ერაყი. უსაფრთხოება ნაჯაფის პროვინციაში – დეკემბერი, 2020

ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC –  „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას (Rule of Law in Armed Conflicts) მიხედვით, 2014 წლის იანვრიდან მოყოლებული, ერაყი აწარმოებს არა-საერთაშორისო ხასიათის, შიდა ტიპის შეიარაღებულ კონფლიქტს დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ამას გარდა, ქვეყანა ასევე ჩაბმულია საერთაშორისო ხასიათის კონფლიქტში თურქეთთან, რადგან ამ უკანასკნელმა ერაყის ჩრდილოეთში, ქურთი შეიარაღებული ჯგუფების წინააღმდეგ ერაყის მთავრობის ნებართვის გარეშე იერიში მიიტანა.[1]

ჟურნალისტი  და მკვლევარი ჯოელ უინგი 2008 წლიდან მოყოლებული აწარმოებს ონლაინ-ბლოგს, სადაც ყოველკვირეული პერიოდულობით თავსდება ინფორმაცია ერაყში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე და ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ სხვა საკითხებზე. განყოფილების მიერ შესწავლილ იქნა ზემოხსენებულ ბლოგზე განთავსებული სტატიები 2020 წლის ივნისიდან დეკემბრის თვის ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში, უშუალოდ ნაჯაფის პროვინციაში, ფიქსირდება მხოლოდ 1 უსაფრთხოების კუთხით ინციდენტი. კერძოდ, 2020 წლის 18 სექტემბერს, პრო-ირანულმა დაჯგუფებებმა „ინგლისური ენის სწავლის ამერიკულ ინსტიტუტთან“ ახლოს მოქმედებაში მოიყვანეს ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.[2]

ავსტრიის წარმოშობის ქვეყნისა და თავშესაფრის საკითხების კვლევისა და დოკუმენტირების ცენტრი (ACCORD) 2020 წლის 28 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა 2020 წლის მეორე კვარტლის განმავლობაში, ერაყში მომხდარ უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ. ანგარიშის მიხედვით, ნაჯაფის პროვინციაში, აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა მხოლოდ 6 უსაფრთოების კუთხით ინციდენტი, რომელთაგან ადამიანური მსხვერპლი არც ერთს არ მოჰყოლია. აღნიშნული მაჩვენებლით, ნაჯაფი ერაყის პროვინციათა შორის პირველ ადგილზეა როგორც ყველაზე დაბალი ინციდენტების მაჩვენებლის, ასევე – მსხვერპლის ყველაზე ნაკლები რაოდენობის კუთხით.[3]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი 2020 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერდა, რომ ნაჯაფის პროვინციის მოსახლეობა დაახლოებით 1.5 მილიონ პირს შეადგენს, რომელთა უმრავლესობა შიიტი მუსლიმია. პროვინციის დედაქალაქი – ქ. ნაჯაფი წარმოადგენს შიიტი მუსლიმებისთვის ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ადგილს, რომლის მოსანახულებლადაც შიიტი მომლოცველები ხშირად ჩადიან. ნაჯაფის პროვინციაში გზები როგორც წესი უსაფრთხოა, თუმცა, ზოგჯერ, საპროტესტო დემონსტრაციების დროს, მათი ბლოკირება ხდება.

ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით, ნაჯაფის პროვინციში 3 უსფრთხოების კუთხით ინციდენტი დაფიქსირდა, რომელსაც 1 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 2 – დაშავდა. ინციდენტები არ იყო მოტივირებული სექტარული ან რელიგიური ნიშნით. ანგარიშში არ არის საუბარი ნაჯაფის პროვინციასა და ქ. ნაჯაფში უშუალოდ შიიტი მუსლიმების მიმართ განხორციელებულ მასშტაბურ უფლებადარღვევებზე.

რაც შეეხება ნაჯაფში სამართალდამცავი სისტემის ეფექტურობას, ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის თებერვალში, ერაყის არმიამ ნაჯაფის პროვინციაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივ პოლიციას გადააბარა. ცნობილი მკვლევარის Michael Knights-ის მიხედვით, 2020 წლის მდგომარეობით,  ერაყის სამხრეთში მდებარე 8-ვე პროვინცია ერაყის არმიის ან პოლიციის და „სახალხო სამობილიზაციო ძალების“ (PMF) შერეულ კონტროლს ექვემდებარება.

მიუხედავად იმისა, რომ ერაყის პრემიერმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც უსაფრთხოების ძალებს ეკრძალებოდათ დემონსტრანტების წინააღმდეგ რეალური ტყვიების გამოყენება, ასეთი ფაქტები მაინც ხდებოა, რის შედეგადაც რამდენიმე პირი გარდაიცვალა. 2019 წლის დეკემბერში, ნაჯაფში  სასამართლოებმა გამოსცეს იმ ოფიცრების დაპატიმრების ორდერი, რომლებიც დემონტრაციების დროს იყენებდნენ გადამატებულ ძალას და გასცემდნენ ისეთ ბრძანებებს, რომელთა შესრულებას ადამიანური მსხვერპლი გამოიწვია.

ანგარიშის მიხედვით, „სახალხო სამობილიზაცო ძალები“ (PMU ან PMF) ოპერირებდნენ საკუთარი სისტემის ფარგლებში იმ მასშტაბით, რომ მათ შეუძლიათ იმოქმედონ, როგორც „პარალელურმა სახელმწიფომ“. შესაბამისად, შესწავლილ წყაროთა მიხედვით, სახალხო სამობილიზაციო ძალების შენაერთებს შეუძლიათ უარი განაცხადონ სახელმწიფო თანამდებობის პირის (სახელმწიფო მეთაურის, პრემიერ მინისტრის) ბრძანების შესრულებაზე, რაც პრაქტიკაში ხშირად ხდება.

გავრცელებული ცნობებით, პოლიციის და სამხედრო მეთაურები გასამართლებულ იყვნენ დემონსტრანტების მკვლელობებისთვის. 2019 წლის 29 ნოემბერს ერაყის უზენაესმა იუდიდიულმა საბჭომ გამოაცხადა სპეციალური ორგანოს შექმნა, რომელსაც  დაევალა ნასირიაში დემონსტრანების მკვლელობის საქმის გამოძიება. 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით, გამოძიება კვლავაც გრძელდებოდა.

ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების ძალებში მომუშავე, პრო-ირანულ სახალხო სამობილიზაციო შენაერთებთან (PMU) აფილირებილი პირების პასუხისმგებლობის საკითხი ნაწილობრივ დადგა თი-ქარის (Thi-Qar) და სხვა პროვინციებში დემონსტრანტების მკვლელობის საქმეზე. ამას გარდა, გაათავისუფლეს და საჯაროდ შეარცხვინეს თი-ქარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი.[4]

[1] Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts; available at http://www.rulac.org/browse/map [accessed 29 December 2020]

[2] Blog Musings on Iraq – article “Islamic State And Pro-Iran Groups Both Pick Up Attacks In Iraq In September”; published on 5 October 2020; available at http://musingsoniraq.blogspot.com/2020/10/islamic-state-and-pro-iran-groups-both.html [accessed 29 December 2020]

[3] ACCORD – “IRAQ, SECOND QUARTER 2020: Update on incidents according to the Armed Conflict Location & Event Data Project (ACLED)”; published on 28 October 2020; available at

[accessed 29 December 2020]

[4] EASO – “raq Security situation Country of Origin Information Report”; published in  October 2020; available at

[accessed 29 December 2020]