ერაყი. სუნიტ მუსლიმთა მიმართ არსებული დამოკიდებულება. დეკემბერი, 2020

ერაყში სხვადასხვა რელიგიური, ეთნიკური, კულტურული და ლინგვისტური საზოგადოებაა თავმოყრილი. 2017 წლის ანგარიშში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ვარაუდობს, რომ ერაყის მოსახლეობის 97% მუსლიმია; შიიტი მუსლიმები (ძირითადად არაბები, თუმცა მათ შორის თურქმენები, ფეილი ქურთები და სხვებიც არიან) 55-60%-ია. სუნიტების რაოდენობა 40%-მდეა; მათგანი სუნიტი ქურთების წილი 15%-ია, არაბები 24% და თურქმენები – 1%. შიიტები ძირითადად განსახლებულნი არიან ერაყის სამხრეთ და აღმოსავლეთ პროვინციებში, ასევე, უმრავლესობაში არიან ბაღდადში და საზოგადოებების დონეზე წარმოდგენილნი არიან ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე. სუნიტები უმრავლესობაში არიან დასავლეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში.

დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაკავებული ტერიტორიების უმეტესობა ძირითადად სუნიტური რაიონები იყო. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართული იყო იქითკენ, რომ მომხდარიყო სუნიტური მოსახლეობის, ძირითადად ტომების მობილიზება დაჯგუფებასთან საბრძოლველად. აღნიშნული მიმართულებით ყველაზე დიდი რეკრუტირება მოხდა აშშ-ის მიერ დაფინანსებულ ტომთა სამობილიზაციო ძალებში. 2015 წლის დეკემბერში პრემიერმა აბადიმ 40 ათასი სუნიტი მებრძოლის სახალხო მობილიზაციის ძალებში ინტეგრირება მოახდინა. მათი უმრავლესობა განლაგებული იყო ანბარსა და ნინევაში; სხვა ნაწილი კი სალაჰადინსა და სხვა გამოთავისუფლებულ ზონებში.

სხვადასხვა ექსპერტი აღნიშნავს დემოგრაფიული ჰომოგენიზმის ზრდას სადავო ტერიტორიებზე მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობაში. ეს ტენდენცია შეინიშნება, მათ შორის, სუნიტი არაბების დაბრუნების დაბალ მაჩვენებელში, რომლებიც უფრთხიან თვითნებურ დაკავებებს და გამოძალვას. [1]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი 2019 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ ხელმისაწვდომი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ჩანს, რომ სუნიტების ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში დადანაშაულებამ შეიძლება მიიღოს, როგორც დევნის, ასევე დისკრიმინაციის ხასიათი და ინდივიდუალური შეფასებაა საჭირო იმის დასადგენად, დისკრიმინაციული ქმედებები უტოლდება თუ არა დევნას. ხელმისაწვდომი ინფორმაცია აჩვენებს, რომ უბრალოდ ფაქტს, რომ პირი არის სუნიტი არაბი, არ მივყავართ დევნის საფუძვლიან შიშთან. ინდივიდუალური გარემოებები, როგორიცაა წარმოშობის რეგიონი, ტომური კუთვნილება, ოჯახის წევრების სავარაუდო კავშირები ისლამურ სახელმწიფოსთან, სახელი და ა.შ. მნიშვნელოვანია რისკების შეფასებისას.[2]

ა.შ.შ სახელმწიფო დეპარტამენტი ერაყში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ქვეყანაში მუსლიმი სუნიტების რაოდენობა 40%-მდეა; მათგანი სუნიტი ქურთების წილი 15%-ია, არაბები 24% და თურქმენები – 1%. ისინი უმრავლესობაში არიან ერაყის დასავლეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში. კანონმდებლობითა და კონსტიტუციით,  დაცულია ერაყელი ხალხის „მუსლიმური იდენტობა“, თუმცა, კონკრეტულად არ არსებობს ჩანაწერი შიიტურ ან სუნიტურ მიმდინარეობაზე. 2001 წლიდან, ერაყში აკრძალულია სუნიტური ისლამის ვაჰაბიტური მიმდინარეობა.

ანგარიშის მიხედვით, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ მთავრობა ბოროტად იყენებდა ანტიტერორისტულ კანონმდებლობას, რათა დაეპატიმრებინა პირები სათანადო  პროცესის გარეშე. აღნიშნული კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფდა პირთა წვდომას სამართლიანი სასამართლოსა და შესაბამის კანონიერ პროცედურაზე. განსაკუთრებით, სუნიტი ლიდერები აცხადებდნენ, რომ  სამთავრობო ძალები სწორედ აღნიშნული მეთოდით აკავებდნენ იმ ახალგაზრდა სუნიტ მამაკაცებს, რომელთა მიმართაც არსებობდა ვარაუდი, რომ კავშირში იყვნენ „ისლამურ სახელმწიფოსთან“.

ამას გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციების მიხედვით, შიიტური შეიარაღებული ჯგუფები და სახალხო სამობილიზაცო ძალები (PMF), ზოგჯერ, კვლავ აგრძელებდნენ ფიზიკური ძალადობას და თავდასხმას სუნიტ სამოქალაქო პირებზე, სავარაუდოდ იმ მოტივით, რომ შური ეძიათ ISIS-ის მიერ შიიტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის.

ივნისში, პარლამენტის წევრმა – რაად ალ-დაჰლაკიმ განაცხადა, რომ დიალას პროვინციიდან ხდებოდა სუნიტი მუსლიმების იძულებით გაძევება. მისი თქმით, მთავრობასთან აფილირებული შიიტური ჯგუფები სუნიტი მოსახლოებას დაშინების მეთოდს მიმართავდნენ და აიძულებდნენ მათ, დაეტოვებინათ ირანის საზღვართან მდებარე პროვინცია. გავრცელდა ცნობები, რომ შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ სოფელ აბ ალ-ხანზირს, სადაც ერთ-ერთი ოჯახის სამი წევრი მოკლეს და მოსახლეობა აიძულეს, სოფელი დაეტოვებინათ.  ამას გარდა, ადგილობრივი წყაროები აცხადებდნენ, რომ ბაშიქას დასახლება ექვსმა სუნიტმა ოჯახმა დატოვა მას შემდეგ, რაც  30-ე ბრიგადის სამხედროები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და აძალებდნენ, გაეყიდათ საკუთარი მიწები.

ზოგიერთი სუნიტი მუსლიმი აცხადებდა, რომ ექვემდებარებოდნენ ე.წ. „ანტი-სუნიტურ დისკრიმინაციას“  სახელმწიფო ჩინოვნიკების მხრიდან, რაც მათი აზრით განპირობებული იყო იმით, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმის დროს, სუნიტებს პრივილიგირებული სტატუსი გააჩნდათ, ხოლო შიიტები – იჩაგრებოდნენ. სუნიტები ასევე ამბოდნენ, რომ მათ მიმართ დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი საჯარო სექტორში დასაქმების კუთხითაც, გამომდინარე „დე-ბაასიფიკაციის“ პროცესიდან (პროცესი, რომლის მიზანიც იყო წინა ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი პირების საჯარო სექტორიდან ჩამოშორება). სუნიტი მუსლიმები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებდნენ, რომ მთავრობა აგრძელებდა „დე-ბაასიფიკაციის“ კანონების თვითნებური მეთოდით გამოყენებას, რათა სამთავრობო ვაკანსიებზე არ დაენიშნათ სუნიტი პირები, ხოლო როდესაც საქმე შიიტ „ბაასისტებს“ ეხებოდა – თვალს ხუჭავდა აღნიშნულ რეგულაციებზე. ზოგიერთი სუნიტი ასევე აცხადებდა, რომ მათ არ იყვანდნენ საჯარო სამსახურში იმ მოტივით, რომ მთავრობა ძირითადად შიიტებით იყო დაკომპლექტებული, ხოლო სუნიტების მიმართ იყო ერთგვარი აღქმა, რომ ისინი ან ყოფილი ბაასისტები იყვნენ, ან ლოიალურად იყვნენ განწყობილი „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგიისადმი.[3]

იგივე ა.შ.შ სახელმწიფო დეპარტამენტი ერაყში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სავარაუდო წევრები და მათთან დაკავშირებული პირები (ოჯახის წევრები, ახლობლები) ექვემდებარებოდნენ იძულებით გაუჩინარებას. Amnesty International და Human Rights Watch-მა აღრიცხეს 643 სუნიტი მუსლიმი პირის იძულებით გაუჩინარების შემთხვევა ფალლუჯაჰისა და საქლავიაჰის რეგიონებში, ასევე – სუნიტი მამაკაცეების მასობრივი გაუჩინარების შემთხვევები რაზზაზაში. აღნიშნული ინციდენტების უმრავლესობას მიაწერდნენ Kataiba Hezbollah-ს – ერთ-ერთ „სახალხო სამობილიზაციო ჯგუფს“ (Popular Mobilization Forces – PMF), რომელსაც ბაღდადის სამხრეთით გააჩნდა უკანონო საპატიმრო დაწესებულება, სადაც 1700-მდე პირი იყო დატყვევებული. ერაყის მთავრობა არ დგამდა არანაირ ნაბიჯს, რათა აღეკვეთა ეს უკანონობა და გაეთავისუფლებინა იქ მყოფი პირები.

როგორ ადრეულ წლებში, წელსაც ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ სამთავრობო ძალები და PMF-ები იყენებდნენ წამებასა და არასათანადო მოპყრობას, განსაკუთრებით – სუნიტი არაბების მიმართ, მათი დაპატიმრების, წინასწარი დაკავების და  მათ მიერ სასჯელის მოხდის დროს.

ერაყის კონსტიტუცია და კანონმდებლობა კრძალავს პირთა უკანონი და თვითნებურ დაკავებას და ანიჭებს მათ უფლებას, სასამართლოს საშუალებით დაადასტურონ მათი დაკავებისა თუ დაპატიმრების კანონიერების საკითხი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ვრცელდებოდა არაერთი ცნობა იმის შესახებ, რომ სამთავრობო ძალები და მათთან დაკავშირებული ჯგუფები თვითნებურ და უკანონო დაკავებას უქვემდებარებდნენ პირებს, განსაკუთრებით – სუნიტ არაბებს. ამას გარდა, შესაბამისი სამსახურები ასევე აკავებდნენ ტერორიზმის ბრალდებით დევნილი სუნიტი არაბების მეუღლეებსა და მათი ოჯახის წევრებს, რათა ეიძულებინათ ისინი, რომ სამართალდამცავებს ჩაბარებოდნენ.

ბევრი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებდა ცნობებს, რომ სახალხო სამობილიზაციო ძალები (PMF) არ აძლევდნენ ნებას სამოქალაქო პირებს, მათ შორის – სუნიტ არაბებსა და ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს, დაბრუნებოდნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებს იმ რეგიონებში, საიდანც სამთავრობო ძალებმა ISIS გააძევეს. ამას გარდა, Human Rights Watch-ის ინფომაციით, ქურთისტანის რეგიონალური მთავრობა არ აძლევდა დაახლოებით 4 200 სუნიტ არაბს ნებას, დაბრუნებოდნენ საკუთარ საცოხვრებელს ქ. მოსულის მიმდებარე 12 სოფელში.[4]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ერაყის შესახებ 2020 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ სუნიტი არაბები, რომლებიც ქვეყანაში ყველაზე დიდ ეთნიკურ-სექტარულ უმცირესობას წარმოადგენენ,  მართალია, სათანადოდ წარმოდგენილნი იყვნენ პარლამენტში, თუმცა აცხადებდნენ, რომ შიიტური უმრავლესობა მათ არ რთავდა ნებას, დაეკავებინათ რეალური გავლენის მქონე პოზიციები ხელისუფლებაში.

ანგარიშის მიხედვით, ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ შიიტური შეიარაღებული ჯგუფები „ისლამური სახელმწიფოსგან“ გათავისუფლებული ტერიტორიებიდან სუნიტ არაბებს აძევებდნენ. თუმცაღა, პოლიტიკურ ლიდერთა უმრავლესობა, ISIS-ის დამარცხების შემდგომ, მხარს უჭერდა რელიგიურ პლურალიზმს და, შედეგად, გათავისუფლებულ რეგიონებში მცხოვრებ სუნიტ არაბებს საშუალება ჰქონდათ, ღიად და თავისუფლად აღესრულებინათ საკუთარი რელიგიური უფლებები.[5]

ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი ერაყის შესახებ 2020 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ სუნიტებსა და შიიტებს შორის არსებული სექსტარული ხასიათის ძალადობა, უკანასკნელ ხანებში, მნიშვნელოვნადაა შემცირებული, თუმცა, ზოგჯერ მაინც ფიქსირდება. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, აღნიშნულ კლებას თავად რელიგიური ჯგუფის თვით-სეგრეგაციასა და ისლამური სახელმწიფოს დამარცხების შემდგომ, პოლიტიკური ლიდერების მხრიდან სექტარული ხასიათის სლოგანებსა და რეტორიკაზე უარის თქმას მიაწერენ.

ანგარიშის მიხედვით, ერაყში იძულებით გადაადგილებული 1.4 მილიონი პირიდან უმრავლესობა სუნიტი არაბია, რომლებიც ვერ უბრუნდებიან საკუთარ სახლს, გამომდინარე მათდამი არსებული აღქმისა, რომ „სავარაუდო კავშირში არიან „ისლამურ სახელმწიფოსთან“. 2019 წლის აგვისტო-ოქტომბერში, ერაყის ხელისუფლებამ ჩაატარა მასობრივი კამპანია იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკებში და აიძულა ისინი, დაბრუნებოდნენ მათ მშობლიურ რეგიონებს. უსაფრთხოების ძალებმა სამხედრო ტექნიკის გამოყენებით გაიყვანეს 4 000 სუნიტი არაბი ნინევას პროვინციაში არსებული ბანაკებიდან, რის შემდეგაც კიდევ 40 000 პირმა იმის შიშით, რომ მათაც იგივეს აიძულებდნენ, უკვე საკუთარი ნებით დატოვა ბანაკები ნინევასა და სალაჰადდინის პროვინციებში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ უფლებადამცველი ორგანიზაციების მიხედვით, ერაყის ხელისუფლება და სახალხო სამობილიზაციო ძალები (Popular Mobilisation Forces – PMF) სისტემატურად ახორციელებდნენ პირთა იძულებით გაუჩინებარებას, როგორც წესი – ანტი-ტერორისტული სპეც-ოპერაციების ფარგლებში. გაუჩინარებულთა უმრავლესობა იყო სუნიტი მამაკაცი, მათ შორის – არასრულწლოვნები. ამას გარდა, გავრცელებული ცნობებით, როგორც სამთავრობო ძალები, ასევე – PMF ჯგუფები იყენებდნენ წამებასა და არასათანადო მოპყრობას, განსაკუთრებით – სუნიტი არაბების მიმართ, მათი დაპატიმრების, წინასწარი დაკავების და  მათ მიერ სასჯელის მოხდის დროს. ანგარიშის მიხედვით, პირების უკანონო და თვითნებურ დაკავებათა შემთხვევების უმრავლესობაში ფიგურირებენ სუნიტი არაბები, განსაკუთრებით კი – პირები, რომელთა მიმართაც არსებობს ეჭვი, რომ მხარს უჭერდნენ „ისლამურ სახელმწიფოს“, ასევე – მათი ახლობლები და ოჯახის წევრები.[6]

[1] EASO; Country of Origin Information Report; Iraq – Targeting of Individuals; March, 2019; available at

[accessed 2 December 2020]

[2] EASO – European Asylum Support Office: Country Guidance: Iraq; Guidance note and common analysis, June 2019; available at

[accessed 2 December 2020]

[3] United States Department of State – 2019 Report on International Religious Freedom: Iraq; published in June 2020; available at

[accessed 4 December 2020]

[4] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Iraq; Published in March 2020; available at

[accessed 3 December 2020]

[5] Freedom House – Freedom in the World 2020 – Iraq; published in March 2020; available at

[accessed 2 December 2020]

[6] Australian Government Department of Foreign Affairs and Trade – DFAT COUNTRY INFORMATION REPORT IRAQ; published on 17 August 2020; available at

[accessed 4 December 2020]