სომხეთი. ოჯახში ძალადობა და ქალთა უფლებების დაცვა. ოქტომბერი, 2020

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2020 წლის აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშში სომხეთის შესახებ წერს, რომ 2019 წლის განმავლობაში სომხეთის ხელისუფლებამ ოჯახში ძალადობის 378 შემთხვევა გამოიძია. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2017 წელს ოჯახში ძალადობის შესახებ ახალი კანონის მიღების შემდეგ, ხელისუფლება ზეწოლის ქვეშ მოექცა და იძულებული გახდა, აღნიშნული საკითხისთვის მეტი ყურადღება დაეთმო. მიუხედავად ამისა, როგორც ადგილობრივი აქტივისტები აცხადებენ, ოჯახში ძალადობას კვლავ არ ექცევა სათანადო ყურადღება, შემთხვევების გაცხადება ნაკლებად ხდება და სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს საკმარის თავშესაფარს ძალადობას გადარჩენილი მსხვერპლებისთვის.

ევროსაბჭოს კონვენციას ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღდეგ სომხეთმა ხელი 2018 წელს მოაწერა, თუმცა რატიფიცირებული არ არის. რატიფიცირების შესახებ დებატები ქვეყანაში მწვავედ მიმდინარეობს. სომხური ეკლესიის გავლენიანი სასულიერო პირები აცხადებენ, რომ კონვენციის რატიფიცირება საფრთხის შემცველია ეროვნული ტრადიციებისა და ღირებულებებისთვის, რადგან კონვენცია მდედრობითი და მამრობითი სქესის გარდა, მესამე სქესის დეფინიციას შეიცავს. ხელისუფლება გადავადების ტაქტიკას მიმართავს და აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ელოდება.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში სომხეთის შესახებ წერს, რომ გაუპატიურება ქვეყანაში სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება პატიმრობით, ვადით მაქსიმუმ 15 წელი. გაუპატიურებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო დებულებები, ზოგადად, აღიარებს ოჯახში გაუპატიურების ცნებას. ოჯახში ძალადობა ასევე ასახულია ზოგად დებულებებში და ითვალისწინებს სასჯელის სხვადასხვა ზომას დანაშაულის ხასიათიდან (მკვლელობა, ფიზიკური ძალადობა, გაუპატიურება და ა.შ.) გამომდინარე. სამართალდამცავი ორგანოები ეფექტურად არ იძიებენ ოჯახში ძალადობას და ოჯახში ძალადობა ქალების მიმართ ფართოდაა გავრცელებული. ზოგიერთი ოფიციალური პირის მტკიცებით, ოჯახში ძალადობის განმარტების არ არსებობა სისხლის სამართლის კოდექსში, ზღუდავს მათ ბრძოლას ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. 2019 წლის 10 ოქტომბერს, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ოჯახში ძალადობის შემთხვევების ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზა შექმნას.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ პოლიცია, განსაკუთრების ერევნის გარეთ, გულგრილია ოჯახში ძალადობის ფაქტების მიმართ და ხშირად უბიძგებს ქალებს, არ დაწერონ საჩივარი. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმოამდგნლის ინფორმაციით, ქალები, რომლებიც გაუპატიურების შესახებ საჩივარს წერენ, ხშირად წინა სექსუალური ცხოვრების შესახებ იკითხებიან და ე.წ. „ქალიშვილობის ტესტის“ ობიექტები ხდებიან. ხშირ შემთხვევაში თუ გაუპატიურების მსხვერპლი „ქალიშვილი“ არ იყო, პოლიცია საქმეს არ განიხილავს. უმეტეს შემთხვევაში, კანონმდებლობა ოჯახში ძალადობას განიხილავს როგორც მსუბუქ ან საშუალო სიმძიმის დანაშაულად და მთავრობა არ ქირაობს საკმარისი ოდენობის მდედრობითი სქესის პოლიციის ოფიცრებსა და გამომძიებლებს მსგავსი დანაშაულების საველე სამუშაოებისთვის.

2019 წლის 9 მაისს, პოლიციამ განაცხადა სოფელ შაჰუმიანში მცხოვრები მარიამ ასატრიანის გარდაცვალების შესახებ. მარიამ ასატრიანს, რომელიც იმ დროს ფეხმძიმედ იყო, სასტიკაც სცემეს რეზინის მილით. მკვლელობის ბრალდებით დაკავებული იაკობ ოჰანიანი, გარდაცვლილის პარტნიორი იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებული წლების განმავლობაში ძალადობდა გარდაცვლილზე. მარიამ ასატრიანმა ორჯერ მიმართა ქალთა მხარდაჭერის ცენტრს დახმარებისთვის. მან საჩივარიც დაწერა პოლიციაში და თავშესაფარიც მიიღო. მოგვიანებით, სავარაუდოდ, ოჰანესიანის მხრიდან დაშინების შემდეგ, ასატრიანმა საჩივარი გაიტანა და სამარტალდამცავმა ორგანოებმა საქმე დახურეს.

სომხეთში აქტივისტები და არასამთავრობო ორგანზიაციები, რომლებიც ქალთა უფლებებისა და თანასწორობისთვის იბრძვიან, ხშირად სიძულვილის ენისა და კრიტიკის ობიექტები არიან; მათ „სომხური ტრადიციული ოჯახების“ დანგრევასა და „დასავლური ღირებულებების“ გავრცელების გამო აკრიტიკებენ. მაგალითად, ქალთა რესურს ცენტრის თავმჯდომარე გახდა ინტერნეტ მუქარების მსხვერპლი, მას შემდეგ, რაც გენდერული თანასწორობის შესახებ სიტყვით გამოვიდა. ასევე, მუქარებისა და დაშინების მსხვერპლი გახდა სექსუალური ძალადობის კრიზის ცენტრის თანამშრომელთა ჯგუფი, მას შემდეგ, რაც მათი ორგანიზებით გაიმართა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული წიგნის პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე მათ კვერცხები დაუშინეს, მოგვიანებით კი ცხელ ხაზზე რეკავდნენ და მოკვლით, გაუპატიურებითა და დაწვით ემუქრებოდნენ, რის გამოც ორგანზიაცია იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეეჩერებინა. შრომისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი ზაჰური ბატონიანი, რომელიც ერთადერთი ქალი მინისტრია კაბინეტში, აღნიშნული ძალადობის წინაარმდეგ გამოვიდა და თავადაც სიძულვისი ენის ობიექტად იქცა. პოლიციამ საქმის აღძვრაზე უარი განაცხადა, მათი მტკიცებით, სახეზე არ იყო დანაშაულის საკმარისი ელემენტები.

2018 წელს ძალაში შევიდა 2017 წლის კანონი ოჯახში ძალადობის პრევენციის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და ოჯახის აღდგენის შესახებ. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებით, მთავრობას კანონის სრული აღსრულებისთვის საკმარისი რესურსი არ აქვს. ასევე აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში, ერთერთი ადგილობრივი მედია რესურსის მიერ გავრცელდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლის ინტერვიუ, სადაც ის 2017 წლის კანონს ემადლიერებოდა და ამბობდა, რომ პოლიციამ მისი სიცოცხლე გადაარჩინა, როდესაც მოძალადე ოჯახს გაარიდა.

სომხეთში კაცები და ქალები თანასწორი სამართლებრივი სტატუსით სარგებლობენ, თუმცა გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია ხდება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. ქალები კვლავ ნაკლებად არიან წარმოდგენილნი მოწინავე პოზიციებზე მთავრობის ყველა დონეზე.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ ოჯახში ძალადობა სომხეთში სერიოზული პრობლემაა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2019 წლის პირველ ნახევარში პოლიციამ ოჯახში ძალადობის 331 შემთხვევა გამოიძია, მათგან 176 ახალი განაცხადი იყო. პოლიციამ ბრალი წარადგინა 209 შემთხვევაში და 45 შემთხვევაში საქმე სასამართლომდე მიიტანა. თუმცა, უმეტეს შემთვევაში ხელისუფლება არ იცავს ოჯახში ძალადობას გადარჩენილ ქალებს და ბავშვებს, რითიც საშიშროების ქვეშ აყენებს მათ სიცოცხლეს. 2017 წლის კანონი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პოლიციას ავალდებულებს, საფრთხის შემთვევაში, დაუყოვნებლივ ჩაერიოს და იმოქმედოს, თუმცა პრაქტიკაში, პოლიცია განათლებისა და აღნიშნული მიმართულებით ცნობიერების ნაკლებობას განიცდის.

სომხეთში ოჯახში ძალადობას გადარჩენილთათვის მხოლოდ ერთი თავშესაფარი ფუნქციონირებს, რომლის ადმინისტრირებასაც არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ იგეგმება 10-13 ადამიანზე გათვლილი კიდევ ერთი ცენტრის გახსნა, სომხეთი ძალიან შორსაა ევროსაბჭოს რეკომენდაციისგან, ჰქონდეს 10 ათას ადამიანზე გათვლილი ერთი ცენტრი მაინც.[3]

სომხეთში ქორწინების გარეშე შვილის ყოლა ქალისთვის სისხლის სამართლის დანაშაული არ არის და არც რაიმე კანონითაა აკრძალული. ქორწინების გარეშე ორსულობა ტრადიციების შეუსაბამო საქციელად ითვლება და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებლად ითვლება, თუმცა ქორწინების გარეშე ორსულობისა თუ შვილის ყოლის გამო, ქალები არ ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი. ადგილობრივ მედიაში მრავლად ვრცელდება სხვადასხვა ისტორია იმ ქალების შესახებ, რომელთაც ქორწინების გარეშე შვილის ყოლის გადაწყვეტილება მიიღეს. ერთერთი ასეთი ისტორიის გმირი, ვინმე ნუნე კირაკოსიანი ჰყვება, რომ 35 წლის იყო, როდესაც გადაწყვიტა შვილი ქმრის გარეშე გაეჩინა. როგორც თავად ამბობს, მისი გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა მისი მამისთვის და დიდი ხნის განმავლობაში მათ კონტაქტი არ ჰქონდათ. როგორც ნუნე კირაკოსიანი, რომელიც ახლა უკვე 11 წლის შვილის მარტოხელა დედაა, ამბობს, საბოლოოდ, მისმა მამამ გააცნობიერა, რომ მას არაფერი ამორალური არ გაუკეთებია და მათ შორის ურთიერთობა დალაგდა. მსგავს ისტორიებს ადგილობრივ მედია საშუალებებთან სხვა ქალებიც მრავლად ყვებიან.[4]

სომხეთში ქალთა უფლებების დაცვის კუთხით მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს. მათ შორისაა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები განვითარებისთვის“, რომელიც 1997 წლიდან, ქ. გიუმრში ფუნქციონირებს. ორგანიზაცია ადამიანის უფლებების დაცვისა და რეგიონში მშვიდობისთვის მუშაობს.[5]

[1] AI – Amnesty International: Human Rights in Eastern Europe and Central Asia – Review of 2019 – Armenia [EUR 01/1355/2020], 16 April 2020

 (accessed on 20 October 2020)

[2] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2019 – Armenia, 11 March 2020

 (accessed on 20 October 2020)

[3] HRW – Human Rights Watch: World Report 2020 – Armenia, 14 January 2020

 (accessed on 20 October 2020)

[4] Jam News; Single mothers in Armenia – the stories of women who dare to go it alone; 5 September, 2020; available at: https://jam-news.net/pregnancy-without-a-husband-women-going-it-alone-in-armenia/ [accessed 20 October 2020]

[5] NGO Women for Development; Official web-page; About Us; available at: https://wfd.am/history-of-wfd [accessed 20 October 2020]