უკრაინა. იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა. თებერვალი, 2021

2021 წლის 21 იანვარს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ეროვნული მონიტორინგის სისტემის ანგარიში უკრაინაში იძულებით გადადგილებული პირების მდგომარეობის შესახებ. ორგანიზაციამ მონაცემები 2020 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში შეაგროვა და რადგან ამ დროს კორონავირუსის გამო, უკრაინაში საკარანტინო ღონისძებები იყო ძალაში და შეუძლებელი იყო პირისპირ ინტერვიუების ჩატარება, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ მონაცემები სატელეფონო ინტერვიუების გამოყენებით შეაგროვა. გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინის სოციალური პოლიტიკის სამინისტროს მონაცემებით, 2020 წლის ივლისის მდგომარეობით, ქვეყანაში 1,448,615 რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირია. რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირების თითქმის ნახევარი განსახლებულია დონეცკისა (510,861) და ლუჰანსკის (280,520) რეგიონების უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ნაწილში. აღნიშნული ორი რეგიონის შემდეგ, დევნილთა ყველაზე დიდ ნაკადს მასპინძლობს ქალაქი კიევი (160,036) და კიევის ოლქი (63,267), ხარკოვის ოლქი (134,335), დნიპროპეტროვსკის ოლქი (71,277) და ზაპოროჟიის ოლქი (56,107).

შრომით ბაზარზე არსებული ვითარება – 2020 წლის ივნისის მდგომარეობით, დასაქმებული იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 46%-ია. გამოკითხულ დევნილთა 24% ადასტურებს, რომ, კარანტინის განმავლობაში, ანაზღაურების გარეშე ან ნახევრად ანაზღაურებად შვებულებაშია გაშვებული. ანაზღაურების გარეშე ან ნახევრად ანაზღაურებად შვებულებაში მყოფ დევნილთა შორის საყურადღებო სხვაობაა კაცებსა და ქალებს შორის; აღნიშნულ კატეგორიაში მამაკაცი დევნილების 20%, ხოლო ქალი დევნილების 26%-ია. დასაქმების საერთო მაჩვენებელი უკრაინაში, რომელიც ითვლება 15-დან 70 წლამდე ასაკის მოსახლეობისთვის, 58%-ია. დასაქმების მაჩვენებელი იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის, 20-დან 64 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის 56%-ია; იგივე მაჩვენებელი ქვეყნის საერთო მასშტაბით, იგივე ასაკობრივ ჯგუფში, 67%-ია. 20-64 წლის ასაკობრივი ჯგუფის დასაქმების მაჩვენებელი განსხვავებულია კიევში – 2020 წლის ივნისში დასაქმებული დევნილების რაოდენობა 74%-ია; იგივე მაჩვენებელი 2019 წლის სექტემბერში 90% იყო.

კვლევის პროცესში გამოკითხული დევნილების 46% დასაქმებული იყო ანაზღაურებად სამუშაოზე; გამოკითხულთა 8%-ის თქმით, ისინი იყვნენ უმუშევრები და აქტიურად ეძებდნენ სამსახურს. 24% პენსიაზე იმყოფება და 14% საოჯახო საქმითაა დაკავებული; გამოკითხულთა 4% შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, ხოლო 2% სტუდენტია. გამოკითხული იძულებით გადაადგილებული პირების 2% ამბობს, რომ უმუშევარია და სამსახურის ძებნით არაა დაკავებული.

იძულებით გადაადგილებულ პირთა ის ნაწილი, რომელიც უმუშევარია და აქტიურად ეძებს სამსახურს (8%) ამბობს, რომ ძირითადი დაბრკოლება დასაქმების შესაძლებლობების ნაკლებობაა (70%); ისინი ასევე საუბრობენ სხვა შემაფერხებელ გარემოებებზეც – დაბალი ანაზღაურება არსებულ ვაკანსიებზე (62%), კვალიფიკაციის შესაბამისი ვაკანსიების ნაკლებობა (38%), დიდი მანძილი საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებს შორის (16%) და მოუხერხებელი სამუშაო გრაფიკი (15%).

ფინანსური მდგომარეობა და საბაზისო საჭიროებები – 2020 წლის ივნისისთვის, იძულებით გადაადგილებული „ოჯახის უფროსის“ საშუალო თვიური შემოსავალი 3,350 უკრაინული ჰრივნა იყო. უკრაინის სოციალური პოლიტიკის სამინისტროს მიერ დადგენილი საარსებო მინიმუმი კი 3,974 უკრაინული ჰრივნა იყო. გამოკითხული, ნაქირავებ ფართში მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული პირების 27%-მა განაცხადა, რომ ქირის გადახდა აღარ შეეძლო და აქედან გამომდინარე, გასახლება ემუქრებოდა. იძულებით გადაადგილებული პირები კვლავ სახელმწიფო მხარდაჭერაზე არიან დამოკიდებულნი; სახელმწიფოს მიერ დანიშნული დახმარება გამოკითხული იძულებით გადაადგილებული პირების მიერ მეორე ყველაზე ხშირად ნახსენები შემოსავლის წყაროა. სახელმწიფო დახმარების მიმღები დევნილების 35% აცხადებდა, რომ დახმარების მიღების კუთხით პრობლემები შეექმნა კარანტინის პერიოდში. ყველაზე დიდ შიშს წარმოადგენდა სახლიდან გასვლა, ვირუსით დაინფიცირების რისკის გამო (28%). დახმარების მისაღებად სახლიდან გასვლის ეშინოდა ძირითადად 60 წელს ზევით ასაკის დევნილებს.

გამოკითხული იძულებით გადაადგილებული პირების 61 პროცენტი გასული 12 თვის განმავლობაში შემოსავლის წყაროდ ხელფასს აფიქსირებს. სახელმწიფოს მიერ დაწესებული დევნილის დახმარება შემოსავლის წყაროდ მითითებული აქვს გამოკითხულთა 51%-ს. იძლებით გადაადგილებული პირების შემოსახვლის წყაროდ ასევე ასახელებენ ხანგრძლივი სამსახურის პენსიას (39%), სოციალურ დახმარებას (18%), არარეგულარულ შემოსავალს (7%) და სხვა სახის სოციალურ და ჰუმანიტარულ დახმარებებს.

გამოკითხული დევნილების 10% თავის ფინანსურ მდგომარეობას მძიმედ აფასებს – შეზღუდული დანახარჯები საკვებისთვისაც კი; 35% აღნიშნავს, რომ მხოლოდ საკვებისთვის საკმარისი რესურსი აქვს. გამოკითხულთა 41% ამბობს, რომ საკვებისა და ძირითადი საჭიროებებისთვის საკმარისი სახსრები გააჩნია და 10% ამბობს, რომ დამატებით, დანაზოგის შენახვის საშუალებაც აქვს.

2020 წლის ივნისისთვის, გამოკითხული დევნილების მხოლოდ 1%-ს ჰქონდა 1500 უკრაინულ ჰრივნაზე ნაკლები ყოველთვიური შემოსავალი; 2019 წლის ივნისში ასეთი ადამიანების რაოდენობა 2% იყო. გამოკითხული დევნილების 11%-ისთვის შემოსავალი 1500-3000-მდე მერყეობს; 2019 წლის ივნისში ასეთი კატეგორიის რაოდენობა 13% იყო. გამოკითხული დევნილების ძირითადი ნაწილისთვის შემოსავალი 3001-5000 (20%), 5001 – 7000 (22%) და 7001 – 11000 (24%) უკრაინული ჰრივნაა. 2019 წლის ივნისისთვის იგივე მაჩვენებლები, შესაბამისად 20, 19 და 20 პრიცენტი იყო. გამოკითხული დევნილების 22%-ის ყოველთვიური შემოსავალი 11 ათას ჰრივნაზე მეტია; 2019 წლის ივნისისთვის ასეთი კატეგორიის რაოდენობა 26% იყო.

განსახლება და სხვა მთავარი საჭიროებები – იძულებით გადაადგილებული პირების 45% ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. 10%-ს სახლი აქვს ნაქირავები, ხოლო 5% ერთ ოთახს ქირაობს. საერთო საცხოვრებელში გამოკითხული დევნილების 5%, ხოლო იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიურ ცენტრებში 2% ცხოვრობს. გამოკითხული დევნილების 17% ნათესავებთანაა დასახლებული, ხოლო 11% საკუთრებაში არსებულ სახლებში ცხოვრობს. განსახლებასთან დაკავშირებული საკითხები მთავარ გამოწვევად გამოკითხული დევნილების 38%-ის მიერაა დასახელებული. სხვა მთავარ გამოწვევებად გამოკითხული იძულებით გადაადგილებული პირები ასახელებენ ფულადი დახმარების საჭიროებას (26%), ჰუმანიტარულ დახმარებას (ტანსაცმელი, ჰიგიენის საშუალებები) (12%), ჯანდაცვა და მედიკამენტები (10%) და სხვა.

სერვისებზე წვდომა – კვლევამ აჩვენა, რომ ჯანდაცვის დაწესებულებები მაღალ დონეზეა წარმოდგენილი დიდ და პატარა ქალაქებში მაშინ, როდესაც სოფლებში მსგავსი დაწესებულებები გაცილებით მცირე რაოდენობითაა. გამოკითხული, სოფლად მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების მხოლოდ ნახევარი ამბობს, რომ მათ დასახლებაში არის გადაუდებელი დახმარების ცენტრი და აფთიაქი. გამოკითხული დევილების 52% ამბობს, რომ საჯარო ან სხვა სახის ტრანსპორტი მათთვის არ იყო ხელმისაწვდომი, როდესაც ჯანდაცვის დაწესებულებამდე გადაადგილება სჭირდებოდათ.

გამოკითხული დევნილების 94% ამბობს, რომ მათ დასახლებაში არის აფთიაქი, 87% აცხადებს, რომ მათ დასახლებაში არის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი; 82%-ის თქმით, მათ დასახლებაში ხელმისაწვდომია პირველადი დახმარების კლინიკა და 80% ამბობს, რომ მათ დასახლებაში არის ამბულატორია. გამოკითხული დევნილების 16% ამბობს, რომ კარანტინის დროს მათთვის ხელმისაწვდომი იყო ტრანსპორტი სამედიცინო დაწესებულებამდე. გამოკითხულთა 36% აცხადებს, რომ მათთვის ტრანსპორტი არ იყო ხელმისაწვდომი, ხოლო 41% ამბობს, რომ ასეთი საჭიროება მათ არ ჰქონიათ.

ახალი კორონავირუსის პრევენციის ზომების შესახებ ინფორმირებულობა – ინტერვიუების დროს, იძლებით გადაადგილებულ პირებს კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევენციული ზომების შესახებ დაესვათ კითხვები. გამოკითხულთა 94%-მა იცის, რომ ვირუსისგან თავის დასაცავად პირბადე უნდა ატაროს; 80%-მა ასევე იცის, რომ ხელები ხშირად უნდა დაიბანოს საპნით. იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ცნობილია ხელების სპირტის შემცველი ხსნარით დამუშავების (69%), ხელთათმანების გამოყენების (66%) და დახველება-დაცემინების ჰიგიენის (40%) შესახებ.

იძულებით გადაადგილებულ პირთა გადაადგილების თავისუფლება – 2020 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში გამოკითხულ იძულებით გადაადგილებულ პირთა 82% აღნიშნავდა, რომ განსახლების ადგილი არ შეუცვლიათ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში. გამოკითხული დევნილების 19% აღნიშნავს, რომ კონფლიქტის დასრულების შემდეგ, საკუთარ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნება სურს; ამასთან, გამოკითხული იძულებით გადაადგილებული პირების 39% ამბობს, რომ კონფლიქტის დასრულების შემდეგაც კი არ სურს თავისი წარმოშობის რეგიონში დაბრუნება. კვლევამ აჩვენა, რომ დევნილები ამჟამინდელი განსხლების ადგილით უფრო მეტად კმაყოფილები არიან, ვიდრე უკმაყოფილოები და გადაადგილებას არ პირებენ. უკრაინის უკიდურეს დასავლეთ რეგიონებში გადაადგილებულ პირთა 57% ამბობს, რომ გადაადგილებას არ აპირებს, 9% ამბობს, რომ კონფლიქტის დასრულების შემდეგ გეგმავს გადაადგილებას, ხოლო 22%-ს უჭირს პასუხის გაცემა. უკრაინის ცენტრალური რეგიონების დასავლეთ ნაწილში გადაადგილებული დევნილების 65% შემდგომ გადაადგილებას არ გეგმავს, 20%-ს კი პასუხის გაცემა უჭირს. ცენტრალური რეგიონების აღმოსავლეთ ნაწილში გადაადგილებული დევნილების 53% არ გეგმავს გადაადგილებას, 10% აცხადებს, რომ გეგმავს გადაადგილდეს კონფლიქტის დასრულების შემდეგ, ხოლო 21%-ს უჭირს პასუხის გაცემა. უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში გადაადგილებულ დევნილებში დარჩენის სურვილის შედარებით ნაკლებს აქვს – გამოკითხულთა 41% ამბობს, რომ შემდგომ გადაადგილებას არ გეგმავს, 12% ფიქრობს, რომ გადაადგილდება კონფლიქტის დასრულების შემდეგ, ხოლო 18% – სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში; კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს 18%-ს. უშუალოდ დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონის მთავრობის მიერ კონროლირებად ტერიტორიებზე (სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა ყველაზე დიდი რაოდენობაა კონცენტრირებული) გადაადგილებულ პირთა მხოლოდ 28% ამბობს, რომ შემდეგ გადაადგილებას არ გეგმავს; 26% აცხადებს, რომ გადაადგილდება კონფლიქტის დასრულების შემდეგ, 16% ფიქრობს, რომ სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში შეიცვლის საცხვორებელს, ხოლო კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს 29%-ს.

ინტეგრაცია ადგილობრივ საზოგადოებასთან – გამოკითხული დევნილების 50% აცხადებს, რომ ისინი ინტეგრირებულნი არიან ადგილობრივ საზოგადოებასთან. იძულებით გადაადგილებული პირების 39% ამბობ, რომ ისინი ნაწილობრივ ინტეგრირებულები არიან. კვლევამ, ასევე, აჩვენა, რომ ის იძულებით გადაადგილებული პირები, ვინც თავს ნაწილობრივ ინტეგრირებულად მიიჩნევს, უფრო ნაკლებადაა დასაქმებული, ვიდრე ის ნაწილი, რომელიც თავს სრულად ინტეგრირებულად მიიჩნევს – 38% და 52% შესაბამისად. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ქვეყნის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში გადაადგილებული დევნილები უფრო მეტად ინტეგრირებულად გრძნობენ თავს. უკრაინის დასავლეთ რეგიონებში გადაადგილებულ დევნილთა 65% მიიჩევს, რომ სრულად ინტეგრირებულია და მხოლოდ 8% ფიქრობს, რომ არაა ინტეგრირებული ადგილობრივ საზოგადოებაში. ცენტრალურ ნაწილში 66-77% ფიქრობს, რომ სრულად ინტეგრირებულია და 6-11% მიიჩნევს, რომ არ არის ინტეგრირებული ადგილობრივ საზოგადოებაში. უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში კი მხოლოდ 35% მიიჩნევს, რომინტეგრირებულია სრულად. უშუალოდ დონეცკისა და ლუჰანსკის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორებზე გადაადგილებულ დევნილთა 46% მიიჩნევს, რომ სრულად ინტეგრირებულია ადგილობრივ საზოგადოებასთან.

ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებულები – მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სატელეფონო გამოკითხვისას, რესპოდენტთა 20%-მა დაადასტურა, რომ მთავრობის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდა. ძირითადად, გამოკითხული დაბრუყნებულები უფრო ხანდაზმულები არიან, ვიდრე დევნილობაში მყოფნი. დაბრუნებულთა შორის 60 წლის უფრო ზევით ასაკის დევნილების რაოდენობა 65%-ია. დაბრუნებული დევნილების 19%-ის ყოველთვიური შემოსავალი 3 ათას უკრაინულ ჰრივნაზე დაბალია.[1]

გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის ოფისი 2021 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ წერს, რომ ქვეყანაში თითქმის 3.5 მილიონი ადამიანი საჭიროებს სხვადასხვა სახის დახმარებას. ჰუმანიტარული მხარდაჭერის 2021 წლის გეგმა მიზნად ისახავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული, 2 მილიონამდე ყველაზე მოწყვლადი ხალხის მხარდაჭერას – დაახლოებით 800 ათას ადამიანი დონეცკისა და ლუჰანსკის ხელისუფლების მიერ არა-კონტროლირებად ტერიტორიებზე და 1.1 მილიონი ადამიანი ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. უკრაინის ჰუმანიტარული მხარდაჭერის 2021 წლის გეგმის დოკუმენტის მიხედვით, ჰუმანიტარული საზოგადოება უკრაინაში კვლავ იმუშავებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხალხის წვდომა ძირითად სერვისებზე და გაძლიერდეს როგორც კონფლიქტის, ასევე კორონაირუსის შედეგად დაზარალებულთა დაცვა.[2]

[1] International Organization for Migration; Ukraine – National Monitoring System Report on the Situation of Internally Displaced Persons (March 2020); published: 21 January, 2021; available at: https://displacement.iom.int/reports/ukraine-%E2%80%94-national-monitoring-system-report-situation-internally-displaced-persons-march [accessed 01 February 2021]

[2] Relief web; OCHA Ukraine Situation Report, 25 January 2021; 25 January, 2021; available at: https://reliefweb.int/report/ukraine/ocha-ukraine-situation-report-25-january-2021-enruuk [accessed 02.02.2021]