ინდოეთი. ინფორმაცია პოლიტიკური პარტიის “აკალი დალ” შესახებ. აგვისტო, 2020

ინფორმაცია პოლიტიკური პარტიის “აკალი დალ” შესახებ (დაარსება, ლიდერები, იდეოლოგია, პოლიტიკური პოზიცია, დროშა, მიზნები, წევრობის დოკუმენტი და ა.შ. – კანადის იმიგრაციის და ლტოლვილთა საკითხების საბჭო 2018 წლის ივნისში გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში სახელწოდებით – ინდოეთი: პოლიტიკური პარტია „შირომანი აკალი დალ“ (SAD) წერს, რომ აღნიშნული სახელით ორი განსხვავებული პარტია ოპერირებს: 1. შირომანი აკალი დალ (ბადალი), პარკაშ სინგჰ ბადალის ხელმძღვანელობით და 2. შირომანი აკალი დალ (არმიტსარ), რომელსაც სიმრანჯიტ სინჰ მანნი მეთაურობს.

შირომანი აკალი დალ (ბადალი) (SAD(B)) – წყაროთა ინფორმაციით, პარტიის ამჟამინდელი ლიდერი არის სუკჰბირ სინგჰ ბადალი, რომელიც არის პარკაშ სინგჰ ბადალის შვილი. ის 2008 წელს აირჩიეს პარტიის პრეზიდენტად, ხოლო მისი მამა იმავე წელს გახდა პარტიის „მფარველი“.

წყაროთა ცნობით, პარტიამ 2017 წლის თებერვლის ასამბლეის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო „ბჰარიტია ჯანატა პარტია“-სთან (BJP) ერთად. პარტიათა ალიანსმა 117 საერთო მანდატიდან 18 მოიპოვეს, რომელთაგან 15 SAD-ის წევრებმა მიიღეს, ხოლო 3 – BJP-ის.

სხვადასხვა წყაროები ადასტურებენ, რომ SAD (B) პარტია წინა 2 ვადის ანუ 10 წლის  განმავლობაში პენჯაბის ასამბლეის უმრავლესობას და, შესაბამისად, მმართველ პარტიას წარმოადგენდა.

ანგარიშის მიხედვით, SAD (B) პარტია პარკაშ სინგჰ ბადალის ლიდერობით, „ სიკჰების ეთნო-რელიგიური იდეოლოგიურისაფუძვლის მქონე უბრალო პოლიტიკური მოძრაობიდან გადაიქცა სრულყოფილ “საარჩევნო პარტიად”. 1996 წელს ერთ-ერთი კონფერენციის დროს, პარტიამ გამოხატა მიზანი და მხარდაჭერა იდეისადმი, რომ „პენჯაბში არსებობდეს რეგიონალური ნაციონალიზმის კულტურა, მიუხედავად რელიგიური განსხვავებებისა”. შედეგად, მათ ნება მისცეს ჰინდუსს მოსახლეობას, გამხდარიყვნენ პარტიის წევრები. პარტიის მიზანი გახდა „თანასწორობასა და ურთიერთგაგებაზე დაფუძვნებული მმართველობა“. ინდოეთის პოლიტიკური პროცესების სპეციალისტის და ასისტენტპროფესორ ჯუგდეპ სინგჰ ჩიმას აზრით, პარტიამ შეითავსა უფრო ზომიერი პოლიტიკური იდეოლოგია და „რელიგიურ-ეთნიკური პარტიიდან“ გადაიქცა „მულტი-ეთნიკურ პენჯაბის პარტიად“.მედია საშუალება The India Express ცნობით, SAD (B) პარტიამ, იმისთვის, რომ თავი წარმოეჩინა, როგორც სეკულარული პარტია, ვიცე-პრეზიდენტის, გენერალური მდივნისა და საფინანსო მდივნის თანამდებობებზე 3 ინდუსი პირი დანიშნა.

ინტერნეტ გვერდი Elections.in მიხედვით, SAD (B) არის ულტრა მემარჯვენე იდეოლოგიის მქონე პარტია, რადგან „ის გულისხმობს, რომ რელიგია და პოლიტიკა სინონიმური ცნებებია და ერთი მეორის გარეშე წარმოუდგენელია“. თუმცა, ამის საპირისპიროდ, კვლევით დირექტორატთან საუბრისას ზემოხსენებულმა ასისტენტ პროფესორმა ჩიმამ განაცხადა, რომ „პარტია არა ულტრა მემარჯვენე, არამედ უფრო ზომიერი სიკჰური პარტიაა, რომელიც ცდილობს ჰინდუსი ამომრჩევლის ხმების მოპოვებას ზოგადად “პენჯაბურ რეგიონალურ პარტიად” გარდაქმნის გზით“.

მან, ასევე, განაცხადა, რომ მართალია, SAD (B) სიკჰების ნაციონალისტური პარტია იცავს სიკჰების ინტერესებს, მაგრამ ის არ არის სეპარატისტული იდეოლოგიის. იმავე წყაროს ცნობით, პარტია მხარს უჭერს სიკჰების „ფართო, ინდურ იდენტობას“და, ასევე, ინდოეთის მთლიანობას.

რაც შეეხება წევრების მიმართ დამოკიდებულების კუთხით მდგომარეობას, SAD (B) ოფიციალური, რეგისტრირებული პარტიაა, რომელიც არ ეწინააღმდეგება ინდოეთის ტერიტორიულ მთლიანობას, შესაბამისად, პარტიის წევრების მიმართ არ ფიქსირდება „პოლიტიკური დევნის“ ფაქტები. თუმცა, რახან ისინი მხარს უჭერენ სიკჰების სახელმწიფოს იდეას, მათ მიმართ მოპყრობა შეიძლება იყოს „განსხვავებული“. მაგალითად, იყო „არაერთი“ შემთხვევა, როდესაც პარტიის წევრები „დროებით დაკავებას“ დაუქვემდებარეს.

მედია საშუალება The Tribune ცნობით, 2018 წლის 15 იანვარს SAD (B) ლიდერები და წევრები დააკავეს ქალაქ პიატალაში დემონსტრაციის დროს. დემონსტრანტებს სურდათ სარჩელის შეტანა პარტია „კონგრესი“-ს ლიდერ ჰარინდერპალ სინგჰის წინააღმდეგ „პარტიის წევრებში შუღლის სავარაუდო გაღვივების“ ბრალდებით. პოლიციამ ისინი გაათავისუფლა „დაახლოებით საათნახევრის შემდეგ“ და უფლება მისცა, გაეგრძელებინათ დემონსტრაცია.

იმავე წყაროს ინფორმაციით, 2018 წლის 20 მარტს SAD (B) და BJP პარტიის რამდენიმე ლიდერი, მათ შორის სუკჰბირ სინგჰ ბადალი დააკავეს, როდესაც საპროტესტო დემონსტრაცია ძალადობრივ მარშად გადაიქცა. პარტიის ლიდერები მოუწოდებდნენ აქტივისტებს, რომ დაეცვათ დისციპლინა და „არ მიემართათ ძალადობისთვის“, თუმცა, მათი მოწოდება უშედეგო გამოდგა.

ინდოეთის საარჩევნო კომისიის მიხედვით, პარტიის სიმბოლოს წარმოადგენს ორივე მხარეს გაწონასწორებული სასწორი, რომელიც „როგორც წესი, გამოსახულიამოლურჯო-მოშავო ოთხკუთხედ დროშაზე“.

შირომანი აკალი დალ (ამრიტსარ) (SAD (A)) – მსოფლიოს პოლიტიკური სახელმძღვანელოს 2016-2017 წლის გამოშვების მიხედვით, SAD (A) პარტია ჩამოყალიბდა 90-იანიწლების შუა ხანებში სიმრანჯჰიტ სინგჰ მანნის მიერ, რომელსაც სახელმძღვანელო ახასიათებს, როგორც „რადიკალს“. 2017 და 2018 წლების მდგომარეობით, წყაროების ინფორმაციით, პარტიის ლიდერი კვლავ მანნი არის.

მსოფლიოს პოლიტიკური სახელმძღვანელოს მიხედვით, პარტია ასევე ცნობილია სახელით SAD (M). იმავე წყაროს ინფორმაციით, 2013 წლის მარტში პენჯაბის ერთ-ერთი რეგიონ – მალვაში არსებული SAD (A)-ს წარმომადგენლობა და ადგილობრივი ლიდერები შეუერთდნენ SAD (B) პარტიას.

პარლამენტში წარმომადგენლობის კუთხით სიტუაცია შემდეგია: პარტიამ მონაწილეობა მიიღო 2017 წლის პენჯაბის ასამბლეის არჩევნებში, იბრძოდა 54 მანდატისთვის, თუმცა, საბოლოოდ ვერც ერთი ვერ მიიღო. წყაროთა ინფორმაციით, პარტიას არჩვენები არ მოუგია 1999 წლიდან მოყოლებული, როდესაც მანნი აირჩიეს პარლამენტის წევრად.

რაც შეეხება პარტიის იდეოლოგიას და მიზნებს, წყაროები უთითებენ, რომ SAD (A) იბრძვის ხალისტანის ანუ სიკჰთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისთვის.  მედია საშუალება Asian News International ცნობით, 2014 წელს მანნმა განაცხადა, რომ „აუცილებელია ხალისტანის სახელმწიფოს შექმნა, რომელიც შეასრულებს ჩინეთს, ინდოეთსა და პაკისტანს შორის ბუფერული სახელმწიფოს ფუნქციას“.

ასისტენტ პროფესორი ჩიმას განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პარტია მხარს უჭერს ხალისტანის დამოუკიდებლობას, ის არის „არა-ძალადობრივი სეპარატისტული პარტია“ და აღნიშნული მიზნის მიღწევას ცდილობს პოლიტიკური გზებით.

მედია საშუალება Hindustan Times-ის მიხედვით, დამოუკიდებელი ხალისტანისთვის ბრძოლის იდეა „საჯარო სივრციდან ნელ-ნელა გაქრა“ და მანნმა დაკარგა ის ფართო მხარდაჭერა, რომლითაც სარგებლობდა 1980-1990-იან წლებში.

პროფესორმა ჩიმამ კვლევით დირექტორატთან სატელეფონო ინტერვიუსას განაცხადა, რომ SAD (A) პარტიასა და SAD (B) პარტიას შორის ურთიერთობა დაძაბულია, რადგან პირველს უკანასკნელი სიკჰი ხალხის პოლიტიკური ინტერესების „ზედმეტად სუსტ“ დამცველად მიაჩნია. SAD (A)-ს აქტივისტები ხშირად არეულობას ქმნიან SAD (B) და მისი მოკავშირე BJP პარტიების დემონსტრაციებისას. აღნიშნული არეულობებისას, იყო შემთხვევები, როდესაც SAD (A) პარტიის  აქტივისტები „ცემეს“ ან პოლიციამ დააკავა. ამას გარდა, SAD (A)-ს წევრებს, თავის მხრივ, SAD (B)-ს წევრები და მხარდამჭერებიც „უხეშად ეპყრობიან“.[1]

კანადის იმიგრაციის და ლტოლვილთა საკითხების საბჭო 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში სახელწოდებით – „ინდოეთი: პოლიტიკური პარტია „შირომანი აკალი დალ ამრიტსარ“ (SAD (A)) წერდა, რომ წარსულში Shiromani Akali Dal იყო სიკჰთა მთავარი პოლიტიკური პარტია პენჯაბში, თუმცა, 1960-70-იან წლებში დაიშალა რამდენიმე ნაწილად. უშუალოდ Shiromani Akali Dal (Amritsar) 1984 წელს ძირითად პარტიას გამოეყო და დაფუძნდა, მას შემდეგ, რაც მოხდა ოპერაცია „ლურჯი ვარსკვლავი“ (ინდოეთის სპეც. სამსახურების მიერ ამრიტსარში სიკჰთა წმინდა სალოცავზე –  „ოქროს ტაძარზე“ განხორციელებული სპეც. ოპერაცია, რომლის მიზანიც იყო სიკჰური შეიარაღებული ჯგუფის ლიდერის – Jarnail Singh Bhindranwale-სა და მისი მხარდამჭერების იქიდან გაძევება). 1988-94  წლებში პარტია ცნობილი იყო სახლეწოდებით Akali Dal Mann, თუმცა, შემდგომ გადაირქვა სახელი Shiromani Akali Dal (Amritsar)-ად. პარტიის ლიდერი დღემდე არის Simranjit Singh Mann.[2]

პოლიტიკური პარტიის “აკალი დალ” წევრების და მათი ოჯახის წევრების მდგომარეობა.

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში, ინფორმაცია პარტია „აკალი დალ“ წევრების ან/და მათი ოჯახების მიმართა არსებულ პრობლემებსა  თუ უფლებადარღვევებზე, შედარებით მწირი იყო.

გამომდინარე იქიდან, რომ SAD (B) პარტია წარმოადგენს კონსტიტუციურ, პოლიტიკურ პარტიას, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს ინდოეთის მთლიანობას, ზემოხსენებული ანგარიშის მიხედვით, მისი წევრები „პოლიტიკურ დევნას“ არ ექვემდებარებიან. რაც შეეხება SAD (A)-ს, მათი მდგომარეობა შესაძლოა განსხვავებული იყოს, რადგან ისინი მხარს უჭერენ სიკჰების სახელმწიფოს – ხალისტანის ინდოეთისგან გამოყოფას. ყოფილა შემთხვევები, როდესაც არაერთი SAD (A) წევრი დროებით დაუკავებიათ.[3]

კანადის იმიგრაციის და ლტოლვილთა საკითხების საბჭო 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში სახელწოდებით – „ინდოეთი: პოლიტიკური პარტია „შირომანი აკალი დალ ამრიტსარ“ (SAD (A)) წერს, რომ წყაროთა მიხედვით, პირები, რომლებიც ღიად მხარს უჭერენ დამოუკიდებელი ხალისტანის იდეას, პოლიციის მონიტორინგს ექვემდებარებიან. მათ ასევე ხშირად უყენებენ ბრალს ტერორიზმის ბრალდებით, რაც შესაძლებელია რამდენიმე წლიანი წინასწარი პატიმრობით დასრულდეს მანამდე, სანამ შესაბამისი მტკიცებულებების არაარსებობის გამო, საბოლოოდ, გაათავისუფლებენ. მაგალითად, ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, 2019 წლის თებერვალში 3 სიკჰ პირს, რომლებიც ასოცირებულნი იყვნენ ინდოეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხულ Babbar Khalsa International-თან (BKI), უვადო პატიმრობა მიუსაჯეს იმის გამო, რომ ფლობდნენ ხალისტანის მხარდამჭერი ტექსტების შემცველ წიგნებს.

ამას გარდა, წარსულში, პარტიის აქტიური წევრები არაერთხელ დაუკავებიათ „პრევენციული მიზნით“ რომელიმე კონკრეტული დიდი მოვლენის ან აქციის (მაგალითად, ოპერაცია ლურჯი ვარსკვლავის წლისთავის) წინ და დაუქვემდებარებიათ რამდენიმედღიანი თავისუფლების აღკვეთისთვის. თუმცა, წყაროს განმარტებით, SAD (A)-ს წევრების დაკავება ან პოლიციის მიერ მათი არასათანადო მოპყრობა არ არის სისტემატური ან მუდმივი ხასიათის, არამედ – როგორც წესი, პირადი ხასიათის. წყაროს მიხედვით, ზოგადად, ინდოეთში პოლიტიკური მოვლენები ხშირად პირადული ხასიათისაა და პოლიტიკა ხშირად ხდება პირადი შუღლის განხორციელების ინსტრუმენტი. შესაბამისად, ისეთი პარტიების წევრები, რომლებიც ძალაუფლებას არ ფლობენ (მაგ. SAD (A), უფრო მოწყვლად კატეგორიას წარმოადგნენ შესაბამისი ორგანოების მხრიდან არასათანადო მოპყრობის კუთხით.

ანგარიშში ასევე საუბარია კონკრეტულ ინციდენტებზე, სადაც მონაწილეობდნენ პარტიის წევრები:

  • 2019 წლის 11 დეკემბერს SAD (A)-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარტიის 150-ზე მეტი წევრი, მათ შორის, ერთ-ერთი ლიდერი – ემაან სინგჰ მანნი, დააკავეს მას შემდეგ, რაც მათ გააპროტესტეს „ინდოეთის ბიზნესის სკოლის“ მიერ K.P.S. Gill-ს შესახებ სემინარის გამართვა. პარტიის წევრების აზრით, K.P.S. Gill იყო დამნაშავე და პასუხისმგებელი მთელ რიგ უფლებადარღვევებზე;
  • 2019 წლის 9 დეკემბერს, სხვა დემონსტრანტებთან ერთად, პარტიის წევრებიც გეგმავდნენ „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის“ აღნიშვნას ჯამმუსა და ქაშმირის შტატში. თუმცა, ისინი პოლიციამ შტატის ტერიტორიაზე არ შეუშვა;
  • 2019 წლის 6 მაისს ინდურმა მედია საშუალებამ – United News India გაავრცელა ინფორმაცია, რომ SAD (B) და BJP პარტიების მსვლელობისას, მიმდებარე ტერიტორიაზე SAD (A) წევრებმა გამართეს საპროტესტო აქცია და შავი დროშები გამოფინეს SAD (B) პრეზიდენტის წინააღმდეგ. შედეგად,  რამდენიმე SAD (A) წევრი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს;  [4]

პოლონეთის უცხოელთა საკითხების ოფისის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების (COI) განყოფილება პოლიტიკური პარტია Shiromani Akali Dal (Amritsar)-ს შესახებ 2020 წლის 15 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ პარტია ზოგადად, პარტია Shiromani Akali Dal 1920 წელს დაარსდა, თუმცა, 1984 წელს მას გამოეყო და ცალკედ პარტიად ჩამოყალიბდა Shiromani Akali Dal (Amritsar). პარტია დღესაც აქტიურადაა ჩართული ინდურ პოლიტიკაში, თუმცა, არ სარგებლობს რაიმე სერიოზული მხარდაჭერით პენჯაბის შტატის მოსახლეობაში. ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ პარტიის ვებ-გვერდი და, ასევე – საზღვარგარეთ სიკჰური დიასპორის წარმომადგენლები, მრავალი წლის განმავლობაში ავრცელებდნენ ცნობებს პარტიის აქტივისტებისა და სხვა სიკჰური ორგანიზაციების მომხრეების მასობრივი დაკავებების შესახებ, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია არ იძებნება შესწავლილ სხვა წყაროებში.

თუმცაღა, ანგარიშის მიხედვით, არ უნდა გამოირიცხოს ის ფაქტი, რომ ინდოეთის ხელისუფლება აქტიურად აკვირდება იმ ადამიანებს, ვინც ღიად აფიქსირებენ სეპარატისტულ მისწრაფებებს და მათი კონტროლისთვის იყენებს ისეთ მეთოდებს, როგორიცაა პრევენციული ხასიათის დაკავება კონკრეტული დემონსტრაციების წინ ან დროებითი დაკავება.[5]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში,სხვა დამატებითი ინფორმაცია პარტია „აკალი დალ“ წევრების ან/და მათი ოჯახების მიმართა არსებულ მასობრივ პრობლემებსა  თუ უფლებადარღვევებზე, არ იძებნება.

[1] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, India: The Shiromani Akali Dal (SAD) political party, including differences between the SAD (Badal) led by Parkash Singh Badal and the SAD (Amritsar) led by Simranjit Singh Mann; relations with authorities (2016-April 2018), 15 June 2018, IND106096.E, available at: https://www.refworld.org/docid/5b616d634.html [accessed 12 August 2020]

[2] IRB – Immigration and Refugee Board of Canada – “India: The Shiromani Akali Dal (Amritsar) (SAD(A)) [Shiromani Akali Dal (Mann); SAD(M); SAD(Amritsar); Shiromani Akali Dal (Amritsar) (Simranjit Singh Mann)], including origin, structure, leadership, objectives, and activities; requirements and procedures to become a member of the party, including membership cards; treatment of party members and supporters by authorities (2017–June 2020) [IND200258.E]”; published in June 2020; available at

[accessed 26 July 2020]

[3] I Canada: Immigration and Refugee Board of Canada, India: The Shiromani Akali Dal (SAD) political party, including differences between the SAD (Badal) led by Parkash Singh Badal and the SAD (Amritsar) led by Simranjit Singh Mann; relations with authorities (2016-April 2018), 15 June 2018, IND106096.E, available at: https://www.refworld.org/docid/5b616d634.html [accessed 12 August 2020]

[4] IRB – Immigration and Refugee Board of Canada – “India: The Shiromani Akali Dal (Amritsar) (SAD(A)) [Shiromani Akali Dal (Mann); SAD(M); SAD(Amritsar); Shiromani Akali Dal (Amritsar) (Simranjit Singh Mann)], including origin, structure, leadership, objectives, and activities; requirements and procedures to become a member of the party, including membership cards; treatment of party members and supporters by authorities (2017–June 2020) [IND200258.E]”; published in June 2020; available at

[accessed 26 July 2020]

[5] Office For Foreigners (Poland) COI Unit – “Query response on India: The situation of members of the Shiromani Akali Dal party.; published on 15 January 2020; available at

[accessed 12 August 2020]