ერაყი. შიდა გაადგილების ალტერნატივა ერაყის ქურთისტანში. ოქტომბერი, 2020

უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება ქურთისტანის რეგიონში – ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC – „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას“ (Rule of Law in Armed Conflicts) მიხედვით, 2014 წლის იანვრიდან მოყოლებული, ერაყი აწარმოებს არა-საერთაშორისო ხასიათის, შიდა ტიპის შეიარაღებულ კონფლიქტს დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ამას გარდა, ქვეყანა ასევე ჩაბმულია საერთაშორისო ხასიათის კონფლიქტში თურქეთთან, რადგან ამ უკანასკნელმა ერაყის ჩრდილოეთში, ქურთი შეიარაღებული ჯგუფების წინააღმდეგ ერაყის მთავრობის ნებართვის გარეშე იერიში მიიტანა.[1]

ავსტრიის წარმოშობის ქვეყნისა და თავშესაფრის კვლევისა და დოკუმენტირების ცენტრი (ACCORD) 2020 წლის 23 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ მთლიანი წლის მანძილზე, ქურთისტანის ავტონომიური რესპუბლიკის შემდეგ პროვინციებში სუტუცია შემდეგი იყო:

  • ერბილის პროვინცია – დაფიქსირდა სულ 410 უსაფრთხოების კუთხით ინციდენტი, რასაც ჯამში 447 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა;
  • სულეიმანიას პროვინცია – 76 ინციდენტი, რასაც ჯამში 18 პირი ემსხვერპლა;
  • დოჰუკის პროვინცია – 390 შემთხვევა, რომელთა ფარგლებში სულ 244 პირი დაიღუპა. [2]

ჟურნალისტი  და მკვლევარი ჯოელ უინგი 2008 წლიდან მოყოლებული აწარმოებს ონლაინ-ბლოგს, სადაც ყოველკვირეული პერიოდულობით თავსდება ინფორმაცია ერაყში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე და ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ სხვა საკითხებზე.  2020 წლის 2 სექტემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც წინა თვეში არსებულ უსაფრთხოების კუთხით სიტუაციას ასახავს, მთლიანი ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა 88 ინციდენტი. აქედან მხოლოდ ერთი ინციდენტი მოდის ქურთისტანზე, კერძოდ – ერბილის პროვინციაზე, რომელსაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.[3] ივლისის თვეში კი, ბლოგის მიხედვით, უშუალოდ ქურთისტანის პროვინციებში ინციდენტები არ აღრიცხულა.[4]

შიდა გადაადგილების ალტერნატივა ქურთისტანის რეგიონში

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყში დაბრუნებულთა შიდა გადაადგილების შესახებ წერდა, რომ ქურთი თანამდებობის პირების და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიხედვით, ნებისმიერმა პირმა, რომელიც ქურთისტანის საზღვარზე გადადის, 48 საათის განმავლობაში თავი უნდა წარადგინოს ქურთისტანის უსაფრთხოების სამსახურის (Asayish) შესაბამის ოფისში, სადაც მის დოკუმენტებს შეამოწმებენ და მასზე 1 თვის ვადით ბინადრობის მოწმობას გასცემენ. ამას გარდა, ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ეთნიკურად ქურთებს ერაყის სხვა პროვინციებიდან არ სჭირდებათ არანაირი „სპეციალური ნებართვა“ ან სპონსორის მოძიება და, შეუძლიათ, მარტივად, ყოველგვარი დამატებითი პროცედურის გარეშე დასახლდნენ ქურთისტანში.

ანგარიშის მიხედვით, ქურთისტანში შეშვებისთვის დაწესებული მოთხოვნილებები 2017 წელს მოსულის აღების შემდგომ, შედარებით გამარტივდა. თუმცაღა, შესწავლილ წყაროთა მიხედვით, აღნიშნული პროცედურა შესაძლებელია კონკრეტული ქეისის შემთხვევაში განსხვავებული იყოს. მაგალითად, იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთ პირს სპონსორის მხარდაჭერა მოსთხოვეს, ხოლო ზოგიერთი იძულებით გადაადგილებული საერთოდ არ შეუშვეს ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. წყაროთა მიხედვით, როგორც წესი, სპონსორის მხარდაჭერა ჭირდებათ შემდეგი ტიპის პირებს:

  • მარტოხელა ქალებს და მათ თანმხლებ ოჯახს, რომელთაც არ შეუძლიათ სათანადოდ ახსნან ქმრის არყოფნა;
  • ოჯახის გარეშე მყოფ, მარტოხელა ქალებს და მამაკაცებს;
  • ახალგაზარდა, ეთნიკურად არაბ მამაკაცებს.

გლუკ-ის მიერ 2019 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ერბილისა და სულეიმანიას პროვინციებში, პირებს სპონსორის მხარდაჭერა არ სჭირდებათ, თუმცა დოჰუკში, „იმ ეთნიკურად არაბებს, რომლებიც მოდიან წარსულში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი ან სხვა კონფლიქტური რეგიონებიდან, ასევე  – ეთნიკურად თურქმენებს ნინევას პროვინციიდან, ესაჭიროებათ სპონსორი, რათა შევიდნენ ქურთისტანში“.

იმავე წყაროს მიხედვით, ერბილისა და სულეიმანიას პროვინციებში დასახლების მსურველი პირები უნდა გამოცხადნენ ადგილობრივ უსაფრთხოების სამსახურის ოფისებში, რათა მიიღონ ბინადრობის ბარათი. ამისთვის მათ სპონსორის მხარდაჭერა არ სჭირდებათ. თუმცაღა, მარტოხელა არაბმა და თურქმენმა მამაკაცებმა, იმისთვის, რომ 1 წლის პერიოდის მქონე ბინადრობის მოწმობა აიღონ, უნდა წარადგინონ შესაბამისი წერილი მათი დამსაქმებლისგან. ისინი, ვისაც დამსაქმებელი არ ჰყავს, იღებენ ერთ თვიან ბინადრობის მოწმობას, რომელიც განახლებას ექვემდებარება.

ანგარიშში, ასევე მოცემულია დანიის იმიგრაციის სამსახურისა და ნორვეგიის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის ცენტრის (Landinfo) ერთობლივი ფაქტების დამდგენი მისიის 2018 წლის ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ არ არსებობს კონკრეტული სამართლებრივი ნორმები და წესები, რომლებიც არეგულირებენ ქურთისტანში შესვლას და დასახლებას. თუმცა, ერთ-ერთი გამოკითხული წყაროს მიხედვით, ადრე არსებული სპონსორის მექანიზმი გაუქმებულ იქნა ბევრ შემთხვევაში და მხოლოდ კონკრეტული ქეისების დროს გამოიყენებენ. ანგარიშში ასევე საუბარია, რომ იმ ერაყელებისთვის, რომლებიც მოდიან ანბარის, ნინევას, სალაჰადდინის და დიიალას პროვინციებიდან, ახლა შედარებით გამარტივებულია ქურთისტანში ბინადრობის მოწმობის მოპოვება. თუმცა, სხვა წყარომ განაცხადა, რომ კონკრეტულად ეთნიკურ არაბებს უწევთ ბევრი სირთულის გადალახვა, რათა მოიპოვონ ბინადრობა. აღნიშნული სირთულე განსაკუთრებით სახეზეა მარტოხელა, არაბი მამაკაცების შემთხვევაში. ანგარიშის მიხედვით, ბინადრობის ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს ქურთისტანის უსაფრთხოების სამსახური (Asayish).

ანგარიშში ასევე მოცემულია ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის 2018 წლის კვლევა, სადაც აღნიშნულია,  რომ პირებს, მათ შორის – უცხოელებს, რომლებიც დაბადებულნი არიან ქურთისტანის რეგიონში ან ნათესაური კავშირი აქვთ რეგიონში მობინადრე ეთნიკურად ქურთ პირებთან, შეუძლიათ მიიღონ ქურთული პირადობის დამადასტურებელი საბუთები, მათ შორის – ბინადრობის ნებართვა. რაც შეეხება ქურთისტანის რეგიონს გარეთ მცხოვრებ ერაყის მოქალაქეებს და სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ სჭირდებათ ბინადრობის მოწობის აღება, რომელიც გაიცემა შესაბამის ორგანოში, კონკრეტული პროცედურის საფუძველზე.

რაც შეეხება ქურთისტანში შესვლისა და დასახლების კუთხით დაწესებულ შეზღუდვებს, ანგარიშის მიხედვით, იყო შემთხვევები, როდესაც იძულებით წესით გადაადგილებულს, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ნებას არ დართეს, შესულიყო ქურთისტანში. დაფიქსირდა აღნიშნული მიზეზის გამო, კონკრეტული პირების დაკავების შემთხვევებიც. ანგარიშში მოცემული ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, ქურთისტანის რეგიონალური მთავრობა აწესებს სხვადასხვა ტიპის მოთხოვნებს, რაც დამოკიდებულია პირის ეთნიკურ და რელიგიურ კუთვნილებაზე, ასევე – პოლიტიკურ შეხედულებებზე. მაგალითად, ეთნიკურად ქურთებს ერაყის ნებისმიერ ადგილიდან, ზოგადად, შეუძლიათ ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე შევიდნენ რეგიონში. თუმცა, არაბებს და სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს, როგორც წესი, უწევთ ქურთისტანში სპონსორის მოძიება, რომელიც მათ თავდებში დაუდგება. შესვლის პროცედურები ზოგჯერ, თვითნებური ხასიათისაა და მოულოდნელად ცვილელებასაც ექვემდებარება.

ანგარიშის მიხედვით, ქურთისტანის მიმართულებით რეგულარული საერთაშორისო ფრენები ხორციელებდა როგორც სულეიმანიის, ასევე – ერბილის საერთაშორისო აეროპორტებში.[5]

[1] Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts; available at http://www.rulac.org/browse/map [accessed 17 May 2020]

[2] ACCORD – IRAK, JAHR 2019: KurzübersichtüberVorfälleausdem Armed Conflict Location & Event Data Project (ACLED); published on 23 June 2020; available at

[accessed 9 October 2020]

3] Joel Wing – Blog “Musings on Iraq“ – article “Is A New Islamic State Offensive Beginning In Iraq?”; published in September 2020; available at http://musingsoniraq.blogspot.com/2020/09/is-new-islamic-state-offensive.html [accessed 21 October 2020]

[4] [4] Joel Wing – Blog “Musings on Iraq“ – „Violence Remains Low In Iraq July 2020”; published in August 2020; available at http://musingsoniraq.blogspot.com/2020/08/violence-remains-low-in-iraq-july-2020.html [accessed 21 October 2020]

[5] UK Home Office – “Country Policy and Information Note Iraq: Internal relocation, civil documentation and returns”; published in June 2020; available at

[accessed 21 October 2020]