ინდოეთი. კათოლიკე ქრისტიანთა მიმართ არსებული დამოკიდებულება. სექტემბერი, 2020

კათოლიციზმი – ონლაინ-პორტალ Christianity.com მიხედვით, რომის ეკლესია, რომელიც მოგვიანებით რომანული კათოლიციზმის ცენტრი გახდა, მოციქულთა დროს (30-95 წლებში) დაარსდა. იმის გამო, რომ ბევრი ცნობის მიხედვით, მოციქულები პეტრე და პავლე, ორივე რომში ქადაგებდა და რომ პალვე რომში მოწამეობრივად დაიღუპა, ბუნებრვია, დროთა განმავლობაში, რომი ქრისტიანთთვის მნიშვნელოვანი მოსალოცი ადგილი გახდა, ხოლო რომის ეპისკოპოსმა დასავლეთში დიდი გავლენა მოიპოვა.

კათოლიციზმის ისტორიაში უმნიშნველოვანესი მომენტია 1054 წელს მომხდარი სქიზმა (გაყოფა), რის შედეგადაც, ქრისტიანული სამყარო ორად გაიყო: რომანული კათოლიკე ეკლესია და აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესია. სქიზმა განპირობებული იყო ორი ძითადადი მიზეზით: 1. მხარეები ვერ თანხმდებოდნენ პაპის გავლენასა და როლზე ქრისტიანულ სამყაროში; 2.ფილიოკვეს მუხლი ნიკეის კრედოდან – კათოლიკეებს სჯერათ, რომ სული წმინდა მომდინარეობს როგორც მამა ღმერთის, ასევე – ძე ღმერთისგან;  ხოლო მართლმადიდებლებს მიაჩნიათ, რომ ის მხოლოდ მამა ღმერთისგან მოდის.

როგორც მართლმადიდებლებსა და პროტესტანტ ქრისტიანებს, ასევე – კათოლიკე ქრისტიანებს სჯერათ წმინდა სამებისა და იესოს, როგორც ღმერთის ცნებების. თუმცა, არსებობს კონკრეტული საკითები, რასაც კათოლიკე ეკლესია სხვებისგან განსხვავებულად მიიჩნევს:

  • კათოლიკე ეკლესიის სწავლებების მიხედვით, მხოლოდ ის არის ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესია. ეს დაკავშირებულია პაპის ინსტიტუტთანაც, რადგან სწორედ ის ზის წმ. პეტრეს ტახტზე და წარმოადგენს იესოს „ვიკარს“ (ნაცვალს) დედამიწაზე;
  • რომან კათოლიკეებს სჯერათ „განსაწმენდელის“. ეს არის სიცოცხლის შემდგომი მდგომარეობა, რომლის დროსაც ქრისტიანები განიწმინდებიან საკუთარი ცოდვებისგან, როგორც წესი – ტანჯვის მეთოდით. აღნიშნული საკუთარ თავში ასევე მოიაზრებს სასჯელს იმ დანაშაულებისთვის, რასაც ადამიანი საკუთარი ცხოვრებისას ჩადიოდა;
  • რომანული კათოლიკე ეკლესია საკუთარი ღვთისმსახურებისგან მოითხოვს, რომ მათ ქორწინებისგან თავი შეიკავონ;
  • ტრანსუბსტანტაცია – ეს არის რწმენა, რომ როდესაც მღვდელი შესაბამის ლოცვას წარმოთქვამს, ზიარებისას მისაღები ღვინო და პური გადაიქცევა ქრისტეს სისხლად და ხორცად;
  • კათოლიკეებს ასევე სჯერათ ღვთისმშობელი მარიამის „უმწიკვლო ჩასახვის“ (რომ ის, ისევე როგორც – იესო ქრისტე, დაიბადა ადამის ცოდვისგან თავისუფალი);

კათოლიკეები აღიარებენ 7 საღმრთო საიდუმლოს: ნათლისღება, მირონცხება, ზიარება, სინანული, მღვდლობა, ქორწინება და ზეთის კურთხევა.[1]

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით, კათოლიციზმი არის რომის პაპსა და კონსტანტინეპოლის პატრიარქს შორის 1055 წელს განხეთქილების შედეგად წარმოქმნილი ქრისტიანული მიმდინარეობა, რომლის მეთაურია რომის პაპი. დიდი სქიზმის შემდეგ რომის ეკლესიის მრწამსი და პრაქტიკა, აღმოსავლეთის ეკლესიათა მრწამსსა და ტრადიციასთან მიმართებით, ცალკე კონფესიად იქნა გააზრებული. ამიტომ, ამ ეკლესიის ტერიტორიული საზღვრები მოიშალა და 1054 წლიდან იგი ყველგან არსებობს, სადაც კი მისი მრწამსისა და ტრადიციის მიმდევრები სახლობენ. აღნიშნული ეპოქიდან (XI-XIII სს.) ათოლიკობის დედამიწის ნებისმიერ მხარეში გასავრცელებლად მისიონერობა დაიწყო. სახელწოდება შინაარსს ამ შემთხვევაში ზუსტად გადმოსცემს, – რომაულ ეკლესიას კათოლიკეობის მძაფრი განცდა ახასიათებს. იგი მონოლითური და ცენტრალიზებული ეკლესიაა, როგორც კანონიკური წყობის, ისე დოქტრინალური თვალსაზრისით.

კათოლიკების საერთო რიცხვმა 2000 წელს მილიარდს გადააჭარბა. მათ ღვთისმსახურების სხვადასხვა წესი ანუ ტიპიკონი (რიტი, რიტუალი) აქვთ. ძირითადია ლათინური წესი. ამ წესის მიმდევრებს ბევრ ქვეყანაში ფრანგებს ეძახიან. არსებობენ აგრეთვე ბიზანტიური (ბერძნული), სომხური, ქალდეურ-ასირიული და კიდევ სხვა წესის კათოლიკები. პრაქტიკის სხვადასხვაობა მათი რწმენის ერთიანობას ხელს არ უშლის. კათოლიკური ეკლესიის ცენტრი დღეს ვატიკანია, რომელიც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით სარგებლობს.

დღემდე კათოლიკურმა ეკლესიამ ოთხი სპეციფიკური დოგმატი გამოიმუშავა, ესენია:

  1. ფილიოკვე. ესაა ლათინური სიტყვა და ნიშნავს „ძისაგანაც“, „და ძისაგანაც“, რომელიც ჩამატებულია რწმენის სიმბოლოს მე-8 მუხლში. ამდენად ფილიოკვე ამ მუხლის ინტერპოლაციაა. გამოთქმა „სული გამოდის მამისაგან და ძისაგან“ პირველად ტერტულიანესთან გვხვდება (II-III სს.), შემდეგ – ბევრ სხვა მამასთანაც – როგორც ლათინურენოვან (მაგ. ნეტარი ავგუსტინე), ისე ბერძნულენოვანებთან (წმ. ათანასე ალექსანდრიელთან, გრიგოლ ნოსელთან, კირილე ალექსანდრიელთან, მაქსიმე აღმსარებელთან და სხვ.).
  2. პაპის უცდომელობა. დოგმატი პაპის უცდომელობის ანუ შეუმცდარობის (და არა უცოდველობის) შესახებ გულისხმობს კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელის მიერ ეკლესიის სახელით დოგმატისა და მორალის საკითხებზე სამქადაგებლო კათედრიდან (ექს-კათედრა) გაკეთებული განცხადებების შეუმცდარობის რწმენას.

III-IV. ორი მარიოლოგიური დოგმატი: ა) ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახება. ეს რწმენა დოგმატად პაპმა პიუს IX-მ 1854 წელს ჩამოაყალიბა და დღესასწაულიც დააწესა – მარიამის უმანკო ჩასახება (8 დეკემბერი). იესომ პირველცოდვა უბიწოდ ჩასახვის გზით აღხოცა. მარიოლოგიური დოგმატით, იესოს უბიწოებისათვის აუცილებელი იყო მისი უბიწო სხეულში ჩასახვა. შესაბამისად, მარიამი ყოვლითურთ, ჩასახვისთანავე, უბიწო უნდა ყოფილიყო. ამის გამო მარიამს პირველცოდვის დაღი არ მიჰკარებია, იგი საშოშივე, ჩასახვის წამიდანვე, უფალმა წმიდა ჰყო.

ბ) ღვთისმშობლის ამაღლება, რომელიც დოგმატის სახით პაპმა 1950 წელს ჩამოაყალიბა.[2]

აღმსარებლობით ქრისტიანი კათოლიკეების (რომანული კათოლიკე) მდგომარეობა ინდოეთში. სახელმწიფო დაცვა.

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ინდოეთში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 2.3 % არის ქრისტიანი. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ბინადრობის დააახლოებით 103 მილიონი „დამოკიდებული კასტის“ (ინდოეთის კასტობრივ სისტემას მიღმა მყოფი, ყველაზე დაბალი სოციალური დონის წარმომადგენელთა ჯგუფი) წევრი, რომელთაგან, დაახლოებით მესამედი კონვერტირებულია ქრისტიანობაზე. ქრისტიანები თითქმის მთლიანი ქვეყნის მასშტაბით ბინადრობენ, თუმცა, მათი შედარებით დიდი ნაწილი კონცეტრირებულია ქერალას, თამილ ნადუსა და გოას შტატებში. სამ, შედარებით მცირე ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე შტატში ქრისტიანები უმრავლესობაში არიან, ესენია: ნაგალანდი (90 %); მიზორამი (87 %); და მეგჰალაია (70 %). ინდოეთის ფედერალური კანონმდებლობის თანახმად, სხვა 5 რელიგიურ ჯგუფთან ერთად, ქრისტიანობის მიმდევრებსაც გააჩნიათ რელიგიური უმცირესობის სტატუსი.

ქვეყნის 28 შტატიდან 9-ში არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს რელიგიებს შორის კონვერტაციას. აღნიშნული შტატებია: არუნაჩალ პრადეში; ჩჰატისგარჰი; გუჯარათი; ჰიმაჩალ პრადეში;  ჯჰაკჰანდი; მადჰია პრადეში; ოდიშა; რაჯასტჰანი და უტარახანდი. აღნიშნული შტატების უმრავლესობაში, იკრძალება „იძულებით“; „ცდუნებით“ და “თაღლითობით“ პირის კონვერტაცია. ზოგიერთ მათგანში, კონვერტაციისას აუცილებელია სათანადო შეტყობინების გაგზავნა მთავრობის შესაბამის ორგანოსადმი, რომელსაც ფაქტზე მოკვლევის დაწყების უფლება აქვს. კანონდამრღვევებს და ზოგიერთ შემთხვევაში, იმ მისიონერებს ან სხვა პირებს, რომლებიც აქეზებენ და კონვერტაციისკენ მოუწოდებენ პირებს, ემუქრებათ სხვადასხვა ხასიათის სანქცია, რომელიც თითოეულ შტატში განსხვავებულია, თუმცა, როგორც წესი ფულადი ჯარიმას ან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც კი მოიცავს.  აღნიშნული შტატების უმრავლესობის შემთხვევაში, დანაშაულის დამამძიმებელი გარემობაა, როდესაც კონვერტაციის მონაწილე პირი არასრულწლოვანია ან ისტორიულად ჩაგრული კასტის ან ტომის წევრია.

ანგარიშის მიხედვით, ძირითადად უტტარ პრადეშისა და ჯჰარკანდის შტატებში, ადგილი ჰქონდა ქრისტიანთა დაკავებას პოლიციის მიერ სხვადასხვა მიზეზით, ყველაზე ხშირად კი – სავარაუდო იძულებითი კონვერტაციების, „ჰინდუიზმზე სიყალბის გავრცელების“, ჰინდუსთა დღესასწაულებზე ფულადი დახმარების არ-გაწევისთვის და სხვა. ამავე სექციაში საუბარია ქრისტიანი პასტორების დროებითი დაკავებისა და ჰინდუს ნაციონალისტთა ჯგუფების მიერ ქრისტიანთა წირვების ჩაშლის რამდენიმე შემთხვევაზე.

რაც შეეხება ქრისტიანთა და კონვერტირებულ ქრისტიანთა მიმართ საზოგადოებრივ დამოკიდებულებას, ანგარიშში საუბარია კონკრეტულ შემთხვევებზე, როდესაც ძირითად ჰინდუსი ნაციონალისტური მოძრაობები და დაჯგუფებები (VHP; RSS) თავს ესხმოდნენ; ძალადობდნენ  ან/და სხვა მეთოდებით ავიწროებდნენ კონკრეტული რელიგიის წარმომადგენელ (ძირითადად, ქრისტიან) პირებს ან/და იმ პირებს, რომლებიც აღნიშნულ რელიგიებზე კონვერტირდნენ. აღნიშნული შევიწროებები და პრობლემები განპირობებული იყო იმით, რომ მათი თქმით, ქრისტიანები და სხვა რელიგიის წარმომადგენლები იძულებით ან მოტყუებით ცდილობდნენ ჰინდუსების კონვერტაციას. აღნიშნულ ინციდენტებში, პოლიცია და სასამართლო სისტემა, მათ მიმართ, ზოგჯერ, მიკერძოებული იყო.

მაგალითად,  22 სექტემბერს, ჯჰარკანდში მდებარე სოფელ სუარში 3 დაბალი კასტის წარმომადგენელი ქრისტიანი ცემეს სოფლის ბაზარში ძროხის ხორცის სავარაუდო გაყიდვის ფაქტზე. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენმა ორმა მძიმე დაზიანებები მიიღო. პოლიციამ, აღნიშნულ დანაშაულზე 5 პირი დააკავა.

27 აგვისტოს, ჯჰარკანდში მცხოვრები დალიტი, სახელად პარვატი დევი ქმრის ნათესავებმა მოკლეს, რადგან წყვილი ქრისტიანობაზე კონვერტირდა.

14 ივლისს ჰინდუსი რადიკალური ჯგუფები თავს დაესხნენ 8 ქრისტიანულ ოჯახს ჯჰარკანდის შტატის სოფელ ბელჩორში, რის შედეგადაც, რამდენიმე პირი მძიმე დაშავდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ADF India-ს მიხედვით, წლის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა დენომინაციის ქრისტიანთა მიმართ ბრბოს ძალადობრივი თავდასხმის 300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. სხვა არასამთავრობო – Persecution Relief წერდა, რომ 2019 წელს დაფიქსრიდა ქრისტიანთა მიმართ  დევნის 527 ინციდენტი (2018 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 477 იყო). ორგანიზაციის მიხედვით, დევნის ყველაზე გავრცელებული ფორმები იყო: მუქარა; დაშინება და ძალადობა.

მაგალითად,  18 აგვისტოს, თამილ ნადუში მდებარე ველორეს დასახლების მიმდებარედ, ჰინდუსური ნაციონალისტური ორგანიზაციის – ჰინდუ მუნნანის  წევრები თავს დაესხნენ 40 ქრისტიანს, რომლებიც იქ მოსალაცად იმყოფებოდნენ. მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მომლოცველებს და დახიეს იესოსა და ღვთისმშობელი მარიამის პოსტერები. მეორე დღესვე, პოლიციამ მოახდინა  ჰინდუ მუნნანის  6 წევრის იდენტიფიცირება და წარუდგინა მათ მთელი რიგი ბრალდებები, თუმცა, ადგილობრივი თანამდებობის პირის მიხედვით, ისინი არ დაუკავებიათ.

2 თებერვალს, პოლიციამ დააკავა BJP პარტიის სამი მუშაკი თამილ ნადუს არიიალურის დასახლებაში პასტორზე და სხვა ორ პირზე თავდასხმისთვის. გავრცელებული ცნობებით,  დამნაშავეებმა ქრისტიანები აიძულეს, დაწოლილიყვნენ ჰინდუსური ტაძრის იატაკზე და, შემდგომ, ჰინდუსური ტრადიციის თანახმად, თავზე დააყარეს წმინდა ფერფლი და სინგური.

ანგარიშში საუბარია კიდევ არაერთ კონკრეტულ შემთხვევაზე, რომელთა ფარგლებში ადგილი ჰქონდა ქრისტიანებზე თავდასხმის, მათი „სოციალური გარიცხვის“ (Social Exclusion), მათი წირვების ჩაშლის და ა.შ. ფაქტებს. მათი დიდი უმრავლესობა, ძირითადად, ფიქსირდებოა უტტარ პრადეშის, ჯჰარკანდის და თამილ ნადუს შტატებში.

ანგარიშის მიხედვით, ინდოეთში ფიქსირდებოდა ქრისტიანულ წმინდა ადგილებსა და სიმბოლოებზე ვანდალიზმის და თავდასხმის ფაქტებიც. წლის განმავლობაში, თავს დაესხნენ 17 ეკლესიის შენობას. მაგალითად, 17 დეკემბერს, მშენებარე ეკლესიას მამაკაცთა ჯგუფმა ცეცხლი წაუკიდა. პასტორმა, აღნიშნულთან დაკავშირებით, საჩივარი შეიტანა პოლიციაში, თუმცა, 22 დეკემბერს ჯგუფის წევრები კვლავ დაბრუნდნენ და ამჯერად მთლიანად დაწვეს შენობა. ინციდენტის შემდგომ, პოლიციამ უზრუნველყო პასტორისა და მრევლის დაცვა. [3]

ა.შ.შ. რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კომისია ინდოეთის შესახებ 2020 წლის ყოველწლიურ ანგარიშში წერდა, რომ ინდოეთში ძროხა წმინდა ცხოველად ითვლება და რომ ქვეყნის 21 შტატში ძროხის დაკვლა სისხლისამართლებრივი წესით ისჯება. ანგარიშის მიხედვით, წლის განმავლობაში ჰინდუსთა მიერ ორგანიზებული ბრბო, თავს ესხმოდა უმცირესობების წარმომადგენლებს (მუსლიმებს, ქრისტიანებს, დალიტთა კასტის წევრებს) მათ მიერ ძროხის ხორცის სავარაუდოდ ჭამის ფაქტზე. ზოგჯერ ადგილი ჰქონდა ბრბოს მიერ მათი „ლინჩის წესით“ გასამართლების შემთხვევებსაც.

ამას გარდა, ანგარიშში აღნიშნულია, ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი რელიგიის ქადაგების უფლება კონსტიტუციითაა გარანტირებული, ინდოეთის 10 შტატში მოქმედებს ე.წ. „ანტი-კონვერტაციული“ კანონები, რომელთა მიხედვითაც სისხლისამართლებრივი წესით ისჯება პირთა კონვერტაცია იძულებით, ცდუნებით, წაქეზებით, თაღლითობით და სხვა მიზეზებით, რომელთა შინაარსი ბუნდოვანია და მათი  ინტერპრეტაციაც სხვადასხვანაირად არის შესაძლებელი. ძირითადად, ამ კანონების საფუძველზე, ხდებოდა მუსლიმებისა და ქრისტიანების დაკავება.

ინდოეთში 2019 წლის განმავლობაშიც,  კვლავ გრძელდებოდა კონვერტაციებთან დაკავშირებული ძალადობა. განსაკუთრებით გახშირდა თავდასხმები ქრისტიანების წინააღმდეგ. კერძოდ, დაფიქსირდა 328 ძალადობრივი ინციდენტი, რომელთა ფარგლებშიც ქრისტიანებზე ძალადობდნენ, ძირითადად – პირთა იძულებითი კონვერტაციის ყალბი ბრალდებებით. ანგარიშში ასევე საუბარია, რომ ჰინდუსი ნაციონალისტური ჯგუფები აწყობენ ზეწოლის, “სოციალური გარიცხვისა“ (Social Exclusion) და ძალადობის მასობრივ კამპანიებს ქრისტიანების, მუსლიმებისა და სხვა რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ, რაც როგორც წესი, იძულებითი ან მათი აზრით, სხვა ტიპის არასათანადო კონვერტაციის სავარაუდო შემთხვევებითაა მოტივირებული. პოლიციის წარმომადგენლები, ზემოხსენებული ძალადობის დროს, ხშირად არა თავდამსხმელ ჰინდუსთა ჯგუფებს, არამედ – დაზარალებულ უმცირესობათა წარმომადგენლებს აპატიმრებდნენ. [4]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში, უშუალოდ გოას შტატში ქრისტიანთა მიმართ არსებული მასობრივი უფლებადარღვევების ან/და დევნის შესახებ ინფორმაცია, არ იძებნება.

[1] Christianity.com – “What Is Catholicism? – History, Tradition & Beliefs”; available at https://www.christianity.com/church/denominations/what-is-catholicism.html [accessed 22 September 2020]

[2] საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა – კათოლიკობა; ხელმისაწვდომია შემდეგ მიმსართზე http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90 [ბოლოს ნანახია – 2020 წლის 22 სექტემბერს]

[3] United States Department of State – 2019 Report on International Religious Freedom: India; published in June 2020; available at

[accessed 23 September 2020]

[4] USCIRF – Annual report on religious freedom (covering 2019); available at

[accessed 22 September 2020]