ერაყი. მიგრანტთა რეპატრიაციისა და რეინტეგრაციის პროგრამა. დეკემბერი, 2020

გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინირების ოფისის (OCHA) დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალიზებული პრეს-სამსახური – „Reliefweb“ 2018 წლის 1-ელი მაისის გამოცემაში წერს ერაყში დაბრუნებულ მიგრანტთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რეინტეგრაციის პროცესში ადგილობრივი რესურსცენტრების როლის შესახებ.

სააგენტოს ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებული 3.6 მილიონზე მეტი პირი უკვე დაუბრუნდა საკუთარ სახლს. ერაყის მთავრობის კოორდინაციისა და მონიტორინგის ერთობლივი ცენტრი (JCMC), სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, აფუძნებს ადგილობრივ რესურს-ცენტრებს იმ რეგიონებში, სადაც დიდი რაოდენობით იძულებით გადაადგილებული პირი დაბრუნდა. ცენტრები ფუნქციონირებენ სწორედ JCMC-ის ეგიდით და მათი დანიშნულებაა, შეასრულონ ერთგვარი საკოორდინაციო და საინფორმაციო ჰაბის ფუნქცია, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები და უკან დაბრუნებული მიგრანტები მიიღებენ ინფორმაციას სხვადასხვა გადაუდებელი, ჯანდაცვისა და სტაბილიზაციის სერვისის შესახებ. აღნიშნულ სერვისებზე წვდომას, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, უზრუნველყოფს ერაყის მთავრობა, რათა ხელი შეუწყოს ერაყში მიგრანტთა დაბრუნებისა და უკვე  დაბრუნებულ პირთა ინტეგრაციის პროცესს.

ცენტრების მიზანია, ერაყის მთავრობის მხარდაჭერა როგორც ადგილობრივ, ისე – ეროვნულ დონეზე, რათა მან კოორდინირება გაუწიოს დაბრუნებულ პირთათვის ისეთი სერვისების მიწოდებას, რომელიც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო, ნებაყოფლობით და მდგრად სოციალურ-ეკონიმიკურ რეინტეგრაციას ადგილობრივ თემებში.

პირველი რესურს-ცენტრები იხსნება ნინევისა და ანბარის პროვინციებში, ხოლო შემდგომ – სხვა რეგიონებში, სადაც კონფლიქტმა და, შედეგად, მოსახლეობის იძულებითმა გადაადგილებამ, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

„ადგილობრივი რესურსცენტრები დაგვეხმარება, რათა ყველაზე ეფექტური გზით მივაწოდოთ დაბრუნებულ პირებს ინფორმაცია და სხვადასხვა ტიპის სერვისი“ – განაცხადა JCMC-ის თავმჯდომარე აბდულ ამირ მოჰამედ ალიმ.

ერაყის მთავრობის კოორდინაციისა და მონიტორინგის ერთობლივ ცენტრთან (JCMC) ერთად, პროცესებში ჩართულია 7 გაეროსა და არასამთავრობო პარტნიორი ორგანიზაცია: გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR); ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC); მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM); ლტოლვილთა ნორვეგიის საბჭო (NRC); ტექნიკური თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო (ACTED); არასამთავრობო ორგანიზაციები People in Need (PIN) და Terre des hommes (TDH) Lausanne.[1]

იგივე წყარო, 2020 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ ამ წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, ერაყში დაახლოებით 1.3 მილიონი ადამიანი კვლავ იყო იძულებით გადაადგილებული ქვეყნის 18 პროვინციაში. მათი უმრავლესობა, დღესდღეისობით, ნინევას (300 000 პირი); დუჰოკის (281 000 პირი); ერბილის (232 000) და სულეიმანიას (137 000) პროვინციებში ბინადრობს.

ამას გარდა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წლის აპრილიდან მოყოლებული, შეინიშნება ერაყში დაბრუნებულ მიგრანტთა ნაკადის მზარდი ტრენდი – ჯამში, უკვე 4.7 მილიონი ერაყელი დაუბრუნდა საკუთარ საცხოვრებელს. მათი უმრავლესობა დაბრუნდა შემდეგ 3 პროვინციაში: ნინევა (1.8 მილიონი პირი); სალაჰ ად-დინი (1.5 მილიონი პირი) და დიიალა (700 000 პირი).[2]

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ერაყის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით,  იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა არის 1.278.000; ხოლო – სამშობლოში დაბრუნებულ პირთა  კი – 4.782.414, რაც რეკორდული მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2016 წლის დასაწყისში, ერაყში დაბრუნებულთა რიცხვი მხოლოდ 500 000 პირს შეადგენდა.[3]

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) გერმანიის წარმომადგენლობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, 2015-2017 წლების განმავლობაში, IOM-მა, გერმანიის მიგრაციის და ლტოლვილთა ფედერალური ოფისთან თანამშრომლობით,  განახორციელა მასშტაბური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ერაყის ქურთისტანის რეგიონში ერაყელი მოქალაქეების დაბრუნებისა და გრძელვადიან პერსპექტივაში რეინტეგრაციის ხელშეწყობას.

პროექტში მონაწილეობა მიიღეს ერაყის იმ მოქალაქეებმა, რომელთაც გააჩნდათ ახლო ოჯახური კავშირები ქურთისტანის რეგიონში და, ასევე, საკუთარი ნების საფუძველზე გამოხატავდნენ მზაობას, დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში.

თითოეული პირისთვის შეიქმნა თავდაპირველი ინდივიდუალური რეინტეგრაციის გეგმა, სადაც გათვალისწინებული იქნა მათი პირადი საჭიროებები. იმ აპლიკანტებს კი, რომელთაც გააჩნდათ რეალისტური და ეკონომიკური შეთავაზებები, გაეწიათ სათანადო მხარდაჭერა  ჩრდილოეთ ერაყში მათი დაბრუნების შემდეგ, რათა ხელი შეეწყოთ მათი რეინტეგრაციის პროცესისთვის. ინდივიდუალური რეინტეგრაციის გეგმების შემდეგ, მათ დამატებით მიეწოდათ მომდევნო რამდენიმე თვის სამყოფი დახმარება. [4]

იგივე IOM-ს ერაყის მისია, საკუთარ სხვა მისიებთან და პროგრამებთან ერთად, ერაყში ასევე ახორციელებს „პირთა ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობის“ (Assisted Voluntary Return and Reintegration – AVRR) პროგრამას. 2003 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ერაყში პირველი ოფისი გახსნა, IOM-მა ზემოხსენებული პროგრამის ფარგლებში ხელი შეუწყო 40 000-ზე მეტი ერაყელის დაბრუნებასა და რეინტეგრაციას სამშობლოში.

პროგრამის ფარგლებში დაბრუნებულებს, მათი ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, ეძლევათ წვდომა სხადასხვა ტიპის სერვისებსა თუ მხარდაჭერაზე, მაგალითად: საკონსულტაციო სესიები; სამედიცინო სერვისები; საცხოვრებლით  ნაწილობრივი უზრუნველყოფა (ქირის თანხის დაფარვა, საოჯახი ნივთების შეძენა და ა.შ.); სამუშაო ადგილის მოძებნაში დახმარება; დაბრუნებისას ერთჯერადი ფულადი დახმარება; მცირე ბიზნესის წამოწყებაში ხელშეწყობა და ა.შ.

ორგანიზაციას პროგრამის განხორციელებაში ეხმარებიან და პარტნიორობას უწევენ: ერაყისა და ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის მთავრობები; ბაღდადის, ბასრასა და ქურთისტანის პროვინციების ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები; სხვადასხვა ორგანიზაციები კერძო სექტორიდან და გერმანიის განვითარების სააგენტო (GIZ). [5]

გაეროს ლტოვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) 2020 წლის 29 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ ორგანიზაციამ წარმატებით განახორციელა ერაყში დაბრუნებულ მიგრანტთა ყველაზე მოწყვლადი ოჯახების დახმარების “ზამთრის პროგრამა”. პროგრამის ფარგლებში, ცივი ზამთრის დასაძლევად, UNHCR 65 000 მეტ ოჯახს დაეხმარა როგორ იძულებით გადაადგილებულთა ბანაკებში, ასევე – ქვეყნის ურბანულ თუ რეგიონალურ დასახლებებში. გარდა ჰუმანიტარული დახმარებისა, პროგრამა, ზოგიერთ შემთვევაში, ასევე მოიცავდა ოჯახებისთვის ფულადი დახმარების დარიგებასაც.[6]

მედია საშუალება Infomigrants 2020 წლის 4 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წედა, რომ ახალი კორონავირუსული ინფექციის (Covid 19) გლობალური პანდემიის დაწყების შემდგომ, ევროპიდან ერაყში მიგრანტთა პირველი  ნებაყოფლობითი დაბრუნების პირველი რეისი შესრულდა. სტატიის მიხედვით, გასულ ოთხშაბათს, გერმანიის მიგრანტთა და ლტოლვილთა ფედერალური ოფისი (BAMF) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ხელშეწყობით, გერმანიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებსა და  ბელგიაში მცხოვრები 50 ერაყელი ნებაყოფლობით დაუბრუნდა სამშობლოს.[7]

[1] Reliefweb, article “Community Resource Centres to Consolidate Support for Returnee Reintegration in Iraq” May 1 2018, available at https://reliefweb.int/report/iraq/community-resource-centres-consolidate-support-returnee-reintegration-iraq [accessed 1 December 2020]

[2] Reliefweb – report “Education in Iraq”; published in November 2020; available at

[accessed 1 December 2020]

[3] IOM Iraq Mission – main page statistics; last updated on 31 October 2020; available at http://iraqdtm.iom.int/ [accessed 1 December 2020]

[4] IOM Germany, Project – “Integrated Reintegration in Iraq”, available at http://germany.iom.int/en/integrated-reintegration-iraq-kurdistan-region [accessed 1 December 2020]

[5] IOM IRAQ – Assisted Voluntary Return and Reintegration; available at https://iraq.iom.int/assisted-voluntary-return-and-reintegration [accessed 1 December 2020]

[6] UNHCR – Iraq Winter Programme for IDP and Returnee Families – 2019; published on 29 March 2020; available at https://reliefweb.int/report/iraq/unhcr-iraq-winter-programme-idp-and-returnee-families-2019 [accessed 1 December 2020]

[7] Infomigrants – article “First European voluntary return flight to Iraq since start of pandemic”; published on 4 September 2020; available at https://www.infomigrants.net/en/post/27057/first-european-voluntary-return-flight-to-iraq-since-start-of-pandemic [accessed 1 December 2020]