ინფორმაცია ისლამის შიიტური მიმდინარეობის შესახებ. განსხვავებები სუნიზმსა და შიიზმს შორის – მედია საშუალება New York Times-ის 2016 წელს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, შიიზმი ან შიიტური მიმდინარეობა ისლამის ერთ-ერთი ძირითადი განშტოებაა, სუნიზმთან ან სუნიტურ ისლამთან ერთად. ისლამის აღნიშნულ მიმდინარეობებს შორის გაყოფა 632 წელს, წინასწარმეტყველი მუჰამედის გარდაცვალებისას მოხდა. იმის შესახებ, თუ ვინ უნდა ყოფილიყო მუსლიმური სამყაროს ლიდერი და „ხალიფა“, ისლამის მიმდევრებს შორის მოსაზრებები გაიყო. ბევრის აზრით, ახალი ლიდერი კონსესუსის საფუძველზე უნდა აერჩიათ, ხოლო სხვები ფიქრობდნენ, რომ ხალიფა აუცილებლად წინასწარმეტყველის შთამომავალი უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ, ტიტული აბუ ბაქრს – მუჰამედის ახლო მეგობარსა და სიმამრს ერგო, თუმცა, ზოგიერთის აზრით, ის ალის – მუჰამედის ბიძაშვილსა და სიძეს უფრო ეკუთვნოდა. საბოლოოდ, ალი მაინც გახდა ხალიფა მას შემდეგ, რაც აბუ ბაქრის შემდგომი ორი ხალიფა მოკლეს. მოგვიანებით, ალიც მოწამლეს და ხალიფას ტიტული მისმა შვილებმა – ჰასანმა და, შემდგომ – ჰუსეინმა დაისაკუთრეს. საბოლოოდ, ორივე ძმა მოკლეს, ხოლო ჰუსეინისა და მისი სანათესაოს ამოწყვეტა 680 წელს ქერბალაში გახდა ალის მხარდამჭერების მიერ აღქმული იქნა, როგორც მოწამეობრივი სიკვდილი, რითაც გაუმტკიცდათ რწმენა, რომ მუჰამედის მემკვიდრე სწორედ ალი უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ, აღნიშნულმა ჯგუფმა დაარსა ისლამის შიიტური მიმდინარეობა, რომლის სახელწოდებაც ფრაზიდან „შიატ ალი“ ანუ „ალის მიმდევრები“-დან მოდის.
რაც შეეხება სუნიტებს, ისინი ალის, ისევე როგორც მის წინა სამ ხალიფას მიიჩნევენ უბრალოდ წინასწარმეტყველის სწავლებებისა და ტრადიციების, ანუ „სუნნას“ ჭეშმარიტ მიმდევრებად და აღმსრულებლებად.
სტატიის მიხედვით, როგორც სუნიტური, ისევე – შიიტური ისლამის მიმდევრები ისლამის უმთავრეს და ძირითადად ასპექტებში თანხმდებიან, თუმცა, ადგილი აქვს არაერთ განსხვავებებასაც. შიიტები ალის და მის შემდგომ ლიდერებს მიიჩნევენ „იმამებად“. შიიტთა უმრავლესობის რწმენა ეფუძნება 12 იმამის სწავლებებს, რომელთაგანაც უკანასკნელი მე-9 საუკუნეში გაუჩინარდა და ისინი მისი, როგორც „მაჰდის“ (მესია, მხსნელი) მეორედ მოსვლას ელოდებიან. შიიტთა ეს ჯგუფი „თორმეტეული“ შიიტების სახელით არის ცნობილი.
სუნიტები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ღმერთის ძალას ხორციელ სამყაროში, შესაბამისად, ხშირად პოლიტიკურ და საჯარო სივრცეებს მისგან განუყოფლად მიიჩნევენ. რაც შეეხება შიიტებს, მათთვის უფრო ძვირფასი ღირებულებაა თავგანწირვა და მსხვერპლის გაღებაა.[1]
ვებ-პორტალ Intermedia.ge-ს მიხედვით, სუნიტებად ითვლებიან ისინი, ვინც აღიარებს პირველი 4 “მართლმორწმუნე” ხალიფას (აბუ ბაქრი (632-634), ომარი (634-644), ოსმანი (644-656), ალი (656-661)) კანონიერებას, მუჰამედის გამონათქვამებისა და მასთან დაკავშირებული გადმოცემების (სუნნას) უტყუარობას. სუნიტური თვალსაზრისით, მუჰამედის სიკვდილის შემდეგ მუსლიმური თემის პირდაპირი “კონტაქტი” ალაჰთან შეწყდა და მისი ცხოვრება უნდა წარიმართოს ყურანისა და სუნას მითითებების საფუძველზე. მათი სწორი განმარტება კი უზრუნველყოფილია თემის ერთობლივი აზრით, რომელსაც წარმოადგენენ ყველაზე ავტორიტეტული სამართლისმცოდნე ღვთისმეტყველები. სუნიზმის თანახმად, თეორიულად პოლიტიკური და სასულიერო ძალაუფლება ეკუთვნის მუსლიმური თემის მიერ არჩეულ ადამიანს, რომელიც თავისი პირადი თვისებებით და ცოდნით შესაფერისია იმისთვის, რომ განახორცოელოს ცხოვრებაში ყურანის მიწერილობები.
სუნიტებისაგან განსხვავებით, შიიტები პირველ ოთხ ხალიფად აღიარებენ მხოლოდ ალის, ხოლო დანარჩენ სამს უზურპატორებად თვლიან. შიიტური თვალსაზრისით, თემის უზენაესი ხელისუფალი უნდა იყოს მოციქულის შთამომავალი. შიიტების შეხედულებით, პირდაპირი კონტაქტი ღმერთთან მუჰამედის შემდეგ არ შეწყვეტილა და ეს მისია დაეკისრათ მოციქულის შთამომავლებს – იმამებს. შიიტები თავდაპირველად წარმოადგენდნენ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც თავიდანვე მხარს უჭერდა ხალიფას ტახტზე მუჰამედის ბიძაშვილისა და სიძის, ალის კანდიდატურას. სამხედრო- პოლიტიკურმა წარუმატებლობებმა, ალის მკვლელობამ, მისი ვაჟის ალ-ჰუსაინის ტრაგიკულმა დაღუპვამ (რაც შიიზმში მოწამეობრივი კულტის საფუძველი გახდა), სხვადასხვა აჯანყების მარცხმა და სხვ., ხელი შეუწყო შიიტთა წრეში რელიგიური ძიებების განვითარებას, პოლიტიკური დაჯგუფებებიდან შიიზმის რელიგიურ-პოლიტიკურ მიმდინარეობად ჩამოყალიბებას.
არსებობს მრავალი შიიტური მიმდინარეობა. მათგან დღეს ყველაზე მრავალრიცხოვანია თორმეტეული იმამიტების შტო, რომლებსაც ჩვეულებრივ შიიტებად მოიხსენიებენ. იმამიტები აღიარებენ თორმეტ იმამს ალის საგვარეულოდან. მათგან უკანასკნელი, მათი მრწამსით, X საუკუნეში გაუჩინარდა და ამჟამად “ფარულ” მდგომარეობაშია. ის, მესიის მსგავსად, უნდა დაბრუნდეს განკითხვის დღეს და სამართლიანობა დაამყაროს ამ ქვეყნად.[2]
ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე მომუშავე დამოუკიდებელი მედია საშუალება Fanack შიიტური ისლამის მიმდინარეობების შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ყველა მუსლიმი იზიარებს რწმენის იმ ფუნდამენტალურ პრინციპებს, რომლებიც წინასწარმეტყველი მუჰამედის ცხოვრების პერიოდში დაწესდა. შესაბამისად, წმინდა წიგნის – ყურანის რწმენის, მუჰამედის, როგორც წინასწარმეტყველად და ღმერთის უკანასკნელი მაცნედ ცნობისა და ღმერთის ერთიანობის შესახებ პრინციპები, ყველა მუსლიმისთვის, მიუხედავად მათი სექტარიანული კუთვნილებისა, უნივერსალურია. რაც შეეხება სექტებს შორის განსხვავებებს, ეს ძირითადად იმ საკითხებითაა განპირობებული, რომლებიც მუჰამედის სიკვდილის შემდეგ მოხდა.
მას შემდეგ, რაც 632 წელს წინასწარმეტყველი გარდაიცვალა, მუსლიმთა შორის დღემდე არსებობს უთანხმოება ისლამური თემისა და მუსლიმური რწმენის არაერთი საკითხის თაობაზე. ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ისლამის გაყოფა შიიტ და სუნიტურ მიმდინარეობებად. მოკლედ რომ ითქვას, შიიტებს სწამდათ წინასწარმეტყველის სიკვდილის შემდგომ, მისი ოჯახის, ნათესავების და შთამომავლების მემკვიდრეობითი ლიდერობის, მაშინ როცა სუნიტებს მიაჩნდათ, რომ ლიდერები მუჰამედის ახლო კომპანიონები უნდა ყოფილიყვნენ. აღნიშნულმა, თავდაპირველად პოლიტიკურმა დაპირისპირებამ, დროთა განმავლობაში სექტარული ხასიათი და რელიგიისთვის დამახასიათებელი ნიშნები მიიღო.
ყველა შიიტ მუსლიმს სჯერა ალის „იმამათის“ ანუ სულიერი ლიდერობის, რომელიც მუჰამედის სიძე იყო. თუმცა, ამ საკითხშიც კი, თავად შიიტებს შორის გარკვეული უთანხმოებაა, რის შედეგადაც შიიზმის რამდენიმე მიმდინარეობა წარმოიშვა. დღესდღეისობით, შიიტურ ისლამში სამი ძირითადი მიმართულებაა:
თორმეტეული შიიზმი
შიიტურ ისლამში ყველაზე დიდი თემია თორმეტეული შიიზმი, რომლის მიმდევრებიც უმრავლესობაში არიან ირანში, აზერბაიჯანში, ერაყსა და ბაჰრეინში. ამას გარდა, ბევრი თორმეტეული შიიტი მუსლიმი ცხოვრობს ლიბანში, ინდოეთში, საუდის არაბეთსა და პაკისტანშიც.
თვითონ ტერმინი „თორმეტეული“ მოდის მათ რწმენიდან თორმეტი წმინდა იმამის შესახებ, რომელიც მუჰამედის შთამომავლები იყვნენ. მათთვის იმამები არა მარტო თემის ლიდერებს წარმოადგენენ, არამედ – მათ ასევე დაკისრებული აქვთ ყურანში დაფარული სიბრძნეების ინტერპრეტაცია. როგორც ზემოთ არის აღნიშნული, როგორც ყველა მუსლიმი, ისინიც აღიარებენ წმინდა წიგნის – ყურანის რწმენის, მუჰამედის, როგორც წინასწარმეტყველად და ღმერთის უკანასკნელი მაცნედ ცნობისა და ღმერთის ერთიანობის შესახებ პრინციპებს. თუმცა, უშუალოდ მუჰამედის სწავლებებისა და ქმედებების გარდა, ისინი ასევე თაყვანს სცემენ და სიწმინდედ აღიქვამენ იმამათა ცხოვრებას, მათ სწავლებებსა და ქმედებებს.
შიიტებისთვის იმამი ალი, რომელიც სუნიტებისთვის უბრალოდ მეოთხე ხალიფა იყო, პირველი იმამი და მუჰამედის მემკვიდრეა. ალის შთამომავალი შემდგომი იმამები მოკლეს, შესაბამისად, ისინი წამებულ წმინდანებად მიიჩნევიან. მათთვის მნიშვნელოვანია ქერბალას ბრძოლის თარიღი (680 წელი), როდესაც ალის შვილი დ მუჰამედის შვილიშვილი – ჰუსეინი მოკლეს. ისინი ამ დღეს ყოველწლიურად „აშურას დღის“ დღესასწაულის სახელით, გლოვით აღნიშნავენ.
თორმეტეულ შიიზმში ასევე საკმაოდ ძლიერი „მესიასეული“ ანუ მხსნელის ელემენტებიცაა. მათ სჯერათ, რომ ბოლო იმამი – მუჰამედ ალ-მაჰდი, არ გარდაცვლილა და განმარტოებით ცხოვრობს. მათი რწმენით, ერთ დღეს მაჰდი დაბრუნდება და სოციალურ სამართლიანობას აღადგენს. მათ ასევე სჯერათ მაჰდის მეორედ მოსვლის, რომელიც იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს დაბრუნდება და ისინი ერთად შეეცდებიან დაამარცხონ მასიჰ ად-დაჯჯალი, ისლამში ბოროტების განსახიერება.
ზეიდიტები (ხუთეული)
ზეიდიტთა მიმდინარეობა სახლეს ატარებს ზეიდ იბნ ალის, ჰუსეინის შვილიშვილის პატივსაცემად. მათ ზეიდი მიაჩნიათ ჭეშმარტ მეხუთე იმამად, რადგან მან 740 წელს სამხედრო კამპანია წამოიწყო უმააიდთა ხალიფასტის წინააღმდეგ. ზეიდიტები იმამებად არ ცნობენ პიროვნენებს მანამ, სანამ ისინი ტირანტთა წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას არ დაიწყენებენ. შესაბამისად, თორმეტეული შიიტებისგან განსხვავებით (რომლებიც მეხუთე იმამად ზეიდის ძმას – მუჰამედს მიიჩნევენ), ისინი ჭეშმარტ იმამად ზეიდს იმიტომ რაცხავენ, რომ მან იბრძოლა უსამართლო, არალეგიტიმური უმაიიდთა დინასტიის წინააღმდეგ.
თეოლოგიური თვალსაზრისითი, ზეიდიტები უფრო ახლოს სუნიტებთან დგანან, ვიდრე – შიიტებთან. მაგალითად, ისინი არ იზიარებს ბოლო იმამი ალ-მაჰდის მესიასებურ ბუნებას. მათ არ სჯერათ, რომ იმამები ღმერთისგან იღებენ ძალაუფლებას, შესაბამისად – მათ არ მიიჩნევენ უცოდველად. მათ ასევე არ სჯერათ, რომ იმამობა ანუ ლიდერობა მამიდან შვილზე უნდა გადადიოდეს, როგორც ეს პრაქტიკაში მოქმედებდა იმამი ალის შთამომავლების შემთხვევაში.
ისმაილიტები (შვიდეული)
ისმაილიტთა სექტა, რომელიც 8-9 საუკუნეებში შეიქმნა, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ყურანის როგორც ეგზოთერულ (გარე რეალობასთან დაკავშირებულ), ასევე – ეზოთერული (შიდა) სწავლებებსა და ცოდნას. ისმაილიტებს წინასწარმეტყველი მუჰამედის ოჯახი ღმერთის მიერ რჩეულად და უცოდველად მიიჩნიათ. მათ ასევე სჯერათ, რომ თითოეულ იმას აქვს „ნური“ ანუ „ღმერთის სინათლე“, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემა წინასწარმეტყველის ოჯახის შთამომავლებს.
ისმაილიტთა მიმდინარეობის თორმეტეული შიიტებისგან გამოყოფა კიდევ ლიდერობის შესახებ ერთ უთანხმოებას უკავიშირდება. 765 წელს, იმამი ჯაფარის სიკვდილის შემდგომ, იმამობა გადაეცა მის შვილს – იმა მუსა ალ-ქაზიმს. თუმცა, ისმაილიტები მხარს უჭერდნენ ჯაფარის მეორე შვილს – ისმაილს. ზოგიერთ მათგანს სჯერა, რომ ისმაილი მეშვიდე და ბოლო იმამი იყო. შესაბამისად, აღნიშნული მიმდინარეობა მეორენაირად ცნობილია, როგორც – შვიდეული შიიტები. მათი რწმენით, ისმაილის შვილი – მუჰამმად ალ-თამმი დაბრუნდება სამყაროს აღსასრულის ჯამს, როგორც – მაჰდი და დაამყარებს სამართლიაობას. თუმცა, ისმაილიტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ იმამთა ხაზი გრძელდება.[3]
რაც შეეხება შიიტ მუსლიმთა დღესასწაულებს, პორტალ Culturetrip მიხედვით, ესენია:
- რამადანი – ყველაზე ცნობილი ისლამური დღესასწაული, რომელიც ისლამური კალენდრის მეცხრე თვეს აღინიშნება და საკუთარ თავში მოიაზრებს მთელი თვის განმავლობაში მარხვას, ლოცვას, მეჩეთში ხშირად სიარულს და ღარიბთა დახმარებას.
- ლაილათ ალ-ქადრი – მუსლიმთა რწმენით, სწორედ ამ ღამეს გამოეცხადა წინასწარმეტყველ მუჰამედს ყურანის წმინდა თავები. მართალია, კონკრეტული თარიღი უცნობია, თუმცა, როგორც წესი, რამადანის თვის ბოლო 10 დღეში აღინიშნება. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღამეა მუსლიმთათვის, რომლის დროსაც ისინი მეჩეთებში მიდიან, ყურანს კითხულობენ და ერთმანეთსგან პატიებას ითხოვენ.
- ეიდ ალ-ფიტრი – აღნიშნული დღესასწაული რამადანის დასრულებას აღნიშნავს და ხშირად აღინიშნება ნადიმით. მუსლიმი ოჯახები ნათესავებისთვისა და მეგობრებისთვის დიდ წვეულებებს აწყობენ და ზეიმობენ რამადანის დასრულებას.
- ეიდ ალ-ადჰა – ცნობილია, როგორც „მსხვერპლთშეწირვის დღესასწაული“ და აღნიშნავს იმ დღეს, როდესაც წინასწარმეტყველი იბრაჰიმი მზად იყო, ღმერთისთვის შვილი შეეწირა, რათა მისდამი მორჩილება დაემტკიცებინა. როგორც წესი, ამ დღეს მუსლიმები ცხვარს ან თიკანს კლავენ და მსხვერპლად წირავენ.
- აშურა – განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღესასწაულია შიტებისთვის, რომელიც მუჰარამის თვის მეათე დღეს აღინიშნება. მათთვის ეს გლოვის დღეს წარმოადგენს, რადგან 680 წელს, სწორედ ამ დღეს დახოცეს მუჰამედის შვილიშვილი ჰუსეინ იბნ ალი და მისი ოჯახი. სუნიტები ამ დღეს სხვა დღესასწაულს – წინასწარმეტყველი მოსეს მიერ ისრაელიტების ფარაონისგან დახსნას აღნიშნავენ.
- არბა’ეენ – კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შიიტური დღესასწაული, რომელიც აშურას დღესასწაულიდან 40 დღის შემდგომ აღინიშნება. ამ დღეს იგონებენ და გლოვით აღნიშნავენ 680 წელს, მუჰარამის 10 რიცხვში ჰუსეინ იბნ ალის მოკვლას. მუსლიმებში გავრცელებულია გარდაცვლილთა მოსაგონარი გარდაცვალებიდან 40 დღის შემდგომ, შესაბამისად, ეს დღესასწაულიც სწორედ აღნიშნული ტრადიციითაა განპირობებული.
- ეიდ ალ-გჰადეერ – დღესასწაული, რომლის ფარგლებშიც აღნიშნავენ წინასწარმეტყველი მუჰამედის მიერ ალი იბნ აბუ თალიბის, როგორც მისი მემკვიდრის დასახელებას. შიიტთა აზრით, ეს დღე აღნიშნავს მუჰამედის მიერ საკუთარი ოჯახის, როგორც მისი მემკვიდრეთა ხაზის, დადგენას. ბევრი შიიტი ამ დღეს წირვებს ესწრება ან კითხულობს მუჰამედის და ალი იბნ აბუ თალიბის ცხოვრებების შესახებ.
მავლიდ ან-ნაბი – დღესასწაული, რომლის ფარგლებშიც წინასწარმეტყველი მუჰამედის დაბადებას აღნიშნავენ. მუსლიმთა შორის მას განსხვავებულად აღნიშნავენ – ზოგი მღერის სიმღერებს და სიხარულით აღნიშნავს ამ დღეს, ზოგი წირვებს ესწრება მეჩეთებში, ზოგი კი მარხულობს კიდეც, რითაც ღმერთს მადლობას უხდის წინასწარმეტყველის გამორჩევისთვის.[4]
იმ პირების მდგომარეობა პაკისტანში, ვინც უარყო ისლამის სუნიტური მიმდინარეობა და გახდა შიიტი.
ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი პაკისტანში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ პაკისტანის კონსტიტუციის თანახმად, ისლამი სახელმწიფო რელიგიაა და ქვეყანაში მოქმედი ნებისმიერი კანონი აუცილებლად თავსებადი უნდა იყოს მასთან. ასევე, კონსტიტუციის მიხედვით, „კანონის, საჯარო წესრიგისა და მორალის ფარგლებში, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება ჰქონდეს, აღასრულოს და პროპაგანდირება გაუწიოს საკუთარ რელიგიას“.
ა.შ.შ მთავრობის გათვლებით, პაკისტანის 210.8 მილიონ პირს შეადგენს, რომელთაგან 96 % მუსლიმია (სხვადასხვა გათვლებით, მათი 80-85 % სუნიტური, ხოლო დანარჩენი 10-15 % კი შიიტური ისლამის მიმდევარია). დანარჩენი 4 %-ში შედიან: აჰმადიები (რომელთან ქვეყნის კანონმდებლობა მუსლიმებად არ მიიჩნევს); ჰინდუსები; ქრისტიანები; ზოროასტრიზმის მიმდევრები; ბაჰა’ისტები; სიკჰები; ბუდისტები; კალაშები; კიჰალები და ჯაინები.
ანგარიშის მიხედვით, წლის განმავლობაში სხვადასხვა შეირაღებული ტეორისტული ჯგუფები კვლავ აგრძელებდნენ სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმების მოწყობას, რომელთა სამიზნესაც, ხშირად – შიიტი მუსლიმები, განსაკუთრებით – ეთნიკურად ჰაზარა შიიტები წარმოადგენდნენ. თუმცა, ორგანიზაცია „სამხრეთ აზიის ტერორიზმის პორტალის“ მონაცემებით, თავდასხმათა რაოდენობამ და სიმძიმემ საგრძნობლად იკლო წინა წლებში არსებულ სიტუაციასთან მიმართებით. იმავე ორგანიზაციის მიხედვით, წლის განმავლობაში სექტარიანულირ ხასიათის 4 ძალადობრივ ინციდენტს, სულ მცირე 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 68 – დაშავდა. 4-ვე თავდასხმის სამიზნედ შიიტი პირების შეკრების ადგილები იყო. ამას გარდა, შიიტებზე თავდადასხმათა უმრავლესობის დროს, სამიზნეს უშუალოდ ჰაზარა შიითა ეთნიკური ჯგუფის წევრები წარმოადგენდნენ.
ანგარიშის მიხედვით, მუჰარამის თვის მიმდინარეობისას (შიიტთათვის წმინდა თვე), პაკისტანის მთავრობამ გადაადგილების კუთხით შეზღუდვები დაუწესა არაერთ სუნიტ ღვითსმეტყველსა და იმამს, რადგან ისინი ცნობილნი სექტარული შუღლის და დაპირისპირების გაღვივებით. აღნიშნული ქმედება შიიტთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იყო გადადგმული. ამას გარდა, მუჰარამის მეცხრე და მეათე დღეს, როდესაც შიიტები აშურას დღესასწაულს აღნიშნავდნენ, მთავრობა (პრემიერ მინისტრი, პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი) მოუწოდებდა ყველა მუსლიმს ერთიანობისკენ და ურთიერთპატივისცემისკენ. სამართალდამცავმა ორგანოებმა , კიდევ ერთხელ დამატებითი ძალები განალაგეს პენჯაბის, ხიბერ პახტუნტვას და ბალოჩისტანის პროვინციებში. ამას გარდა, ისევ გადაადგილების კუთხით შეზღუდვები დაუწესდა იმ სუნიტ იმამებს, რომლებიც ცნობილნი სექტარული შუღლის და დაპირისპირების გაღვივებით.[5]
გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი პაკისტანში შიიტ მუსლიმთა მიმართ დამოკიდებულების შესახებ 2019 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ სხვადასხვა გათვლებით, პაკისტანში შიით მუსლიმთა რაოდენობა საერთო მოსახლეობის 10-დან 25 %-მდე შეადგენს. ისინი ბინადრობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით და უმრავლესობით არ არიან წარმოდგენილი პაკისტანის ოთხი პროვინციიდან არც ერთში. ანგარიშის მიხედვით, პაკისტანი შიიტი მუსლიმები, როგორც ვიზუალურად, ისე ლინგვისტურად, არ გამოირჩევიან პაკისტანელი სუნიტებისგან. თუმცა, ამ წესისგან გამონაკლისს წარმოადგენენ ეთნიკურად ჰაზარა შიიტები.
ანგარიშის მიხედვით, შიიტი მუსლმები ფართოდ არიან წარმოდგენილი ქვეყნის პარლამენტში და ძირითად პოლიტიკურ პარტიებში. “პაკისტანის ხალხთა პარტიას” (PPP) არაერთი შიიტი ლიდერი ჰყოლია, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდნენ (მაგ. ზულფიკარ ალი ბჰუტო, მისი ქალიშვილი – ბენაზირ ბჰუტო, ბენაზირის ქმარი – ასიფ ალი ზარდარი და ა.შ.). სხვა დიდ პარტიებში, მათ შორის – პრემიერ მინისტრი იმრან ხანის პარტიაში – Tahreek e-Insaf (PTI) და მოძრაობაში Muttahida Qaumi Movement (MQM), არაერთი შიიტი არის გაწევრიანებული და აღნიშნული პარტიები შიიტი მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მხარდაჭერითაც სარგებლობენ.
რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან შიიტთა მიმართ დამოკიდებულებას, ზოგიერთი წყაროს ცნობით, შიიტებისთვის მნიშვნელოვან მუჰარამის თვეში, პოლიცია ზოგჯერ აკავებდა იმ პირებს, რომლებიც ნებართვის გარეშე მართავდნენ სამგლოვიარო დემონსტრაციებს ან ანალოგიურ ქმედებს ჩადიოდნენ ამისთვის დაწესებული კონკრეტული დროის პერიოდის ფარგლებს მიღმა. ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის მიხედვით, არ მოიძებნა რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ შიიტ მუსლიმთა მიმართ სამთავრობო, საპოლიციო ან სამხედრო სექტორებში ადგილი აქვს სისტემატური ხასიათის დისკრიმინაციას.
ანგარიშში საუბარია შიით მუსლიმთა იძულებითი გაუჩინარების შემთხვევების შესახებაც. მაგალითად, BBC-ის 2018 წლის მაისში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში 140-მდე პაკისტანელი შიიტი „გაუჩინარდა“. მათი უმრავლესობის ოჯახების მიხედვით, ისინი ღამით პაკისტანის სპეც-სამსახურებმა წაიყვანე ს, სავარაუდოდ, სირიაში მებრძოლი შიიტურ ორგანიზაცია Zainabiyoun Brigade-სთან სავარაუდო კავშირის გამო. ანგარიშში ამას გარდა, ასევე აღნიშნულია პაკისტანის ხელისუფლების მიერ გადადგმული არაერთი პოზიტიური ნაბიჯი შიიტთა უსაფრთხოების კუთხით. მაგალითად, მთავრობის აქტიური ქმედებები ტერორისტთა თავდასხმების პრევენციის კუთხით, ასევე – ქ. კარაჩიში ჩატარებული მასობრივი სამხედრო კამპანია, რის შემდეგაც მნიშვნელოვნად შემცირდა შიიტ მუსლიმთა მიმართ თავდასხმების რაოდენობა. ამას გარდა, მთავრობა მოსახლეობას აქტიურად მოუწოდებდა ინტერ-სექტარული დიალოგისკენ და ამ კუთხით მართავდა კონფერენციებს. ასევე, 2017 და 2018 წლებში, შიიტური დღესასწაული აშურას მიმდინარეობის დროს, მთავრობამ გამოიყენა მასშტაბური საპოლიციო ძალა, რათა უზრუნველეყო შიიტ მორწმუნეთა უსაფრთხოება. შედეგად, ორივე წელს დღესასწაულებმა ყოველგვარი ინციდენტის გარეშე ჩაიარა. პაკისტანის მთავრობა ასევე უწესებს სამხედრო ესკორტს შიიტ მომლოცველებს, რათა მათ უსაფრთხოდ შეძლონ თაყვანისცემის ადგილებზე გადაადგილება ირანსა და ერაყში. თუმცა, წყაროთა მიხედვით, ის პირები, რომლებიც აღნიშნული ესკორტის გარეშე გადაადგილდებიან, არიან შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფების მხრიდან თავდასხმის მომეტებული რისკის წინაშე.
რაც შეეხება შიიტების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას, ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის მიხედვით, როგორც წესი, პაკისტანში სოციალური ხასიათის დისკრიმინაცია ვლინდება პოზიტიური დისკრიმინაციის სახით (მაგალითად, ნეპოტიზმი, პირის ხელშეწყობა მასთან ნათესაური, ტომობრივი ან სოციალური კავშირის გამო და ა.შ.). თუმცა, ზოგჯერ ადგილი აქვს უშუალო, ნეგატიურ დისკრიმინაციას შიიტთა მიმართაც. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმები არიან, ზოგიერთი ექსტრემისტული ჯგუფი შიიტებს მაინც „მწვალებლებად“ მიიჩნევს. შედეგად, შიიტების მიმართ ზოგჯერ ადგილი აქვს თავდასხმებს აღნიშნული ექსტრემისტების მხრიდან. თუმცა, წყაროთა უმრავლეობის მიხედვით, თავდასხმათა რაოდენობა და სიმძიმე, უკანსაკნელ ხანებში საკმაოდ შემცირდა. ამას გარდა, ანგარიშის მიხედვით, შიიტები ექვემდებარებიან „სიძულვილის ენასაც“, როგორც წესი, სოციალურ ქსელებში, სკოლებსა და მეჩეთებში.
ანგარიშის მიხედვით, შიიტები და სუნიტები ერთნაირ საჯარო სკოლებში სწავლობენ და ამ სფეროში, შიიტთა მიმართ დისკრიმინაცია თითქმის არაა სახეზე. ერთადერთი პრობლემა ამ კუთხით იყო ის, რომ სკოლის ზოგიერთ წიგნში მოცემულია მხოლოდ სუნიტური სალოცავი რიტუალები და, როგორც წესი, ამოღებულია ინფორმაცია და ისტორიები ცნობილი შიიტი ისტორიული ფიგურების შესახებ.
რაც შეეხება დასაქმებას, შიიტები ფართოდ არიან წარმოდგენილნი პაკისტანის პროფესიულ თემებში, განსაკუთრებით კი – სამედიცინო და იურიდიულ სფეროებში. ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის მიხედვით, არ იძებნება ინფორმაცია დასაქმების კუთხით შიიტთა დისკრიმინაციის შესახებ საჯარო სფეროში. თუმცა, იმავე ანგარიშის მიხედვით, ზოგიერთი ორგანიზაციის მაღალ ეშელონებში, ადგილი აქვს დისკრიმინაციას.[6]
წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში, ინფორმაცია უშუალოდ სუნიზმიდან შიიზმზე კონვერტირებული პირების მიმართ არსებული მასობრივი პრობლემების ან უფლებადარღვევების შესახებ, არ იძებნება.
[1] New York Times – article “How Do Sunni and Shia Islam Differ?” published on 3 January 2016; available at https://www.nytimes.com/2016/01/04/world/middleeast/q-and-a-how-do-sunni-and-shia-islam-differ.html [accessed 6 August 2020]
[2] Intermedia.ge- სტატია „სუნიზმი და შიიზმი“; გამოქვეყნებულია 17 ივლისი, 2014; ხელისაწვდომია მისამართზე http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/52683-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98/27/ [წვდომის თარიღი – 6 აგვისტო, 2020]
[3] Fanack – article “The Three Branches of Shia Islam”; published on 17 February 2020; available at https://fanack.com/religions/three-branches-of-shia-islam/ [accessed 6 August 2020]
[4] Culturetrip – “The Biggest Muslim Holidays You Should Know About”; published on 14 November 2017; available at https://theculturetrip.com/middle-east/united-arab-emirates/articles/the-biggest-muslim-holidays-you-should-know-about/ [accessed 7 August 2020]
[5] United States Department of State – “2019 Report on International Religious Freedom: Pakistan”; published in June 2020; available at
[accessed 7 August 2020][6] United Kingdom Home Office – “Country Policy and Information Note Pakistan: Shia Muslims”; published in January 2019; available at
[accessed 7 August 2020]