ეგვიპტე. კოპტების მიმართ არსებული დამოკიდებულება. ნოემბერი, 2020

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ეგვიპტეში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ეგვიპტის კონსტიტუციის თანახმად, „რწმენის თავისუფლება აბსოლუტური უფლებაა“ და „წმინდა (აბრამისეული) რელიგიების მიმდევართა თავისუფლება, განახორციელონ რელიგიური რიტუალები და იქონიონ სალოცავი ადგილები, კანონითაა გარანტირებული“. ამას გარდა, კონსტიტუცია ასევე აწესებს ისლამს, როგორც, სახელმწიფო რელიგიას, ხოლო შარიათის პრინციპებს – როგორც კანონმდებლობის ძირითად წყაროს.

ანგარიშის მიხედვით, ეგვიპტის მოსახლეობა 101.8 მილიონ ადამიანს შეადგენს, რომელთაგან დაახლოებით 90 % სუნიტი მუსლიმია, ხოლო დაახლოებით 10 კი – ქრისტიანი.  ქრისტიანთაგან თითქმის 90 % მიეკუთვნება კოპტთა მართლმადიდებელ ეკლესიას.

ანგარიშის მიხედვით,  სამხედრო უზენაესმა სასამართლომ, მაისში აღასრულა 36-დან 17 სასიკვდილო განაჩენი იმ პირთა მიმართ, რომელთა აღნიშნული სასჯელი ჰქონდათ მისჯილი 2016-17 წლებში კაიროში, ალექსანდრიასა და ტანტაში კოპტური ეკლესიებში აფეთქებების მოწყობისთვის, რასაც 80-ზე მეტი პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. დანარჩენ 19 პირს სასამართლომ 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ზემოხსენებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია ISIS-მა აიღო. ამას გარდა, კაიროს სამხედრო სისხლისსამართლებრივმა სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა ორ, ხოლო მუდმივი პატიმრობა – კიდევ ორ სხვა პირს, 2017 წელს, ჰელვანის უბანში კოპტურ ეკლესიაზე თავდასხმის მოწყობისთვის, რასაც 11 ადამიანი ემსხვერპლა. 1 ივლისს, ეგვიპტის საკასაციო სასამართლომ სასიკვდილო განაჩენო მიუსაჯა პირს, რომელსაც ბრალად ორი კოპტის საჯაროდ მკვლელობა და სოფელ შამიიაში ქრისტიანული თემის ტერორიზება ედებოდა.

ანგარიშის მიხედვით, ვრცელდებოდა არაერთი ცნობა იმის შესახებ, რომ მთავრობა ხურავდა არალიცენზირებულ ეკლესიებს მუსლიმური თემის პროტესტების შემდგომ და ზოგჯერ, ვერ უზრუნველყოფდა უმცირესობების წარმომადგენლების წვდომას პროცედურულ უფლებებზე სასამართლოში. 7 იანვარს, კოპტური შობის აღსანიშნავი წირვის შემდგომ, მუსლიმთა ჯგუფმა გააპროტესტა არალიცენზირებული ეკლესიის არსებობა ზემო ეგვიპტის რეგიონში მდებარე სოფელ Manshiyet Zaafarana-ში. 11 იანვარს, ზემოხსენებული ჯგუფი კვლავ შეიკრიბა ეკლესიასთან და მისი წევრები აჟღერებდნენ ანტი-ქრისტიანულ მოწოდებებს. პოლიცია და უსაფრთხოების ძალები მალევე ჩაერივნენ, დაშალეს დემონსტრაცია და დახურეს ეკლესია. კოპტური ეკლესიის მინიის დიოექეზიამ შემდგომ გაავრცელა განცხადება, სადაც უთითებდენენ, რომ ამ ფორმით, უსაფრთხოების ძალები დაეხმარნენ ადგილობრივი მუსლიმებს ტაძრის დახურვაში.

ივლისში, ალექსანდრიისა და დამაჰურის სახელმწიფო უნივერსიტეტებმა დაანონსეს კოპტური სწავლებების ცენტრების დაარსება, რასაც კოპტურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან თანამშრომლობით ახორციელებდნენ. ცენტრებში ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა სასწავლო კურსები კოპტური ენის, ლიტერატურის, ისტორიისა და ხელოვნების შესახებ.

რაც შეეხება კოპტთა მიმართ საზოგადოებრივ დამოკიდებულებას, ანგარიშის მიხედვით,  3 იანვარს, დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ გაავრცელა ვიდეო-მიმართ, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას ჰპირდებოდა „სისხლიან თავდასმხებს კოპტურ შობასთან დაკავშირებული დღესასწაულების დროს“ და „ეგვიპტელ ქრისტიანებზე შურისძიებას“. მიმართვაში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ კოპტური ეკლესიის მეთაურს – პაპ ტოვადროს II-ს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით,  17 იანვარს სავარაუდოდ „ისლამური სახელწმწიფოს“ წევრმა დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს ქრისტიანი კოპტი ჩრდილოეთი სინაის რეგიონში მდებარე ალ-არიშის საკონტროლო გამშვები პუნქტიდან. წლის ბოლოსთვის არსებული მდგომარეობით, აღნიშნული პირის ბედ-იღბალი უცნობი იყო.

იანვარში, ქაიროში, ნასრის უბანში ადგილობრივმა მუსლიმმა შეიხმა აცნობა უსაფრთხოების ძალებს ღვთისმშობელი მარიამის ეკლესიასთან სავარაუდო აფეთქების მოწყობის შესახებ. პოლიციამ, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მიმდებარე ტერიტორიაზე მართლაც აღმოაჩინა თვითნაკეთი ასაფეთქებული მოწყობილობები. თუმცა, ბომბის განეიტრალების მცდელობისას, ერთი პოლიციელი დაიღუპა, ხოლო ორი – დაშავდა.

ანგარიშის მიხედვით, ვებ-გვერდმა Esshad-მა, რომელიც აღრიცხავს სექტარული ხასიათის თავდასხმებს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ თემებს შორის ძალადობის ხარისხის 2018-2019 წლებში 29 %-ით შემცირდა.

ადგილობრივი ადამიანის უფლებათა ჯგუფების მიხედვით, კერძო სექტორში დასაქმების კუთხით  რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლების დისკრიმინაცია  გრძელდებოდა, მათ შორის – სპორტში. მაგალითად, წამყვან საფეხბურთო კლუბებში მოთამაშე 540 მოთამაშიდან, მხოლოდ ერთი იყო ქრისტიანი. ზოგიერთი რელიგიური ლიდერი და მედიის წარმომადგენლები აგრძელებდა ქრისტიანების მიმართ დისკრიმინაციული რეტორიკის და ენის გამოყენებას.მაგალითად, იანვარში სალაფიტმა მოძღვარმა – ვაგდი ღონეიმმა დაპოსტა ვიდეო, სადაც აკრიტიკებდა ალ-აზჰარის მთავარ იმამ აჰმედ ელ-ტაიიბს იმაში, რომ მან მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთი საკათედრო ტაძრის გახსნაში. მან განაცხადა, რომ ისლამის მიხედვით, კოპტები ურწმუნოები არიან და ისინი, ვინც იღებენ მათ რელიგიას ან ეხმარებიან მათ რელიგიურ რიტუალებში, ასევე ურწმუნოები არიან.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ეგვიპტის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ 2014 წლის კონსტიტუციის 64-ე მუხლით „რწმენბის თავისუფლება აბსოლუტური უფლებაა“. ეგვიპტელთა უმრავლესობა სუნიტი მუსლიამია, თუმცა, კოპტი ქრისტიანები მნიშვნელოვან რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენენ. მათ გარდა, ქვეყანაში, შედარებით მცირე რაოდენობით, ასევე ბინადრობენ შიიტი მუსლიმები და არა-კოპტური ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლები.

ანგარიშის მიხედვით,  რელიგიური უმცირესობებისა და ათეისტების მიმართ, ზოგჯერ, ადგილი აქვს სამართლებრივ დევნასა და ძალადობას. განსაკუთრებით კოპტების შემთხვევაში, სახეზეა მასობრივი იძულებითი გადაადგილების შემთხვევები, ფიზიკური თავდასხმები, ბომბებით თავდასხმა, მათი საცხოვრებლის  გადაწვა და უკანასკნელ წლებში, კოპტების მიერ ეკლესიების აშენების ხელის შეშლა.[2]

Amnesty International ეგვიპტის შესახებ 2020 წლის ანგარიშში წერდა, რომ 2019 წლის 23 ნოემბერს დააპატიმრეს კოპტი ქრისტიანი აქტივისტი – რამი კამელი, რომელიც რამდენიმე დღეში ჟენევაში, უმცირესობათა საკითხებზე გაეროს ერთ-ერთ ფორუმზე მიემგზავრებოდა. კამელი „ტერორიზმთან“ დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს, რაც ორგანიზაციის აზრით, დაკავშირებული იყო იმასთან, რომ წარსულში ის ეგვიპტეში რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე ღიად გამოხატავდა საკუთრ პოზიციას და აღნიშნულ საკითხზე 2018 წელს, მისი ეგვიპტეში ვიზიტის დროს, გაეროს სპეციალურ წარმომადგენლელსაც კი ესაუბრა. [3]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ეგვიპტეში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, ფიქსირდებოდა ბრბოს ძალადობის და ვიჯილანტიზმის ინციდენტები, მათ შორსი – სექტარული ხასიათის ძალადობრივი ინციდენტები, მიმარტული კოპტი ქრისტიანების წინააღმდეგ. 1 ივლისს, ეგვიპტის საკასაციო სასამართლომ სასიკვდილო განაჩენო მიუსაჯა პირს, რომელსაც ბრალად ორი კოპტის საჯაროდ მკვლელობა და სოფელ შამიიაში ქრისტიანული თემის დატერორება ედებოდა.[4]

[1] United States Department of State – 2019 Report on International Religious Freedom: Egypt; published in June 2020; available at

[accessed 25 November 2020]

[2] Freedom House – Freedom in the World 2020 – Egypt; published in March 2020; available at

[accessed 25 November 2020]

[3] Amnesty International – Human rights in the Middle East and North Africa: Review of 2019; Egypt; published in February 2020; available at

[accessed 24 November 2020]

[4] United States Department of State – 2019 Country Reports on Human Rights Practices: Egypt; published in March 2020; available at

[accessed 24 November 2020]