ისლამიდან ქრისტიანობაზე კონვერტირებულ პირთა მიმართ დამოკიდებულება – ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი 2019 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერდა, რომ ისლამიდან სხვა რელიგიებზე კონვერტირებული პირების მიმართ, ზოგადად, მთავრობის მხრიდან ადგილი არ აქვს ძალადობას, დაკავებასა თუ რაიმე ტიპის მონიტორინგს. თუმცა, ისინი შესაძლოა დაექვემდებარონ მაღალი ხარისხის დისკრიმინაციას საზოგადოების და ოჯახების მხრიდან, რაც როგორც წესი გამოიხატება ისეთი ფორმებით, როგორიცაა: პირის უარყოფა; გაძევება და ზოგჯერ, მის მიმართ ძალადობაც კი. აღნიშნული დისკრიმინაციის ხარისხი კიდევ უფრო მაღალია ქვეყნის შედარებით სასოფლო და ღარიბ რეგიონებში, სადაც საზოგადოება, ზოგადად, შედარებით უფრო კონსერვატიულად არის განწყობილი. დისკრიმინაციის ხარისხი, სავარაუდოდ, ასევე გაიზრდება იმ შემთხვევაშიც, თუ კონვერტირებული პირი რელიგიის პროზელიტიზმს დაიწყებს.
ანგარიშის მიხედვით, ისლამიდან კონვერტირებული პირები, შესაძლოა, წააწყდნენ გარკვეული ხასიათის დაბრკოლებებს რელიგიის კონვერტაციის სახელმწიფოსგან აღიარების კუთხით, რაც შესაძლოა შემდგომში გახდეს პრობლემატური მათ მიერ კონკრეტულ სამთავრობო თუ რელიგიურ სერვისებზე წვდომის კუთხით.[1]
ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ეგვიპტეში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ყოვეწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ეგვიპტის კონსტიტუაცია, ასევე – სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის კოდექსები არ კრძალავენ ისლამიდან განდგომას. კანონის ძალით, ასევე არაა კრძალული რელიგიის პროზელიტიზმი (ქადაგება) და ნებადართულია პირთა მიერ რელიგიის შეცვლა. თუმცა, ეგვიპტის მთავრობა მართალია ცნობს ისლამზე კონვერტაციას, მაგრამ, ამასთანავე, არ აღიარებს ისლამიდან სხვა რელიგიებზე პირთა გადასვლას. ეგვიპტის ადმინისტრაციულ საკითხთა სასამართლომ, 2008 წლის გადაწყვეტილებაში, სადაც ყოფილი მუსლიმი პირი ითხოვდა მთავრობის მიერ მის ქრისტიონობაზე კონვერტაციის აღიარებას, სასამართლომ მხარი დაუჭირა სამთავრობო პოზიციას და დაადგინა, რომ „მთავრობის მოვალეობაა დაიცვას საჯარო წესრიგი ისეთი დანაშაულისგან, როგორიც არის ისლამისგან განდგომა“. აღსანიშნავია, რომ მთავრობა აღიარებს იმ მუსლიმი პირების კონვერტაციის, რომლებიც დაბადებით არ იყვნენ მუსლიმები და შემდგომ მოექცნენ ისლამზე.
ანგარიშში საუბარი არ არის ეგვიპტეში ისლამიდან ქრისტიანობაზე კონვერტირებულ პირთა მიმართ არსებული პრობლემების ან/და უფლებადარღვევების შესახებ.[2]
წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროები, მათ შორის – ავტორიტეტული საერთაშორისო, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, საკუთარ უახლეს ანგარიშებში, არაფერს წერენ ეგვიპტეში ისლამიდან ქრისტიანობაზე კონვერტირებულ პირთა ან მათი ოჯახის წევრთა მიმართ პრობლემების შესახებ.
- ლგბტი თემის წარმომადგენელთა მიმართ დამოკიდებულება
ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ეგვიპტეში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოვეწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით იგივე სქესის პირთა შორის ნებაყოფლობითი სექსუალური კავშირი კრიმინალიზებული არ არის, ის საშუალებას აძლევს პოლიციას, დააკავოს ლგბტი პირები ისეთი ბრალდებებით, როგორიცაა – „პროსტიტუცია“; “აღვირახსნილობა“; „რელიგიური სწავლებების დარღვევა“ და ა.შ. აღნიშნულ დანაშაულთათვის სასჯელი, შესაძლოა, 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთითაც განისაზღვროს. ადგილობრივი უფლებადამცველი ჯგუფის მიხედვით, 2013 წლიდან მოყოლებული, 250-ზე მეტი პირი დააკავეს ზემოხსენებული ბრალდებებით.
ანგარიშის მიხედვით, ხელისუფლება არ იყენებდა ანტი-დისკრიმინაციულ კანონებს, რათა დაეცვა ლგბტი პირები, ხოლო კანონისმიერი დისკრიმინაცია და საზოგადოებრივი სტიგმა ხელს უშლიდა მათ, შეკრებილიყვნენ და საჯაროდ მოეთხოვათ საკუთარი უფლებების დაცვა. ასევე გრძელდებოდა „მედიის უზენაესი საბჭოს“ (ნახევრად-სამთავრობო ორგანო, რომელიც მედიის საკითხებს კურირებს) შეზღუდვა მედიის მიერ ლგბტი პირების და მათი პრობლემების გაშუქების კუთხით. მაგალითად, 21 იანვარს ღაზას სასამართლომ ტელეწამყვან მოჰამედ ალ-გჰიეთის 3000 ეგვიპტური გირვანქის ოდენობით ჯარიმა და 1 წლიანი მძიმე შრომა მიუსაჯა, რადგან მან ინტერვიუ ჩაწერა გეი პირთან. მას „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაში“ დასდეს ბრალი.
ანგარიშის მიხედვით, ადგილი ჰქონდა ლგბტი პირთა და მათ უფლებებზე მომუშავე აქტივისტთა დაკავებისა და მათი დევნის შემთხვევებს, მაშ შორის – პოლიციის მხრიდანაც, რაც ზოგჯერ გამოიხატებოდა ისეთი ფორმებით, როგორიცაა: ფიზიკური თავდასხმა, იძულებითი ქრთამის გადახდა, ლგბტი პირთა შესახებ ინფორმაციის იძულებითი მიწოდება და ა.შ. ანგარიშში ასევე აღნიშნუალია, რომ მთავრობას გააჩნია უფლებამოსილება, ქვეყანაში არ შეუშვას ან ქვეყნიდან გააძევოს ლგბტი უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
ამას გარდა, მთავრობა იყენებდა სოციალურ მედიას, გაცნობის ვებ-გვერდებსა და მობილურ აპლიკაციებს, რათა მოტყუებით „მახეში გაება“ მათ აზრით სავარაუდოდ ლგბტი პირები. აქტივისტების ინფორმაციით, უკანასკნელ ხანებში, იმ ფონზე, რაც ლგბტი თემისთვის ხელმისწავდომი საჯარო შეკრების ადგილების უმრავლესობა დაიხურა, პოლიციის მიერ ზემოხსენებული მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყენება.
ანგარიშის მიხედვით, ინფორმაცია ლგბტი პირების მიმართ საკუთარი სექსუალური იდენტობის გამო სამთავრობო ან კერძო დისკრიმინაციის შესახებ ისეთ სფეროებში, როგორიცაა – დასაქმება; პროფესია; საცხოვრებელი; ჯანდაცვასა და განათლებაზე წვდომა. არ იძებნებოდა. მთავრობა არ დგამდა არანაირ ნაბიჯს, რათა თავიდან აერიდებინა პოტენციური დისკრიმინაცია.[3]
არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International ეგვიპტის შესახებ 2020 წლის ყოველწლიურ ანგარიშში წერდა, რომ მთავრობა აგრძელებდა ლგბტი პირების დაკავებას და მათ სისხსლისამართლებრივ დევნას საკუთარული გენდერული ინდეტობის ან სექსუალური ორიენტაციის გამო. ზოგჯერ, მათ ასევე უქვემდებარებდნენ იძულებით ანალურ და სქესის განმსაზღვრელ ტესტებს, პროცედურებს, რომელიც წამებას უტოლდება. ამას გარდა, იანვარში სასამართლომ მოჰამედ ალ-გჰიეტის ჯარიმა და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მან ტელევიაზიაში ინტერვიუ ჩაწერა გეი მამაკაცი. ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლო გადაწყვეტილების მიზანი ხალხის დაშინება იყო, რათა მათ ლგბტი საკითხებზე საჯაროდ არ იმსჯელონ.[4]
ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი 2019 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტეში ჰომოსექსუალიზმი დანაშაული არ არის, ის მაინც საკმაოდ მკაცრ და ძლიერ სოციალურ ტაბუდ აღიქმება. მაგალითად, 2013 წლის ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ეგვიპტელთა 95 %-ს სჯეროდა, რომ საზოგადოებამ ჰომოსექსუალები უნდა უარყოს. ანგარიშის მიხედვით, პრეზიდენტი სისის ადმინისტრაციის პირობებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა ლგბტი პირების მიმართ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობა და მათი დაკავების შემთხვევები.
დეპარტამენტის დასკვნით, ლგბტი პირები ეგვიპტეში არიან სამთავრობო დისკრიმინაციის მაღალი რისკის წინაშე, რაც როგორც წესი ისეთი მეთოდებით გამოიყენება, როგორიცაა: პოლიციის მიერ ლგბტი პირთა მოტყუებით „მახეში გაბმა“ (გაცნობის ვებ-გვერდების ან აპლიკაციების მეშვეობით); დაკავებები; დევნა და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობა. დეპარტამენტი ასევე ასკვნის, რომ ლგბტი პირების მიმართ საზოგადოების მხრიდანაც მოსალოდნელია მაღალი ხარისხის დისკრიმინაცია, რაც განპირობებულია ტრადიციული მოსაზრებებით და კონსერვატიული შეხედულებებით.[5]
წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროები, მათ შორის – ავტორიტეტული საერთაშორისო, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, საკუთარ უახლეს ანგარიშებში, არაფერს წერენ ეგვიპტეში ლგბტი პირების უშუალოდ ოჯახის წევრთა მიმართ არსებული პრობლემების ან/და უფლებარღვევების შესახებ.
[1] DFAT – Australian Government – Department of Foreign Affairs and Trade – “Country report (overview; political system; human rights; security; asylum claims; complementary protection claims; state protection; returnees; documentation)“; published in June 2019; available at
[accessed 14 August 2020][2] United States Department of State – 2019 Report on International Religious Freedom: Egypt; published in June 2020; available at
[accessed 14 August 2020][3] United States Department of State – “2019 Country Reports on Human Rights Practices: Egypt”; published in March 2020; available at
[accessed 14 August 2020][4] Amnesty International – “Human rights in the Middle East and North Africa: Review of 2019; Egypt”; published in February 2020; available at
[accessed 14 August 2020][5] DFAT – Australian Government – Department of Foreign Affairs and Trade – “Country report (overview; political system; human rights; security; asylum claims; complementary protection claims; state protection; returnees; documentation)“; published in June 2019; available at
[accessed 14 August 2020]