ერიტრეა. რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარება. დეკემბერი, 2020

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ერითრეაში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ქვეყნის მთავრობა მკაცრ შეზღუდვებს აწესებდა რელიგიის თავისუფლების კუთხით. ერიტრეაში მხოლოდ 4 რელიგია არის ოფიციალურად აღიარებული: სუნიტური ისლამი; ქრისტიანობის მართლმადიდებლური მიდმინარეობა; რომაულ-კათოლიკური ქრისტიანობა და ევანგელისტური ლუთერანიზმი. ანგარიშის მიხედვით, სხვა დენომიმაციების წარმომადგენლები დაპატიმრებას ექვემდებარებიან. 2019 წლის მაისში, უსაფრთხოების ძალებმა 140-ზე მეტი ქრისტიანი მომლოცველი დააკავეს. მართალია, მათგან 50 მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა,  დანარჩენი იმ წლის ივნისისთვის კვლავაც პატიმრობაში იმყოფებოდნენ.

ანგარიშის მიხედვით, მთავრობა ასევე უხეშად ერევა იმ რელიგიების შიდა საქმეებში, რომელთაც აღიარებს. მაგალითად, ერიტრეის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი – აბუნე ანტონიოსი, 2006 წელს თანამდებობიდან გადააყენეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს. 2019 წლის ივნისში, გავრცელებული ცნობებით, შესაბამისმა სამსახურებმა დააკავეს 5 მართლმადიდებელი მღვდელი მას შემდეგ, რაც მათ მთავრობა ეკლესიის საქმეებში ჩარევისთვის გააკრიტიკეს.

ამას გარდა, 2019 წლის ივნისში მთავროვმა ადგილობრივი კათოლიკური ეკლესიის მფლობელობაში მყოფი ყველა ჯანდაცვითი დაწესებულება დააყადაღა, რადგან კათოლიკე ეპისკოპოსებმა საჯაროდ მოითხოვეს „სიმართლისა და შერიგების კომისიის“ ჩამოყალიბება. ანგარიშში ასევე საუბარია სერიოზულ პრობლემებზე იეჰოვას მოწმეების მიმართ, მათ შორის, მათთვის მოქალაქეობასა და სამოგზაურო დოკუმენტებზე უარის თქმაზე.[1]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ერიტრეაში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ქვეყნის მოსახლეობა 6 მილიონს შეადგენს (2019 წლის მონაცემი). არ არსებობს სანდო და ზუსტი სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყანაში რელიგიური დემოგრაფიის შესახებ. ზოგიერთი სამთავრობო, რელიგიური და საერთაშორისო წყაროს გათვლებით,  ქვეყნის დაახლოებით 49 % არის ქრისტიანი, ხოლო კიდევ 49 % კი – მუსლიმი. ორგანიზაცაია The Pew Foundation 2016 წელს ვარაუდობდა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 63 % ქრისტიანი, ხოლო 37 – მუსლიმი იყო. ქრისტიანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ერიტრეის მართლმადიდებლურ ეკლესიას მიეკუთვნება. კათოლიკეები, პროსტესტანტები და სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლები (ბერძენი მართლმადიდებლები, იეჰოვას მოწმეები და პანტეკოსტალები) შეადგენენ ქრისტიანი მოსახლეობის დაახლოებით 5 %-ს. ქვეყანაში ბაჰაის მოძღვრების დაახლოებით 200 მიმდევარია, ხოლო ებრაელთაგან ერიტრეაში მხოლოდ 1 პირი ბინდარობს.

ქვეყანაში მოქმედი კანონმდელობა და არა-იმპლემენტირებული კონსტიტუცია კრძალავს დისკრიმინაციას რელიგიური საფუძვლით და უზრუნველყოფს გამოხატვის, რწმენისა და რელიგიის თავისუფლებას, ასევე – რელიგიის პრაქტიკაში აღსრულების თავისუფლებას. პროკლამაცია N73/1995-ით რელიგია და სახელმწიფო ერთმანეთისგან გაყოფილია სეკულარიზმის პრინციპის საფუძველზე. ქვეყანაში მოქმედებს რელიგიურ საკითხთა ოფისი, სადაც მხოლოდ 4 ჯგუფი დარეგისტრირებული: მართლმადიდებლური ტევაჰედოს ეკლესია; სუნიტური ისლამი; რომანულ-კათოლიკური ეკლესია და ერიტრეის ევანგილისტურ-ლუთერანული ეკლესია. 2002 წელს მიღებული დეკრეტით, ყველა სხვა რელიგიურმა ჯგუფმა რეგისტრაციაზე განაცხადი უნდა შეიტანოს და ნებართვის მიღებამდე, ნებისმიერი რელიგიური აქტივობა უნდა შეწყვიტოს. ამას გარდა, რელიგიურმა ჯგუფებმა უნდა მიიღონ სამთავრობო ნებართვა, რათა შეძლონ სალოცავი ადგილების აშენება. კანონით, ასევე, აკრძალულია პოლიტიკაში რელიგიური ჯგუფების ნებისმიერი სახით ჩართულობა.

რაც შეეხება ხელისუფლების მხრიდან ქრისტიანთა მიმართ დამოკიდებულებას, ანგარიშის მიხედვით, ერიტრეის მთავრობამ შემოიღო მკაცრი უსაფრთხოებითი ზომები მაისში, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, რომელთა ფაგრლებში, პოლიციამ რეიდებს დაუქვემდებარა რამდენიმე პროსტესტანტული ჯგუფი. გავრცელებული ცნობებით, 10 მაისს ასმარაში დააკავეს 141 ქრისტიანი, მათ შორის – 14 არასრულწლოვანი, რომელთაგან მხოლოდ 50 გაათავისუფლეს მოგვიანებით. საერთაშორისო მედია წყაროების ინფორმაციით, კიდევ 30 ქრისტიანი დააკავეს ივნისის დასაწყისში. 23 ივნისს 70 ქრისტიანი, მათ შორის – 10 ბავშვი დააკავეს კერენში, ხოლო 18 აგვისტოს – კიდევ 80, ამჯერად გოდაიფში. დაკავებულთა ადგილმდებარეობის, მათი განთავსების პირობების ან მათ მიმართ არსებული ბრალდებებების შესახებ, არანაირი ინფორმაცია არ იყო ცნობილი.

ერიტრეის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი – აბუნე ანტონიოსი, რომელიც ბოლოს საჯარო სივრცეში 2017 წელს გამოჩდა, კვლავ რჩებოდა შინაპატიმრობაში, სადაც 2006 წელს მას შემდეგ გაამწესეს, რაც ეკლესიის საქმეებში მთავრობის ჩარევა გააპროტესტა. ივნისში, უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს 5 მართლმადიდებელი მღვდელი დებრე-ბიზენის მონასტრიდან, რომელთაგან სამი 70 წელზე მეტი ასაკის იყო. ისინი აპროტესტებდნენ მთავრობის ჩარევას რელიგიურ საკითხებში და გამოხატავდნენ თავიანთ მხარდაჭერას აბუნე ანტონიოსის, როგორ ნამდვილი და ლეგიტიმური პატრიარქის მიმართ.

ქრისტიანული არასამთავრობო ორგანიზაცია CSW მიხედვით, ხელისუფლება აგრძელებდა ყოველგვარი ბრალდებისა თუ პროცესის გარეშე ეკლესიის ლიდერთა დაპატიმრებას, რომელთაგან ზოგი, უკვე 23 წელია, რაც პატიმრობაში იმყოფებოდა. სხვადასხვა სავარაუდო გათვლებით, აღნიშნულ პირთა რიცხვი 800-დან 1000-მდე მერყეობს.

იმ დაპატიმრებულ პირთა ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა, რომლებიც საკუთარი რწმენის გამო დააკავეს, განსაკუთრებით რთული იყო. აღნიშნული განპირობებული იყო მთავრობის მხრიდან გამჭირვალობის არაარსებობით და სავარაუდოდ პირთა დაშინებით, იმ შემთვევაში, თუ ისინი საჯაროდ გაამხელდნენ დევნის შესახებ. არარეგისტრირებული რელიგიური ჯგუფები აწყდებოდნენ ისეთი ტიპის შეზღუდვებს და დარკოლებებს, როგორიცაა: პრობლემები სალოცავად შეკრების, სალოცავი ადგილების აშენების კუთხით, საკუთარი რელიგიური მოსაზრებების სხვებისთვის სწავლების აკრძალვა და ა.შ.

რაც შეეხება საზოგადოების დამოკიდებულებას, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქრისტიანი ლიდერების ინფორმაციით, მუსლიმი რელგიური ლიდერები აგრძელებდნენ მათთან დიალოგს და კოლაბორაციას სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. მართალია, არ არსებობდა ინტერრელიგიური კომიტეტები, თუმცა, ადგილობრივი რელიგიური ლიდერები არაფორმალურად მაინც ხვდებოდნენ ერთმანეთს და თითქმის ყველა რელიგიურ დღესასწაულზე, ღიად და საჯაროდ ფიქსირდებოდა ინტერ-რელიგიური კოოპერაცია.[2]

[1] Freedom House – Freedom in the World 2020 – Eritrea; published in March 2020; available at

[accessed 16 December 2020]

[2] United States Department of State – 2019 Report on International Religious Freedom: Eritrea; published in June 2020; available at

[accessed 17 December 2020]