ზიმბაბვე. პარტია Movement for Democratic Change (MDC). დეკემბერი, 2020

ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის დეპარტამენტი 2019 წლის 19 დეკემბერს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში წერდა, რომ პარტია Movement for Democratic Change” (MDC) წარმოადგენს ზიმბაბვეში მთავარ ოპოზიციურ პარტიას. ის დაარსებულ იქნა 1999 წელს და მისი პირველი ლიდერი იყო მორგან ცვანგირაი. პარტიის იდეოლოგია მეტ-ნაკლებად ცენტრისტულ-მემარცხენეა. დღესდღეობით, პარტიას დაახლოებით 1.5 მილიონი წევრი ყავს.

პარტიის დაარსების დღიდან, ზიმბამბვეს მთავრობა და მმართველი პარტია ZANU-PF ცდილობს, მაქსიმალურად შეზღუდოს მათი პოლიტიკური აქტივობა. ამ მიზნით, წლების განმავლობაში, ZANU-PF იყენებდა თითქმის ყველანაირ რესურსს: დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურებს, სასამართლოს, პოლიციას და სამხედროებს. ასევე, არა-სახელმწიფო აქტორებს: ZANU-PF ახალგაზრდული ფრთის აქტივისტებს, მთავრობის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ ჯგუფებსა და ომის ვეტერანებს. ზიმბაბვეს მთავრობა რეგულარულად უქვემდებარებდა MDC პარტიის ლიდერებს, წევრებსა და მხარდამჭერებს ისეთ მოპყრობას, როგორიცაა:  ფიზიკური ძალადობა, თვითნებური და უკანონო დაკავება; სამართლებრივი დევნა. ხელისუფლება იყენებდა უსაფრთხოების კუთხით კანონმდებლობას, რათა შეეზღუდა ან აეკრძალა MDC-ის მიერ ორგანიზებული საჯარო შეხვედრები და მანიფესტაციები, ასევე – ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით დაეშალა და დაერბია აღნიშნული დემონტრაციები თუ შეხვედრები. როგორც სამთავრობო სამსახურები, ასევე – ZANU-PF-ის აქტივისტები რეგულარულად ახორციელებდნენ ძალადობრივ თავდასხმებს MDC მხარდამჭერებზე, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდებში.

MDC წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ მთავრობის მხრიდან დისკრიმინაცია სახეზე იყო როგორც ურბანულ, ასევე – რეგიონალურ დასახლებებში. ამ უკანასკნელის შემთხვევაში (განსაკუთრებით – მაშონალანდში) უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ ZANU-PF ცდილობდა, მოქალაქეებისთვის განკუთვნილი სამთავრობო დახმარება (საკვები და სამეურნეო პროდუქტები) გაესაღებინა, როგორც მათი პარტიული დახმარება, რათა მოქალაქეები თავისკენ გადმოებირებინა.

მიუხედავად იმისა, რომ MDC წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ სამთავრობო დევნა ყოველთვის სახეზეა, მისი ხარისხი მაინც განსხვავდება კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე. განსაკუთრებით მძიმე, პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა, გავრცელებული ცნობებით, 2008 წლის შემდგომ პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა, რისი განმაპირობებელი ფაქტორიც, ანალიტიკოსების აზრით,  იყო პოლიტიკურად სტაბილური კოალიციური მმრთველობა 2009-2013 წლებში, ასევე  – დაქსაქსული MDC პარტიის პოზიციების შესუსტება  2013 წლის არჩევნებში დამარცხების შემდგომ. ამ პერიოდში, მართლია, MDC წევრების მიმართ დევნა კვლავაც ფიქსირდებოდა, თუმცა, ის იღებდა შედარებით მსუბუქ ფორმებს. MDC Alliance-ის კანდიდატთა და მხარდამჭერთა მიმართ აღნიშნული ძალადობისა და დევნის ხარისხი, 2018 წლის 30 ივლისს არჩევნების პერიოდში, წინა წლებში საარჩევნო პერიოდებითან (განსაკუთრებით – 2008 წლის არჩევნებთან) შედარებით, ნაკლებად მკაცრი იყო. ძალადობისა და დევნის დონემ, გავრცელებული ცნობებით, მოიმატა მას შემდეგ, რაც პარტიამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და გააპროტესტა არჩევნების შედეგები. უსაფრთხოების ძალებმა დააპატიმრებს პარტიის ლიდერები და აქტივისტები როგორც 2018 წლის 1 აგვისტოს პოსტ-საარჩევნო სადამსჯელო კამპანიის ფარგლებში, ასევე – 2019 წლის იანვარში, საწვავის ფასზე პროტესტებთან დაკავშირებული დემონსტრაციების დროს. მთლიანი 2019 წლის განმავლობაში, ზიმბაბვეს ხელისუფლება არ რთავდა პარტიას ნებას, ჩაეტარებინა რაიმე ტიპის დემონსტრაცია.

დეპარტამენტის შეფასებით, MDC პარტიის წევრები და მხარდამჭერები დაექვემდებარებიან სამთავრობო დისკრიმინაციის საშუალო ხარისხს, რადგან მთავრობა კვლავ აგრძლებს სახელისუფლებო ინსტიტუციების გამოყენებას, რათა შეზღუდოს პოლიტიკურ ასპარეზზე მათი თავისუფალი ოპერირება. დისკრიმინაციის ინტენსივობა განსაკუთრებით დამოკიდებულია ლოკაციაზე და მიჩნეულია, რომ შედარებით მაღალ ხარისხს აღწევს ისეთ სასოფლო დასახლებებში, სადაც ZANU-PF ფართო მხარდაჭერით სარგებლობს. დისკრიმინაცია შესაძლოა გამოიხატოს ისეთი მოქმედებებით, როგორიცაა – დაშინება, მუქარა, ფიზიკური ძალადობა და სამართლებრივი დევნა. აღნიშნული მოპყრობის რისკი განსაკუთრებით მაღალია იმ პირთა შემთხვევაში, რომლებიც უშუალონ მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესებში, ორგანიზებას უწევენ ან მონაწილეობას იღებენ ქუჩის დემონსტრაციებში და ა.შ.[1]

კანადის იმიგრაციის და ლტოლვილთა საკითხების საბჭო 2019 წლის 11 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა ზიმბაბვეში პოლიტიკური პარტია „Movement for Democratic Change” (MDC) და მის წევრთა მდგომარეობის შესახებ. ანგარიშის მიხედვით, 2005 წელს MDC პარტია გაიყო ორ ერთეულად – MDC-T, პარტიის დამაარსებლის, მორგან ცვანგირაის მეთაურობით და MDC-NCUBE, ველშმან ნკუბეს მეთაურობით. 2014 წელს MDC-T-ს კიდევ გამოეყო ერთ-ერთი ფრაქცია – MDC Renewal. მიუხედავად აღნიშნული განხეთქილებებისა, MDC-T კვლავაც წარმოადგენს მთავარ ოპოზიციურ პარტიას ზიმბაბვეში.

ყველა ზემოაღნიშნული დანაყოფი და კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტია, 2018 წლის არჩვებისთვის, გაერთიანდნენ და ჩამოაყალიბეს MDC Alliance. დღესდღეისობით, პარტიამ შეინარჩუნა კოალიციური ერთიანობა და ოპერირებს სახელწოდებით MDC. პარტიის ამჟამინდელი ლიდერი არის ნელსონ ჩამისა, რომელმაც 2018 წელს, პარტიის დამაარსებლისა და დაარსების დღიდან მისი ლიდერის – მორგან ცვანგირაის გარდაცვალების შემდგომ დაიკავა ეს პოსტი. ვიცე-პრეიზიდენტების პოზიციებს იკავებენ: Welshman Ncube, Tendai Biti და Lynette Kore; ხოლო პარტიის გენერალური მდივანია – Charlton Hwende.

რაც შეეხება პარტიის წევრთა და მხარდამჭერთა მიმართ დამოკიდებულებას, წყაროთა მიხედვით, 2018 წლის 1 აგვისტოს, უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს MDC Alliance-ს დემონსტრანტებს, რასაც სულ მცირე 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხოლო 2 აგვისტოს,  პოლიციის წარმომადგენლები შეიჭრნენ MDC Alliance-ის შტაბ-ბინაში და დააკავეს 27 პირი „ძალადობის პროვიცირებისა“ და „საშიში იარაღების ფლობისთვის“. ისინი 7 აგვისტოს გირაოს თავდებით გაათავისუფლეს. ადგილობრივი წყარო New Zimbabwe ცნობით, ZANU-PF-ის ყოფილი წევრი და კიდევ 26 პირი, რომლებიც აცხადებდნენ რომ MDC პარტიის მხარდმჭერები იყვნენ, აგვისტოში დააკავეს პარტიის ოფისში და მხოლოდ 2019 წლის მარტში გაათავისუფლეს, წინასწარი დაკავების ვადის რამდენჯერმე გადადების შემდგომ.

2018 წლის აგვისტოს დასაწყისში, მას შემდეგ, რაც MDC Alliance-მა არჩევნებში მოიგო დედაქალაქ ჰარარეს არაერთი უბანი, Human Rights Watch-ის ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებმა არაერთი მოქალაქე დაუქვემდებარეს ძალადობასა და ცემას. ორგანიზაცია Zimbabwe Human Rights Forum (ორგანიზაცია, რომელიც 22 ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობოს აერთიანებს) იუწყებოდა, რომ აგვისტოს დასაწყისში, ჰარარეს მჭიდროდ დასახლებულ უბნებში ჯარისკაციების ორი ჯგუფი გამოჩნდა: პირველი უბრალოდ ცემდა ნებისმიერ შემხვედრს, ხოლო მეორე ჯგუფის ჰქონდა ოპოზიციის მხარდამჭერთა სია, რომელთა საძებნელადაც კარდაკარ დადიოდნენ და მათაც ფიზიკურ ძალადობას უქვემდებარებდნენ.

Muzarabani South, Chivhu, და Marondera-ს რეგიონებში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მმართველი პარტია ZANU-PF მხარდამჭერები იკრიბებოდნენ MDC პარტიის წევრთა და მხარდამჭერთა სახლების წინ, სადაც „მღეროდნენ საომარ სიმღერებს და ემუქრებოდნენ ოპოზიციის აქტივისტებს შურისძიებით“.

Human Rights Watch-ის ცნობით, 6 ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა MDC Alliance-ის ახალგაზრდული ფრთის ლიდერის (ქალის) ბინაში, ემუქრებოდნენ მას იარაღით, ხოლო შემდგომ ცემეს. დამნაშავეებმა ასევე გაიტაცეს იმავე სახლში მცხოვრები ორი მამაკაცი, „ცემეს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში“, ხოლო შემდგომ გაათავისუფლეს.

The Forum ინფორმაციით, დაფიქსირდა ოპოზიციის მხარდამჭერების დაკავების ან გატაცების სულ მცირე 16 შემთხვევა, მათ შორის – 2018 წლის 7 აგვისტოს მარონდერაში MDC Alliance-ის წევრის გატაცება, რომელიც 4 თავდამსხმელმა გააშიშვლა და აწამა.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია The Zimbabwe Peace Project (ZPP) მიხედვით,  დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც ოპოზიციის მხარდამჭერებს უარს ეუბნებოდნენ მათთვის გათვალისწინებულ კვებით და სასოფლო-სამეურნეო დახმარებაზე. ამ საკითხებზე მომუშავე დამოუკიდებელი სამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, მათ მიიღეს 10 საჩივარი იმის შესახებ, რომ ოპოზიციის მხარდამჭერების დისკრიმინაციას ექვემდებარებოდნენ დახმარების დარიგების პროცესში.

ადგილობრივი სამთავრობო გაზეთი The Herald მიხედვით, 2018 წლის აგვისტოში, MDC Alliance-ის 9 წევრი, მათ შორის – ცნობილი ლიდერი თენდაი ბიტი იძებნებოდნენ „ისეთ საჯარო შეკრებაში მონაწილოებისთვის, რომლის მიზანის იყო საჯარო ძალადობის ხელშეწყობა“. ბიტი დააკავეს, თუმცა, პრეზიდენტმა მნანგაგვა სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ მისი „ჩარევის“ შემდგომ, ის გაათავისუფლეს, თუმცა, მისი საქმე არ შეწყვეტილა. წყაროთა ინფორმაციით, ბიტი 2019 წლის თებერვალში ისევ გაასამართლეს და დააჯარიმეს 200 ა.შ.შ. დოლარის ოდენობის ჯარიმით მას შემდეგ, რაც მან „შეცდომით გამოაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ნელსონ ჩამისამ გაიმარჯვა“.

წყაროთა ცნობით, პრეზიდენტმა მნანგაგვამ დააფუძნა ფაქტების შემსწავლელი კომისია, რომელსაც დაევალა 2018 წლის აგვისტოში მომხდარი მოვლენებისას 6 პირის მკვლელობის საკითხის შესწავლა და  გამოძიება. კომისიამ შემდეგი ფაქტები დაადგინა:

  • დემონსტრაციები, რომლებმაც მიიღეს ძალადობრივი ხასიათი და ფართო ზიანი მიაყენეს საჯარო ქონებასა და წესრიგს, ანგაჟირებული, დაგეგმილი და ორგანიზებული იყო MDC Alliance-ის მიერ;
  • იმ დროს მომხდარი მოვლენები ამართლებდა პოლიციის მიერ სამხედრო ძალებისთვის დახმარების თხოვსნას, რათა ჩაეხშოთ ამბოხება;
  • 6 პირი გარდაიცვალა, ხოლო 35 დაშავდა სამხედრო ძალებისა და პოლიციის წარმომადგენელთა ქმედებების შედეგად.

კომისიამ მიიღო რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც „პოლიციისა და სამხედრო ძალების ის წევრები, რომლებმაც დაარღვიეს კანონი და პროფესიული სტანდარტები, იდენტიფიცირებულ უნდა იქნა დაუყოვნებლივ და დაექვემდებარონ შესაბამის სანქციას“. Amnesty International-ის მიხედვით, საკითხზე 2019 წლის 8 თებერვლის მდგომარეობით, არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა.

2019 წლის 14-დან 16 იანვრის ჩათვლით, „ზიმბაბვეს პროფესიულ კავშირთა კონგრესმა“ გამოაცხადა სამდღიანი საპტროტესტო გაფიცვა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მნანგაგვამ დაანონსა საწვავის ფასზე 150 %-იანი ზრდა. აღნიშნულის გამო, ზიმბაბვეს არაერთ რეგიონში მათ შორის – ჰარარესა და ბულავაიში, დისლოცირებული იქნა პოლიციისა და სამხედრო ძალების არაერთი შენაერთი. წყაროთა ცნობით, ზიმბაბვეს არმიის უნიფორმებში გამოწყობილმა პირები და პოლიცია ახორციელებდა „სისტემატური ხასიათის წამებას“ და ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენდნენ MDC პარტიასთან დაკავშირებული პირები. პოლიციის წარმომადგენლებმა ასევე დააკავეს 3 პარლამენტის წევრი პარტია MDC Alliance-დან „საჯარო ძალადობის პროვოცირების“ ბრალდებით. 17 იანვარს მათ გირაოთი გათავისუფლებაზე უარი უთხრეს, ხოლო 21 იანვარს, MDC პარტიის კიდევ 12 პარლამენტარი დააკავეს.[2]

სოციალურ ქსელ Facebook-ში პარტიის ოფიციალური გვერდის მიხედვით, პარტიის ცენტრალური ოფისის მისამართია – No. 11 Creswick Ave, Hillside Harare, Zimbabwe. ასევე, მოცემულია პარტიის ლოგო – გაშლილი ხელის მტევანი.

[3]

პარტია MDC წევრთა მიმართ დამოკიდებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია, შეგიძლიათ, იხილოთ 2020 წლის 14 დეკემბერს მომზადებული კვლევაში ზიმბაბვეში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ.

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში, ინფორმაცია თიჩაონა მუთემას ვინაობის, მისი პოლიტიკური აქტივობისა და მისი მმართველ პარტიასთან დაპირისპირების (მიზეზების) შესახებ, არ იძებნება.

[1] Australian Government Department of Foreign Affairs and Trade – DFAT COUNTRY INFORMATION REPORT ZIMBABWE; published on 19 December 2019; available at

[accessed 11 December 2020]

[2] Immigration and Refugee Board of Canada – Zimbabwe: Movement for Democratic Change (MDC), including political status, organizational structure, leadership, activities, relationship with other political parties, and membership cards; treatment of MDC members by authorities (2017-May 2019); published on 11 June 2019; available at

[accessed 11 December 2020]

[3] Facebook Page of MDC; available at https://www.facebook.com/movementfordemocraticchange/ [accessed 11 December 2020]