თურქეთი. ეთნიკურად ქურთების მიმართ არსებული დამოკიდებულება. სექტემბერი, 2020

ქურთების მდგომარეობა თურქეთში (დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან, უფლებების დაცვა) – ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ თურქეთის კონტიტუცია არ ცნობს არც ერთ ეროვნულ, ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობას გარდა სამი არამუსლიმური რელიგიური უმცირესობისა: სომეხი მართლმადიდებელი ქრისტიანები, ებრაელები და ბერძენი მართმადიდებელი ქრისტიანები. შესაბამისად, ბევრ ეროვნულ თუ ეთნიკურ უმცირესობებს (მათ შორის, ქურთებს) არ აქვთ საშუალება, სრულად ჰქონდეთ წვდომა საკუთარ რელიგიურ, ლინგვისტურ თუ კულტურულ უფლებებზე.

თურქეთში ქურთული წარმომავლობის და ქურთულ ენაზე თუ დიალექტებზე მოლაპარაკე დაახლოებით 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.წლის განმავლობაში, უსაფრთხოების ძალების მიერ ქურთ მუშათა პარტიის (PKK) წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებები არაპროპორციულ ნეგატიურ გავლენას ახდენდნენ ადგილობრვ თემებზე. რამდენიმე, ძირითადად ქურთული ადგილობრივი თემის წარმომადგენლები აცხადებნდნენ, რომ მთავრობა მათ უქვემდებარებდა ე.წ. კომენდანტის საათს, რაც ახსნილი იყო PKK-ს წინააღმდეგ მიმართული უსაფრთხოების ზომებით.

ქურთების და პრო-ქურთული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები აცხადებდნენ, რომ ფიქსირდებოდა მზარდი პრობლემები მათ მიერ შეკრების და მანიფესტაციის უფლებების განხორციელების კუთხით. მთავრობამ, 2016 წლის ჩაშლილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ასობით ქურთული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია და მედია საშუალება დახურა. არც ერთი აღნიშნული ორგანიზაცია არ გახსნილა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც. ოქტომბრის მონაცემებით, 2015 წლიდან მოყოლებული, ქვეყანაში კონფლიქტის შედეგად სულ მცირე 4686 პირი, მათ შორის, სამხედროები, პოლიციელები, PKK წევრები და სამოქალაქო პირები, დაიღუპა.

კანონი საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, გახსნან კერძო სასწავლო დაწესებულებები, სადაც მოსწავლეები განათლებას მიიღებენ იმ ენასა თუ დიალექტზე, რომელზედაც ისინი ლაპარაკობენ. თუმცა, ქურთული ენა საჯარო სკოლებში არ ისწავლება. ამას გარდა, მართალია, ზოგიერთ უნივერსიტეტში არსებობს ქურთული ენის არჩევითი კურსები, ხოლო 2 კონკრეტულ სასწავლებელში – ქურთული ენის დეპარტამენტი, თუმცა, აღნიშნულ დეპარტამენტებში მომუშავე პერსონალის ბევრი წევრი იყო იმ ათასთა შორის, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის შედეგად მიღებული კანონების საფუძველზე დაითხოვეს, შესაბამისად, აღნიშნულ პროგრამებზე ლექტორი სპეციალისტების ნაკლებობაა.

ანგარიშის მიხედვით, მედია საშუალებები ზოგადად, იყენებდნენ თვით-ცენზურას და თავს არიდებდნენ ისეთ თემებზე სტატიების გამოქვეყნებას, რომელსაც შესაძლოა სამართლებრივი დევნა მოჰყოლოდა. მაგალითად, იყო შემთხვევები, როდესაც პროკურატურამ მიიჩნია, რომ ზოგიერთი ქურთულ ენაზე დაწერილი წიგნის, ასევე, პრო-ქურთული ან გიულენისტური წიგნის ქონა უტოლდებოდა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის სარწმუნო მტკიცებულებას. მაგალითად, სექტემბერში, ყარსის სასამართლომ, „ტერორიზმის ხელშეწყობის“ მოტივით, აკრძალა ქურთებთან ან „ქურთისტანთან“ დაკავშირებული 2 წიგნი.

მთავრობა, ხშირად, დაკავებულ ქურთული ან სავარაუდოდ პრო-გიულენისტური მედია საშუალებების ჟურნალისტებს უწოდებდა „ტერორისტებს“ და ვარაუდობდა, რომ მათ კავშირი ჰქონდათ PKK-ს ან გიულენის მოძრაობასთან. თითქმის ყველა კერძო, ქურთულ ენაზე მოფუნქციონირე მედია საშუალება კვლავაც დახურულად რჩებოდა, რაც განპირობებული იყო „ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“. პრო-ქურთული აუთლეტების მოქმედი ან ყოფილი ჟურნალისტების მიმართ ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან ზეწოლას მთავრობის მხრიდან (მათ შორის – დაპატიმრებების შემთხვევებსაც).

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ წლის განმავლობაში პრო-ქურთული საპროტესტო დემონსტრაციებისას, მთავრობა და პოლიცია იყენებდა არაპროპორციულ ფიზიკურ ძალას. მაგალითად, თებერვალში, ვანში მომხდარი პრო-HDP დემონსტრაცია, პოლიციამ ძალადობრივი მეთოდით დაშალა.

შეურაცხყოფასთან დაკავშირებულ ქეისებში, ყველაზე მეტად, სამიზნეს წარმოადგენდნენ პოლიტიკური პარტიების წევრი, განსაკუთრებით, პრო-ქურთული HDP პარტიიდან. დეკემბრისთვის არსებული მდგოამრეობით, სულ მცირე 4.912 HDP წევრი იმყოფებოდა ციხეში ტერორიზმისა თუ შეურაცხყოფასთან დაკავშირებული ბრალდებების გამო.

თურქეთის მთავრობამ, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში თანამდებობიდან გადააყენა არაერთი დემოკრატიული წესით არჩეული მერი და ჩაანაცვლა ისინი საკუთარი ნდობით აღჭურვილი დროებითი მმართველებით. გადაყენებულ პირებს ბრალად დასდეს ტერორისტულ ჯგუფებთან კავშირი. აღნიშნული ტაქტიკა, ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა პრო-ქურთული პარტია HDP-სთან ასოცირებული არჩეული მერების მიმართ. შედეგად, მთავრობამ, მარტის მუნიციპალურ არჩევნებში არჩეული, HDP პარტიის მერების 44 % თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ანგარიშში მოყვანილია კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა ქურთი პირების მიმართ მძიმე სამართალდარღვევის ჩადენას. მაგალითად, ივლისში, ადაზაპარის რეგიონში ქურთი ჯარისკაცი სასტიკად ცემეს საკუთარმა ბრიგადის წევრებმა, რისი მიზეზიც მისი ეთნიკური წარმომავლობა იყო. ამას გარდა, თებერვალში, ვანში 14-დან 17 წლამდე 3 არასრულწლოვანი ქურთი პირი, ადგილობრივ პოლიციაში წამებას დაუქვემდებარეს. ახალგარზდებმა ადვოკატთა ასოციას განუცხადეს, რომ პოლიციელებმა ისინი რკინის ხელკეტებით ცემეს, თავში ფეხები ურტყეს და თავს ტუალეტებში აყოფინებდნენ. სექტემბერში, პროკურატურამ ვანის გუბერნატორს სთხოვა ნებართვა, რათა გამოძიება ჩაეტარებიდან იმ 66 პოლიციის ოფიცრის წინააღმდეგ, რომლებიც სავარაუდოდ მონაწილეობდნენ აღნიშნულ შემთხვევაში. გუბერნატორმა მათ უარი უთხრა ნებართვაზე, განაცხადა რა, რომ პოლიციამ მსხვერპლთა მიმართ „პროპორციული ძალა“ გამოიყენა.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House თურქეთის შესახებ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც 2019 წელს განვითარებულ მოვლენებს ასახავს, წერდა, რომ პრო-ქურთული HDP პარტიის ლიდერი – სალაჰატტინ დემირტასი, ახალი ბრალდებები საფუძველზე კვლავ ციხეში იმყოფებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მისი გათავისუფლება მოითხოვა. ამას გარდა, ანგარიშში ასევე საუბარია იმ საკითხზეც, რომ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში სათანადოდ არ არიან ჩაბმულნი. მიუხედავად იმისა, რომ მათ ნაწილს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლები ჰყავს CHP  და HDP (პრო-ქურთული პარტიები) პარტიების სახით, მთავრობის მიერ წამოწყებულმა ოპოზიციურ პარტიათა წინააღმდეგ მიმართულმა სადამსჯელო კამპანიამ მნიშვნელოვნად დააზარალა ქურთებისა თუ სხვა ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური და საარჩევნო უფლებები.

ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდგომ, ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული წამება საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული. Human Rights Watch წერდა, რომ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები წამებასა და არასათანადო მოპყრობას უფრო ხშირად უქვემდებარებდნენ ეთნიკურად ქურთებს, გიულენისტებსა და მემარცხენეებს.

მიუხედავად იმისა, რომ ტერორიზმის საფრთე 2018 წლიდან, ისლამური სახელმწიფოს დამარცხებასთან ერთად, საკმაოდ შემცირდა, ქურთებით დასახლებულ სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონების მაცხოვრებლებს კვლავ უწევდათ უსაფრთხოების ძალებსა და PKK (ქურთისტანის მუშათა პარტია) წევრებს შორის კონფლიქტის გამო დაწესებულ შეზღუდვებთან ერთად ცხოვრება. აღნიშნულმა კონფლიქტმა, 2015 წლიდან მოყოლებული, თურქეთის მასშტაბით 4600 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ანგარიშში ასევე აღNიშნულია, რომ ქურთი ჟურნალისტები განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენდნენ უსაფრთხოების სამსახურებისთვის და რომ მათი საქმიანობა და ზოგადად, ახალი ამბების რეპორტინგი ქურთული სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონიდან, მკაცრად იყო შეზღუდული.

ქურთ მუშათა პარტიასთან (PKK) მიმდინარე კონფლიქტი გამოყენებული იყო ქურთი მოსახლეობის მიმართ დისკრიმინაციული ქმედებების გასამართლებლად. მაგალითად, აღნიშნული მიზეზით აკრძალეს ქურთული ფესტივალის ჩატარება და ქურთული ენისა და კულტურის პროპაგანდა. 2015 წლის შემდგომ, ბევრი ქურთული სკოლა თუ კულტურული ორგანიზაცია იქნა დახურული მთავრობის მიერ.[2]

[1] United States Department of State – “Annual report on human rights in 2019”; published in March 2020; available at

[accessed 25 September 2020]

[2] Freedom House – “Annual report on political rights and civil liberties in 2019”; published in March 2020; available at

[accessed 24 September 2020]