საუდის არაბეთი. სამართლიანი სასამართლო – დეკემბერი, 2020

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House საუდის არაბეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ პრაქტიკაში, საუდის არაბეთში, სასამართლო დამოუკიდებლობის ძალიან მცირე ხარისხით სარგებლობს. მოსამართლეებს თანამდებობაზე მეფე ნიშნავს და მათ კურირებს უზენაესი იურიდიული საბჭო, რომლის თავმჯდომარეც ქვეყნის იუსტიციის მინისტრია. საუდის არაბეთში კანონის მთავარ საფუძველს წარმოადგენს იურიდიულ ექსპერტთა სპეციალური კომისიის მიერ შემუშავებული ე.წ. „გაიდლაინები“ შარიათის (ისლამური სამართალი) ინტერპრეტაციასთან მიმართებით, როემლთაც მოსამართლეები საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებისას იყენებენ. ზოგადად, მოსამართლეები სარგებლობენ ფართო დისკრეციით იმ საკითხზე, თუ როგორ ინტერპრეტაციას მისცემენ შარიათით გათვალისწინებულ კონრეტულ დანაწესს. მათ, ასევე, არ ევალდებულაბათ საჯაროდ გამოაქვეყნონ ახსნა-განმარტებები მიღებულ გადაწყვეტილებებთან მიმართებით.

ამას გარდა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბრალდებულთა უფლებები კანონით სათანადოდ არ არის დაცული. დაკავებულებს, დაკითხვების დროს, ხშირად არ აქვთ წვდომა ადვოკატზე, ხოლო ხანგრძლივი დროებით წინასწარი დაკავება, ასევე – ბრალდების გარეშე დაკავებები საკმაოდ გავრცელებულია. 2017 წელს, ანტიკორუფციული სადამსჯელო კამპანიისას დაკავებული ასობით პირი არ დაქვემდებარებია არანაირ სამართლიან სასამართლო პროცესს. მათ უბრალოდ აიძულეს, საკუთარი ქონება სახელმწიფოსთვის გადაეფორმებინათ, რის შემდეგაც, გაათავისუფლეს. მთავრობის მხარდაჭმერი პირები აცხადებდნენ, რომ სასამართლოებს არ გააჩნდათ უნარი და შესაძლებლობა, განეხილათ ზემოააღნიშნული საქმეები სწრაფად, რის გამოც იურიდიული კუთხით საქმეების განხილვა წლები გაგრძელდებოდა.[1]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი საუდის არაბეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ კანონმდებლობის თანახმად, მოსამართლეები დამოუკიდებლები არიან და გადაწყვეტილებებს მხოლოდ შარიათის და ქვეყანაში მოქმედი კანონების საფუძველზე იღებენ. თუმცა, სასამართლო შტო არ წარმოადგენდა დამოუკიდებელ უწყებას, რადგან ხშირად უწევდათ საკუთარი გადაწყვეტილებების აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კოორდინირება. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევის საჯარო ბრალდებები იშვიათი იყო, გავრცელებული ცნობებით, მოსამართლეები (განსაკუთრებით, სპეციალიზებული სასამართლო უწყებების მოსამართლეები) ხშირად ექვემდებარებოდნენ სხვათა გავლენას.

უფლებადამცველი აქტივისტების ცნობით, მოსამართლეებს მიღებული ჰქონდა ინსტრუქციები, რომ მაქსიმალურად მკაცრი სასჯელი გამოეტანათ აქტივისტების, რეფორმატორების, ჟურნალისტების და დისიდენტების საქმეებში. მათივე ცნობით, როგორც სასამართლო, ასევე – პროკურატურა, ხშირად სრულ იგნორირებას უწევდა შესაბამის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით საჩივრებს, მათ შორის – ბრალდებულის ადვოკატზე წვდომის არქონასთან დაკავშირებით.[2]

რაც შეეხება სამართალდამცავი სისტემის ეფექტურობას,  ზემოხსენებული სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში შინაგან უსაფრთხოებას და წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს არაერთი ორგანო: სახელმწიფო უსაფრთხოების პრეზიდენტურა; ეროვნული გვარდია, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები. უშუალოდ პოლიცია ექვემდებარება შიანაგან საქმენთა სამინისტროს. ანგარიშის მიხედვით, სამოქალაქო სამსახურები და ინსტიტუციები ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე.

ანგარიშის მიხედვით, სამხედრო და უსაფრთხოების საკითხთა სასამართლოები იძიებდნენ ბრალდებებს უსაფრთხოების ძალების მხრიდან სავარაუდო სამართალდარღვევების ჩადენის (მათ შორის, მკვლელობების) შესახებ. ასევე აღნიშნულია, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ  სამართალდარღვევების შესახებ პოლიციის შენობებში ან შესაბამის სამონიტორინგო ორგანოებში (HRC; NSHR) უპრობლემოდ განაცხადონ.[3]

[1] Freedom House – Freedom in the World 2020 – Saudi Arabia; published in March 2020; available at

[accessed 25 December 2020]

[2] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Saudi Arabia; published in March 2020; available at

[accessed 28 December 2020]

[3] Ibid