ირანი. ბლოგერთა მიმართ არსებული დამოკიდებულება. ოქტომბერი, 2020

პოლონეთის უცხოელთა საკითხების ოფისის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების (COI) განყოფილება 2020 წლის იანვარში გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში წერდა, რომ ქვეყანაში მოქმედებს განსაკუთრებით მკაცრი რეგულაციები, რომლებიც გარდაი იმისა, რომ მნიშვნელოვნად ზღუდავენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ინტერნეტ სივრცეში, ასევე აწესებენ საკმაოდ მძიმე სასჯელებს დარღევევებისთვის. როგორც კონსტიტუცია, ასევე – შესაბამისი კანონები, კრძალავენ ისეთი იდეების გამოქვეყნებას, რომელიც ეწინააღმდეგება ისლამს ან აზიანებს საჯარო წესრიგს. აღნიშნული ნორმები ძალიან ბუნდოვანია და როგორც პოლიციის, ასევე – ირანული სასამართლოს მიერ მათი ფართო ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა. ოფიციალურად, 2009 წელის შემდგომ, ისეთი სოციალური ქსელების გამოყენება, როგორიცაა – Facebook და Twitter აკრძალულია, თუმცა, ბევრი ირანელი ნახულობს აკრძალვისგან თავის არიდების გზას.

შესაბამისი სამსახურების მხრიდან იმ პირთა მიმართ, რომლებიც ღიად აფიქსირებენ ანტი-სამთავრობო რეტორიკას ან საკუთარ ანტიპათიას სამართლებრივი ან რელიგიური სიტემის მიმართ, დაშინება და ძალადობა რუტინული ხასიათისაა. გამომდინარე თანამედროვეობიდან, აღნიშნული მიდგომა ასევე ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც საკუთარ კრიტიკულ მოსაზრებებს ინტერნეტის საშუალებით აფიქსირებენ. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, არაერთი პირი დააკავეს და დიდი ხნით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ონლაინ-სივრცეში აქტივობის გამო, 2017 წლიდან მოყოლებული, როგორც წესი, ირანული სასამართლოები მსჯავრდებულებს შედარებით მსუბუქ სასჯელებს უწესებენ (როგორც წესი, მოკლევადიანი პერიოდით თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმა). დაპატიმრებულთა უმრავლესობის შემთხვევაში, საქმე ეხება ირანში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის – „ტელეგრამის“ გამოყენებას.

შესწავლილ წყაროებში მოცემული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, შეუძლია იმ პირთა ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა, რომლებიც უკანასკნელი წლების განმავლობაში, ირანში საკუთარი ონლაინ-აქტივობის გამო სისხლისამართლებრივ დევნას ან სხვა ტიპის სასჯელს დაექვემდებარნენ. თუმცა, შესწავლილი წყაროების ავტორთა უმრავლესობა, აღნიშნულ საკითხზე საუბრისას იყენებს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: „ხშირი დაპატიმრებები“; „დაკავების ბევრი შემთხვევა“ და „ფართოდ გავრცელებული დაშინება და ძალადობა“.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ირანის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება და მედიის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვნად არის შეზღუდული როგორც საჯარო სივრცეში, ასევე – ონლაინ. ირანში მოქმედი ბუნდოვანი კანონები გამოხატვის კუთხით, მკაცრი სისხლისსამართლებრივი სასჯელები და ონლაინ-კომუნიკაციაზე სახელმწიფო სტრუქტურების მონიტორინგი იყო იმ არსებით ფაქტორთა შორის, რომელთა გამოც მოქალაქეები თავს იკავებდნენ ღია და თავისუფალი დისკუსიისგან, პირად სივრცეშიც კი. მიუხედავად აღნიშნული რისკებისა და შეზღუდვებისა, ბევრი ცდილობდა საკუთარი განსხვავებული აზრი დაეფიქსირებინა სოციალურ ქსელებში, რასაც ზოგჯერ, მთავრობის მიერ კონკრეტული ვებ-გვერდებისა თუ ქსელების დაბკლოკვაც კი ახლდა თან. ორგანიზაცია ირანში პოლიტიკურ ან სხვა ტიპის სენსიტიურ საკითხებზე გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებულ სიტუაციის 4-დან 1 ქულით აფასებს.[2]

იგივე Freedom House ირანში ინტერნეტის თავისუფლების კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2020 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ წლის მანძილზე, ირანში ინტერნეტის თავისუფლება კვლავაც მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული. მთავრობამ, გარკვეული პერიოდით, თითქმის ტოტალურად გათიშა ინტერნეტი მას შემდეგ, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო ბენზინის ფასების ზრდის გამო. ის ასევე აგრძელებდა დამოუკიდებელი მედია საშუალებების ვებ-გვერდებსა თუ კონკრეტულ სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას. როგორც გასული წლების განმავლობაში, ბლოგერები, ონლაინ სივრცეში მოღვაწე ჟურნალისტები, აქტივისტები და უბრალო მოქალაქეებიც კი ექვემდებარებოდნენ დაპატიმრებას მათ მიერ ინტერნეტში გამოქვეყნებული კონტენტის გამო.

ანგარიშის მიხედვით, 2009 წელს განხორციელებელი მასიური სადამსჯელო ღონისძიებათა კამპანიის შემდეგ, ბევრმა ჟურნალისტმა და ბლოგერმა მიმართ „თვით-ცენზურას“.  არაერთმა მათგანმა ან საერთოდ დატოვა ონლაინ-სივრცე, ან იყენებდნენ ფსევდონიმებს, რათა მათი ვინაობა ანონიმური დარჩენილიყო. 2019 წლის ივლისში, ირანელმა ბლოგერმა და ფოტოჟურნალისტმა – სოჰეილ არაბმა, რომელსაც „სახელმწიფოს საწინააღმდგო პროპაგანდის გავრცელებისა“ და „უზენაესი ლიდერის შეურაცხყოფისთვის“ სასამართლომ 7.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, 20 დღიანი შიმშილობა გამოაცხადა, რათა გაეპროტესტებინა საპატიმროებში არსებული საშინელი პირობები.[3]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ირანში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი  – 2019 წელი) წერდა, რომ ონლაინ სივრცეში საკუთარი აზრის დაფიქსირების გამო, ბლოგერები, სოციალური მედიის მომხმარებლები და ონლაინ-ჟურნალისტები კვლავ ექვემდებარებოდნენ დაპატიმრებებს. აპრილში, სამთავრობო უწყებებმა მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ ისინი დაექვემდებარებოდნენ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, იმ შემთხვევაში, თუ ონლაინ-სივრცეში განათავსებდნენ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მომხდარი წყალდიდობის ფოტოებს. 5 ოქტომბერს, გავრცელებული ცნობების თანახმად, შესაბამისმა სამსახურებმა დააკავებს ინსტაგრამ-მომხმარებელი – საჰარ თაბარი, მას შემდეგ, რაც მან საკუთარ გვერდზე დაპოსტა და განათავსა საკუთარი პლასტიკური ოპერაციების ამსახველი ფოტოები. მას ბრალი დასდეს „ღვთისგმობასა“ და „ახალგაზრდების გარყვნის წახალისებაში“. რამდენიმე კვირის შემდეგ, თაბარი გამოჩნდა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში და გამოხატა სინანული საკუთარი ქმედებების გამო, რაც ბევრის მიერ შეფასებული იქნა, როგორც „იძულებითი აღიარება“. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, აგვისტოში დააკავეს სულ მცირე 14 ე.წ. „ინსტაგრამ-სელებრითი“ და მოსთხოვეს მათ, დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ საკუთარი საქმიანობა.[4]

[1] Office For Foreigners (Poland) COI Unit – “Query response on Iran: Situation of persons presenting liberal political and political views in social media“; published in January 2020; available at

[accessed 15 October 2020]

[2] Freedom House – Freedom in the World 2020 – Iran; published in March 2020; available at

[accessed 15 October 2020]

[3] Freedom House – Freedom on the Net 2020 – Iran; published in October 2020; available at

[accessed 15 October 2020]

[4] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Iran; published in March 2020; available at

[accessed 15 October 2020]