იორდანია. შიდსით დაავადებულთა მიმართ არსებული დამოკიდებულება. ნოემბერი, 2020

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი იორდანიაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ქვეყანაში აივ-ინფექცია/შიდსი მკაცრად ტაბუდადებულ თემას წარმოადგენს. ამ კუთხით განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენდა მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლება დაავადების შესახებ, რადგან მოქალაქეთა უმრავლესობას სჯეროდა, რომ შიდსი მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ლგბტი თემის წარმომადგენლებს ემართებოდათ. საზოგადეობაში აივ-დადებითი პირები საკმაოდ მაღალი ხარისხის სტიგმას ექვემდებარებოდნენ, რის გამოც მათი უმრავლესობა მალავდა საკუთარ სტატუსს. მთავრობა აგრძელებდა საჯარო სივრცეში ცნობადობის ამაღლების კუთხით მუშაობას და ცდილობდა, აღმოეფხვრა აივ-დადებითი სტატუსის მქონე პირთა მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება. თუმცა, იორდანიის ხელისუფლება ასევე აგრძელებდა ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქის ყოველწლიურ ტესტირებას ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა: აივ-ინფექცია/შიდსი; ჰეპატიტი B; სიფილისი; მალარია და ტუბერკულოზი. ყველა იმ მიგრანტს, რომელთაც აივ-დადებითი სტატუსი უდასტურდებოდა,  ქვეყნიდან იძულებით დეპორტაციას უქვემდებარებდნენ.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში არსებული კანონმდებლობა არ კრძალავს დასაქმების სფეროში პირთა დისკრიმინაციას რიგი მიზეზების (რასა, შეზღუდული შესაძლებლობა, სექსუალური ორიენტაცია თუ გენდერული იდენტობა, მოქალაქეობა და ა.შ.), მათ შორის – აივ-დადებითი სტატუსის საფუძველზე.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch 2020 წლის 26 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში წერდა, რომ იორდანიაში ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც სამედიცინო შემოწმებების დროს აივ-ინფექცია/შიდსი აღმოაჩნდება, დაუყოვნებლივ დეპორტაციას ექვემდებარება. ამას გარდა, ანგარიშის მიხედვით, იორდანიაში არსებული რეგულაციები აიძულებს მოქალაქეებს, საჯარო სექტორში დასაქმებისას გაიარონ ტესტირება აივ-ინფექციაზე, რომელზეც დადებითი პასუხის შემთხვევაში, მათ სამსახურში მიღებაზე უარი ეთქმებათ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ შიდს-ით დაავადებული ლგბტი პირებისთვის ქვეყანაში ცხოვრება საკმაოდ რთულია, რადგან ის სტიგმა და დისკრიმინაცია, რომელსაც მათდამი სამედიცინო მუშაკები და დამსაქმებლები გამოხატავენ, მათ ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოს გარეშე, უზღუდავს წვდომას ელემენტარულ ძირითად უფლებებზე.[2]

ექსპერტი  ასსად რაჰჰალი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM)ეგიდით გამოქვეყნებულ ანგარიშში სახელწოდებით „იორდანიაში აივ-ინფექცია/შიდს-თან დაკავშირებული აქტივობების შეფასება“ წერდა, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, იორდანია ითვლება შიდს-ის გავრცელების დაბალი პრევალენტობის მქონე სახელმწიფოდ, სადაც აღნიშნული დონე მოსახლეობის 0.02 %-ს უტოლდება. ანგარიშის მიხედვით,  2017 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში დადასტურებული აივ-ინფექციის შემთხვევების კუმულაციური რაოდენობა იყო 1408. აქედან იორდანიის მოქალაქეების რაოდენობა იყო 383, რომელთაგან 129 გარდაიცვალა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბინადრობის მოწმობის გაცემისას, უქვემდებარებენ შიდს-ზე ტესტს, რომელზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, მათ ქვეყნიდან აძევებენ.

ანგარიშში მოცამულია იორდანიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადადგმული სხვადასხვა ნაბიჯები, რომელთა საშუალებითაც ის ცდილობს აივ-ინფექცია/შიდს-ის გავრცელების დონის შემცირებას (2004-2012 წლების სტატისტიკა). ესენია:

  • სისხლის გამცემი ყველა პირის სქრინინგი;
  • ცნობიერების ამაღლება;
  • აივ-ინფექცია/შიდს-ით დაავადებული პირების, მათი ოჯახის წევრებისა და კონტაქტების მკურნალობა, მათზე ზრუნვა და დაავადების პრევენცია;
  • ამმანის ცენტრსა და სხვა პროვინციებში აივ-ინფექციის კუთხით საკონსულტაციო/ფსიქოლოგიური სერვისები, ასევე – აღნიშნულ დაავადებაზე ტესტირება;
  • აივ-პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვის სახლებში მკურნალობა;
  • შიდს-ით დაავადებული პირების ფსიქოლოგიური, სოციალური და ფინანსური მხარდაჭერა;
  • შიდს-ით დაავადებული პირების საზოგადოებაში ჩართულობის ხელშეწყობა სხვადასხვა აქტივობებით;
  • აივ-ინფექცია/ შიდს-ის კუთხით ჯანდაცვის პროფესიონალების გადამზადება
  • და ა.შ.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში მოქმედი მთავარი შიდს-ის ცენტრი  მდებარეობს ამანში, სადაც პაციენტების მკურნალობისა და მათზე ზრუნვის გარდა, მოქმედებს ქოლ-ცენტრი, სადაც საკონსულტაციო სერვისების მიღებაცაა შესაძლებელი. ქოლცენტრის საშუალებით პაციენტები იფილტრებიან და სარისკი/საეჭვო შემთხვევებზე, გაიცემა რეკომენდაცია ტესტის გაკეთებასთან დაკავშირებით. 2017 წლის განმავლობაში, სულ დაიტესტა 231 პირი, რომელთაგან 14-ს დაუდასტურდა აივ-ინფექცია.

აივ-ინფექციის ტესტირებაზე დადებითი პასუხის მქონე პაციენტები დაუყოვენებლივ მისამართდებიან შესაბამის VCT (ნებაყოფლობითი საკონსულტაციო და ტესტირების) ცენტრებში, სადაც იკვლევენ მათ კონტაქტებს. ამას გარდა, სწორედ აღნიშნულ ცენტრებში ეძლევათ მათ წვდომა ისეთ სერვისებზე, როგორიცაა: შესაბამისი ინფორმაცია; შიდს-ის დაავადების პრევენცია; პაციენტებზე ზრუნვა და  ანტირეტროვირალური თერაპია (ART) მკურნალობა). პაციენტებს ენიჭებათ უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი, ხოლო მათი ჯანმრთელობის ისტორია ინახება VCT და სამკურნალო ცენტრებში მთლიანი სიცოცხლის მანძილზე.

ანგარიშის მიხედვით, იორდანიის  აივ-ინფექციით დაავადებული პაციენტების მიერ ART მკურნალობის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ VCT და სამკურნალო ცენტრებში, რომლებიც ქ. ამმანში მდებარეობს. მკურნალობაზე წვდომა მხოლოდ იორდანიის მოქალაქეებს აქვთ. ანგარიშში ასევე აღწერილია დეტალური პროცესი, თუ როგორ ხდება შიდს-ის მკურნალობასთან დაკავშირებული სხვადასხვა მედიკამენტების (მათ შორის – ანტირეტროვირალური მედიკამენტების) შეძენა-მიწოდება.[3]

ადგილობრივი მედია საშუალება Jordan Times 2019 წლის მაისში გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში ამ დროისთვის 260-მდე აივ-ინფექციით დაავადებული პირი იმყოფება. სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის დირექტორმა – ნაშაათ თაანიმ განაცხადა, რომ აღნიშნული 260 პაციენტიდან, 229 სამეფოს მასშტაბით არსებულ სახელმწიფო კლინიკებში უფასო მკურნალობას გადის. თაანის მიხედვით, იორდანიის მოქალაქეებისთვის შიდს-ის მკურნალობა უფასოა, მაშინ როდესაც, ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე, დაავადების გამოვლენისთავე ქვეყნიდან დეპორტაციას ექვემდებარება. მან ასევე დამატებით განმარტა, რომ როგორც კი პაციენტს აივ-ინფექცია დაუდასტურდება, მას დაუყოვნებლივ ათავსებენ უახლოეს კლინიკაში და იკვლევენ მის კონტაქტებს, რათა მაქსიმალურად აკონტროლონ დაავადების გავრცელება.

სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, იორდანიის სამეფოში აქამდე დაფიქსირებულია მხოლოდ 450-მდე აივ-ინფექციის შემთხვევა, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამას გარდა, სამინისტროს წარმომადგენელმა დამატებით განაცხადა, რომ პაციენტთა უმრავლესობას დაავადება გადაედო სექსუალური აქტის და არა ინფიცირებული ნემსების ან სხვა საჯარო ნივთებთან კონტაქტის შედეგად.[4]

[1] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Jordan; published in March 2020; available at

[accessed 11 November 2020]

[2] Human Rights Watch – ” Foreigners Living with HIV in Jordan Face an Impossible Choice” published in October 2020; available at https://www.hrw.org/news/2020/10/26/foreigners-living-hiv-jordan-face-impossible-choice [accessed 11 November 2020]

[3] Evaluation of HIV/AIDS Activities in Jordan, July 2018 – Report written by: Dr. Assad Rahhal Supported by International Organization for Migration (IOM), Amman; available at

[accessed 12 November 2020]

[4] JordanTimes – article “260 Jordanians are diagnosed with AIDS — health official”; published on 1 May 2019; available at https://www.jordantimes.com/news/local/260-jordanians-are-diagnosed-aids-%E2%80%94-health-official [accessed 11 November 2020]