ყაზახეთი. საპატიმრო დაწესებულებებში არსებული პირობები. დეკემბერი, 2020

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყაზახეთში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ საპატიმროებში არსებული პირობები, როგორც წესი, იყო მძიმე, ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში და არ შეესაბამებოდა საერთაშორისო ჯანდაცვით დადგენილ სტანდარტებს. ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრები ხშირად მკურნალობას საერთოდ არ ექვემდებარებოდნენ,  ან მათი მდგომარეობა, ციხეში არსებული პირობების გამო, კიდევ უფრო უარესდებოდა. ამას გარდა, საპატიმროებში ფიქსირდებოდა სამედიცინო პერსონალის სერიოზული ნაკლებება.

ქვეყანაში მოქმედი „ეროვნული წამების პრევენციის მექანიზმი“ (NPM) საკუთარ ანგარიშებში აღნიშნავდა, რომ საპატიმროებში შემდეგი უფლებადარღვევები ფიქსირდებოდა: მძიმე პირობები ჯანდაცვისა და სანიტარიის კუთხით, სუსტი სამედიცინო სერვისები, მათ შორის, იმ პატიმრებისთვის, რომელთაც ჰქონდათ აივ-ინფექცია/შიდს-ი, ტუბერკულოზი და დიაბეტი. ამას გარდა, არსებობდა წამების მაღალი რისკი პატიმრის ჩხრეკის, გამოძიების და სხვა საპატიმროში გადაყვანის დროს; პროკურორები სათანადოდ არ იძიებდნენ წამების შესახებ საჩივრებს; პატიმრების კომუნიკაცია ოჯახებთან შეზღუდული იყო; მოწყვლადი ჯგუფების (შშმ პირები, შიდს-ით დაავადებულები და ა.შ.) მიმართ ფიქსირდებოდა დისკრიმინაცია.

ინფრასტრუქტურული პრობლემების გადასაჭრელად, ყაზახეთის მთავრობამ 2019 წელს, დროებით დახურა ყველაზე უარესი პირობების მქონე 4 საპატიმრო, ხოლო 2018-ში – კიდევ 8. როგორც NPM, ასევე – საჯარო მონიტორინგის კომისია, რომლებიც ახორციელებდნენ მონიტორინგს ციხეებში, ავრცელებდნენ ცნობებს საპატიმროებში არსებული ისეთი ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ, როგორიცაა: არადამაკმაყოფილებელი ჰიგიენური პირობები; ცუდი საკანალიზაციო სისტემა  და არასანიტარული საწოლები. PMC ცნობით, ზოგიერთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატიმარს თვეების განმავლობაში არ გააჩნდა წვდომა შხაპზე. ამას გარდა, იყო სამედიცინო მუშაკებისა და მედიკამენტების ნაკლებება, ასევე – გადაადგილების კუთხით არსებული პრობლემები იმ პატიმართათვის, რომელთაც გააჩნდათ შეზღუდული შესაძლებლობა. ბევრი საპატიმროს შემთხვევაში, NPC-ს მიხედვით, პატიმრებს ეზღუდებოდათ წვდომაგარესამყაროსთან და მათი ცოდნა საკუთარი უფლებების შესახებ, იყო ძალიან მწირი. პატიმრები, ასევე, გამოხატავდნენ შეშფოთებას საჭმლის ხარისხზე და ამბობდნენ, რომ ზოგჯერ, მათ ვადაგასული საკვებით კვებავდნენ.

მთავრობა არ გამოუქვეყნებია სტატისტიკა 2019 წელს ციხეებში პატიმართა გარდაცვალების, მათ მიერ თვითმკვლელობის ან თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევების შესახებ. PMC ინფორმაციით, ასეთ ფაქტებს ადგილი ჰქონდა. მაგალითად, 17 სექტემბერს, პატიმარმა ევგენი ბელოვმა სცადა თვითმკვლელობა ჩამოხრჩობით, ხოლო 1 კვირის შემდეგ – მინის ნატეხის გამოყენებით. პენიტენციური კომიტეტის სპიკერმა განაცხადა, რომ ბელოვის ეს ქმედებები, სხვა პატიმრებთან კონფლიქტის შედეგი იყო. თუმცა, ბელოვის დედამ მედიას განუცხადა, რომ მისი შვილი ხშირად ჩიოდა ციხის თანამშრომლების მხრიდან მასზე ზეწოლისა და ძალადობის შესახებ.

შესაბამისი სამსახურები არ ატარებდნენ გამოძიებას, რათა სათანადოდ დაესაჯათ სავარაუდო არასათანადო მოპყრობაში ბრალდებული პირები. უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, ციხის ადმინისტრაცია არ იძიებდა პატიმართა საჩივრებს წამების შესახებ და სათანადოდ არ სჯიდა სავარაუდო დამნაშავე თანამშრომლებს. ვრცელდებოდა ცნობები, რომ საპატიმროებში ფიქსირდებოდა ძალადობა და წამება, რომელსაც პატიმრების მიმართ ჩადიოდნენ ე.წ. „ასისტენტ-პატიმრები“; ესენი წარმოადგენდნენ იმ პატიმრებს, რომლებიც ციხის ადმინისტრაციისგან განსაკუთრებულ პრივილეგიებს იღებდნენ, მათ მიერ კონკრეტული ბრძანებების შესრულების სანაცვლოდ.

ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს ომბუდსმენმა მიიღო 148 საჩივარი პირთა წამების, ძალადობისა და სხვა არასათანადო თუ დამამცირებელი მოპყრობის შესახებ. აპრილში მან გამოხატა შეშფოთება ციხეებში წამების და ძალადობის მზარდი შემთხვევების შესახებ. ომბუდსმენმა, ასევე, საჯაროდ გამოაქვეყნა მის მიერ პროკურატურისადმი მიწერილი წერილი, სადაც აკრიტიკებდა აღნიშნული ორგანოს თანამშრომლების მიერ საპატიმროებში წამების შემთხვევების გამოძიების არაეფექტურობას.

ივლისში ვებ-გვერდ Youtube-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ ზარეჩნიის საპატიმროს პერსონალი ფიზიკურად უსწორდებოდა პატიმრებს. ვიდეოს ერთერთ მონაკვეთში, პირები სცემდნენ ადამიანს, რომელიც ჰაერში იყო გამოკიდებული უკან გადაგრეხილი მკლავებით. პრეზიდენტმა ტოკაევმა მალევე საჯაროდ მოუწოდა შესაბამის ორგანოების  საქმის გამოძიებისკენ. აგვისტოში, მედიაში გავრცელებული ცნობებით, აღნიშნულ საქმეზე დააკავეს საპატიმროს 7 თანამშრომელი, ხოლო კიდევ 8 (მათ შორის – ციხის უფროსი) – თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა იერლან ტურგუმბაევმა მოინახულა ციხე და განაცხადა: „საპატიმრობში წამება ჩვენი პენიტენციური სისტემის სირცხვილია“.

4 სექტემბერს, პავლოდარის სასამართლომ, პირთა წამებისთვის  თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საპატიმროების 13 ყოფილ თანამშრომელს. აღნიშნული საქმე ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო, როდესაც პავლოდარის ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი საკანში დანით მიყენებული 130 ჭრილობისგან გარდაცვილი იპოვეს. 3-წლიანი გამოძიების შედეგად, გამომძიებლებმა აღმოაჩინეს კიდევ ერთი გარდაცვალებისა და წამების 26 ფაქტის მტკიცებულებები.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის ყაზახეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საპატიმროებსა და წინასწარი დაკავების იზოლატორებში არსებული ზოგადი პირობები მძიმეა. ამას გარდა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019 წლის ივლისში, ალმაატის მახლობლად მდებარე ციხის 5 თანამშრომელი დააკავეს და ბრალად წაუყენეს პატიმართა წამება მას შემდეგ, რაც გავრცელდა მათი ქმედების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა.[2]

იგივე Freedom House ყაზახეთში დემოკრატიზაციის და კანონის უზენაესობის კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2020 წლის 6 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ 2015 წლიდან მოყოლებული, ყაზახეთში დაპატიმრებულ პირთა რაოდენობა 21%-ით შემცირდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ქვეყანაში მოქმედ საპატიმროებსა და დაკავების ცენტრებში, წამების შემთხვევები კვლავაც ფართოდ არის გავრცელებული. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ აწამებენ პატიმრებს ალმატის რეგიონის ზარეჩნის LA155/8საპატიმროში, ყაზახეთის გენერალურმა პროკურორმა დაიწყო ციხეთა და დაკავების ცენტრების ინსპექტირების კამპანია. კამპანიის ფარგლებში იდენტიფიცირებულ იქნა 2500 კანონდარღვევა, რომელთა შორის იყოს როგორც სათანადო სანიტარული პირობების არარსებობის, ასევე – პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევები. აუდიტმა ასევე აჩვენა, რომ არც ერთ შემოწმებულ კოლონიაში ზოგადი პირობები  არ იყო თავსებადი საერთაშორისო სტანდარტებთან.[3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch  ყაზახეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2020 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ მიმდინარე წელს, რამდენიმე საქმის ფარგლებში, პირთა წამების გამო პოლიციისა და საპატიმროთა თანამშრომლები გაასამართლეს. თუმცა, 2019 წლის პირველ ნახევარში, სამართალდამცავი ორგანოების მიერ წამების შესახებ მიღებული 119 საჩივრიდან, მხოლოდ 13 გადაიგზავნა სასამართლოში. აგვისტოში, ზერეჩნოეს საპატიმროს 7 თანამშრომელი დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა თუ როგორც აწამებდნენ ისინი პატიმრებს. პრეზიდენტმა ტოკაევმა გენერალურ პროკურორს მოუწოდა საქმის „დეტალური გამოძიებისკენ“. თუმცა, უფლებადამცველებმა ოქტომბერში გამოხატეს შეშფოთება იმის შესახებ, რომ მიმდინარე საქმეში დაზარალებულთა ნახევარმა უკან წაიღო ციხის თანაშრომლების წინააღმდეგ ბრალდებები.[4]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ყაზახეთის შესახებ 2020 წლის ანგარიშში წერს ეჭვმიტანილებისა და პატიმრების მიმართ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ახალი შემთხვევების შესახებ. კერძოდ, კაპჩაგაიში მდებარე საპატიმროს კოლონიის პატიმარმა – ვალერი ცოიმ რამდენჯერმე (23 და 26 აგვისტოს, ასევე – 3 სექტემბერს) განაცხადა, რომ ციხის პერსონალმა ის წამებას დაუქვემდებარა. ცოის მიხედვით, ის ხელკეტებისა და ხის ჯოხების გამოყენებით ცემეს, ხოლო შემდეგ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დააშინეს, რათა ჩუმად დარჩენილიყო. 1-ელ ოქტომბერს ცოიმ, აღნიშნულის თაობაზე, რეგიონულ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა, რაზეც ალმატის რეგიონის ანტი-კორუფციულმა ბიურომ გამოძიება დაიწყო. პატიმარი მალევე ალმატიში მდებარე წინასწარი დაკავების ცენტრში გადაიყვანეს. საქმე 24 ნოემბერს, სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო დაიხურა. ანტი-კორუფციულმა ბიურომ დაასკვნა, რომ 4 სექტემბერს ვალერი ცოიმ თავად იპოვა პოლიციელის ხელკეტი, ხოლო შემდგომ საკუთარ თანამესაკნეს სთხოვა, ეცემა იგი. ცოიმ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა, წლის ბოლოსთვის არსებული მდგომარეობით, მისი საქმეკვლავ განხილვის პროცესში იყო.[5]

„გაეროს კონვენცია წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ“ ეგიდით შექმნილი „წამების წინააღმდეგ კომიტეტისადმი“ 2018 წლის 5 დეკემბერს ყაზახეთის მთავრობის მიერ გაგზავნილ მეოთხე პერიოდულ ანგარიშში აღნიშნულია ის ნაბიჯები, რომლებიც ყაზახეთის მთავრობის მიერ იდგმება, რათა სათანადოდ იმპლემენტირებული იყოს კონვენციით გათვალისწინებული სხვადასხვა დებულებები.

ანგარიშის მიხედვით,  2015 წლის იანვრიდან ძალაში შევიდა ახალი რეგულაციები, რომელთა საფუძველზეც, სისხლისსამართლებრივი წესით გასაამართლეს წამებაში ბრალდებული 63 სამართალდამცავი. მათ უმრავლესობას, სასჯელის სახით პატიმრობა მიესაჯა.ამას გარდა, უშუალოდ საპატიმროებთან დაკავშირებით ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაკავებულ პირებს სათანადო წვდომა გააჩნიათ ჯანდაცვაზე, ადექვატურ კვებასა და უნიფორმაზე.

მოქმედი კანონმდებლობით, ყველა დაკავებულ პირს აქვს უფლება მიიღოს სათანადო ჯანდაცვა და მკურნალობა, და რომ აღნიშნული სერვისებით მიღებისას, ისინი სარგებლობენ იგივე სტატუსით, როგორითაც ყაზახეთის მოქალაქეები. აღნიშნულ ჯანდაცვით და სამკურნალო სერვისებს პატიმრებს სამედიცინო დაწესებულებები აწვდიან. ყაზახეთის პენიტენციურ სისტემასგააჩნია 71 სტაციონარული სამედიცინო ერთეული; ღია საპატიმროებში არსებული 14 სამედიცინო ცენტრი და 7 ციხის საავადმყოფო.

რაც შეეხება პატიმრების კვებას, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისა (WHO) და „გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ მიერ გაცემულ რეკომენდაციების ფარგლებში, მოცემული საკითხი ყაზახეთის მთავრობის მიერ გადახედილ იქნა. კერძოდ, აღნიშნული პროცესის ფარგლებში, დაპატიმრებულ პირთა დღიური რაციონი გაიზარდა 15-დან 26 ერთეულამდე. საკვებ ულუფებში დამატებულ იქნა: კარაქი; რძის პროდუქტები; კვერცხი; მშრალი ხილი; ციტრუსი და სხვადასხვა ხილის წვენი. ანგარიშის მიხედვით, როგორც საპატიმროებში, ასევე – წინასწარი დაკავების დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს კვება დღეში სამჯერ მიეწოდებათ, ხოლო სამედიცინო ჩვენებების მქონე პატიმრებს, ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით – დღეში ოთხჯერ.

აღნიშნულ დოკუმენტში დაფიქსირებულია უშუალოდ ყაზახეთის მთავრობის ოფიციალური პოზიცია და ის არ შეიცავს „წამების წინააღმდეგ კომიტეტის“ კომენტარებს. ანგარიში კომიტეტს გადაეგზავნა 2018 წლის დეკემბერში, ხოლო მასზე დასკვნითი კომენტარები „წამების წინააღმდეგ კომიტეტს“ ჯერ არ გამოუქვეყნებია.[6]

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება (RFE/RL) 2020 წლის 24 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ ყაზახეთის ცენტრალურ რეგიონ ყარაღანდიში მდებარე მკაცრი რეჟიმის საპატიმროში გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეო, სადაც პირი, რომელსაც თვალები და პირი ამოკერილი აქვს, საპატიმროში წამების შემთხვევებზე საუბრობს.

„ცენტრალური აზიის რეგიონის პენიტენციურმა დეპარტამენტმა“, აღნიშნული ვიდეოს გავრცელებიდან მალევე, გამოძიება დაიწყო. მათი განცხადებით, ისინი ასევე შეისწავლიან კოლონიაში სხვა პატიმრების მიერ გადაღებულ ვიდეობსაც და თუ მათი ბრალდებები დადასტურდება, ყველა პასუხისმგებელი პირი სათანადოდ დაისჯება.

აღნიშნულ ვიდეოში პირი აცხადებს, რომ ბევრ პატიმარს ყოველდღიურად აწამებენ, რის გამოც ისინი (პატიმრები) მიმართავენ ისეთ უკიდურეს ზომებს, როგორიცაა: ხელების დასერვა; თავის ჩამოხრჩობა; საკუთარი სხეულის დასახიჩრება და ა.შ., რათა გამოხატონ პროტესტი, ან დროებით მაინც აირიდონ წამება, სანამ მიღებული დაზიანებების გამო, გარვკეული პერიოდით, საავადმყოფოში იმკურნალებენ. ის მიმართავს ქვეყნის პრეზიდენტს, გენერალურ პროკურორსა და მინისტრებს დახმარებისთვის. პატიმრის განმარტებით, მათი ყოფა იმდენად აუტანელია, რომ თვალებს და პირს იკერავენ, რათა არ ჰქონდეთ საშუალება ციხის პერსონალი დაინახონ, ან მათ გაესაუბრონ.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ უკანასკნელ წლებში, ყაზახეთში პატიმრებმა არაერთხელ მიმართეს ბუნტს, რათა გაეპროტესტებინათ საპატიმროებში არსებული პირობები. ყურადღების მისაქცევად, ბევრი მათგანი საკუთარ სხეულსაც კი ისახიჩრებდა.[7]

იგივე წყარო 2020 წლის 14 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ ყაზახეთმა 82  პენიტენციურ დაწესებულებაში, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, „ლოქდაუნი“ გამოაცხადა, რის გამოც პატიმრების ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია მნიშვნელოვნად შეიზღუდა. გამოცემის მიერ გამოკითხული პირი – იულია ილჩენკო (რომლის ქმარიც ერთერთ საპატიმროში იხდის სასჯელს) აცხადებდა, რომ „პატიმრებს არ აძლევენ პირბადეებს და, ასევე, მათი საკნები არ ექვემდებარება დეზინფექციას“. ამას გარდა, მან ასევე აღნიშნა, რომ ყაზახეთის ციხეებში გადავსებულობა მნიშვნელოვანი პრობლემაა და, რომ ზოგჯერ, ერთ საკანს 25 პატიმარიც კი იზიარებს.

სტატიის მიხედვით, უფლებადამცველები აცხადებდნენ, რომ ყაზახეთში, ბევრ საპატიმრო დაწესებულებაში არსებული ზოგადი პირობები პანდემიის დაწყებამდეც არ იყო თავსებადი საერთაშიროსო სტანდარტებთან, ხოლო მას შემდეგ, ბუნებრივია, სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. მათ ასევე დაამატეს, რომ ლოქდაუნის ფარგლებში მიღებული ღონისძიებები არღვევს პატიმართა უფლებებს და მათ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას რისკის წინაშე აყენებს.

ორგანიზაციის მიერ გამოკითხული სხვა პირი – ადვოკატი ქუსპანი აცხადებდა, რომ ყაზახეთის ციხეების უმრავლესობაში საკნები ძველი, ბინძური და მცირე ზომისაა, სადაც 4 პირისთვის გათვალისწინებულ საცხოვრებელ ფართს ხშირად 8 ან მეტი პატიმარი იყენებს. ქუსპანი ასევე ამბობდა, რომ საკნებში არ აღწევს არც მზის შუქი და არც სუფთა ჰაერი, ხოლო პატიმრებს ხშირად უწევთ საკვების მიღება ტუალეტების მიმდებარედ, რაც მისი განცხადებით დამამცირებელი და არაჰიგიენურია.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საპატიმროები ვერ უზრუნველყოფენ პატიმართა წვდომას ისეთ ელემენტარულ ჰიგიენურ საშუალებებზე, როგორიცაა: სუფთა თეთრეული, პირბადეები, სადიზინფექციო საშუალებები და მედიკამენტები, რის გამოც, მათ  აღნიშნულ საშუალებებს ოჯახის წევრები უგზავნიან.[8]

[1] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Kazakhstan; published in March 2020; available at

[accessed 16 December 2020]

[2] Freedom House – Freedom in the World 2020 – Kazakhstan; published in March 2020; available at

[accessed 16 December 2020]

[3] Freedom House – Report on democratisation (electoral process, civil society, independent media, governance) and rule of law (corruption) in 2019 – Kazakhstan; published on 6 May 2020; available at

[accessed 16 December 2020]

[4] Human Rights Watch – World Report 2020 – Kazakhstan; published in January 2020; available at

[accessed 16 December 2020]

[5] Amnesty International – Human Rights in Eastern Europe and Central Asia – Review of 2019 – Kazakhstan; published on 16 April 2020; available at

[accessed 16 December 2020]

[6] United Nations Convention against Torture and Other Cruel, Inhuman or Degrading Treatment or Punishment – Fourth periodic report submitted by Kazakhstan under article 19 of the Convention pursuant to the optional reporting procedure, due in 2018* , ** [Date received: 5 December 2018]; available at

[accessed 16 December 2020]

[7] Radio Free Europe/Radio Liberty (RFE/RL) – article “Kazakh Penitentiary Launches Probe After Inmate Video Alleges Widespread Torture”; published on 24 November 2020; available at

[accessed 16 December 2020]

[8] Radio Free Europe/Radio Liberty (RFE/RL) – article„Kazakh Prisoners Packed In Cells, Endure ‘Degrading’ Conditions In Coronavirus Lockdown“; published on 14 September 2020; available at https://www.rferl.org/a/kazakh-prisoners-packed-in-cells-endure-degrading-conditions-in-coronavirus-lockdown/30838547.html [accessed 16 December 2020]