თურქეთი. სავალდებულო სამხედრო სამსახურგისგან თავის არიდება. სექტემბერი, 2020

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო 2019 წლის ივლისში გამოქვეყნებულ ანგარიშში სახელწოდებით „თემატური წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია – სამხედრო სამსახური თურქეთში“  წერდა, რომ თურქული კანონმდებლობის მიხედვით, სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებად შეიძლება ჩაითვალოს 3 ქმედება: 1. რეგისტრაციაზე/სამედიცინო სქრინინგზე არ-გამოცხადება; 2. უშუალოდ სავალადებულო სამხედრო სამსახურის მოსახელად არ-გამოცხადება და 3. დეზერტირობა.

ზემოხსენებული ქმედებებიდან პირველისა და მეორის ჩადენის შემთხვევაში, ანგარიშის მიხედვით, თურქული შესაბამისი სამსახურები იშვიათად თუ იყენებენ სასჯელის ყველაზე უფრო მკაცრ ზომას – პატიმრობას. აღნიშნულისთვის, ყველაზე უფრო გავრცელებული სანქცია ფულადი ჯარიმაა. მათ შორის რელიგიური მოტივით სავალდებულო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო (აღნიშნული თურქეთში არ წარმოადგენს სამხედრო სამსახურისგან გამორიცხვის წინაპირობას), არ გამოიყენება პატიმრობა. თუმცაღა, როდესაც სახეზე არის განგრძობადი ხასიათის, რამდენჯერმე ჩადენილი თავის არიდება, რა თქმა უნდა, იზრდება იმის შანსი, რომ ჯარიმის ნაცვლად, სასჯელის სახით განსაზღვრული იქნება პატიმრობა.

აღნიშნულ ქმედებებს არეგულირებს თურქეთის სამხედრო სისხლის სამართლის კოდექსის 63 მუხლი, რომლის მიხედვითაც, თავის არიდების თარიღად განისაზღვრებად წვევამდელის რეგისტრაცია/სქრინინგზე გამოძახების ან უშუალოდ გაწვევის თარიღები. მუხლის მიხედვით, განსაზღვრულია შემდგომი სასჯელები:

ის პირები, რომლებიც:

  • საკუთარი ნებით, გამოძახებიდან 7 დღის ვადაში გამოცხადდებიან შესაბამის სამსახურებთან, დაექვემდებარებიან მაქსიმუმ 1 თვით თავისუფლების აღკვეთას;
  • ანალოგიური ქმედება, როდესაც წვევამდელი კვლავ საკუთარი ნებით ცხადდება 7 დღის შემდგომ, მაგრამ მაქსიმუმ 3 თვემდე ვადაში, ისჯება 3-დან 12 თვემდე პატიმრობით;
  • ხოლო 3 თვის ვადის გასვლის შემდგომ, საკუთარი ნებით გამოცხადება ისჯება 4 თვიდან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

როდესაც პირი საკუთარი ნებით არ ცხადდება სავალდებულო სამხედრო სამსახურში და მას აკავებენ შესაბამისი სამსახურები, განსაზღვრული სასჯელებია:

  • გამოძახებიდან 7 დღის ვადაში დაკავების შემთხვევაში, 3 თვემდე თავისუფლების აღკვეთა;
  • გამოძახებიდან 7 დღის შემდეგ, მაგრამ 3 თვემდე ვადაში – 4-დან 18 თვემდე პატიმრობა;
  • გამოძახებიდან 3 თვის შემდგომ დაკავების შემთხვევაში – 6 თვიდან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

ანგარიშის მიხედვით, თურქეთის სამხედრო სისხლის სამართლის კოდექსის 50 და 51 მუხლების თანახმად,  სასამართლო უფლებამოსილია, 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთის სასჯელი შეცვალოს ჯარიმით. ამასთანავე, მაქსიმუმ 2 წლამდე პატიმრობის სასჯელი სასამართლომ, საკუთარი დისკრეციის საფუძველზე, შესაძლებელია გადაავადოს.

გთავაზობთ ცხრილს, სადაც დეტალურადაა განსაზღვრული ის ფულადი ჯარიმები, რომლებიც შესაძლოა სასამართლომ მსჯავრდებულს დააკისროს მისი კონკრეტული ქეისიდან გამომდინარე:

რაც შეეხება დეზერტირობას, აღნიშნული ქმედებისთვის გათვალისწინებული სანქციები ანალოგიურია როგორც ახალწვეულთათვის, ასევე – მოქმედი, საკონტრაქტო წესით მომუშავე სამხედრო პერსონალისთვის. შესაბამისად, ის ჯარისკაცები, რომლებიც წინასწარი ნებართვის გარეშე, საკუთარ დანაყოფში 6 დღის განმავლობაში არ გამოცხადდებიან  ან ისინი, რომლებიც შვებულების შემდგომ (მათ შორის, სამედიცინო ჩვენებით შვებულებისას), საპატიო მიზეზის გარეშე, არ ცხადდებიან დანაყოფში 6 დღის განმავლობაში, ითვლებიან დეზერტირებად. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის ზომად განსაზღვრეულია 1-დან 3 წლამდე პატიმრობა. სასჯელი მძიმდება იმ შემთხვევაში, თუ დამნაშავე საზღვარგარეთ მიიმალა და საზღვრის კვეთიდან 3 დღის განმავლობაში დანაყოფში არ დაბრუნდა – კერძოდ, ამისთვის დამნაშავეს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დამამძიმებელი გარემოებებია საზღვარგარეთ დეზერტირობასთან ერთად იარაღის, ტყვია-წამლის, სატრანსპორტე საშუალების ან/და სხვა ტიპის სამხედრო მასალის მოპარვა, რაც 5-დან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება. საკონტრაქტე წესით მომსახურე ოფიცრების მხრიდან დეზერტირობის შემთხვევების დროს, კანონის მიხედვით, განისაზღვრება სასჯელის მაქსიმალური ზომა.

ანგარიშის მიხედვით, იმ დეზერტირების შემთხვევაში, რომლებიც შესაძლოა შესაბამისი სამსახურების მიერ დაკავშირებული იყვნენ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან, შესაძლოა, დეზერტირობასთან ერთად სხვა, შედარებით მძიმე დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს (მაგალითად, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა).[1]

[1] Ministry of Foreign Affairs of Netherlands – “Thematic Country of Origin Information Report Turkey: Military service”; published in July 2019; available at

[accessed 03 September 2020]