდებულო სამხედრო სამსახურში, რომელიც რუტინულად მოიცავს კანონით დაწესებულ 18 თვეზე გაცილებით ხანგრძლივ პერიოდს.

მთავრობა, როგორც წესი, არ დგამდა არანაირ ნაბიჯს, რათა სათანადოდ გამოეძიებინა ზემოხსენებული სამართალდარღვევები და დაესაჯა დამნაშავეები. შესაბამისად, დაუსჯელობა აღნიშნული ქმედებებისთვის ნორმად მიიჩნეოდა.

ანგარიშში ასევე საუბარია ქვეყანაში მოქმედ სავალდებულო სამხედრო სამსახურზეც. კერძოდ, კანონის მიხედვით, 18-დან 50 წლამდე ყველა მოქალაქემ უნდა გაიაროს სავალდებულო სამხედრო სამსახური, რომლის მოცულობაც არის 18 თვე – 6 თვე სამხედრო წვრთნები, ხოლო შემდგომი 12 – უშუალო მსახურება კონკრეტული სახელმწიფო ორგანოსთვის. ქვეყანაში არ არსებობს ალტერნატიული სამსახური.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად 18 თვიანი კანონისმიერი ლიმიტისა, მთავრობა არ ათავისუფლებდა ახალწვეულებს მათი ვადის მოხდის შემდგომ და მათ აიძულებდა განუსაზღვრელი ვადით მსახურებას, რისთვისაც იყენებდა ისეთ მეთოდებს, როგორიცაა – დაკავების მუქარა; ასევე – მუქარები წამების ან ოჯახის მიმართ სხვადასხვა სასჯელების შესახებ. ახალწვეულებს არ აქვთ სამსახურიდან წამოსვლის უფლება და მათ, ასევე, არ შეუძლიათ სხვა დამატებით სამსახურში იმუშავონ. როგორც წესი, მათ ასევე არ შეუძლიათ ქვეყნის დატოვება, რადგან მთავრობა მათ ვიზას ან ქვეყნიდან გამსვლელ ნებართვას არ აძლევს. გარდა სტანდარტული მოვალეობებისა, როგორიცაა – პატრული და საზღვრის მონიტორინგი, ახალწვეულებს უწევდათ ისეთი სამუშაოების შესრულება, როგორიცაა: გზების შეკეთება; მცენარეების დათესვა; სწავლება; მშენებლობებში მონაწილება; სამთავრობო სტრუქტურების ოფისებში კლერკული სამუშაოს შესრულება და ა.შ. ასევე, გავრცელებული ცნობების თანახმად, ზოგიერთი ახალწვეული ასევე ექვემდებარებოდა ფიზიკურ შრომას, რასაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა სავალდებულო სამხედრო სამსახურთან.[1]

Human Rights Watch ერიტრეის შესახებ 2020 წლის ანგარიშში წერდა, რომ ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში, პრეზიდენტი ისაიას აფევერკი იყენებდა ეთიოპიასთან არსებულ კონფლიქტს, რათა გაემართლებინა მოქმედი ავტორიტარული რეჟიმი. მართალია,  2018 წლის ივლისში, ორ ქვეყანას შორის ზავი დაიდო, რის შედეგადაც დასრულდა ერითრეის დიპლომატიური იზოლაცია, თუმცა, სიტუაცია იგივე დარჩა. მთავრობა კვლავ აგრძელებდა განუსაზღვრელი ვადით ერითრეელი მოქალაქეების სამხედრო გაწვევას, რის შედეგადაც აიძულებდა მათ ემუშავათ დაბალ ხელფასზე, არ ჰქონოდათ არანაირი არჩევანი სამუშაო ადგილი არჩევის კუთხით და, ხშირად, ემუშავათ და ეცხოვრათ უმძიმეს პირობებში.

მთავრობის მიერ სავალდებულო სამსახურის წესების დარღვევის გამო, ათასობით ერიტრიელი (მათ შორის, ბავშვები) იძულებული იყო, ქვეყნის გარეთ გაქცეულიყო. UNHCR-ის 2018 წლის ბოლოს არსებული მონაცემებით, ქვეყანა დატოვა 507. 300-მა პირმა, რაც ქვეყნის საერთო მოსახლეობის დაახლოებით 10 %-ია.[2]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) ერითრეაში სამხედრო სამსახურის შესახებ გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში წერდა, რომ ქვეყანაში დე ფაქტო „საგანგებო მდგომარეობა“ 1998 წელს გამოცხადდა და მას შემდეგ ძალაშია, შესაბამისად, აღნიშნული მიზეზის გამო, არსებული სავალდებულო სამხედრო სამსახური განუსაზღვრელი ვადით გრძელდება. 2018 წელს, მას შემდეგ, რაც საბოლოოდ შედგა სამშვიდობო შეთანხმება ეთიოპიასთან, იყო მოლოდინი, რომ აღნიშნული სამსახურის მაქსიმალური ვადა კანონისმიერ ჩარჩოს – კერძოდ, 18 თვეს დაუბრუნდებოდა. თუმცა, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით, არაფერი შეცვლილა და ამ კუთხით, ჯერჯერობით არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა. ხელისუფლება აცხადებს, რომ რეფორმას გარკვეული დრო სჭირდება, რადგან თუ ასობით ათას მოქმედ ახალწვეულს გაათავისუფლებს, მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს უმუშევრობას, რადგან მათი უმრავლესობისთვის საკმარისი სამუშაო ადგილები არ იქნება. შესაბამისად, მთავრობას, იმისთვის, რომ შექმნას აღნიშნული ადგილები, გარკვეული დრო ჭირდება.

1995 წლის ეროვნული სამხედრო სამსახურის პროკლამაციის 8 მუხლის მიხედვით, სავალდებულო სამსახური გრძელდება 18 თვეს, რომელთაგან 6 თვე ეთმობა სამხედრო წვრთნებს, ხოლო დანარჩენი 12 – უშუალოდ მსახურებას. თუმცა, კანონის 21 (1) მუხლი ამბობს, რომ ომიანობის დროს, აღნიშნული სამსახურის პერიოდი განუსაზღვრელი ვადით შეიძლება გაგრძელდეს. ეს  მუხლი გამოყენებულ იქნა ეთიოპიასთან ომის დაწყების დროს 1998 წელს და დღემდე მოქმედებს. გამოკითხულ წყაროთა მიხედვით, ზოგჯერ, ახალწვეულებს 18 თვით მსახურების შემდგომ ათავისუფლებენ, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, ეს პერიოდი გაცილებით ხანგრძლივია. არის ბევრი შემთხვევა, როდესაც პირები 10 ან 20 წლის განმავლობაშიც არიან სამხედრო სამსახურში გაწვეულნი. როგორც წესი, ქალებს გაცილებით ადრე ათავისუფლებენ, ვიდრე მამაკაცებს და ეს ხშირად მათი ქორწინებისას ან პირველი შვილის დაბადებისას ხდება.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის ზემოაღნიშნულ 12 თვეს ახალწვეულები სამოქალაქო ან სამხედრო მსახურებაში ატარებენ. გავრცელებული ცნობებით, სამოქალაქო ნაწილში არსებული სიტუაცია უკეთესია, ვიდრე სამხედრო ნაწილში. თუმცა, მიუხედავად ამისა,  არის კონკრეტული სერიოზული პრობლემები. კერძოდ, მათ არ შეუძლიათ:

  • მსახურების ადგილის არჩევა, რაც ხელს უშლის მათ განათლებას, უნარებსა და პირად მისწრაფებებს;
  • მსახურებისთვის დაწესებული სარგო ძალიან დაბალი და არასაკმარისია;
  • მათ ეკრძალებათ საზღვარგარეთ გამგზავრება.

სამოქალაქო სამსახურში, გადაცდომისთვის დაწესებული დისციპლინარული პასუხისმგებლობის ფორმები არ არის ისეთი მკაცრი, როგორც სამხედრო სამსახურში. წყაროები ამ კუთხით არაფერს წერდნენ წამების შემთხვევების შესახებ. სასჯელად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სამხედრო ნაწილში გადაყვანა ან/და დაპატიმრება.

სიტუაცია კარდინალურად განსხვავებულია სამხედრო ნაწილში სამსახურის მოხდისას. ეს, გარკვეულწილად, იმით არის განპირობებული, რომ მეთაურებს შეუზღუდავი უფლებამოსილებები გააჩნიათ მათ დაქვემდებარებულ ახალწვეულებთან მიმართებით. პრობლემატური საკითხებია:

  • ცუდი დისციპლინის ან რეკრუტის მიერ შესაბამისი უნარის ვერ გამომუშავების გამო სასჯელი ზედმეტად მკაცრია – გავრცელებული ცნობებით, მათ სცემენ და საათობით ან რამდენიმე დღის განმავლობაშიც კი ჰყავთ გაკოჭილი;
  • სამხედრო ნაწილების უმრავლესობას აქვს საკუთარი საპატიმრო, სადაც პირობები საშინელია. ზოგიერთი მათგანი მიწისქვეშაა ან სულაც სატვირთო კონტეინერებში მდებარეობს. არის გადატვირთულობის, ჰიგიენის, მედიკამენტებისა და კვების კუთხით არსებული სერიოზული პრობლემები;
  • მძიმეა სამუშაო პირობებიც და პერიოდიც, გავრცელებული ცნობებით, 72 საათიანი სამუშაო კვირებიც ფიქსირდება;
  • ბევრი ქალი ახალწვეული ექვემდებარება სექსუალურ ძალადობას;
  • სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობა განუსაზღვრელია და ახალწვეულებმა არ იციან, როდის დასრულდება იგი. ხშირია 10 ან 20 წლით მსახურების შემთხვევებიც.

რაც შეეხება სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებისთვის არსებულ სანქციას, 1995 წლის ეროვნული სამხედრო სამსახურის პროკლამაციის 37 (1) მუხლის მიხედვით, ამ კანონიდან ნებისმიერი ტიპის გადახვევა  (მათ შორის, გაწვევისგან თავის არიდება და დეზერტირობა) ისჯება 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ან/და 3 000 ნაკფას მოცულობით (180 ევრო) ჯარიმით. ამას გარდა, ასევე მოქმედებს ერითრეის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებიც. მაგალითად, 297 მუხლის თანახმად, ომიანობის პერიოდში, გაწვევისგან თავის არიდება დასჯადია 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო იმავე დროს დეზერტირობა ისჯება 5 წლით ან უვადო პატიმრობით, ხოლო განსაკუთრებით სერიოზულ შემთხვევები კი, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სიკვდილით დასჯა. ანგარიშის მიხედვით, დე-ფაქტო სასჯელები გაწვევისგან თავის არიდებისთვის თვითნებური ხასიათისაა და დამოკიდებულია კონკრეტულ სამხედრო მეთაურზე. ვერ მოიძებნა კონკრეტული და სანდო ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენად შეიცვალა სიტუაცია ამ კუთხით სამშვიდობო შეთანხმების შემდგომ. ერითრეის შესაბამისი სამსახურები აგრძელებენ დეზერტირებისა და სამხედრო სამსახურისგან თავის ამრიდებლების ძებნას სხვადასხვა მეთოდებით, მათ შორის:

  • სამხედრო მეთაურები აგზავნიან ჯარისკაცებს წვევამდელის ან დეზერტირის მოსაძებნად უშუალოდ მათ სახლში ან სოფელში;
  • ტარდება შემოვლები სახლიდან სახლამდე, რომლის დროსაც ყველა ოჯახს უჩვენებენ წვევამდელის ან დეზერტირის ფოტოებს და ეკითხებიან, ფლობენ თუ არა მათზე რაიმე ინფორმაციას;
  • სპეც-ოპერაციების (Giffa) მეშვეობით, აპატიმრებენ დეზერტირს ან თავის ამრიდებელს;
  • მათ ასევე აპატიმრებენ უშუალოდ საზღვრის უკანონო კვეთისას;
  • ზოგიერთ შემთხვევაში, ასევე აპატიმრებენ დეზერტირის ოჯახის წევრებს, რათა აიძულონ მათ საკუთარ დანაყოფს დაუბრუნდეს.

ანგარიშის მიხედვით, სავალდებულო სამსახურის სამხედრო კომპონენტში მომსახურე დეზერტირებს, იმ შემთხვევაში, თუ კოლეგა ჯარისკაცები დაიჭერენ, აბრუნებენ საკუთარ დანაყოფში, რის შემდეგაც მისი უშუალო მეთაური განსაზღვრავს, თუ რა სასჯელს დაექვემდებარება იგი. როგორც სამხედრო, ასევე – სამოქალაქო კომპონენტში მომსახურე დეზერტირებს, ასევე – სამხედრო სამსახურისგან თავის ამრიდებლებს, რომლებსაც ზემოჩამოთვლილი მეთოდებით დაიჭერენ, პირდაპირ საპატიმროში უშვებენ. ციხეებში ისინი ექვემდებარებიან დაკითხვას და, ზოგჯერ, წამებასაც. წყაროთა მიხედვით, საპატიმროში ისინი ერთიდან 12 თვემდე ვადით არიან, თუმცა, დანაშაულის რეციდივის ან საბუთების გაყალბების დროს, დამნაშავეებს 3 წლითაც სჯიან. ციხიდან გათავისუფლების შემდგომ, დეზერტირები უბრუნდებიან საკუთარ დანაყოფებს; ხოლო სამსახურისგან თავის ამრიდებლები გადიან სამხედრო წვრთნებს. მას შემდეგ, რაც დეზერტირები დაბრუნდებიან საკუთარ დანაყოფში, მათ მეთაური თვითნებურად განსაზღვრავს დამატებით სასჯელს, რომელიც შესაძლებელია იყოს დამატებითი ვადით პატიმრობა უშუალოდ დანაყოფის ციხეში, სადაც ისინი პოტენციურად დაექვემდებარებიან წამებას. მეთაურმა შესაძლოა არ დააწესოს სასჯელი და ამ დროს, პირი უბრალოდ დანაყოფში რეინტეგრაციას დაქვემდებარება.

სამხედრო სამსახურისგან თავის ამრიდებლების ან დეზერტირების ოჯახის წევრებს ზოგჯერ აპატიმრებენ რამდენიმე კვირით ან თვით, რათა აიძულონ პირი, გამოჩნდეს. აღნიშნული მეთოდი, როგორც წესი, გამოიყენება მაშინ, თუ არსებობს ვარაუდი, რომ პირი ჯერ კიდევ ერითრეაშია. თუ ის ქვეყანას დატოვებს, ნათესავებს, როგორც წესი, ათავისუფლებენ. 2005 წლიდან 2010 წლამდე ადგილი ჰქონდა პრაქტიკას, როდესაც იმ დეზერტირების ან თავის ამრიდებლების, რომლებმაც ერითრეა დატოვეს, ოჯახებს, უნდა გადაეხადათ ჯარიმა 50 000 ნაფკას მოცულობით. თუ ისინი ვერ გადაიხდიდნენ აღნიშნულ თანხას, მათ დააპატიმრებდნენ 1 წლამდე ვადით, ან წაართმევდნენ ქონებას. უკანასკნელი წლების განმავლობაში, აღნიშნული პრაქტიკა თანდათან გაქრა, თუმცა, 2019 წლის მდგომარეობით, იშვიათად, თუმცა მაინც ხდება.

რაც შეეხება ერიტრეაში საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს, ანგარიშის მიხედვით, უცხოეთიდან დაბრუნებისას (მიუხედავად იმისა, ქვეყანა ლეგალურად დატოვეს თუ არა) მათ უნდა დააკმაყოფილონ კონკრეტული პირობები: კერძოდ, ისინი, საზღვარგარეთ ბინადრობისას, ერითრეის შესაბამის საელჩოში უნდა იხდიდნენ „რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის გადასახადს“ – მათი შემოსავლის 2 პროცენტს, რომელსაც სხვაგვარად „დიასპორის გადასახადი“ ეწოდება. ამას გარდა, იმ პირებს, რომელთაც გავლილი არ აქვთ სავალდებულო სამხედრო სამსახური, უწევთ სპეციალური 4/4.2 ფორმის შევსება. აღნიშნული წარმოადგენს ერთგვარ „სინანულის ფურცელს“, რომლის ფარგლებშიც ისინი აღიარებენ, რომ სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდებით, ჩაიდინეს დანაშაული და, რომ მზად არიან, პასუხი აგონ ამისთვის. ასევე, მართალია, კანონისმიერ დანაწესს არ  წარმოადგენს, თუმცა დე-ფაქტო მოთხოვნაა ისიც, რომ ისინი არ უნდა ეწეოდნენ არანაირ ანტი-სამთავრობო, პოლიტიკური ხასიათის საქმიანობას უცხოეთში.

იმ პირებს რომლებიც დააკმაყოფილებენ აღნიშნულ პირობებს, მიეცემათ ე.წ. „პრივილეგირებული სტატუსი“, რომელის ფარგლებშიც შეუძლიათ ჩავიდნენ ერითრეაში და შემდგომ დატოვონ ქვეყანა სპეციალური, „ქვეყნიდან გასვლის ვიზის“ გარეშე. ამას გარდა, ისინი დროებით არ დაექვემდებარებიან სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას. თუმცა, აღნიშნული სტატუსი დროებითია და განკუთვნილია მხოლოდ იმ პირთათვის, რომლებიც ქვეყანაში ხანმოკლე ვიზიტით (6-დან 12 თვემდე ვადით) ბრუნდებიან. წყაროთა მიხედვით, პირები, რომლებიც აღნიშნულ ვადას გადააცილებენ, კვლავ ერითრეის რეზიდენტებად მიიჩნევიან და, შესაბამისად, ექვემდებარებიან გაწვევას.

ქვეყანაში დაბრუნებისას, თუ რა ტიპის მოპყრობას (მათ შორის, პატიმრობას ან სავალდებულო სამსახურში გაწვევას) დაექვემდებარება პირი, დამოკიდებულია შემდგომ ფაქტორებზე:

  • როგორ დაბრუნდა პირი ერითრეაში, საკუთარი ნებით თუ იძულებით;
  • როგორ წავიდა საზღვარგარეთ, ლეგალურად თუ არალეგალურად;
  • გადაიხადა თუ რა 2 %-იანი დიასპორის გადასახადი და შევსებული აქვს თუ არა ფორმა 4/4.2
  • მისი პოლიტიკური აქტივობები საზღვარგარეთ;
  • მოხდილი ჰქონდა თუ არა სავალდებულო სამსახური ქვეყნიდან გასვლისას;
  • რა დროით რჩება ერითრეაში, დროებით თუ პერმანენტულად:
  • კონტაქტები მთავრობაში და საჯარო სექტორში
  • გადაწყვეტილების მიმღების თვითნებობა

აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, პირი, რომელსაც არ აქვს სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილი და პერმანენტულად ბრუნდება ერითრეაში, შესაძლებელია დაექვემდებაროს განსხვავებულ მოპყრობას. წყაროთა უმრავლესობა კონკრეტულად ვერ ასახელებს ზუსტად რა შედეგი მოჰყვება აღნიშნულ ქმედებას. მათ თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც პირები წარმატებით, ყოველგვარი პრობლემების გარეშე დაბრუნდნენ საზოგადოებაში. ზოგიერთი წყაროს ცნობით, იყო შემთხვევები, როდესაც ისინი დააკავეს, პატიმრობაში დაუქვემდებარეს წამებას და შემდგომ გაგზავნეს სამხედრო დანაყოფებში. თუმცა, იმ პირებს, რომელთაც გადახდილი ჰქონდათ დიასპორის გადასახადი და, ასევე, წარადგინეს ზემოხსენებული სპეციალური ფორმა, შედარებით უკეთესად მოექცნენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, საბოლოოდ მაინც დააკავეს.

წყაროთა ინფორმაცია ამ საკითხზე განსხვავებულია, მათი ნაწილი იზიარებს იმ აზრს, რომ ერითრეაში დაბრუნებულ სამხედრო სამსახურისგან თავის ამრიდებლებს დააკავებენ და გაწვევას დაუქვემდებარებენ,  თუმცა უმრავლეს შემთხვევაში, წყაროები უბრალოდ არ ფლობენ ამაზე ინფორმაციას.[3]

[1] United States Department of State –  Country Report on Human Rights Practices 2019 – Eritrea; published in March 2020; available at

[accessed 22 July 2020]

[2] Human Rights Watch – World Report 2020 – Eritrea; published in January 2020; available at

[accessed 23 July 2020]

[3] EASO – “Eritrea National service, exit, and return Country of Origin Information Report”; published in September 2019; available at

[accessed 23 July 2020]