ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ირანში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ 2011 წლის აღწერის მიხედვით, 2006-2011 წლების პერიოდში, არარელიგიურ პირთა რაოდენობა ქვეყანაში 20 %-ით გაიზარდა. აღნიშნული კვლევა ამყარებს მოსაზრებას, რომ ათეისტების, აგნოსტიკოსების, ურწმუნოებისა და არარელიგიურ პირთა რაოდენობა ქვეყანაში იზრდება. თუმცაღა, ანგარიშის მიხედვით, უმეტეს შემთხვევაში აღნიშნული ჯგუფების წარმომადგენლები საჯაროდ არ აფიქსირებენ საკუთარ იდენტობას და რელიგიურ მოსაზრებებს. ამის მიზეზი ისაა, რომ ირანში, პირები, რომლებიც საჯაროდ ქადაგებენ ათეიზმს, თვითნებური დაკავების, წამების და „მწვალებლობისთვის“ სასიკვდილო განაჩენის მისჯის სერიოზული რისკის წინაშე იმყოფებიან.[1]
გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი ირანის შესახებ 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ათეიზმი ირანში აკრძალულია, არც ისე იშვიათია ურწმუნო ადამიანის ნახვა. თუმცა, შეუძლებელია მიახლოებითაც კი ითქვას, თუ რამდენი ადამიანი მიიჩნევს საკუთარ თავს ათეისტად. ყოფილი მუსლიმები, რომლებიც ათეისტები გახდნენ, კანონის მიხედვით „მწვალებლები“ არიან და დგანან დევნისა და, შესაძლებელია – სასიკვდილო სასჯელის რისკის წინაშე. თუ ცნობილი გახდება, რომ კონრეტული პირი ათეისტია, ის იგივე პრობლემების წინაშე დადგება, როგორც ისლამიდან ქრისტიანობაზე კონვერტირებული პირი – საზოგადოების მხრიდან გარიყვა, დისკრიმინაცია და ა.შ. შესწავლილ წყაროთა მიხედვით, პირები, რომლებიც თავს ათეისტებად მიიჩნევენ, ზოგადად, ამას საჯაროდ არ გამოხატავენ, რაც საშუალებას აძლევს მათ, ნორმალურად იცხოვრონ. მართალია, წყაროები უშუალოდ თეიზმსა და დეიზმზე არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ ირანის საზოგადოების დიდი ნაწილი სეკლარულ ცხოვრებას მისდევს. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი არ აღასრულებენ საკუთარ რწმენას, არ დადიან მეჩეთებში, არ ლოცულობენ რეგულარულად ან იცავენ რამადანის მარხვას.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ Amnesty International-ის 2019 წლის ანგარიშის მიხედით, „ქვეყანაში რელიგიის და რწმენის თავისუფლება სისტემატურად ირღვევა. ხელისუფლება ნებისმიერი რწმენის ადამიანებსა თუ ათეისტებზე ავრცელებს საზოგადო ქცევის ისეთ წესებს, რომლებიც შიიტური ისლამის მკაცრ ინტერპრეტაციაზეა დაფუძნებული. რელიგიური რწმენის შეცვლის ან უარყოფის უფლება კვლავაც ირღვევა, ხოლო ის პირები, რომლებიც კონვერტირდებიან ისლამიდან ან ღიად აფიქსირებენ საკუთარ ათეიზმს, დგანან თვითნებური დაკავების, წამებისა და სასიკვდილო სასჯელის რისკის წინაშე.[2]
ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი ირანის შესახებ 2020 წლის აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ადგილობრივი წყაროს მიხედვით, სეკულარიზმი ირანში საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული, განსაკუთრებით – დიდ ქალაქებსა და ახალგაზრდა, მდიდარ ირანელებში. მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი არ დადის მეჩეთში ან არ ლოცულობს რეგულარულად, ასევე – რუტინულად მოიხმარს ალკოჰოლს. სახელისუფლებო წყაროებმა დეპარტამენტს განუცხადეს, რომ ირანში რელიგია პირად საკითხია და ის თუ, მაგალითად, რა ფორმით დაიცავს პირი რამადანის წმინდა თვეს, სახელმწიფოს საქმედ არ მიიჩნევა. დეპარტამენტს რამდენიმე წყარო მოუყვა, რომ ბევრი ირანელი არ იცავს რამადანის თვეს მკაცრად, მათ შორის – მიირთმევს საჭმელს, სვამს სასმელს და ეწევა სახლში. მართალია, რამადანის დროს რესტორნების უმრავლესობა დაკეტილია, თუმცა, ბევრი მაინც აწვდის საკვებს კლიენტებს. მათ ვინც საჯაროდ მიირთმევს რამადანის დროს, დაკავებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის რისკი ემუქრება.
ანგარიშის მიხედვით, ირანში პირი, რომელიც ისლამს უარყოფს და ათეისტი გახდება, „მწვალებლად“ მიიჩნევა და იმყოფება დევნისა და პოტენციურად სასიკვდილო სასჯელის რისკის წინაშე. დეპარტამენტმა ვერ შეძლო, დაედგინა, თუ მოსახლეობის რამდენი პროცენტი არის ათეისტი. ადგილობრივი წყაროების მიხედვით, ათეისტები საკუთარ შეხედულებას რელიგიაზე მხოლოდ ოჯახებს ან ახლო მეგობრებს უმხელენ. თუ ისინი ღიად და საჯაროდ არ დააფიქსირებენ საკუთარ ურწმუნოებას, ათესტები, სავარაუდოდ, შესაბამისი სამსახურების ყურადღების სფეროში არ მოექცევიან. ათეისტები შედარებით კონსერვატიული ოჯახებიდან, შესაძლოა დაექვემდებარონ ოჯახის მხრიდან ზეწოლას ან გარიყვას, თუმცა, ზოგადად, არ დადგებიან ფიზიკური ზიანის საფრთხის წინაშე. შედარებით უფრო ლიბერალურ ოჯახებსა თუ ქვეყნის ნაწილებში (მაგალითად, ჩრდილოეთ თეირანში) აღზრდილი ათეისტების მიმართ, სავარაუდოდ, აღნიშნული ზეწოლაც არ იქნება სახეზე.
ანგარიშის მიხედვით, დეპარტამენტისთვის უცნობია ინფორმაცია, თუ რამდენად დევნიან ადამიანებს ათეიზმის გამო სისხლისსამართლებრივი წესით. დეპარტამენტის შეფასებით, არარელიგიური ან არა-მორწმუნე მუსლიმები შესაძლოა დაექვემდებარონ სახელმწიფო და საზოგადოებრივი დისკრიმინაციის შედარებით დაბალ ხარისხს, განსაკუთრებით – დიდ ქალაქებში. ხოლო ათეისტები, რომლებიც ღიად გამოხატავენ საკუთარი რწმენის არარსებობას, იმყოფებიან ზემოხსენებული დისკრიმინაციის საშუალო დონის წინაშე.[3]
[1] United States Department of State – 2019 Report on International Religious Freedom: Iran; published in June 2020; available at
[accessed 7 December 2020][2] UK Home Office – Country Background Note: Iran; published in October 2020; available at
[accessed 8 December 2020][3] DFAT – DFAT COUNTRY INFORMATION REPORT IRAN; published on 14 April 2020; available at
[accessed 8 December 2020]