იორდანია. სხვადასხვა რელიგიების მიმდევართა შორის ქორწინება. ნოემბერი 2020

იორდანიაში ა.შ.შ. საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, იორდანიაში ქორწინების სამოქალაქო პროცედურა არ არსებობს და ყველა ქორწინება უნდა ჩატარდეს დადგენილი რელიგიური ტრადიციის მიხედვით. მუსლიმ მამაკაცებს უფლება აქვთ, იქორწინონ არა-მუსლიმ ქალებზე, თუმცა, მუსლიმ ქალებს არ შეუძლიათ ცოლად გაყვნენ არა-მუსლიმ მამაკაცს.

თუ წყვილი ქორწინებდება ისლამური წესით, ქორწინება უნდა ჩატარდეს შეიხის მიერ, შარიათის სასამართლოს მიერ დადგენილი კანონების მიხედვით. იმ შემთხვევაში, როდესაც წყვილი ჯვარს იწერს ქრისტიანული წესით, მაშინ ქორწინება ტარდება ეკლესიასტური სასამართლოს მიერ.[1]

 

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი იორდანიაში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ქვეყანაში არ არსებობს სამოქალაქო წესით ქორწინების პროცედურა. შარიათის კანონის მიხედვით, მუსლიმ ქალსა და არა-მუსლიმ მამაკაცს შორის ქორწინება აკრძალულია. ამისთვის აუცილებლია, რომ მამაკაცმა ისლამი მიიღოს, რის შემდეგაც, ქორწინება ნებადართული იქნება. იმ შემთვევაში, როდესაც ქრისტიან მამაკაცზე დაქორწინებული ქრისტიანი ქალი კონვერტირდება ისლამზე, იმისთვის, რომ ქორწინება კვლავ ლეგალურად ჩაითვალოს, აუცილებელია, რომ მამაკაცმაც მიიღოს ისლამი. როდესაც სიტუაცია პირიქითაა (მამაკაცი კონვერტირდება), სავალდებულო არაა  ქალის მიერაც ისლამის მიღება.[2]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში იორდანიის შესახებ წერდა, რომ მთავრობა არ ცნობს მუსლიმ ქალსა და არა-მუსლიმ მამაკაცს შორის შემდგარ ქორწინებას. ამას გარდა, ისეთი საკითხები, როგორიცაა ქორწინება და განქორწინება, განიხილება რელიგიური სასამართლოების მიერ, რომლებიც ზოგჯერ ქალებსა და ისლამიდან კონვერტირებულ პირებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებენ, ასევე – ზღუდავენ ზოგიერთ რელიგიათშორისი ხასიათის შერეულ ქორწინებებს.[3]

[1] US Embassy in Jordan – Marriage in Jordan; available at https://jo.usembassy.gov/u-s-citizen-services/local-resources-of-u-s-citizens/marriage-in-jordan/ [accessed 16 November 2020]

[2] United States Department of State – 2019 Report on International Religious Freedom: Jordan; published in June 2020; available at

[accessed 16 November 2020]

[3] Freedom House – Freedom in the World 2020 – Jordan; published in March 2020; available at

[accessed 16 November 2020]