თურქეთი. წარმოშობით სომეხთა მიმართ დამოკიდებულება. დეკემბერი, 2020

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში, მათ შორის – ავტორიტეტული საერთაშორისო არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციების შესაბამის ანგარიშებში, ინფორმაცია საკვლევ კითხვაში მოცემული საკითხის შესახებ, შედარებით მწირი იყო.

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერს, რომ თურქეთის კონსტიტუციის თანახმად, ყველა მოქალაქეს ერთი ეროვნება ენიჭება და კანონი არ ცნობს არანაირ ეროვნულ, რასობრივ თუ ეთნიკურ უმცირესობას გარდა 3 არა-მუსლიმური ჯგუფისა: სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევარი ქრისტიანები, ებრაელები და ბერძენი მართლმადიდებელი ქრისტიანები. ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ სომხური ენა,ზოგჯერ, საჯარო სივრცეში ღიად გამოიყენებოდა  და, ამ კუთხით, პრობლემები არ იყო. მაგალითად, მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს – 21 თებერვალს, ოპოზიციური CHP და HDP პარტიების დეპუტატებმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, გამოიყენეს ლაზური, სომხური და ქურთული ენები. სომხურ ენაზე მაუწყებელი ტელევიზია – Luys TV იანვარში აქტიურად აშუქებდა  საშობაო წირვებს. არხზე ასევე გადიოდა სხვადასხვა ტიპის სიუჟეტები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ახალი ამბები, საბავშვო გადაცემები და ადგილობრივი მოსახლეობისთვის აქტუალურ საკითხზე დისკუსიები.

ანგარიშის მიხედვით, ალევი და ქრისტიანი მოსახლეობა, მათ შორის – სომეხი ქრისტიანები, კვლავ ექვემდებარებოდნენ სიძულვილის ენასა და დისკრიმინაციას. ტერმინი „სომეხი“ დამკვიდრებული იყო, როგორც ფართოდ გავრცელებული შეურაცხყოფა. უმცირესობათა სალოცავ ადგილებზე თავდასხმები საკმაოდ იშვიათი იყო.

ერთ-ერთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის „Hrant Dink Foundation”-მა ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც აღრიცხავდა ეროვნულ და ადგილობრივ გაზეთებსა და მედია საშუალებებში დაფიქსირებული სიძულვილის ენას. კერძოდ, 1-ლი იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, აღირიცხა 2 635 შემთვევა, რომელთა ფარგლებში ეროვნული, ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების მიმართ გამოიყენებოდა სიძულვილის ენა. ყველაზე ხშირ სამიზნეებს სირიელები, ებრაელები, ბერძნები და სომხები წარმოადგენდნენ.[1]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერს, რომ ქვეყანაში დაახლოებით 90 000 სომეხი ქრისტიანი ბინადრობს. თურქეთში დღემდე მოქმედებს 1923 წელს მიღებული „ლაუზანის შეთანხმება“, რომლის მიხედვითაც,  სპეციალური ეთნიკური უმცირესობის სტატუსი მხოლოდ 3 ჯგუფს ენიჭება (სომეხი ქრისტიანები, ებრაელები და ბერძენი მართლმადიდებელი ქრისტიანები).  მთავრობა ნებას რთავდა აღნიშნულ უმცირესობებს, დაეფუძნებინათ და ემართათ სკოლები განათლების სამინისტროს მეთვალყურეობის ქვეშ. მათ შორის შესაბამისი დოკუმენტის არმქონე სომეხი მიგრანტების, ასევე – სირიიდან სომეხი ლტოლვილების შვილებს, შეეძლოთ, განათლება მიეღოთ აღნიშნულ სკოლებში.

ანგარიშის მიხედვით, მაისში, ერთ-ერთმა  მუსლიმმა ტელევანგელისტმა – Nihat Hatipoglu-მ, ადგილობრივი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, 13 წლის სომეხი ბიჭი ისლამზე მისი მშობლების ნებართვის გარეშე მოაქცია. სომხური ეკლესიის წევრებმა და პატრიარქმა ღიად დაგმეს იძულებითი კონვერტაციის შემთხვევა და აპელირებდნენ ლაუზანის ხელშეკრულების დარღვევაზე. ამას გარდა, როგორც მმართველმა AKP, ასევე – ოპოზიციურმა HDP პარტიებმა, საჯაროდ დაგმეს აღნიშნული შემთხვევა.[2]

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია IHP თურქეთში 2019 წლის განმავლობაში ადამიანის  უფლებადარღვევების შესახებ  ანგარიშში წერდა, რომ მიმდინარე წელს ქვეყანაში რასისტული თავდასხმების 20 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა ფარგლებშიც, საკუთარი ეთნიკური იდენტობის გამო, თავს ესხმოდნენ სომეხ, ქურთ და ალევიტ უმცირესობის წარმომადგენლებს.[3]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში, მათ შორის – ავტორიტეტული საერთაშორისო არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციების შესაბამის ანგარიშებში და მედია წყაროებში, სხვა დამატებითი ინფორმაცია წარმოშობით და ეთნიკურად სომეხი თურქეთის მოქალაქეების მიმართ არსებული უფლებადარღვევების შესახებ, არ იძებება.

[1] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Turkey; published on 11 March 2020; available at

[accessed 3 December 2020]

[2] United States Department of State – 2019 Report on International Religious Freedom: Turkey; published on 10 June 2020; available at

[accessed 3 December 2020]

[3] IHD – İHD 2019 REPORT ON HUMAN RIGHTS VIOLATIONS IN TURKEY; published in May 2020; available at

[accessed 3 December 2020]