ეგვიპტე. უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება. ნოემბერი, 2020

ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC –  „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას (Rule of Law in Armed Conflicts) მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობით, ეგვიპტეში  ფიქსირდება არა-საერთაშორისო ტიპის შეიარაღებული კონფლიქტი, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება „ვილაიათ სინაის“, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ აფილირებული შეირაღებული ჯგუფის წინააღმდეგ აწარმოებს. ამას გარდა, ეგვიპტის შეიარაღებული ძალები ჩართულნი არიან იემენის ტერიტორიაზე მიმდინარე არა-საერთაშორისო ტიპის შეიარაღებულ კონფლიქტში, რომელსაც საუდის არაბეთის მეთაურობით შემდგარი სამხედრო კოალიცია აწარმოებს.[1]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ეგვიპტეში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ეგვიპტეს 2013 წლიდან პრეზიდენტი აბდელ ფატტაჰ ალ-სისი მართავს. ქვეყანაში არსებული სამოქალაქო ინსტიტუციები ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე.

2017 წელს კოპტთა ეკლესიებზე ტერორისტული თავდასხმების შემდგომ, პრეზიდენტმა სისიმ პარლამენტს მიმართა მთლიანი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის შემოღების მოთხოვნით, რაც დააკმაყოფილეს. აქედან მოყოლებული, ქვეყანაში დღემდე მოქმედებს ზემოხსენებული საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ყოველ 3 თვეში ერთხელ ნახლდება.

მიმდინარე წელს დაფიქსირებულ სერიოზულ უფლებადარღვევათა შორის იყო: უკანონო ან/და თვითნებური მკვლელობები, მათ შორის – კანონგარეშე მკვლელობები, ჩადენილი ეგვიპტის მთავრობის შესაბამისი სამსახურების ან ტერორისტების მიერ; იძულებითი გაუჩინარებები; წამება; უკანონი დაკავებები; პოლიტიკური პატიმრები; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; გამოხატვისა, ინტერნეტისა და პრესის თავისუფლების კუთხით დაწესებული უმკაცრესი შეზღუდვები, მათ შორის – ცენზურა, საიტების დაბლოკვა და ჟურნალისტების დაპატიმრება; შეზღუდვები შეკრების და მანიფესტაციის უფლების კუთხით; რელიგიური და სექსუალური უმცირესობების მიმართ ძალადობა, ბავშვთა იძულებითი შრომა და ა.შ.

მთავრობა იშვიათად ან არასაკმარისად იძიებდა, ან სათანადოდ სჯიდა აღნიშნულ უფლებადარღვევებში ბრალდებულ პირებს, მათ შორის – უსაფრთხოების ძალებისა და პოლიციის რიგებში, რაც ხელს უწყობდა დაუსჯელობის სინდრომის წარმოქნას.

ვრცელდებოდა არაერთი ცნობა იმის შესახებ, რომ უსაფრთხოების ძალები და სხვა შესაბამისი სამსახურები ჩადიოდნენ უკანონო მკვლელობებს, მათ შორის უშუალოდ პირთა დაკავებისას, მათი წინასწარ დაკავებაში ყოფნის პერიოდში ან მოქალაქეებთან შეხლა-შემოხლის დროს. ამას გარდა, გავრცელებული ცნობებით, დაკავების ცენტრებში ფიქსირდებოდა პირთა წამებით სიკვდილამდე მიყვანის შემთხვევებიც. ერთ-ერთი ადგილობრივი ორგანიზაციის მონაცემებით,  იანვრიდან ივნისის ჩათვლით, აღირიცხა მთავრობის შესაბამისი ორგანოების მიერ ჩადენილი 302 უკანონო მკვლელობა. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ზემოხსენებულ შემთხვევაში, ეგვიპტის მთავრობა სათანადოდ იძიებდა და სჯიდა აღნიშნულ დანაშაულებში ბრალდებულ პირებს.

ანგარიშის მიხედვით, ეგვიპტეში ფიქსირდებოდა უსაფრთხოების ძალების მხრიდან პირთა იძულებითი გაუჩინარების არაერთი შემთხვევა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, გამოიყენებოდა, როგორც დაშინების ერთ-ერთი ეფექტური ტაქტიკა. ერთ-ერთი ადგილობრივი ორგანიზაციის მიხედვით, 2018 წლის აგვისტოდან 2019 წლის აგვისტოს ჩათვლით, აღირიცხა პირთა გაუჩინარების 336 შემთხვევა, ხოლო 2019 წლის აგვისტოდან მოყოლებული – თითქმის 500.

ანგარიშში ასევე საუბარია სამართალდამცავი ორგანოების, უსაფრთხოების ძალების და საპატიმროთა პერსონალის მხრიდან პირთა წამების ფაქტებზეც. ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების მიხედვით, წლის განმავლობაში ფიქსირდებოდა წამების ასობით შემთხვევა, რომელთაგან ზოგიერთის ფარგლებში, ფატალური შედეგიც კი დადგა. პოლიცია და ციხის პერსონალი იყენებდა წამებას, როგორც დაკავებულებისგან ინფორმაციის მოპოვების ერთ-ერთ მეთოდს, მათ შორის – არასრულწლოვნებთან მიმართებაში. გავრცელებული ცნობებით, წამების მეთოდებში შედიოდა: მუშტებით, მათრახით, იარაღის კონდახებით და სხვა ობიექტების გამოყენებით პირთა ცემა; ჭერზე კიდურებით დაკიდება; ელექტრული შოკის გამოყენება; სექსუალური ძალადობა; ძაღლებით თავდასხმა და ა.შ.

რაც შეეხება სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეგვიპტის კონსტიტუციის თანახმად, სასამართლო შტო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია და, მთავრობაც, ზოგადად, პატივს სცემდა და აღასრულებდა კანონის ამ დანაწესს. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, კონკრეტული მოსამართლეები არ იჩენდნენ მიუკერძოებლობას, რის შედეგადაც დამდგარი განაჩენი ზოგჯერ პოლიტიკურად მოტივირებული ან არასაკმარისად დამტკიცებული იყო.[2]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ეგვიპტის შესახებ 2020 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ პრეზიდენტი აბდელ ფატტაჰ ალ-სისი განაგრძობდა ქვეყნის ავტორიტარული მეთოდით მართვას. ქვეყანაში თითქმის არ არსებობდა რეალური ოპოზიცია, რადგან წინააღმდეგობა და განსხვავებული აზრის ქონა ხშირად სისხსლისამართლებრივი დევნითა და პატიმრობით ისჯებოდა. სამოქალაქო თავისუფლებები, მათ შორის – -გამოხატვის და პრესის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება, მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული. უსაფრთხოების ძალები განაგრძობდნენ უფლებადარღვევების ჩადენას ყოველგვარი პახუსისმგებლობის გარეშე. ქვეყანაში ფიზიკურ უსაფრთხოებას ასევე მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა ტერორიზმი, რომელიც ძირითადად სინაის ნახევარკუნძულზე იყო კონცენტრირებული.

ანგარიშის მიხედვით, აღამსრულებელ შტოს სასამართლოზე დიდი გავლენა გააჩნია, რის გამოც ის ხშირად სამთავრობო ინტერესებს იცავს და უგულებელყოფს ადამიანის უფლებათა ელემენტარულ საპროცესო სტანდარტებს, როდესაც საქმე ეხება ეგვიპტის მთავრობის პოლიტიკურ ოპონენტებს. 2019 წელს მიღებულმა კონსტიტუციურმა ცვლილებებმა გაზარდა სასამართლო შტოზე პრეზიდენტის სამეთვალყურეო როლი და კიდევ უფრო დააკნინა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი. ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს შეუძლია დანიშნოს სასამართლო ინსტიტუციების თავმჯდომარეები და ის ასევე ხდება „სასამართლო სტრუქტურათა უზენაესი საბჭოს“ (ორგანო, რომელიც ზედამხდეველობას უწევს სასამართლო შტოში პირთა თანამდებობაზე დანიშვნას, ასევე – დისციპლინალური პასუხისმგებლობის საკითხებს) თავმჯდომარე, რომელსაც ვეტოს უფლება გააჩნია.

სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს Freedom House 4-დან 1 ინდექსით აფასებს. ზოგადად, ორგანიზაციის მიერ ქვეყანაში პოლიტიკური უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა მაქსიმალური 40-დან 7 ქულით არის შეფასებული, ხოლო სამოქალაქო თავისუფლებები – 60-დან 14 ქულით.[3]

არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch ეგვიპტის შესახებ 2020 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ 2019 წელს რეფერენდუმის საფუძველზე მიღებული კონსტიტუციური ცვლილებები ხელს უწყობს ავტორიტარულ მმართველობას, აკნინებს სასამართლო შტოს დამოუკიდებლობას და ნებას აძლევს სამხედრო ელიტას, ჩაერიონ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეგვიპტის უსაფრთხოების ძალები აგრძელებდნენ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ აფილირებული შეიარაღებული ჯგუფის „სინაის პროვინციის“ წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო ოპერაციებს სინაის ნახევარკუნძულზე, რომელთა ფარგლებშიც ადგილი ჰქონდა არაერთ სამართალდარღვევას. მათ შორის იყო: სახლების დანგრევა, ადგილობრივი პირების თვითნებური დაკავება, წამება და მკვლელობაც კი.

ვითომდა ტერორიზმთან ბრძოლის ეგიდით, ეგვიპტის მთავრობამ გამოიჩინა უდიდესი უპატივცემულობა კანონის უზენაესობისადმი. 2017 წლიდან მოყოლებული, პრეზიდენტი სისი ინარჩუნებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყანაში, რომლის ფარგლებშიც, უსაფრთხოების ძალებს თითქმის განუზომელი ძალაუფლება ენიჭებათ. პოლიციისა და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები რუტინულად იყენებდნენ ისეთ მეთოდებს, როგორიცაა წამება და სისტემატური ხასიათის გაუჩინარებები, რის გამოც არანაირ პასუხისმგელობას არ ექვემდებარებოდნენ. გავრცელებული ცნობებით, წამებას დაექვემდებარნენ მათ შორის, ცნობილი აქტივისტები – ალაა აბდელ ფატტაჰი და ისრაა აბდელ ფატაჰი.

ანგარიშის მიხედვით, პრეზიდენტმა აგვისტოში შემოიღო ახალი კანონი, რომელიც მასშტაბურ შეზღუდვებს უწესებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და ხელს უშლის მათ თავისუფლად მუშაობაში. ეგვიპტის მთავრობამ ვერ შეასრულა საკუთარი დანაპირები, რომ დაიცავდა ქალებსა და რელიგიურ უმცირესობებს. კანონს, რომელიც ოჯახურ ძალადობას სისხლისამართლებრივი წესით დასჯად დანაშაულად აქცევდა, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. ხოლო ქრისტიანები კვლავ განიცდიდნენ გარკვეულ დისკრიმინაციას, რაც ძირითადად გამოხატული იყო მათდამი არსებული ფაქტობრივი დაბრკოლებებით, ახალი ეკლესიების აშენების თაობაზე.[4]

[1] Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts; available at http://www.rulac.org/browse/map [accessed 18 November 2020]

[2] United States Department of State – 2019 Country Reports on Human Rights Practices: Egypt; published in March 2020; available at

[accessed 19 November 2020]

[3] Freedom House – Freedom in the World 2020 – Egypt; published in March 2020; available at

[accessed 20 November 2020]

[4] Human Rights Watch – World Report 2020 – Egypt; published in January 2020; available at

[accessed 20 November 2020]