ავღანეთი. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება ლოგარის პროვინციაში. სექტემბერი, 2020

ქალ მასწავლებელთა (რომლებიც ასწავლიან გოგონებს) მდგომარეობა ლოგარის პროვინციაში და ზოგადად ავღანეთში – ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) ავღანეთის საგანმანათლებლო სისტემის შესახებ  2020 წლის  20 აგვისტოს მომზადებულ კვლევაში წერდა, რომ ავღანეთის ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით,  2018 წლისთვის არსებული მდგომარეობით, ქვეყანაში იყო 64 533 ქალი მასწავლებელი და 3.4 მილიონი მოსწავლე გოგონა. ანგარიშის მიხედვით, ზოგიერთი წყარო ავრცელებდა ინფორმაციას, რომ თალიბანი, „ხორასნის პროვინციის ისლამური სახელმწიფო“ (ISKP) და ზოგიერთი სხვა შეიარაღებული დაჯგუფება აგრძელებდა გოგონათა სკოლებზე ძალადობრივ თავდასხმებს და, ზოგადად, ეწინააღმდეგებოდა გენდერული თანასწორობის იდეას. ისინი, ზოგჯერ,  საკუთარ კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე, 12 წლის ზემოთ გოგონებს უკრძალავდნენ სკოლებში სიარულს. თუმცა, სხვა წყაროს მიხედვით, ჰერათის პროვინციაში ადგილობრივ უხუცესთან მოლაპარაკებების შემდგომ, თალიბანმა დაუშვა სკოლებში გოგონები მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ყველა მასწავლებელი ქალი იქნებოდა. ამას გარდა, Human Rights Watch ერთ-ერთ ანგარიშში წერდა, რომ თალიბანის განცხადებით, გარდა მასწავლებლებისა, გოგონთა სკოლებში მომუშავე დამლაგებლები და დარაჯებიც აუცილებლად ქალები უნდა ყოფილიყვნენ.

ანგარიშში დამატებით მოცემულია ინფორმაცია თალიბანის დამოკიდებულებაზე ზოგადად განათლების სისტემის მიმართ, რაც 2001-დან 2016 წლამდე საკმაოდ შეიცვალა. თუ ადრეულ პერიოდში თალიბანი უკომპრომისოდ ეწინააღდეგებოდა ზოგადად განათლებასა და სამთავრობო სკოლებს, უკანასკნელ წლებში ეს მიდგომა შეიცვალა. Human Rights Watch 2020 წლის ანგარიშში წერდა, რომ ზოგიერთ პროვინციაში, თალიბანი აკრძალვის მაგირვად, თავად უწევს მეთვალყურეობას სასწავლო პროცესებს. ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული მიდგომა ადგილობრივების მხრიდან ზეწოლის შედეგად შეიცვალა. ორგანიზაციისთვის 2019 წელს მიცემულ ინტერვიუში, თალიბანის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ამბობდა, რომ ისინი ითვალისწინებდნენ ადგილობრივ ნორმებს. „კუნდუზში, სამანგანსა და ლოგარში ადგილობრივები ემხრობიან გოგონათა განათლების იდეას. თუმცა, მაგალითად, ურუზგანსა და ჰელმანდში ეს ასე არაა. შესამისად, ჩვენ ვერ დავაწესებთ ერთნაირ წესებს ავღანეთის ყველა პროვინციაში“. მიუხედავად ამისა, წყაროთა უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ 2018 წლიდან მოყოლებული თალიბანი კვლავაც განაგრძობდა საგანმანათლებლო დაწესებულებებზე თავდასხმას, აღიქვამდა რა მათ, როგორც სამთავრობო კონტროლის ერთ-ერთ ფორმას. ანგარიშში ასევე მოცემული იყო კონკრეტული შემთხვევა ლოგარის პროვინციაში, სადაც 2019 წლის ოქტომბერში თალიბანმა დახურა მთავრობის მიერ დაფინანსებული 29 „მადრასა“ (მეჩეთებთან არსებული რელიგიური პროფილის სკოლები), რადგან ისინი თანხვედრაში არ მოდიოდა ჯგუფის პრინციპებთან. შედეგად,  2600 მოსწავლე, მათ შორის – 900 გოგონა, განათლების მიღმა დარჩა.

რაც შეეხება უშუალოდ სკოლებში მომუშავე პერსონალის მიმართ დამოკიდებულებას, ანგარიშის მიხედვით, UNAMA-მ 2019 წელს აღწერა 29 ძალადობრივი ინციდენტი, რომელთა ფარგლებშიც ანტი-სამთავრობო ჯგუფებმა გამიზნული თავდასხმები მოაწყვეს სკოლებსა და იქ მომუშავე პირებზე, გაიტაცეს მასწავლებლები, დაწვეს სკოლები, თავს დაესხნენ გოგონა მოსწავლეებს და ა.შ. ანგარიშში, შესაბამისად, მოყვანილია არაერთი კონკრეტული შემთხვევა, რომელთა ფარგლებშიც ადგილი ჰქონდა ზემოხსენებულ დანაშაულებს. უფრო დეტალურად, უშუალოდ ქალ მასწავლებლებზე, ანგარიშში ინფორმაცია არ არის.[1]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ავღანეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ქვეყანაში მოქმედ სკოლათა მხოლოდ 16 % არის უშუალოდ გოგონების. თალიბანი, საკუთარ კონტროლირებად ტერიტორიაზე ემუქრებოდა და  თავს ესხმოდა სკოლებს, მოსწავლეებს (განსაკუთრებით, გოგონა მოსწავლეებს) მასწავლებლებსა და სკოლებში მომუშავე სხვა პერსონალს. ადგილი ჰქონდა როგორც ვაჟთა, ასევე – გოგონათა სკოლების გადაწვის ფაქტებსაც. გარდა შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან თავდასხმებისა და მუქარებისა, ის მთავარი ფაქტორები, რაც ხელს უშლიდა ავღან გოგონებს სათანადო საშუალო განათლების მიღებაში იყო: სიღარიბე; ადრეულ ასაკში ან/და იძულებითი ქორწინებები; სკოლებში ქალი მასწავლებლების ნაკლებობა და ა.შ. [2]

სხვა დამატებითი ინფორმაცია კონკრეტულად ქალი მასწავლებლების მიმართ არსებულ პრობლემებზე უშალოდ ლოგარის პროვინციაში, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში არ იძებნება,

ლოგარის პროვინციაში (ქ. ბარაქი) უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა; – პროვინციაში თალიბანის აქტიურობა.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისმა 2020 წლის 4 აგვისტოს გამოაქვეყნა განახლებული რუქა, სადაც აღწერილია მოგზაურთათვის ავღანეთში მოგზაურობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული რჩევები. რუქაზე წითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ საერთოდ არ იმოგზაურონ;  ყვითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ იმოგზაურონ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში; მწვანე ფრად აღნიშნულია ზონა, სადაც მოგზაურობა ნებადართულია რჩევების გათვალისწინებით.

როგორც რუქაზე ჩანს, მხოლოდ რამდენიმე ადგილია (ქაბულის გაძლიერებული უსაფრთოების ზონა; ქაბულის საერთაშორისო აეროპორტი; პანჯშირის პროვინცია და ქალაქი ბამიანი) ისეთი, სადაც, რეკომენდაციების თანახმად, მოქალაქეებს მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის დროს შეუძლიათ მოგზაურობა. ოფისი მოუწოდებს ბრიტანელ მოგზაურებს, უსაფრთხოების კუთხით არსებული მძიმე და საშიში სიტუაციის გამო, კატეგორიულად შეიკავონ თავი ავღანეთის სხვა ნაწილებში (მათ შორის, ლოგარის პროვიციაში) მოგზაურობისგან.[3]

ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC –  „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას (Rule of Law in Armed Conflicts) მიხედვით, ავღანეთში უკვე რამდენიმე ათწლელულია, რაც შეიარაღებული კონფლიქტები არ წყდება. ქვეყნის მთავრობა, რომელსაც მხარს შეერთებული შტატები უჭერს, აგრძელებს შიდა ტიპის კონფლიქტს ავღანური თალიბანისა და სხვა შეიარაღებული ჯგუფების, მათ შორის – ახლადდაფუძნებული ტერორისტული ორგანიზაცია – „ისლამური სახელმწიფოს ხორასნის ფრთის“ წინააღმდეგ.[4]

„გაეროს ავღანეთის ასისტირების მისიის“ (UNAMA) 2019 წლის შემაჯამებელი ანგარიშში, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის ფარგლებში სამოქალაქო პირთა დაცვას ეხება, მოცემულია რუქა ავღანეთში მიმდინარე წელს მომხდარი უსაფრთხოების კუთხით ინციდენტების სიხშირისა და შედეგად დამდგარი სამოქალაქო მსხვერპლის შესახებ.

რუქის მიხედვით, ტენდენცია შენარჩუნებულია და 2019 წელსაც, ყველაზე მეტი დანაკარგი ქაბულის პროვინციაშია (1563). ასევე საკმაოდ დიდი მსხვერპლი ფიქსირდება ნანგარჰარის პროვინციაში (1070 გარდაცვლილი). ამას გარდა, დანაკარგების საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით, ასევე გამოირჩეოდა ჰელმანდის, გჰაზნისა და ფერიაბის პროვინციებში. რუქის მიხედვით, ავღანეთის აბსოლუტურად ყველა პროვინციაში ფიქსირდებოდა უსაფრთხოების კუთხით არსებული ინციდენტები, რომელთაც, თითქმის ყოველთვის, სამოქალაქო მსხვერპლი ახლდა თან.

ანგარიშში მოცემული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში, უშუალოდ ლოგარის პროვინციაში ძალადობრივ ინციდენტებს (მათ შორის, საჰაერო დაბომბვებსა და შეტაკებებს) 95 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 123 – დაშავდა. აღნიშნული რიცხვი (ჯამში 218 სამოქალაქო დანაკარგი), წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 52 %-ით მაღალია.[5]

ავსტრიის წარმშობის ქვეყნისა და თავშესაფრის კვლევისა და დოკუმენტირების ცენტრი (ACCORD) 2020 წლის 23 ინვისს მომზადებულ ანგარიშში წერდა ავღანეთში უსაფრთოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე. ანგარიშის მიხედვით,  2019 წლის განმავლობაში, ლოგარის პროვინციაში 415 ძალადობრივი ინციდენტი დაფიქსირდა, რასაც  ჯამში 985 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინციდენტები, სხვა ლოკაციებთან ერთად, ასევე დაფიქსირდა ქ. ბარაქ ბარაქშიც. ინციდენტების უმრავლესობა თალიბანის და სხვა ანტი-სამთავრობო დაჯგუფებების ქმედებებთან იყო დაკავშირებული.[6]

არასამთავრობო ორგანიზაცია „Center for Strategic and International Studies” (CBIS) ავღანეთის შესახებ ანგარიშში წერდა, რომ  2019 წლის განმავლობაში, თალიბანმა ა.შ.შ. საჰაერო დაბომბვების გამო, საკმაოდ დიდი ზარალი განიცადა. დაიღუპა შეიარაღებული ჯგუფის არაერთი ლიდერი. მათ შორის, აღსანიშნავია 2019 წლის 28 ივნისს ლოგარის პროვინციის „ჩრდილოვანი მმართველის“ (Shadow Governor) – ჰაჯი ლალას დაღუპვა. ასევე, ლოგარის პროვინციაში მდებარე აზრას დასახლების ადგილობრივი მეთაურის – მალავი მოჰამადულლაჰის მკვლელობაც.

ანგარიშში ასევე საუბარია, რომ 2020 წლის „სეზონისთვის“ თალიბანი ზამთრის დადგომისთანავე მოემზადა და ახალი მეთაურები გადაანაწილა მთელ რიგ პროვინციებში, მათ შორის – ლოგარში. გარდა თალიბანისა, ანგარიშის მიხედვით, ლოგარში საკმაოდ აქტიურია დაჯგუფებები: ალ-ქაიდა და Haqqani Network.[7]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში, სხვა დამატებითი ინფორმაცია უშუალოდ ქალაქ ბარაქში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, არ იძებნება.

[1] EASO – „Afghanistan: Education sector: personnel and students“; published on 20 August 2020; available at

[accessed 7 September 2020]

[2] United State Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Afghanistan; published on 11 March 2020; available at

[accessed 7 September 2020]

[3] United Kingdom Foreign and Commonwealth Office – Foreign travel advice Afghanistan; published on 21 April 2020; available at https://www.gov.uk/foreign-travel-advice/afghanistan [accessed 7 September 2020]

[4] Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts; available at http://www.rulac.org/browse/map [accessed 7 September 2020]

[5] UNAMA – Afghanistan – Protection of Civilians in Armed Conflict 2019; published in February 2020; available at

[accessed 7 September 2020]

[6] ACCORD – Austrian Centre for Country of Origin and Asylum Research and Documentation – „AFGHANISTAN, JAHR 2019: Kurzübersicht über Vorfälle aus dem Armed Conflict Location & Event Data Project (ACLED); published on 29 June 2020; available

  [accessed 7 September 2020]

[7] Center for Strategic and International Studies (CBIS) – “Afghanistan: The prospect for a Real Peace”; published on 7 July 2020; available at

[accessed 7 September 2020]