ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ირანში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ირანის მთავრობა, ზოგჯერ, ისეთი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს, როგორიცაა – ქურთები, ბალუჩები, აჰვაზები და აზერები, უქვემდებარებდა თვითნებურ დაკავებებს, ხანგრძლივი დროით წინასწარ დაკავებებს, გაუჩინარებებს და ფიზიკურ ძალადობას. ეთნიკურ უმცირესობების საკითხზე მომუშავე ჯგუფები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ მათ მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური და სოციო-ეკონომიკური ხასიათის დისკრიმინაციას, რაც გამოიხატებოდა რიგი შეზღუდვებით ისეთ საკითხებში, როგორიცაა: ბიზნეს ლიცენზიები, უნივერსიტეტში მიღების პროცედურები, სამუშაო ადგილები, წიგნის გამოქვეყნების სანებართვო პროცედურები და უძრავი ქონების ფლობა-განკარგვასთან დაკავშირებული საკითხები.
ანგარიშის მიხედვით, ირანში დაახლოებით 8 მილიონი ეთნიკურად ქურთი პირი ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობა ხშირად მოითხოვს უფრო მაღალი ხარისხის რეგიონალურ ავტონომიას. მთავრობა კვლავაც აგრძელებდა კანონის გამოყენებას, რათა დაეპატიმრებინა ქურთები საკუთარი ისეთი უფლებების გამოყენებისთვის, როგორიცაა გამოხატვის და შეკრების თავისუფლება. გავრცელებული ცნობებით, მთავრობა კრძალავდა ქურთულ ენაზე გამოქვეყნებულ წიგნებს, გაზეთებსა და ჟურნალებს და სხვადასხვა მეთოდით სჯიდა იმ გამომცემლებსა და ჟურანლისტებს, რომლებიც აკრიტიკებდნენ ირანის ხელისუფლების ქმედებებს.
ირანის მთავრობა ასევე ცდილობდა, ხელი შეეშელა ქურთული არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობებისთვის, რისთვისაც იყენებდა ისეთ მეთოდებს, როგორიცაა: ორგანიზაციის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ნებართვის გაცემაზე უარი ან უსაფრთხოების კუთხით ბრალდებები აღნიშნულ დაწესებულებებში მომუშავე პირებისადმი.
შესაბამისი სამსახურები, მართალია, არ კრძალავდნენ ზოგადად ქურთული ენის გამოყენებას, მაგრამ არ უზრუნველყოფდნენ აღნიშნული ენის სწავლებას საჯარო სკოლებში. ანგარიშში ასევე საუბარია იყო ქურთული ენის ზოგიერთი მასწავლებლის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე. მაგალითად, 23 მაისს ზარა მოჰამმადის დააპატიმრეს, რადგან ის შესაბამისი ნებართვის გარეშე მართავდა ქურთული ენის გაკვეთილებს.
ანგარიშის მიხედვით, წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, 115 ეთნიკურად ქურთი მოქალაქე დააკავეს ქურთული პოლიტიკური პარტიების წევრობასთან დაკავშირებული ბრალდებების გამო, ხოლო 84 – სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობებში მონაწილეობისთვის (მაგალითად, სადღესასწაულო დღის ორგანიზება ან სოციალურ ქსელში კონკრეტული გვერდის ადმინისტრირება).[1]
ავსტრალიის მთავრობის საგარეო საკითხთა და ვაჭრობის დეპარტამენტი (DFAT) ირანის შესახებ 2020 წლის აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიორი – 2019 წელი) წერდა, რომ ირანში დაახლოებით 8 მილიონი ეთნიკურად ქურთი პირია, რომელთა უმრავლესობა ძირითადად ბინადრობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქურთისტანის პროვინციაში, ასევე – ქერმანშაჰის, ილამისა და დასავალეთი აზერბაიჯანის პროვინციებში. აღნიშნული პროვინციები, ირანის სხვა რეგიონებთან შედარებით, ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულია და, ასევე, სწორედ აქ ფიქსირდება ქვეყანაში ყველაზე მაღალი უმუშევრობის დონე. მაგალითად, 2019 წლის აპრილის მონაცემებით, ქერმანშაჰის პროვინციაში უმუშევორა 20.9 %-ს აღწევს (ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ირანში), ხოლო ქურთისტანში – 19.6 %-ს. ბევრი ქურთი მუშაობს ე.წ. „კოლბარ“-ად (პირები, რომელთაც ტვირთი ირან-ერაყის საზღვარზე გადააქვთ), თუმცა, ირანის ხელისუფლებამ, უკანასკნელ წლებში, აღნიშნული მიმართულებით ზომები მნიშვნელოვნად გაამკაცრდა. ქურთები არ არიან წარმოდგენილი სამხედრო სფეროს მაღალ ეშელონებში და მათ, ასევე, არ უკავიათ არანაირი მაღალი პოზიცია ირანის მთავრობაში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სხვა ეთნიკურ უმცირესობებთან შედარებით, ქურთებს, ისტორიულად, ყოველთვის გააჩნდათ გაცილებით უფრო აქტიური სეპარატისტული ტენდენციები. გარკვეული შეიარაღებული ჯგუფები, მაგალითად – „ირანის ქურთისტანის დემოკრატიული პარტია“ (KDPI), „ქურთული თავისუფალი ცხოვრების პარტია“ (PJAK) და „კომალა პარტია“ კვლავ განაგრძობენ ქურთი ხალხის თვითგამორკვევის იდეის მხარდაჭერას და ამის გამო, ზოგჯერ, ირანის უსაფრთხოების ძალებთანაც უწევთ შეიარაღებული შეტაკებები. ზოგადად, ქურთული სეპარატისტული ტენდეციები ირანში საკმაოდ დაბალი დონეზეა მეზობელ ქვეყნებთან (ერაყი, თურქეთი) შედარებით, რაც მეტწილად განპირობებულია იმით, რომ ირანელ ქურთთა საცხოვრებელი პირობები, ზოგადად, უფრო მაღალია. ადგილობრივმა ქურთულმა წყარომ DFAT-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქურთ მოსახლეობაში არსებობს მთავრობის მხრიდან მათი არასათანადოდ დაფასების აღქმა, ზოგადად, მიღებულია, რომ ირანისგან დამოუკიდებლობა არ წარმოადგენს ცხოვრების გაგრძელების ეფექტურ საშუალებას. შესაბამისად, ქურთთა უმრავლესობა ცდილობს, როგორც ირანის მოქალაქემ, მაქსიმალურად დაიმკვიდროს თავი არსებულ პოლიტიკურ სისტემაში, რათა ეს შემდგომში აისახოს ქურთებით დასახლებული რეგიონების კეთილდღეობაზე.
ანგარიშის მიხედვით, ირანის მთავრობა განსაკუთრებით მგრძნობიარეა ქურთა ორგანიზებული პოლიტიკური აქტივოვების მიმართ. 2018 წლის მონაცემებით, ქურთები წარმოადგენენ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირთა რაოდენობის ნახევარს და, ზოგადად, მათ მიმართ, სხვებთან შედარებით, გაცილებით უფრო ხშირად გამოდის სასიკვდილო განაჩენი. აღნიშნულ წელს დააკავეს 822 ირანელი ქურთი, რომელთაგან ნაწილის შემთხვევაში, ბრალდებას წარმოადგენდა მათი სამოქალაქო აქტივობა ან/და აკრძალულ ქურთულ პოლიტიკურ პარტიების წევრობა. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, 2018 წლის სექტემბერში სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებულ ბრძოლაში ბრალდებული ქურთი მამაკაცები სიკვდილით დასაჯეს. Amnesty International-ის ინფორმაციით, მათ არ გააჩნდათ წვდომა ადვოკატებზე და ზოგიერთი მათგანი, აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით, აწამეს კიდეც.
საერთაშორისო წყაროები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ მთავრობა იყენებდა უსაფრთხოების, მედიის და სხვა კუთხით არსებულ კანონმდებლობას, რათა დაეკავებინა და გაესამართლებინა ის ქურთები, რომლებიც საკუთარი გამოხატვის და შეკრების თავისუფლებების უფლებებით სარგებლობდნენ. გავრცელებული ცნობებით, მთავრობა კრძალავდა ქურთულ ენაზე გამოქვეყნებულ წიგნებს, გაზეთებსა და ჟურნალებს და სხვადასხვა მეთოდით სჯიდა იმ გამომცემლებსა და ჟურანლისტებს, რომლებიც აკრიტიკებდნენ ირანის ხელისუფლების ქმედებებს. ანგარიშის მიხედვით, ქურთული ენის სწავლება ქვეყნის სკოლათა და უნივესტიტეტთა უმრავლესობაში აკრძალულია, თუმცა, ზოგად სივრცეში ქურთული ენის გამოყენება პრობლემას, როგორც წესი, არ წარმოადგენს.
საგარეო საკითხთა და ვაჭრობის დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ირანში ქურთების მიმართ ადგილი არ აქვს დისკრიმინაციას უშუალოდ მათი ეთნიკური ან რელიგიური კუთვნილების გამო, მათ შორის – საჯარო სერვისებზე წვდომის კუთხით და, რომ ისინი სარგებლობენ ისეთივე ხარისხის სახელმწიფო დაცვით, როგორც – სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. ამას გარდა, ორგანიზაციის შეფასებით, ისევე როგორც სხვა ეთნიკური უმცირესობის წევრების, პოლიტიკურად აქტიური ქურთების მიმართაც, მთავრობის მხრიდან სავარაუდოდ ადგილი ექნება განსაკუთრებულ ყურაღდებას. ხოლო, ის ქურთები, რომლებიც ღიად მხარს უჭერენ ქურთისტანის ავტონომიის უფრო მაღალ ხარისხს, ან ქურთი ხალხის თვითგამორკვევის უფლების რეალიზებას, დგანან სახელმწიფოს მხრიდან მონიტორინგის, დევნის, დაპატიმრების ან/და არასათანადო მოპყრობის მაღალი რისკის წინაშე.[2]
[1] United States Department of State – “Country Report on Human Rights Practices 2019 – Iran”; published in March 2020; available at
[accessed 28 October 2020][2] Australian Government Department of Foreign Affairs and Trade – DFAT COUNTRY INFORMATION REPORT IRAN; published in April 2020; available at
[accessed 28 October 2020]